განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/52-18
(გამოძიების #0-----------)
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
24 იანვარი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვა---–---–----------------------ი, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–------------ი, პირადი #0----------, განქორწინებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, უმუშევარი, რეგისტრირებული: თბ--–--------------- ქ. #10, მცხოვრები: ქ. თეთრიწყარო, სა-----------1, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - არ---–-–-------ა, ზუ---------–---–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
თარჯიმანი - ლე-------–------ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 16 ოქტომბერს, დღის დროს, ქ. თეთრიწყაროში, გი-------------ის სახელობის ქუჩა #1-ში მდებარე და---------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, 2017 წლის 6 დეკემბერს ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ვა---–-----------მა, ხელის ხელის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა დედის - ნი-------------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა 2018 წლის 16 ოქტომბერს, დღის დროს, გი-------------ის სახელობის ქუჩა #1-ში მდებარე და---------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში ვა---–-----------ის მიერ ოჯახის წევრზე - დედაზე - ნი-------------აზე ფიზიკური ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით დაზარალებულ ნი-------------ას გარდა ყველა სხვა მტკიცებულება უდავოდ იქნა ცნობილი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება [...] ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების შედეგებს (ix.: AFFAIRE TALAT TUNÇ c. TURQUIE, (no. 32432/96 ), 27 mars 2007, par. 59.). დაცვის მხარემ ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი ხსენებული მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ამ მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა სადავო და უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვა---–-----------ის მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელებას.
3.4. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისთვის (ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა), ნი-------------ა არის ვა---–-----------ის დედა, შესაბამისად ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები. აღნიშნული სადავო არც გამხდარა.
3.5. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა ვა---–-----------მა და დაზარალებულმა ნი-------------ამ უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა ნი-------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.
3.6. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს: ნი-------------ას ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 10 ოქტომბერს, მას დაზიანების კვალი არ აღენიშნება, თუმცა საწინააღმდეგო ჩანს ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც ნი-------------ას მარცხენა მტევნის ზედაპირზე აღენიშნება გარკვეული დაზიანება, რასაც ასევე ადასტურებს იმავე დღეს დაზარალებულის შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ნი-------------ას აღენიშნება ნაჭდევი მარჯვენა მტევნის მიდმოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ მტკიცებულებებში ასახულ ინფორმაციას ვა---–-----------ის მიერ განხორციელებული ძალადობის ნაწილში იმავე მოტივებზე დაყრდნობით, რაც ზევით აღინიშნა.
3.7. გამომძიებლებმა - სუ-–-----------–--ემ და შო---------–---–მა განმარტეს, რომ თავად რაიმე სახის ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა დაზარალებულმა გამოკითხვისას აღნიშნა ვა---–-----------ის მიერ მასზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე და აქედან აქვთ ინფორმაცია. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ჩვენებები ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
3.8. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის განცხადებას, რომ ვა---–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, ვინაიდან კონკრეტულად აღებული ეს დოკუმენტიც ეყრდნობა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ზოგადი ხასიათისაა.
3.9. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, ხოლო ეჭვებსა და ვარაუდებზე წარმოუდგენელია რაიმე ფაქტის დადასტურება, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, მით უმეტეს, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ვა---–-----------ის მხრიდან ნი-------------აზე ძალადობის ფაქტი. თუნდაც, რომ დაზარალებულის ხელზე ნაჭდევი ვა---–-----------ის მიერ ჩარტყმის შედეგად წარმოიშვა და დაზარალებულს სხვა ვითარებაში არ მიუღია. მოცემულ საქმეში ამ გარემოების გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცება თავად ამ სტანდარტისა და სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმების უგულებელყოფა იქნებოდა.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება დედა. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მაკვალიფიცირებელი გარემოებაა იგივე ქმედების ჩადენა არაერთგზის.
4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ვა---–-----------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49) . მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ ვა---–-----------მა განახორციელა ძალადობა ნი-------------ზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15).
4.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.4. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვა---–-----------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვა---–-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ვა---–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვა---–-----------ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი