გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-279-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 იანვარი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,წარმომადგენელი - მ------ ღ----–--ია, ნ---- ს------–--ლი,მოპასუხე - გ------- ხ------–---–ი,დავის საგანი –თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე გ------- ხ------–---–ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 3 000 ლარის დაკისრებას.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე" გ------- ხ------–---–ს შორის 2017 წლის 23 ოქტომბერს დაიდო კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე" იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კეთილსინდისიერად ემსახურა თავდაცვის სამინისტროში, ხოლო თავის მხრივ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა ,,სამხედრო მოსამსახურის" ხელფასით უზრუნველყოფა. სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 3.2 პირობების შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით და სრულდებოდა 2021 წლის 23 ოქტომბერს, თუმცა გ------- ხ------–---–მა 2018 წლის 12 ივლისს პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 03 აგვისტოს №4--- ბრძანების თანახმად, გ------- ხ------–---–ი განთავისუფლდა თანამდებბიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №737 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტი სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან ჯარიმის სახით სამინისტროსათვის 3 000 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ გ------- ხ------–---–ი დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონტრაქტის გაფორმებიდან მას აქვს ნამსახურები ორ წელზე ნაკლები, ამდენად მოპასუხეს წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა, რაც მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით, სარჩელი ცნო ნაწილობრივ, განმარტა, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა გამოწვეული იყო ძალიან მძიმე ოჯახური მდგომარეობით, ჰქონდა გამოუვალი სიტუაცია და ვერ შეძლებდა სამხედრო სამსახურის გაგრძელებას, ვინაიდან დედა ჰყავდა ცუდად. ამასთან 3 000 ლარის გადახდა კიდევ უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 20 ოქტომბრის №MOD41--------- ბრძანებით, გ------- ხ------–---–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ-----ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 23 ოქტომბრიდან. 2017 წლის 23 ოქტომბერს გ------- ხ------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №46----- კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 20 ოქტომბრის №MOD41--------- ბრძანება (ს. ფ. 22)
-2017 წლის 23 ოქტომბერის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №46----- კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ"(ს. ფ. 15-21)
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 03 აგვისტოს №MOD61800004--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე მექანიზებული ბატალიონის მესამე მექანიზებული ასეულის მეორე მექანიზებული ოცეულის მეორე მექანიზებული ათეულის პირველი ჯგუფის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწე, რიგითი გ------- ხ------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. გ------- ხ------–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ს. ფ. 2-14 )
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 03 აგვისტოს №MOD61800004--- ბრძანება (ს. ფ. 24)
- პირადი პატაკი (ს. ფ. 23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2017 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №46----- კონტრაქტის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 7.3. პუნქტის მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის პირობები და იგი პირადი პატაკის საფუძველზე განთავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან, ხოლო მოპასუხე მხარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ 3 000 ლარის გადახდა მის მძიმე ოჯახურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება";
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების" მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ამოცანებია ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება, ხოლო მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. მოცემული ხელშეკრულება სასამართლოს მოსაზრებით დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ------- ხ------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 20 ოქტომბრის №MOD41--------- ბრძანებით, გ------- ხ------–---–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ---- ფ-----ის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსების რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 23 ოქტომბრიდან. 2017 წლის 23 ოქტომბერს გ------- ხ------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №46----- კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 03 აგვისტოს №MOD61800004--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე მექანიზებული ბატალიონის მესამე მექანიზებული ასეულის მეორე მექანიზებული ოცეულის მეორე მექანიზებული ათეულის პირველი ჯგუფის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწე, რიგითი გ------- ხ------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. გ------- ხ------–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ.
2017 წლის 23 ოქტომბრის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" №46----- კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გარძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).
კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე გ------- ხ------–---–ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 9 თვე და 10 დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში არ შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს გ------- ხ------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №46-----,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტის მეცხე მუხლით მოწესრიგებულია კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევებში, კერძოდ კი მითითებული მუხლის 9.1.7 პუნქტი ითვალისწინებს კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტას პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში არჩევა ან დანიშვნა), თუმცა საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 12 ივლისის პატაკის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე შეიარაღებული რიგების ძალებიდან დათხოვნას ითხოვს არა ოჯახური მდგომარეობის გამო, არამედ პირადი სურვილის საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის შედეგად მისი მხრიდან ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. რაც შეეხება მოპასუხის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა გამოწვეულია მშობლის ავადმყოფობით სასამართლო მიიჩნევს არ შეიძლება აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ვინაიდან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დედამ შპს ,,რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს" მიმართა 2018 წლის 18 ოქტომბრიდან, ხოლო პატაკი წარდგენილია 2018 წლის 12 ივლისს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის ცნობისას მხარეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად მოპასუხე გ------- ხ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის №3-279-18 განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო გ------- ხ------–---–ის (პირადი №35---------) საკუთრებაში არსებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია, H--------, საიდენტიფიკაციო კოდი G---------, სახელმწიფო ნომერი OU----- 3 000 ლარის ფარგლებში;
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა რის გამოც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე გ------- ხ------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა;
2. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა)
14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი