გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-207-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
24 იანვარი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - თე---------------- (პ/ნ 1----------)
მოსარჩელის წარმომადგენელი - დალი კერესელიძე
მოპასუხე - ელ-----------–---- (პ/ნ 1----------) (არ გამოცხადდა)
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება
მესამე პირის წარმომადგენელი - ლაშა პარასტაშვილი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ელ-----------–---ს (პ/ნ 1----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების: ალ---------–----ს (დაბადების თარიღი: 31.03.2--- წელი, პ/ნ 1----------) და ალ-–----------–----ს (დაბადების თარიღი: 27.04.2--- წელი, პ/ნ 1----------) მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:
თე---------------- და ელ-----------–---- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ალ---------–---- და ალ-–----------–----. მოპასუხე ელ-----------–---- არასრულწლოვანი შვილების მიმართ არ იჩენს მზრუნველობას, ფაქტიურად არც კი იცნობს მათ. მოსარჩელე თე----------------ს ჰყავს ნათესავები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და მას სურვილი აქვს ზაფხულის არდადეგები ბავშვებმა გატარონ ნათესავებთან საზღვარგარეთ. მოპასუხე ელ-----------–---- მოსარჩელეს არ აძლევს ნებართვას ბავშვების საქართველოს საზღვრის დატოვებაზე. ამასთან, საერთოდ არ იჩენს მზრუნველობას მათ მიმართ და არ აინტერესებს, სად გაატარებენ ბავშვები ზაფხულის არდადეგებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ელ-----------–---ს თე----------------ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.
2.2 მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების პოზიცია:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის #47-- დასკვნის თანახმად, ალ--------–-–----------–-----ი ცხოვრობენ დედასთან. თე----------------ს სურვილია, რომ შვილები სასკოლო არდადეგების პერიოდში გაგზავნოს დასასვენებლად საზღვარგარეთ ოჯახის წევრებთან, ამის დიდი სურვილი აქვთ თავად ბავშვებსაც. აღნიშნულის განხორციელებაში კი ხელი ეშლებათ იმის გამო, რომ ალ--------–-–----------–-----ი მამის თანხმობის გარეშე ვერ იღებენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებს დედა, ხოლო მამა - ელ-----------–---- არ ნახულობს შვილებს და არ იღებს მონაწილეობას მათ აღზრდაში. ბავშვები ადასტურებენ ამ გარემოებას და აღნიშნავენ, რომ არ იცნობენ და არც უნახავთ მამა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის - ლაშა პარასტაშვილის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლის უფლებების განხორცილება მოხდეს იმგვარად, რომ ამით არ მიადგეს ზიანი მათ. შესაბამისად, სოციალური სამსახური ეთანხმება ბავშვების მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ალ---------–---- დაიბადა 2--- წლის 31 მარტს, მისი მშობლები არიან: დედა - თე----------------, მამა - ელ-----------–----.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დაბადების მოწმობა #21--------- (ს.ფ. 20);
3.1.2. ალ-–----------–---- დაიბადა 2--- წლის 27 აპრილს, მისი მშობლები არიან: დედა - თე----------------, მამა - ელ-----------–----.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დაბადების მოწმობა #21--------- (ს.ფ. 19);
3.1.3. თე----------------სა და ელ-----------–---ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2013 წლის 11 დეკემბერს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 21);
3.1.4. არასრულწლოვანი ბავშვები: ალ---------–---- და ალ-–----------–---- ცხოვრობენ დედასთან ქ. გარდაბანში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოსარჩელისა და მესამე პირის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 24 იანვრის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი (ს.ფ. 67-72);
3.1.5. ალ---------–----სა და ალ-–----------–---------ის საზღვარგარეთ საზაფხულო არდადეგებზე დასვენებაში ხელი ეშლებათ იმის გამო, რომ მამის - ელ-----------–----ს თანხმობის გარეშე ვერ იღებენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოსარჩელისა და მესამე პირის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 24 იანვრის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი (ს.ფ. 67-72);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ალ--------–-–----------–-----ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს საფუძველი, რომ მოპასუხე - ელ-----------–---ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება - არასრულწლოვანი შვილების საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1205-ე მუხლები;
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
მოსარჩელე - თე----------------მ გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა, ელ-----------–---ს (პ/ნ 1----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების: ალ---------–----ს (დაბადების თარიღი: 31.03.2--- წელი; პ/ნ 1----------) და ალ-–----------–----ს (დაბადების თარიღი: 27.04.2--- წელი; პ/ნ 1----------) მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დედათა და ბავშვთა უფლებების დაცულია კანონით. კონსტიტუციის ამ ნორმით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მოიცავს ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის, აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. აღნიშნული მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით, თე---------------მ მოითხოვა ელ-----------–---ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების: ალ---------–----ს და ალ-–----------–----ს მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ელ-----------–---- არასრულწლოვანი შვილების მიმართ არ იჩენს მზრუნველობას, ფაქტიურად არც კი იცნობს მათ. თე----------------ს ჰყავს ნათესავები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და მას სურვილი აქვს ზაფხულის არდადეგები ბავშვებმა გატარონ ნათესავებთან საზღვარგარეთ. მოპასუხე ელ-----------–---- მოსარჩელეს არ აძლევს ნებართვას ბავშვების საქართველოს საზღვრის დატოვებაზე. ამასთან, საერთოდ არ იჩენს მზრუნველობას მათ მიმართ და არ აინტერესებს თუ სად გაატარებენ ბავშვები ზაფხულის არდადეგებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლი ითვალისწინებს რა მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ განსაზღვრავს ფაქტობრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობის პირობებშიც შესაძლებელია მშობლის უფლების შეზღუდვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არასრულწლოვანი შვილების მიმართ მშობლების უფლებების და ვალდებულებების განმსაზღვრელი ზოგადი პრინციპების საფუძველზე, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1198-1199 მუხლებით, რომელთა თანახმად, მშობლებს აქვთ უფლებამოსილება და ვალდებულება, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.
არასრულწლოვანს თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო- სამართლებრივ ურთიერთობებში ან/და ნებისმიერ სხვა სფეროში. მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას, ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს, მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები.
სასამართლოში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის #47-- დასკვნის თანახმად, ალ--------–-–----------–-----ი ცხოვრობენ დედასთან. თე----------------ს სურვილია, რომ შვილები სასკოლო არდადეგების პერიოდში გაგზავნოს დასასვენებლად საზღვარგარეთ ოჯახის წევრებთან. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ დედის ნათესავებთან საზაფხულო არდადეგებზე გამგზავრების დიდი სურვილი აქვთ თავად ბავშვებსაც. აღნიშნულის განხორციელებაში კი ხელი ეშლებათ იმის გამო, რომ ალ--------–-–----------–-----ი მამის თანხმობის გარეშე ვერ იღებენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს. მესამე პირის წარმომადგენლის ლაშა პარასტაშვილის განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლის უფლებების განხორცილება მოხდეს იმგვარად, რომ ამით არ მიადგეს ზიანი მათ. შესაბამისად, სოციალური სამსახური დაეთანხმა ბავშვების საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებს დედა, ხოლო მამა - ელ-----------–---- არ ნახულობს შვილებს და არ იღებს მონაწილეობას მათ აღზრდაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დასკვნითაც დასტურდება, რომ ბავშვები თავად ადასტურებენ ზემოაღნიშნულ გარემოებას და აღნიშნავენ, რომ არ იცნობენ და არც უნახავთ მამა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას, ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე, ვინაიდან არასრულწლოვანი ბავშვების უფლებებიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა დაირღვეს ბავშვების არჩევანის უფლება დაისვენონ დედასთან ერთად საზღვარგარეთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე თე----------------ს სარჩელი, მოპასუხე ელ-----------–----ს მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე - თე----------------ს მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე - ელ-----------–---ს მოსარჩელე - თე----------------ს მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თე----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - ელ-----------–---ს არასრულწლოვანი შვილების - 31.03.2--- წელს დაბადებული ალ---------–----ს (პ/ნ 1----------) და 27.04.2--- წელს დაბადებული ალ-–----------–----ს (პ/ნ 1----------) მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება - არასრულწლოვანი შვილებისთვის საქართველოს პასპორტის აღებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის ნაწილში, სხვა უფლებების შეუზღუდავად;
3. მოპასუხე - ელ-----------–---ს დაეკისროს მოსარჩელე - თე----------------ს სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი