გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310018002581434
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/5026-18

30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - გი-------–----------ი

წარმომადგენელი - გო-------------------ე

მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის N- საჯარო სკოლა

წარმომადგენლები - თა------------ე, ნი----–------–ი

მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიარებული იქნას გი-------–----------ის მიერ ქალაქ თბილისის №- საჯარო სკოლაში სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქალაქ თბილისის №- საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა ცნეს სარჩელი და დაეთანხმნენ გი-------–----------ის მიერ ქალაქ თბილისის №- საჯარო სკოლაში 2006 წელს სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარების შესახებ მოთხოვნას.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა წარმოდენილი წერილობითი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ გი-------–----------ი 2003 წლის 19 სექტემბერს N---- ბრძანებით ჩაირიცხა ო-–---------------------------–---–--ლის მე-9 კლასში (ამჟამად თბილისის N- საჯარო სკოლა).

 

ქალაქ თბილისის N- საჯარო სკოლის მიერ გი-------–----------ის (დაბადების თარიღი - 13.02.1--- წელი) სახელზე 2006 წელს გაიცა სრული ზოგადი განათლების ატესტატი N0-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ო-–---------------------------–---–--ლის 2003 წლის 19 სექტემბრის N---- ბრძანება (ს.ფ. 14).

- სრული ზოგადი განათლების ატესტატი N0----- (ს.ფ. 16).

 

4.1.2. გი-------–----------მა 2018 წლის 27 ივნისს №5--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 09 ივლისის N0---------- გადაწყვეტილებით გი-------–----------ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.

 

მხარეს განემარტა, რომ ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ვერ ხერხდება გი-------–----------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. კერძოდ, გლდანი ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 15 მარტის N2----- წერილის თანახმად საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (ბრძანება, პედაგოგიური საბჭოს ოქმი) სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივშია გადაცემული ცენტრალიზებულ დაცვაზე. სკოლაში იძებნებოდა მხოლოდ ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 09 ივლისის N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12-13).

 

4.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის N8-- ბრძანებულების თანახმად, ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მომზადების ეროვნული ცენტრი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა აღნიშნული ცენტრისთვის ქალაქ თბილისში თ-----------------–--–------ში მდებარე უძრავი ქონების (გარდა ადმინისტრაციის შენობისა) უსასყიდლოდ უზურფრუქტის ფორმით, ხოლო მოძრავი ქონების - კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 06 მარტის N--- ბრძანების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N--- ბრძანებაში (სსმ N---, მუხლი 1233) შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, კერძოდ ბრძანების მე-2 დანართით დამტკიცებული ქალაქ თბილისის გლდანი ნაძალადევის საჯარო სკოლების ნუსხას დაემატა ქალაქ თბილისის გლდანი ნაძალადევის N- საჯარო სკოლა მდებარე - თ-----------------–--–-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის N8-- ბრძანებულება (ს.ფ. 115).

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 06 მარტის N--- ბრძანება (ს.ფ. 107-108).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ

 

კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის №- საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლო სხდომაზე, სარჩელი ცნეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული წარმოებისას სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად გი-------–----------მა მიიღო სრული ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს მუშაობა, ასევე საზღვარგარეთ სწავლა, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღება, ხოლო შემდგომ მისი აპოსტილით დამოწმება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე

 

მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე გი-------–----------მა (დაბ. 13.02.1---წ.) 2006 წელს დაამთავრა სსიპ ქალაქ თბილისის №- საჯარო სკოლა, დაძლია სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა და 2006 წელს მასზე გაცემულია სრული ზოგადი განათლების ატესტატი №0-----.

 

7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მ--- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი

 

განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

განსხილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სრული ზოგადი განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ ქ.თბილისის №- საჯარო სკოლის 2006 წელს დამთავრების, სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევისა და №0----- ატესტატის გაცემის ფაქტი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გი-------–----------ის მიერ ქ.თბილისის მ--- საჯარო სკოლაში 2006 წელს სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გი-------–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. აღიარებული იქნას გი-------–----------ის მიერ 2006 წელს ქალაქ თბილისის გლდანი ნაძალადევის №- საჯარო სკოლაში სრული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

3. გო-------------------ეს დაუბრუნდეს გი-------–----------ის სარჩელზე 2018 წლის 08 აგვისტოს სს ,,თ----------ში'' გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დ----–------, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №-) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ნანა აფციაური