გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
160210118002690417
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/918-18

160210118002690417

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - სს "თი---ი ბანკი"

წარმომადგენელი - და----------------–--ლი

მოპასუხეები - შირ-------------ი, სა---–----------ი, ხა-–-------------ი, შა----------------ვი (არ გამოცხადდნენ)

წარმომადგენელი - და--------–-ძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს შირ-------------ს, სა---–----------ს, ხა-–-------------ს და შა----------------ვს სს „თი---ი ბანკის“ სასარგებლოდ, N3438889-8142616 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 27336.79 ლარის გადახდა (ძირითადი თანხა - 20000 ლარი, სარგებელი - 5336.79 ლარი, პირგასამტეხლო - 2000 ლარი), თითოეული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა ზღვრული თანხით - 26000 ლარით.

 

1.2. მოპასუხეებს შირ-------------ს, სა---–----------ს, ხა-–-------------ს და შა----------------ვს სს „თი---ი ბანკის“ სასარგებლოდ, N3438889-8142616 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითად თანხაზე (20000 ლარი) ყოველდღიურად 0.1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (20 ლარი), 2018 წლის 20 ოქტომბრიდან 90 დღის განმავლობაში, რაც შეადგენს ჯამურად 1800 ლარს. თითოეული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა ზღვრული თანხით - 26000 ლარით.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2014 წლის 15 დეკემბერს სს „თი---ი ბანკსა“ და შირ-------------ს (შემდეგში „მსესხებელი“) შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N57-31400-000005 (შემდეგში ძირითადი ხელშეკრულება), რომლის ფარგლებშიც გაფორმდა შემდეგი ხელშეკრულებები: 1. 20.11.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3438889-8142616, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე გაიცა სასყიდლიანი კრედიტი 20000 ლარის ოდენობით, წლიური 24%-ის დარიცხვით, 24 თვის ვადით. 2. 20.11.2015 წლის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები (თავდებობის მაქსიმალური თანხა 26000) სა---–----------თან, ხა-–-------------თან და შა----------------ვთან.

 

თითოეული თავდებობის ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა, გამომდინარე სს „თი---ი ბანკსა'' და მსესხებელს შორის, 20.11.2015 წელს გაფორმებული N3438889-8142616 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან. თავდებობის მაქსიმალურ თანხად თითოეულ ხელშეკრულებაში განისაზღვრა 26000 ლარი.

 

მსესხებელს საბანკო კრედიტის ათვისებული თანხა უნდა დაეფარა თანდართული გრაფიკის მიხედვით, თუმცა მსესხებლის მიერ დაირღვა გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხეებს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, რამაც შედეგი არ გამოიღო, შესაბამისად, ბანკი იძულებულია, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სასამართლოსათვის მომართვის გზით.

 

19.10.2018 წლის მდგომარეობით, მსესხებელს N3438889-8142616 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს "თი---ი ბანკის" წინაშე ერიცხება დავალიანება 30017.01 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 20000 ლარი, დარიცხული სარგებელი - 5336.79 ლარი, პირგასამტეხლო 4601.23 ლარი და დაზღვევის პრემია - 78.99 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შირ-------------ს წერილობით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო მხოლოდ სესხი ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში ჯამში 25336.79 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეებმა სა---–----------მა, ხა-–-------------მა და შა----------------ვმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ისინი არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, მათთვის უცნობი იყო თავდებობის შესახებ ხელშეკრულების შინაარსი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 15 დეკემბერს სს „კონსტანტა ბანკსა“ და შირ-------------ს (შემდეგში „მსესხებელი“) შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N57-31400-000005 (შემდეგში ძირითადი ხელშეკრულება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-28)

- სარჩელი (ს.ფ. 2-19)

 

3.1.2. 2014 წლის 15 დეკემბერს სს „თი---ი ბანკსა“ და შირ-------------ს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N57-31400-000005-ის ფარგლებში 20.11.2015 წელს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3438889-8142616, რომლის ფარგლებშიც მსესხებელზე გაიცა სასყიდლიანი კრედიტი 20000 ლარის ოდენობით, წლიური 24%-ის დარიცხვით, 24 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 29-31)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 32)

 

3.1.3. 2014 წლის 15 დეკემბერს სს „თი---ი ბანკსა“ და შირ-------------ს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N57-31400-000005-ის ფარგლებში 20.11.2015 წელს სა---–----------თან, ხა-–-------------თან და შა----------------ვთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 26000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებების განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 33-47)

 

3.1.4. მსესხებელს საბანკო კრედიტის ათვისებული თანხა უნდა დაეფარა თანდართული გრაფიკის მიხედვით, თუმცა მსესხებლის მიერ დაირღვა გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 49)

 

3.1.5. მოპასუხეებს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები ( ს.ფ. 50-63)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 20 ნოემბერს სს ,,თი---ი ბანკსა” და მოპასუხეებს: ხა-–-------------ს, სა---–----------ს და შა----------------ვს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, თავდებებმა პასუხისმგებლობა აიღეს სს ,,თი---ი ბანკსა” და შირ-------------ს შორის დადებული N3438889-8142616 ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილ ვალდებულებებზე. თავდებობის მაქსიმალურ თანხად თითოეულ ხელშეკრულებაში განისაზღვრა 26000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.11.2015 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32)

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 33-47);

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, მათ არ იციან ქართული ენა და მათთვის უცნობი იყო თავდებობის ხელშეკრულებების შინაარსი, მათ არ უნდა დაეკისროთ დავალიანების გადახდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია თავდების განცხადებაზე და თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ისინი მართლაც არ გაცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.

 

თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. თავდებთა წარმომადგენლის განმარტებით, სა---–----------ს, ხა-–-------------ს და შა----------------ვს თავდებობა შესთავაზა თავად შირ-------------მა, რათა მას სესხის სახით გარკვეული გარანტიის სანაცვლოდ მიეღო ამჯამად სარჩელით მოთხოვილი ძირი თანხა. ზოგადად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.

 

საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას მოპასუხეებს რაიმე პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ და არც თარჯიმანი მოუთხოვიათ. უფრო მეტიც, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შა----------------ვის თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია ქართულ ენაზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს სასამართლოს შინაგან რწმენას, მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რაზე აწერდა ხელს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - წერილობითი ხელშეკრულებები, რომლებზეც მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ხელმოწერა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის შესახებ განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 33-47)

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 32)

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 49)

- 26.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საკრედიტო ვალდებულების შესრულება 25536.79 ლარის ოდენობით, ასევე უნდა შემცირდეს დავალიანების ძირითად თანხაზე (20000 ლარი) ყოველდღიურად დარიცხული თანხის ოდენობა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად 20 ლარისა მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2 ლარის გადახდა, ჯამში 180 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, 417-420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 394-ე, 404-ე, 407-ე, 412-ე, 414-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის საკრედიტო ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 20 ნოემბერს დადებული საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მსესხებელს ჯეროვნად არა აქვს შესრულებული. სადავო არ არის, რომ მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დაცვით კრედიტი არ დააბრუნა. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 20000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.

 

მოპასუხე შირ-------------მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო 25336.79 ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მოპასუხეებმა სა---–----------მა, ხა-–-------------მა და შა----------------ვმა სარჩელი არ ცნეს, რაც მოპასუხეთათვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.

 

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე შირ-------------ს უნდა დაეკისროს 25536.79 ლარის გადახდა, ასევე მას უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე (20000 ლარი) ყოველდღიურად დარიცხული თანხა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 ლარის ოდენობით, ჯამში 180 ლარი, 2018 წლის 20 ოქტომბრიდან 90 დღის განმავლობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ თანხების გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ასევე მოპასუხეებს - სა---–----------ს, ხა-–-------------ს და შა----------------ვს, რადგან მათ ბანკთან დადებული აქვთ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ შირ-------------მა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში სა---–----------თან, ხა-–-------------თან და შა----------------ვთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა შირ-------------ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

6.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საბანკო კრედიტის N3438889-8142616 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეადგენს 2000 ლარს. აგრეთვე, დავალიანების ძირითად თანხაზე (20000 ლარზე) ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ს. სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით 90 დღის პერიოდში დღეში 20 ლარის ოდენობით, რაც ჯამურად არის 1800 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოთხოვნილია არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების დაკისრება.

 

პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასმატეხლოს შემცირების საფუძველია არა მარტო რაოდენობრივი კრიტერიუმი (მაგალითად დიდი თანხ), არამედ საქმის გარემოებებისადმი პირგასამატეხლოს პირობების შეუსაბამობა. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია როგორც ძირითად თანხაზე ერთჯერადად დარიცხული სახით - 2000 ლარის ოდენობით, ასევე ყოველდღიურად დარიცხული პირგასამატეხლოს - 20 ლარის, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდგომ 90 დღიან პერიოდში გადასახდელი პირგასამტეხლო 1800 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ და განისაზღვროს ძირითად თანხაზე დარიცხული 2000 ლარის ნაცვლად 200 ლარით, აგრეთვე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნაცვლად მოთხოვნილი 0.1%-ისა განისაზღვროს 0,01%-თ, რაც დღეში შეადგენს 2 ლარს, ხოლო ვადის გადაცილების პერიოდის 90 დღეში შეადგენს 180 ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის დაკმაყოფილებას მიიღოს ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო.

 

რაც შეეხება თავდებების პასუხისმგებლობას, ასეთ შემთხვევაში

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, თავდები პირადად მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის. თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. ამ შემთხვევაში სა---–----------ი, ხა-–-------------ი და შა----------------ვი არიან სოლიდარული თავდებები, რადგან მათ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს შირ-------------ის კრედიტის გადახდის ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. ამდენად, თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების არსი ის არის, რომ თავდები ვალდებულების შესრულების საკითხში პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თითოეული თავდები პასუხს აგებს საკრედიტო ვალდებულებისათვის ზღვრული თანხის - 26000 ლარის ფარგლებში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 29136.79 ლარის დაკისრებას, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული იქნა ნაწილობრივ - 25716.79 ლარის ნაწილში - 88%.

 

სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 874.11 ლარი, რომლის 88% არის 769.21 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გათვალისწინებული უნდა იქნას მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილებისას და მხარეები ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხე შირ-------------მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო ეს მოთხოვნა, დაკისრებული თანხის 98% - 753.82 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაბრუნდეს სს „თი---ი ბანკს“, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 15.38 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 54-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თი---ი ბანკის“ სარჩელი;

 

2. შირ-------------ს, ხა-–-------------ს, სა---–----------ს და შა----------------ვს სს ,,თი---ი ბანკის’’ სასარგებლოდ N3438889-8142616 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის 20 000 ლარის, დარიცხული სარგებელის 5336.79 ლარის და პირგასამტეხლო 200 ლარის გადახდა (თავდებების პასუხისმგებლობის განისაზღვროს 26 000 ლარით).

 

3. შირ-------------ს, ხა-–-------------ს, სა---–----------ს და შა----------------ვს სს ,,თი---ი ბანკის’’ სასარგებლოდ N3438889-8142616 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირ თანხაზე 20 000 ლარზე ყოველდღიურად 0.01 პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2.00 ლარი), 2018 წლის 20 ოქტომბრიდან 90 დღის განმავლობაში, რაც შეადგენს ჯამურად 180 ლარს. (თითოეული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვროს 26 000 ლარით).

 

4. მოსარჩელე სს ,,თი---ი ბანკს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი - 753.82 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 22 ოქტომბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,თი---ი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2018 წლის 22 ოქტომბრის №1 საგადახდო დავალება).

 

5. სახელმწიფო ბაჟი 104.89 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. შირ-------------ს, ხა-–-------------ს, სა---–----------ს და შა----------------ვს დაეკისროთ სს „თი---ი ბანკისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 15.38 ლარის და ასევე სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი