გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2019
საქმის ნომერი
330210018002646127
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/27756-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.01.2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე - ლ---------–-–---–ი;

წარმომადგენელი - მ-------–-----ე;

მოპასუხე - ლ-------–---–ი;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ-------–---–ს მოსარჩელე ლ---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6850 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 17 ივლისს ლ---------–-–---–მა ლ-------–---–ს სესხის სახით გადასცა 7000 აშშ დოლარი, რომიდანაც მოპასუხის მიერ 2018 წელს დაფარულ იქნა მხოლოდ 150 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის გადაუხდელი სესხის თანხის დავალიანების დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ-------–---–მა სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის მიერ სესხის სახით გადაცემული თანხა 2015 წლის დეკემბრამდე სრულად იქნა დაფარული და მას არანაირი დავალიანება არ გააჩნია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეები იმყოფებოდნენ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა - 7000 აშშ დოლარი, აღნიშნილს მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი.

- სესხის ხელშეკრულება/ხელწერილი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

 

3.1.2. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის თანხის ნაწილი - 200 ლარის ოდენობით დაუბრუნა 2018 წლის მარტში (იხ. სხდომის ოქმი, მოპასუხე მხარის განმარტება).

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ---------–-–---–ი მოითხოვს ლ-------–---–ს მის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7000 აშშ დოლარიდან დარჩენილი გადაუხდელი დავალიანების - 6850 აშშ დოლარის გადახდა.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი.

- სესხის ხელშეკრულება/ხელწერილი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობას უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ლ---------–-–---–ის მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება/ ხელწერილი მოპასუხის მიერ შედგენილია 2015 წლის 17 ივლისს (მოპასუხე მხარე აღნიშნულს სადავოდ არ ხდის, მიუთითებს მხოლოდ 2015 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ვადის დაბრუნების თაობაზე). ამასთან, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა მასზედ, მის მიერ დავალიანების ნაწილის დაფარვა - ''დაახლოებით 200 ლარის ოდენობით'' განხორციელდა 2018 წლის მარტის თვეში. შესაბამისად, 2015 წლის ივლისის თვიდან დაწყებული ხანდაზმულობის ვადის დენა 3 წლიანი ვადის გასვლამდე (2018 წლის ივლისის თვე) 2018 წლის მარტის თვეში შეწყდა, მოსარჩელის მიერ სარჩელი კი აღძრულია - 2018 წლის 25 სექტემბერს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაში მიმართა სასამართლოს, რის გამოც სარჩელი არ არის ხანდაზმული.

 

3.2.1. მოპასუხემ ვერ დაადასტურა სესხის თანხის ნაწილის - 6850 აშშ დოლარის ოდენობით მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ერთია, როდესაც მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო მეორე - მიიჩნევა თუ არა აღნიშნული შესრულება კრედიტორის მხრიდან მიღებულად და ვინ უნდა ამტკიცოს ეს (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით იხ.,Palandt, BGB, Beckische Kurs-Kommentar, 62 auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 570).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

 

შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

 

მსესხებელს წარმოეშობა ვალდებულება დაადასტუროს, რომ მან სესხის სახით მიღებული თანხა დააბრუნა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სესხის ძირითადი თანხის გადახდის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება წარდგენილი არ არის. რაც შეეხება მოპასუხის მითითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ გარკვეული პერიოდულობით ხორციელდებოდა თანხის გადახდა, საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის სათანადო, უცილო დოკუმენტაცია, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მის მიერ შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით, რის გამოც უნდა მივიჩნიოთ, რომ მოპასუხის დარჩენილი ფულადი დავალიანება მოსარჩელისადმი შეადგენს - 6850 აშშ დოლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგების გამომწვევია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქლაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება ზუსტად აისახა 2015 წლის 17 ივლისის ხელშეკრულებაში/ხელწერილში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედგეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელს გადაეცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო მოპასუხე მხარეს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამევე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ---------–-–---–ს და ლ-------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი - 7000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვს- 6850 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა დაბრუნებული სესხის სახით მიღებული თანხა სრულად. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სესხის თანხის ნაწილის - 6850 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანი და დასაბუთებულია და შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე უარი თქვა სარჩელზე ნაწილობრივ, კერძოდ, 150 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ამდენად ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 5.89 ლარის ოდენობით უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 537.42 ლარის ოდენობით გადახდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს 400 ლარი. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - დაკმაყოფილებული მოთხოვნის არაუმეტეს 4%-ს 300 ლარის ოდენობით გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ლ---------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ლ-------–---–ს მოსარჩელე ლ---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს - 6850 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ლ-------–---–ს მოსარჩელე ლ---------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 537.42 ლარის და სასამართლოსგარეშე ხარჯის - 300 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე ლ---------–-–---–ს დაუბრუნდეს მ-------–-----ის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს (საგადასახადო დავალება N0) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 550.75 ლარის ნაწილი - 5.89 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ რეკვიზიტებზე: საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი