განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2019
საქმის ნომერი
080100117002213884
დავის ტიპი
187 1
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/948-17 (№041280417003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

31.12. 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

სხდომის სახე ღია

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი, გ-------- ტ---–--ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ლ-–- ე-----–--ე

მამის სახელი: თ-----ი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. თ---–---, თ----, მ------------------------------------–-, N3----

 

ადვოკატი ა---- ჯ----–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ლ-–- ე-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე ქ. ქუთაისში წ-------–-----------ში ლ-–- ე-----–--ემ დააზიანა დ-------ი გ----–--ის კუთვნილი ,,T--------------------------ს სახელწიფო ნომერი G--------, მარკის ავტომანქანა. ლ-–- ე-----–--ის ქმედებით დ-------ი გ----–--ეს მიადგა 400 (ოთხასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

დაზარალებულ დ-------ი გ----–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად მას ლ-–- ე-----–--ის მამასთან თ----- ე-----–--ესთან და მის შვილებთან თავიდან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ისინი ოფიციალურად იყვნენ შპს-ს 50% წილის მფლობელები, სინამდვილეში კი თ-----ის 10% წილი ეკუთვნოდა. თ----- ე-----–--ემ დაგროვილი დავალიანების გამო გადაწყვიტა შპს-დან გასვლა და მოითხოვა მისი წილის სახით 50 000 დოლარი. შპს-ს ეზო არის მოწმის ნაყიდი, მან შეიტანა ეს მიწა შპს-ში. როდესაც პროცენტებს ინაწილებდნენ, თ----- ე-----–--ემ განაცხადა რომ 50/50 ზე უნდა გადაენაწილებინათ. ამდენად, ის არის 50 პროცენტიან წილში. ამიტომ, როდესაც დავა წარმოიშვა, ის ითხოვდა 50 პროცენტს. მოწმის განმარტებით, ბანკმა ანგარიში გამოუგზავნა და შპს-ს ვალმა 300000 ლარს მიაღწია; ის შეეცადა მოლაპარაკებას ე-----–--ესთან 3 თვის განმავლობაში, უთხრა, რომ თუ სურდათ გადარჩენა ეზოსი, მაშინ მოეტანა თავისი წილი თანხა. ამაზე თ----- ე-----–--ემ უარი განაცხადა; მოლაპარაკება დაასრულეს და მიხვდნენ, რომ ვერ შეთანხმდებოდნენ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე; შემთხვევის დღეს 2017 წლის 27 აპრილს თ----- ე-----–--ის შვილები ლ-–- ე-----–--ე, ბ----ი ე-----–--ე და მათი ნათესავი ი-----–- ყ------ი შემოვიდნენ შპს-ს ოფისში, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი დ----- ქ---------ე. ძმები თხოვდნენ მამის კუთვნილ წილს. მან მათ უთხრა, რომ ის არაფერ შუაში იყო და თანხა მოეთხოვა მამამისისთვის. ამ დროს ლ-–- ე-----–--ე ახტა მაგიდაზე, აიღო „ნაჩნიკი“ და გადაამტვრია ხელზე, ბ---- ე-----–--ეც წამოვიდა მისკენ, მაგრამ შუაში ჩადგა მისი მეგობარი დ----- ქ---------ე, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება. ლ-–- ე-----–--ემ და მისმა ძმამ დივანზე წააქციეს დ----- ქ---------ე და წიხლებით დაუწყეს ცემა. როდესაც გამოვიდა გარეთ, ლ-–- ე-----–--ე იყო შემდგარი მის მანქანაზე „ტოიოტა პრადოზე“. მან გადაიარა მანქანაზე, შემდეგ ისინი ჩასხდნენ მანქანაში და გაიქცნენ. მოწმის განმარტებით, ზიანი დაახლოებით არის 3000 ლარი. მას არ შეუკეთებია მანქანა ამ ზიანის შემდეგ. მანქანა გაფორმებულია მისი ძმის სახელზე, მაგრამ სარგებლობს თავად. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს ბნელოდა და ეზოში განათებაც საშუალოდ იყო. მანქანა იდგა გამოსასვლელთან ახლოს. პოლიციას თავად მან შეატყობინა მას შემდეგ, რაც მომხდარის გამო მიღებული შოკიდან გამოვიდა. დასმულ შეკითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ ვიდრე ოფისში მოვიდოდნენ, დ----- ქ---------ეს დაურეკა ლ-–- ე-----–--ის ძმამ და უთხრა, რომ მოსვლას აპირებდნენ დასალაპარაკებლად, მაგრამ ქ---------ე თავს არიდებდა მათ; მასაც მიაკითხეს სახლში და არასრულწლოვან ბავშვთან მუქარით მოიხსენიეს, სადაც უცდიდნენ მას, როდის მივიდოდა სახლში. მოწმის განმარტებით, როდესაც ლ-–- მანქანაზე იყო ასული, ი-----–- ყ------ი მას უყვიროდა თუ რას აკეთებდა, რა უნდოდა მანქანაზე. ამ დროს მოწმე გამოსასვლელ კარში, მანქანასთან ახლოს იდგა, მაგრამ ი-----–- ყ------ი არ უშვებდა, რომ ლ-–-ს არ დაწეოდა; დაცვის მხარის შეკითხვებზე მოწმე ასევე განმარტავს, რომ როდესაც ლ-–- ე-----–--ე მის მანქანაზე იყო ასული და ფეხს ურტყამდა, მისი ძმა ბ----ი ხელით აზიანებდა მანქანას, თუმცა, მან ზუსტად არ იცის კონკრეტულად რა დაზიანებები მიაყენა; თავდაპირველად მოწმეს ეგონა, რომ მხოლოდ კაპოტი იყო გაფუჭებული, თუმცა, შემდეგ ექსპერტებმა ცაზეც აღმოაჩინეს დაზიანება; სულ იყო სამი დაზიანება. მოწმის განმარტებით, ლ-–- ე-----–--ე თავისი სამსახურეობრივი პოზიციით(შემოსავლების სამსახურში მუშაობდა) ხელს უშლიდა და დამატებით პრობლემებს უქმნიდა მას. ის გამომძიებელმა დაკითხა იმ საღამოსვე და მას მისცა სწორი ჩვენება, თუმცა, უშვებს იმის შესაძლებლობასაც, რომ რამე გამორჩა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე დ----- ქ---------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ის და დ-------ი გ----–--ე შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ სამსახურში, ამ დროს უკვე დაღამებული იყო. მის ძმას გასაკეთებელი ჰქონდა გულის ოპერაცია, რაც ე-----–--ეებსაც აუხსნა მასთან ტელეფონზე საუბრისას. ვინაიდან მისი ძმა თავისი ნებით არ იკეთებდა ოპერაციას, მან დ-------ი გ----–--ეს სთხოვა დალაპარაკებოდა მას. ამ დროისთვის გ----–--ეს დაურეკეს სახლიდანაც, რომ მასთან იყვნენ მოსულები და კითხულობდნენ, შემდეგ მას დაურეკა ბ---- ე-----–--ემ და ჰკითხა გ----–--ის ადგილსამყოფელი. ამ პერიოდისთვის მათ უკვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მან უპასუხა, რომ გ----–--ე იქ არ იყო, თუმცა მათ იცოდნენ, რომ ისინი ერთად იყვნენ. მალე ოფისში შევიდნენ ლ-–- ე-----–--ე, ბ---- ე-----–--ე და მათი ნათესავი. მათ დაიწყეს ფულის მოთხოვნა გ----–--ისთვის, რომელმაც მათ უთხრა, რომ თ----- ე-----–--ეს წაღებული ჰქონდა ფული და მათ არ იცოდნენ ამის შესახებ. შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, თავად გადაეფარა დ-------ი გ----–--ეს. ის დააგდო დივანზე ბ---- ე-----–--ემ და სცემა, მაგრამ დაზიანებები გარეგნულად არ ეტყობოდა. ამ დროს დ-------ი გ----–--ის „პრადოს“ მარკის მანქანა იდგა ეზოში, ლ-–- ე-----–--ე ავიდა ამ მანქანაზე გადაიარა ფეხით და შემდეგ გაიქცა. ამ ფაქტის შემდეგ დაათვალიერა მანქანა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ე.წ. კაპოტი. ამის შემდეგ დ-------ი გ----–--ემ დაურეკა პოლიციას, რომელიც დაახლოებით 15-20 წუთში მოვიდა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს მან თვალზე და სხვა ადგილებზე მიიღო სერიოზული დაზიანებები, მაგრამ არ იცოდა ექსპერტიზა თუ უნდა ჩაეტარებინა. მოწმის განმარტებით, ინციდენტი დაახლოებით გაგრძელდა 10 წუთი; დაცვის მუშაკი იყო იქვე, შემთხვევის ადგილიდან 3-4 მეტრში, მაგრამ არაფერი გაუგია, რომ გაიქცნენ, მერე გაიგეს. პოლიცია რომ მივიდა, მოწმე იქ იყო, ის დაელოდა პოლიციის წასვლას და შემდეგ წავიდა. როგორც მას ახსოვს, პოლიცია დაახლოებით ნახევარი საათი იყო შემთხვევის ადგილზე. დასმულ შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ საზოგადოების ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე ვინ დანიშნა არ ახსოვს. მას დ-------ი გ----–--ესთან რაიმე ფინანსური ვალდებულება არ ჰქონია. ის ქირას უხდიდა ფირმის მფლობელებს - დ-------ი გ----–--ეს და თ----- ე-----–--ეს. იმ ფირმას სადაც მოწმე იყო ფინანსური მენეჯერი, თ----- ე-----–--ესთან ჰქონდა მოთხოვნა დაახლოებით 130 000 ლარზე. მან იცოდა, რომ ლ-–- ე-----–--ე მუშაობდა საგადასახადოში თბილისში. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ბ---- ე-----–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად მას დ-------ი გ----–--ესთან მანამდეც ჰქონდა შეხვედრები. დ-------ი ითხოვდა თანხებს, რადგან ფირმა მიდიოდა გაკოტრებისკენ. მათ კი უჩნდებოდათ კითხვები, რატომ ითხოვდა თანხას, როცა გარკვეული დროის განმავლობაში ანგარიშს არ ასწორებდა, რაც მას ევალებოდა, რადგან ფირმის დირექტორი იყო. მიდიოდა საუბარი იმაზე თუ როდის გაასწორებდა ანგარიშს, რა ჰქონდა ფირმას ზარალი და მოგება. ისინი ამის გასაგებად მივიდნენ შემთხვევის დღეს შპს „ტრანსგაზში“, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში წ-------–-------–-. მანამდე მოწმე ესაუბრა გ----–--ეს, რომ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და გ----–--ეს უნდა გაესწორებინა ანგარიში, ისიც დათანხმდა და უთხრა მისი ადგილსამყოფელი. ბ---- ე-----–--ე, ლ-–- ე-----–--ე და მათი მამა თ----- ე-----–--ე წავიდნენ საწარმოში მოწმის მანქანით. გზაში ბენზინგასამართ სადგურზე შეხვდა მისი ბიძაშვილი, რომელიც სოფელში მიდიოდა, ჩაუჯდა მათ და მათი საწარმოში ყოფნის დროს უცდიდა მანქანაში. მათ დაიწყეს საუბარი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გ----–--ეს ანგარიში წარმოედგინა, მათ უთხრა, რომ ის არ იყო ვალდებული მათთვის ანგარიში ჩაებარებინა. დაძაბული საუბარი ჰქონდათ. გამოსვლისას კი დაუბარეს, რომ ამ დავას გადაწყვეტდნენ კანონიერი გზით. მან მოგვიანებით გაიგო, რომ დ-------ი გ----–--ემ მიმართა პოლიციას და ექსპერტიზას მანქანის დაზიანების გამო. დასმულ შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ როდესაც დაასრულეს საუბარი, დ----- ქ---------ე და დ-------ი გ----–--ე ოთახში დარჩნენ, ისინი კი გამოვიდნენ. რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ჩასხდნენ მის მანქანაში და წავიდნენ. არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, ეს ავტომობილი შეძენილია შპს-ს ხარჯებით. ის ადასტურებს, რომ დ----- ქ---------ესთან აგრესიული საუბარი ჰქონდა თავდაპირველად, რადგან ტელეფონს არ იღებდა გ----–--ე, შემდეგ წავიდნენ მის სახლში, სადაც დ-------ის შვილმა უთხრა, რომ მამამისი სახლში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ ისინი გაემართნენ საწარმოსკენ. გზაში უპასუხა ტელეფონს გ----–--ემ და უთხრა, რომ ელოდებოდა. მათ ჩაისვეს მამამისი მანქანაში და წავიდნენ საწარმოს ოფისში. ოთახში შევიდნენ სამივე. ხმამაღალ აგრესიულ საუბარს ადგილი ჰქონდა გ----–--ის მხრიდან. თავად კი მოუწოდებდა მას სიმშვიდისკენ. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გამოსვლისას ეზო განათებული იყო და მას მანქანისთვის დაზიანება არ შეუნიშნავს. ეზოში ბევრი მანქანა ეყენა, თუმცა სხვა პირი არ შეუმჩნევია. მოწმის განმარტებით, ის და მისი ძმა საწარმოს საქმიანობაში არ იყვნენ ჩართულნი, თუმცა, მოლაპარაკებაზე დაყვებოდნენ ხოლმე მამამისს; მან შეამჩნია რომ გარკვეული ხნის განმავლობაში მამამისი სამსახურში აღარ დადიოდა, შემდეგ თავად დ-------ი გ----–--ემ მიაკითხა მას სამსახურში და უთხრა რომ ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, საჭირო იყო სესხის აღება, მამამისი თ------ ე-----–--ე კი წინააღმდეგი იყო, რადგან არ სურდა გარისკვა. ამიტომ, მისი აზრით, საჭირო იყო ერთმანეთთან შეხვედრა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე თ----- ე-----–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ის შეხვედრაზე იმყოფებოდა მის შვილებთან ერთად. ის დაბარებული იყო, რადგან უნდა შეთანხმებულიყვნენ ანგარიშზე. დ-------ი გ----–--ეს სურს, რომ მის ოჯახს წაართვას ბიზნესი. მან ის გაიცნო 1993 წელს, რომელიც მიიწვია თავისთან და შეთანხმებულნი იყვნენ, რომ ის იქნებოდა 50 პროცენტიან წილში. 1998 წელს გახსნეს შპს „-------------- რომელშიც დ-------ი გ----–--ე იყო ასევე 50 პროცენტიან წილში. ვინაიდან გ----–--ე მასზე ახალგაზრდა იყო, მან ის დანიშნა დირექტორად. შპს „------------- 2005 წელს შეექმნა პრობლემა და იმისთვის, რომ ქონება არ დაეკარგა, ჩამოაყალიბა შ----------, რომელსაც დ-------იმ სათავეში ჩაუყენა დ----- ქ---------ე. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა შპს „--------–--------, რომელსაც დასჭირდა სესხის გამოტანა. მოწმის განმარტებით, 2010 წლის შემდეგ დ-------ის დივიდენდიც არ გაუნაწილებია. ბანკიდან 80 000 ლარის სესხის გამოტანის შემდეგ, ეს თანხა უნდა გადაერიცხათ რუსეთში, უნდა წამოეღოთ იქიდან პროდუქცია და უნდა ემუშავათ. იმის მაგივრად რომ ეს თანხა რუსეთში გადარიცხულიყო, თხევადი გაზი მოდიოდა ნისიად. არ ჩანდა ეს თანხები სად მიდიოდა და ვინ განკარგავდა. დავა მათ შორის გამოიწვია საერთო ბიზნეს ინტერესებმა. 27 აპრილს დაახლოებით 21 საათზე შეიკრიბნენ ისინი: დ-------ი გ----–--ე, დ----- ქ---------ე და თავად, მის შვილებთან - ბ---- და ლ-–- ე-----–--ეებთან ერთად იმ მიზნით, რომ დ-------ი გ----–--ეს უნდა გაესწორებინა ანგარიში. როდესაც საუბარი დაასრულეს, ისინი გამოვიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში, სადაც მათ უცდიდა მისი ცოლის ძმის შვილი და წამოვიდნენ. მეორე დღეს კი გაიგო, რომ ვითომ მათ დ-------ი გ----–--ეს დაუმტვრიეს მანქანა. ეს საუბარი შედგა შპს „-------------- ოფისში, ქუთაისში, წ-------–-------–-, რათა გაერკვიათ თანხები სად მიდიოდა. დ-------ი გ----–--ე მისგან მოითხოვდა 200 000 ლარს, რადგან წაგებაზე იყვნენ და ფირმა გადარჩენილიყო. მან კი შესთავაზა, რომ დადებულიყო ანგარიში, ვის ჰქონდა მოსატანი თანხა და რამდენი. თუმცა, გ----–--ემ უარი განაცხადა ანგარიშის გასწორებაზე, მან თქვა რომ 300 000 ლარი ჰქონდა ხარჯი. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ შეთანხმების გარეშე. მოწმის განმარტებით, მანქანა შეძენილი არის სამსახურის მიერ; საწარმოს ტერიტორიაზე არის 2 პრადოს კარები, ასევე სათადარიგო საბურავები; დ-------ის მხრიდან მუქარას აღნიშნულ ფაქტამდეც ჰქონდა ადგილი. კერძოდ, მას უნდა დაეთმო დ-------ი გ----–--ისთვის წილი, ამით ის გათავისუფლდებოდა ბანკის ვალებისგან, ასევე, შეეძლო დარჩენილიყო საწარმოში და მიიღებდა ხელფასს 200 ლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა შვილის მოკვლით. ეს შეხვედრა იყო დ-------ი გ----–--ის ინიციატივა. ეს შეთანხმება იყო 1 კვირით ადრე. მოწმე განმარტავს, რომ მისი შვილები საწარმოს საქმიანობაში არ ყოფილან ჩართული. მან შვილები გაიყოლა იმიტომ, რომ გ----–--ე ემუქრებოდა მას. ამასთანავე ეს თვითონ დ-------იმაც შესთავაზა. შეხვედრამდე თავად არ მისულა გ----–--ის სახლში. იქ მისი შვილი მივიდა, რომელსაც უთხრეს, რომ დ-------ი არ იმყოფებოდა სახლში. შემდეგ მისმა შვილმა გამოუარა მას, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ საწარმოში. დასმულ შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ ხმამაღალ საუბარს ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა, ფიზიკური შეურაცხყოფა არცერთი მხრიდან არ ყოფილა. ხმამაღალი საუბარი დაიწყო გ----–--ემ, როდესაც საწარმოდან გამოვიდნენ, გ----–--ის „პრადო“ ეყენა ეზოში. ეზო განათებული იყო და კარგად ჩანდა ყველაფერი, მანაქანას დაზიანებები არ ჰქონია. (სასამართლო სხდომის ოქმი).

ბრალდებულ ლ-–- ე-----–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად მამამისმა და დ-------ი გ----–--ემ წლების წინ დააფუძნეს შპს „-------------- სადაც ისინი 2017 წლის დასაწყისამდე ნორმალურად საქმიანობდნენ. 2017 წლის დასაწყისში მამამისი თ----- ე-----–--ე იმყოფებოდა სახლში და აღარ გადიოდა სამსახურში. იანვარში მის ძმასთან ბ----თან მივიდა დ-------ი გ----–--ე და უთხრა, რომ სამსახურში იყო პრობლემები და საჭირო იყო შეხვედროდნენ ერთმანეთს და ელაპარაკათ. ამის შესახებ შეატყობინა მისმა ძმამ. მოწმე ჩამოვიდა თ---–---დან და შეიკრიბნენ 2017 წლის თებერვალში. გ----–--ე აცხადებდა, რომ შპს „------------- ჰქონდა 200 000 ლარზე მეტი ვალი, რაც ბანკში იყო დაფიქსირებული. მათ კითხვას, თუ საიდან მოდიოდა ეს ვალები, გ----–--ე თავს არიდებდა. ამბობდა, რომ ნახევარი თანხა მათ უნდა მოეტანათ და ნახევარს თვითონ მოიტანდა. ისინი ამ ყველაფერზეც თანახმა იყვნენ, მაგრამ მათი მოთხოვნა იყო, რომ დ-------ი გ----–--ეს დაეყენებინა შესაბამისი ანგარიში, თუ სად იყო ეს თანხები დახარჯული და როგორ დაიხარჯებოდა ის თანხები, რომლის მოტანასაც ითხოვდა. ამაზე დ-------იმ უარი განაცხადა, ამბობდა, რომ ის არ იყო ვალდებული პარტნიორებისთვის გაესწორებინა ანგარიში. ეს შეხვედრები რამდენიმე დღეს მიმდინარეობდა, ბოლოს დათანხმდა, რომ გაასწორებდა ანგარიშს და მორიგდებოდნენ. შეხვედრის დროდ მათ დათქვეს 27 აპრილი, სწორედ ამ დღეს უნდა მოეტანა გ----–--ეს ანგარიშები, ანგარიში უნდა მოეტანა თ----- ე-----–--ესაც და მოხდებოდა ამ ანგარიშების შედარება. ამ დღეს დაუკავშირდნენ დ-------ის მისი ძმის ტელეფონით, მან არ უპასუხა, რის შემდეგაც ააკითხეს სახლში მან და მისმა ძმამ და ბავშვს ჰკითხეს მამამისის ადგილსამყოფელი. მან უთხრა, რომ ის არ იყო სახლში. ამის შემდეგ მათ გაუარეს მამას თ----- ე-----–--ეს და წავიდნენ ქუთაისში, პარალელურად დაუკავშირდნენ გ----–--ეს, რომელმაც უთხრა, რომ ელოდებოდა სამსახურში. გზაში მათ შეხვდათ ბიძაშვილი ი-----–- გ-----ია, რომელიც მანქანაში ჩაისვეს. ამ დროს დაურეკა მის ძმას დ----- ქ---------ემ, რომელმაც იკითხა რატომ იგვიანებდნენ ამდენ ხანს. ისინი მალევე მივიდნენ ფირმაში. ოთახში შევიდნენ ლ-–- ე-----–--ე, ბ----ი ე-----–--ე და თ----- ე-----–--ე. ოთახში შესვლისას დაიწყო საუბარი იმის შესახებ სად იყო თანხები წასული და გაეგოთ მოგებისა და ზარალის შესახებ, რაზეც დ-------ი გ----–--ემ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი, მისი თქმით, ის არ იყო ვალდებული მისი პარტნიორების წინაშე და დაემუქრა, თუ ისინი არ მიიტანდნენ დათქმულ თანხას, მაშინ მამამისის წინააღმდეგ აღძრავდა საქმეებს და წილიდანაც გააგდებდა, რადგან ეს თანხები იყო მის მიერ მითვისებული, ხოლო ლ-–-ს გაათავისუფლებდა სამსახურიდან და ყველაფერს დაკარგავდნენ. თავის მხრივ, მათ უთხრეს, რომ ეს იყო სიცრუე და საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი მიმართავდნენ კანონიერ გზებს დავის გადასაწყვეტად, რის შემდეგაც ისინი გამოვიდნენ ოთახიდან, ჩასხდნენ მისი ძმის მანქანაში და წავიდნენ. მეორე დღეს გაიგეს იმის შესახებ, რომ დ-------იმ წარადგინა სასამართლოში ცნობები, თითქოს თ----- ე-----–--ეს მითვისებული ჰქონდა 120 000 ლარი და რომ მათ დააზიანეს მისი ავტომანქანა. დ-------ი გ----–--ემ არაერთხელ შეუთვალა მათ, რომ თუ აღნიშნულ საქმეს თავს არ დაანებებდნენ, გაუსწორდებოდა მათ ფიზიკურად და დააკარგვინებდა მას სამსახურს. მოწმის განმარტებით, გ----–--ეს განსაკუთრებული შიში ჰქონდა მისი სამსახურის, მიაჩნდა, რომ ის შეუფერხებდა მას მუშაობას და ცდილობდა დაეკარგა მას ეს სამსახური, გაეყიდა მისი ქონება და დაეტოვებინა უმუშევარი, სახლ-კარის გარეშე. ეს მუქარა იყო არაერთხელ, მათ შორის, ამ ინციდენტის შემდგომაც. დასმულ შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ 2017 წლის 27 აპრილს ფირმის ოფისში იმყოფებოდნენ დ-------ი გ----–--ე, დ----- ქ---------ე, თ----- ე-----–--ე, ბ---- ე-----–--ე და თავად ლ-–- ე-----–--ე. სიტყვიერ შეურაცხყოფას მხოლოდ დ-------ის მხრიდან ჰქონდა ადგილი; მისი ავტომანქანა იდგა შემოსასვლელში, სხვა მანქანებიც იდგნენ ეზოში, მისი ძმის მანქანა კი იდგა ჭიშკართან; დაზიანებები ჰქონდა თუ არა „პრადოს“, თავად არ დაკვირვებია; იმ ეზოში რამდენიმე კომპანია საქმიანობს, რომელთაც დ-------ი გ----–--ე განაგებს დ----- ქ---------ის დახმარებით, ერთ-ერთი ასეთი იყო „ბედი 2006“, რომელსაც ჰქონდა გარკვეული სახის საბანკო დავალიანება. შემდეგ გაკეთდა კომპანია შპს „--------–--------, რაზედაც დასჭირდათ სესხი, ამ კომპანიაზე გააკეთეს თ----- ე-----–--ის მინდობილობა, მამამისს გამოატანინეს სესხი ბანკიდან მინდობილობით, შეიტანეს ეს ფული დ----- ქ---------ის სახელით და გადაიფარა მეორე კომპანიის დავალიანება. ამით მათ გაუჩნდათ საფუძველი, რომ 120 000 ლარზე მეტი თანხა გამოტანილი აქვს მამამისს და შეტანილი სად არის, აღარ ჩანს. ამის საფუძველზე მათ აქვთ საშუალება ედავონ მამამისს 120 ათას ლარზე. მათ თ----- ე-----–--ეს მისცეს შეთავაზება, რომ ის უკვე ვეღარაფერს აკეთებდა და მისი წილი გადაეფორმებინა მათთვის. მათაც არ უთქვამთ უარი აღნიშნულზე, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ. მოწმე განმარტავს, რომ მის წინააღმდეგ იძლევიან ჩვენებას იმიტომ რომ, მისი სამსახურიდან გამომდინარე რაღაც პრობლემები შეექმნათ მისთვის და ამით აშანტაჟებენ მამამისს. (სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული მოწმე ი-----–- გ-----იას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 აპრილს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი მამიდაშვილი ბ---- ე-----–--ე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ ქუთაისში, წ-------–-----------ში მდებარე ბიძამისის თ----- ე-----–--ის კუთვნილ გაზ-გასამართი სადგურის ჩასასვლელთან. შეხვედრა შედგა იმავე საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე. როგორც ნათესავებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ჩაჯდა ბ---- ე-----–--ის კუთვნილ სუბარუს მარკის მანქანაში. ბ---- ე-----–--ემ დაძრა მანქანა და იქვე 50 მეტრში გააჩერა მისივე გაზ-გასამართი სადგურის ეზოს შესასვლელთან. ბიძამისმა - თ----- ე-----–--ემ უთხრა, რომ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით იქვე უნდა შეხვედროდა მის პარტნიორს დ-------ი გ----–--ეს და სთხოვა, რომ დალოდებოდა მანქანაში, ხოლო თავად გადავიდა მანქანიდან და საუბარზე დასასწრებად ასევე გაყვნენ მისი შვილები ბ---- და ლ-–- ე-----–--ეები. მათ მანქანაში ელოდებოდა დაახლოებით 20 წუთი. ამ დროის მონაკვეთში მანქანიდან ჩამოვიდა სიგარეტის მოსაწევად და ასევე ისარგებლა გაზ-გასამართი სადგურის ეზოში განთავსებული ადმინისტრაციული შენობის საპირფარეშოთი. ვინაიდან საპირფარეშო მდებარეობს იმ ოთახის გასწვრივ, სადაც საუბრობდნენ ბიძამისი და მისი მამიდაშვილები თავის საქმიან პარტნიორთან, იგი ფაქტიურად მისდა უნებურად შეესწრო მათ საუბარს, რა დროსაც რაიმე უჩვეულო არ შეუნიშნავს და საუბარში არ ჩარეულა. საპირფარეშოდან დაბრუნების შემდგომ ლოდინი განაგრძო ავტომანქანაში. ამ პერიოდში გაზ-გასამართი სადგურის ეზოში არავინ შეუნიშნავს, მართალია, უკვე დაღამებული იყო, მაგრამ ელექტროგანათებით კარგად იყო განათებული მთლიანი ეზო და მიმდებარე ტერიტორია. გაზ-გასამართი სადგურის ეზოში ეყენა მხოლოდ ერთი მსუბუქი ავტომობილი ვერცხლისფერი „პრადო“. დაახლოებით 20 წუთიანი ლოდინის შემდეგ, გაზ-გასამართი სადგურის ეზოში განთავსებული შენობიდან გამოვიდნენ თ----- ე-----–--ე, ლ-–- ე-----–--ე და ბ---- ე-----–--ე, მათ უკან არავინ მოჰყვებოდა. ისინი ჩასხდნენ ავტომანქანაში და ყველანი წავიდნენ ბ----------------------------–----------–-. ამ პერიოდში რაიმე ინცინდენტი არ მომხდარა. იგი კატეგორიულად გამორიცხავს ლ-–- ე-----–--ის მიერ გაზ-გასამართი სადგურის ეზოში მდგომი ავტომანქანის - ვერცხლისფერი „პრადოს“ რაიმე სახით დაზიანებას, მით უფრო, მასზე ფეხების და ხელების რტყმევას და ფეხებით ძრავის სახურავის და ჭერის დაზიანებას. (ტომი N2 ს.ფ. 13-16)

საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, 2017 წლის 28 აპრილს 00:36:39 საათზე ინიციატორმა დ-------ი გ----–--ემ ტელეფონის ნომრიდან 5-------- შეატყობინა, რომ ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენეს მისი მეწილის შვილებმა ბ---- და ლ-–- ე-----–--ეებმა, სთხოვდნენ ფულს. ისინი შესაძლოა ნასვამებიც იყვნენ. დაუზიანეს ავტომანქანა, ოფისში დაამტვრიეს ნივთები. (ტომი N1 ს.ფ. 2)

საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 28 აპრილს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ა---– ბ------ს მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში წ-------–-----------ში და წარმოადგენს თხევადი გაზის გაზგასამართ სადგურს, რომელიც არის დ-------ი გ----–--ის კუთვნილება, შემთხვევის ადგილზე მისასვლელია ახალგაზრდობის გამზირით, სადაც ჭავჭავაძის გამზირზე გასვლამდე გასასვლელია დეპოს ქუჩაზე არსებული სარკინიგზო ხიდის ქვეშ, ჭავჭავაძის გამზირის და წერეთლის კვეთის მიმართულებით, სადაც აღმოსავლეთით განთავსებულია ბენზინ გასამართი სადგური ,,ტოტალი“, რომლის უკანა მხარეს ასფალტის ზედაპირიანი ჩამავალი გზით ჩასასვლელია შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი, წ-------–----------------–ი. შემთხვევის ადგილზე შესასვლელია რკინის ჭიშკარის საშუალებით თხევადი გაზის გაზგასამართ სადგურზე, რომელიც არის დ-------ი გ----–--ის საკუთრება. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე თანხმობა განაცხადა დ-------ი გ----–--ემ და მანვე მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები გ------- ჯ--------- და დ----- დ--------ი. თხევადი გაზის გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე არის განთავსებული ერთ სართულიანი შენობა, რომელზედაც დ-------ი გ----–--ემ განაცხადა, რომ მათი სამუშაო კაბინეტი არის შენობაში განთავსებული და აღნიშნა, რომ სწორედ მითითებულ კაბინეტში მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და გადმოყარა ნივთები და დოკუმენტაციები მისი ბიზნეს პარტნიორის თ----- ე-----–--ის შვილმა ლ-–- ე-----–--ემ. ამის შემდგომ დ-------ი გ----–--ემ მიუთითა შენობის წინ მდგარ ვერცხლისფერ ,,ტოიოტა პრადოზე“, რომლის სახელმწიფო ნომერია G-------- და განმარტა, რომ ავტომანქანა არის მისი საკუთრება და მიუთითა წინა მხარეს მოტორის სახურავზე ე.წ. ,,კაპოტზე“ და განაცხადა, რომ აღნიშნული დეტალი ფეხების რტყმევით ჩაღუნა და დააზიანა ლ-–- ე-----–--ემ, რომელიც გინებით გამოვიდა კაბინეტიდან, ასევე დ-------ი გ----–--ემ მიუთითა ავტომანქანის ჭერზე და განაცხადა, რომ დაზიანებები მიაყენა ლ-–- ე-----–--ემ. შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ასევე ავტომანქანის დათვალიერება და დასურათება მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, რა დროსაც რაიმე კვალი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. ამით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა. (ტომი N1 ს.ფ. 3-46)

ზემოაღნიშნული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა---– ბ------მ და ექსპერტებმა დ----- დ--------მა და გ------- ჯ---------მ.

საქმეში წარმოდგენილი CD დისკის დათვალიერების შედეგად ავტომობილის ძრავის სახურავსა და ჭერზე შეიმჩნევა ორ-ორი ერთეული ფეხსაცმლის პროტექტორის მტვრიანი საკმაოდ მკაფიო კვალი (ე.წ. ტრაქტორის ძირიანი ფეხსაცმელები) და გლუვი ჩაღრმავებები ამ კვლების ადგილზე.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასაქონლო ექსპერტიზის №87/ს დასკვნით დადგენილია, რომ - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2006 წელს გამოშვებული ,,T--------------------------ს სახ. ნომ. G-------- მარკის ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 400 (ოთხას) ლარს. (ტომიN1 ს.ფ. 64-69; სასამართლო სხდომის ოქმი).

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–---- ს---------მ. მან დასმულ შეკითხვებზე განმარტა, რომ ზიანის ოდენობა დაადგინა რამდენიმე ავტო-შემკეთებლის გამოკითხვის გზით. მათ წარუდგინა მხოლოდ მის მიერ ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე 1 კვირით ადრე, ანუ ინციდენტიდან 1 თვის შემდეგ გადაღებული, გამოსაკვლევი მანქანის და მისი დაზიანებული ადგილების შავ-თეთრ გამოსახულებიანი ფოტოსურათები, რაც თან ერთვის დასკვნას, ხოლო საკუთრივ გამოსაკვლევი ობიექტი - სატრანსპორტო საშუალება არ წარუდგენია. ექსპერტს არ დაუფიქსირებია და არ ახსოვს დასახელებულ ავტო-შემკეთებელთა ვინაობები. მოწმის განმარტებით, გამოკვლევის ჩატარებისას(2017 წლის მაისი) ექსპერტად მუშაობის ნებართვა ახალი მიღებული ჰქონდა(2017 წლის იანვარი). მანვე განმარტა, რომ ის ამ საქმის(ავტომობილების შეკეთება) მცოდნე არ არის და შესაბამისად ექსპერტიზის ჩატარებისას რაიმე გაანგარიშება არ უწარმოებია, მის მიერ გამოკითხული მისთვის უცნობი ხელოსნები წარდგენილი შავ-თეთრ გამოსახულებიანი ფოტოების დათვალიერების შემდეგ ეუბნებოდნენ დაზიანების შესაკეთებელ სავარაუდო თანხას სამღებრო სამუშაოების გათვალისწინებით და ამ ფასების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანის შედეგად განსაზღვრა ზიანის საორიენტაციო ფასი. (სასამართლო სხდომის ოქმი).

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, რომ პირმა განზრახ დააზიანოს სხვისი ნივთი და აღნიშნულმა დაზიანებამ დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება გამოიწვიოს. ნივთის დაზიანება გულისხმობს მისი თვისობრიობის ისეთ შეცვლას, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება მისი სამეურნეო ღირებულების არსებითი შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია მიზნობრივი გამოყენებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაგენილია მხოლოდ დ-------ი გ----–--ის მფლობელობაში არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტი, თუმცა, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დგინდება ვერც ამ დაზიანების ლ-–- ე-----–--ის მიერ ჩადენის ფაქტი და ვერც მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის ფაქტი, რაც სავალდებულო ნიშანია კონრეტული დანაშაულის შემადგენლობისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარე ლ-–- ე-----–--ის მიერ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტს ადასტურებს მხოლოდ ორი მოწმის - დ-------ი გ----–--ის და დ----- ქ---------ის ჩვენებებით, რომლებიც განმარტევენ, რომ 2017 წლის 27 აპრილს დაახლოებით 21 საათზე მათთან შპს-ს ოფისში შევიდნენ ამავე საზოგადოების მოწილის თ----- ე-----–--ის შვილები ბ---- და ლ-–- ე-----–--ეები, თანმხლებ მათივე ნათესავთან ერთად. ისინი ითხოვდნენ მამის კუთვნილ წილს და იქცეოდნენ აგრესიულად, უარის მიღების შემდეგ ლ-–- იწევდა გ----–--ის საცემად, ხოლო ბ----მა წიხლებით სცემა დ----- ქ---------ეს. მათი ოფისიდან წასვლის შემდეგ, გარეთ გამოვიდნენ და დაინახეს, რომ ლ-–- ე-----–--ემ ფეხით გადაიარა ეზოში მდგომ „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილზე, რის შემდეგაც ისინი ჩასხდნენ თავის მანქანაში და წავიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მოწმე ადასტურებს ბრალდებულის მიერ ავტომობილის დაზიანების ფაქტს, ეს ვერ იქნება საკმარისი ლ-–- ე-----–--ის ბრალეულობის დასადასტურებლად, რადგან რიგი გარემოებების გამო არსებობს ამ ჩვენებების სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც სხვა არცერთი ობიექტური მტკიცებულებით არ დასტურდება მათივე ჩვენებების უტყუარობა ლ-–- ე-----–--ის მიერ ავტომობილის დაზიანების ნაწილში. კერძოდ:

1. ბრალდების ორივე მოწმე, როგორც დაზარალებული დ-------ი გ----–--ე, ისე დ----- ქ---------ე ერთმნიშვნელოვნად არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, ისინი არიან ბიზნეს პარტნიორები და მეგობრები. მოცემულ შემთხვევამდე და მის შემდეგაც გ----–--ეს აქვს ძალზედ პრინციპული ქონებრივი ხასიათის დავა ბრალდებულის მამასთან თ----- ე-----–--ესთან შპს-ის წილებთან დაკავშირებით. დ----- ქ---------ე კი დ-------ი გ----–--ის მიერ დანიშნულია ფინანსურ მენეჯერად მის კუთვნილ ფირმაში „ინვესტიცია 2016-ში“, რომელსაც თ----- ე-----–--ესთან ჰქონდა მოთხოვნა დაახლოებით 130 000 ლარზე. მეტიც, გ----–--ე თავადვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ-–- ე-----–--ე, რომელიც მუშაობს შემოსავლების სამსახურში, თავისი საქმიანობით პრობლემებს უქმნიდა მას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის გამწვავებული ურთიერთობა დაიწყო 2017 წლის დასაწყისიდან, ანუ ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაზარალებული ზიანის ოდენობას აფასებს 3000 ლარად, მაშინ როცა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ზიანი შეადგენს მხოლოდ 400 ლარს.

2. გამოკითხვის ოქმში დ-------ი გ----–--ე მიუთითებს, რომ გარეთ გამოვიდა ი-----–- გ-----იას ხმაზე - „მანქანასთან რა გინდა, რას აკეთებო“, რა დროსაც გამოვიდა გარეთ და დაიანახა, რომ ლ-–- ე-----–--ე გადმოხტა მისი მანქანის სახურავიდან და გაიქცა ჭიშკრისკენ. სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში მოწმემ მიუთითა, რომ ოფისიდან ე-----–--ეების წასვლის შემდეგ გამოვიდა გარეთ, რა დროსაც ლ-–- ე-----–--ე მის მანქანაზე იყო ასული და ფეხს ურტყამდა, ხოლო მისი ძმა ბ----ი ხელით აზიანებდა მანქანას. კონკრეტულად რა დაზიანებები მიაყენა არ იცის. გარდა იმისა, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიწოდებულ ინფორმაციებს შორის არსებითი სახის წინააღმდეგობაა, სასამართლოზე მიცემული ჩვენებით ღიად რჩება საკითხი, რომელმა პირმა რა დაზიანება მიაყენა.

3. ბრალდების ორივე მოწმის ჩვენებას არსებითად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის 4 მოწმის: თ-----, ბ---- და ლ-–- ე-----–--ეების და მათი ნათესავის ი-----–- გ-----იას ჩვენებები. ისინი უარყოფენ ლ-–- ე-----–--ის მიერ ავტომანქანის დაზიანების ფაქტს. განმარტავენ, რომ მხარეებს შორის შედგა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა ქონებრივი დავის საკითხებზე, რაღაც მომენტებში იყო ხმამაღალი საუბარიც, თუმცა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არცერთი მხრიდან არ ყოფილა. ისინი ვერ შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს, რომ კანონიერი გზებით დაიცავდნენ თავიანთ ინტერესებს, რის შემდეგაც მშვიდად წავიდნენ შპს-ის ეზოდან და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგეს, რომ დ-------ი გ----–--ეს სარჩელი ჰქონდა შეტანილი მანქანის დაზიანებაზე პოლიციასა და სასამართლოში. მართალია, დასახელებული მოწმეებიც არიან თავად ბრალდებული და მისი ნათესავები, შესაბამისად, საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, თუმცა, უნდა აღინიშნის ისიც, რომ ეს ჩვენებები თანმიმდევრულია, ურთიერთთავსებადია და საკმარისია იმისათვის, რომ გარკვეული კითხვები გააჩინონ და საფუძვლიანი ეჭვები აღძრან ბრალდების მხარის ორივე მოწმის ჩვენების სანდოობაში.

4. დადგენილია, რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 2017 წლის 27 აპრილს დაახლოებით 21 საათზე, შეტყობინება პოლიციაში დაფიქსირებულია 3 საათზე მეტი დროის გასვლის შემდეგ - 28 აპრილს 00:41 საათზე, რასაც დაზარალებული დამაჯერებლად ვერ ხსნის და ამ ფაქტს უკავშირებს მისი სტრესული მდგომარეობიდან დაგვიანებით გამოსვლას.

5. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვს იწვევს ის გარემოებაც, რომ ოფისში მისული პირებიდან ისინი სწორედ იმ პირს ადანაშაულებენ ავტომობილის დაზიანებაში, რომელიც მუშაობს შემოსავლების სამსახურში და თავად დაზარალებულის განცხადებით პრობლემებს უქმნის მის ბიზნეს საქმიანობას. ანუ, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოვრიცხავთ დაცვის მხარის ვერსიას, რომ დაზარალებულის მიერ დანაშაულის ინსცენირება განხორციელდა და დადგენილად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ ოფისში მისული პირებიდან რომელიმე მათგანმა დააზიანა ავტომობილი, მაინც საეჭვოდ რჩება, რომ ეს ქმედება ასე აშკარად ჩაედინა საჯარო სამსახურში პასუხისმგებელ თანამდებობაზე დასაქმებულ ლ-–- ე-----–--ეს, რომლისთვისაც ნებისმიერი, თუნდაც მსუბუქი სახის დანაშაულის ჩადენა აპრიორი ნიშნავდა სამსახურიდან დათხოვნას, რაც ყველაზე მეტად შედიოდა ბრალდების მხარის მოწმეთა ინტერესებში, მაშინ როდესაც ლ-–- ე-----–--ის თანმხლებ დანარჩენ პირებს ანალოგიური მსუბუქი ხასიათის დანაშაულის ჩადენა ასეთი საფრთხის წინაშე არ დააყენებდა.

სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც ასეთი პოლარიზებულია ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები ქმედების ჩამდენის ბრალეულობის დასადასტურებლად საჭირო იყო სხვა ნეიტრალური წყაროებიდან მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც არსებულ ეჭვებს გააქარწყლებდა. მაგალითად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველ CD დისკის გამოკვლევისას ავტომობილის ძრავის სახურავსა და ჭერზე შეიმჩნევა ორ-ორი ერთეული ფეხსაცმლის პროტექტორის მტვრიანი საკმაოდ მკაფიო კვალი(ე.წ. ტრაქტორის ძირიანი ფეხსაცმელები), გამოძიებას არ უცდია ამ კვალის მეშვეობით მოეხდინა ბრალეული პირის იდენტიფიცირება; როგორც ბრალდების მხარის მოწმე დ----- ქ---------ე ჩვენებაში განმარტავს, ინციდენტის ადგილიდან 3-4 მეტრში იმყოფებოდა დაცვის მუშაკი, რომელსაც, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში აღწერილი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში(ღამით, სიწყნარეში მომხდარი დებოში, შეხლა-შემოხლა რამდენიმე პირს შორის, მანქანაზე გადავლა და ა.შ.), სასამართლოს აზრით, აუცილებლად უნდა მიეპყრო ყურადღება მომხდარისათვის. გამოძიებას არც აღნიშნული და არც სხვა ნეიტრალური მოწმე დაუკითხავს.

სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის(სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) აუცილებელი ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ფაქტის დასადასტურებლად, სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, ზიანი უნდა აღემატებოდეს 150 ლარს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N87/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,T--------------------------ს სახ. ნომ. G-------- მარკის ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს - 400 (ოთხას) ლარს.

სასამართლო წარმოდგენილ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას ვერ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სსსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ტარდება ექსპერტიზა“.

 

სსსკ-ის 146-ე მუხლის თანახმად „ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა), ის, რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას, რა მასალები გამოიყენა, რა საგანი, დოკუმენტი, ნიმუში ან სხვა ობიექტი გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე, ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნივთები, ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ექსპერტის დასკვნას“.

 

ექსპერტმა ნ-----–---- ს---------მ სასამართლო სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე განმარტა, რომ ზიანის ოდენობა დაადგინა რამდენიმე ავტო-შემკეთებლის გამოკითხვის გზით. მათ წარუდგინა მხოლოდ მის მიერ ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე 1 კვირით ადრე, ანუ ინციდენტიდან 1 თვის შემდეგ გადაღებული, გამოსაკვლევი მანქანის და მისი დაზიანებული ადგილების შავ-თეთრ გამოსახულებიანი ფოტოსურათები, რაც თან ერთვის დასკვნას, ხოლო საკუთრივ გამოსაკვლევი ობიექტი - სატრანსპორტო საშუალება არ წარუდგენია. ექსპერტს არ დაუფიქსირებია და არ ახსოვს დასახელებულ ავტო-შემკეთებელთა ვინაობები. მანვე განმარტა, რომ ის ამ საქმის(ავტომობილების შეკეთება) მცოდნე არ არის და შესაბამისად ექსპერტიზის ჩატარებისას რაიმე გაანგარიშება არ უწარმოებია, მის მიერ გამოკითხული მისთვის უცნობი ხელოსნები წარდგენილი შავ-თეთრ გამოსახულებიანი ფოტოების დათვალიერების შემდეგ ეუბნებოდნენ დაზიანების შესაკეთებელ სავარაუდო თანხას სამღებრო სამუშაოების გათვალისწინებით და ამ ფასების საშუალო არითმეტიკულის გამოყვანის შედეგად განსაზღვრა ზიანის საორიენტაციო ფასი.

 

როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან და ექსპერტის ჩვენებიდან ირკვევა, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელი და არასრულყოფილია, ვინაიდან მასში არ არის მითითებული რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა, ექსპერტს არ მიუთითებია და ვერც ასახელებს იმ ხელოსანთა ვინაობებს, რომელთა გამოკითხვით დაადგინა აღდგენითი სამუშაოების საორიენტაციო ფასი, რაც მთავარია არ არსებობს არანაირი გაანგარიშება, ხარჯთაღრიცხვა ან დასაბუთება იმისა, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული დასახელებული თანხები, რაც კიდევ უფრო საეჭვოა იმ ფონზე, როდესაც ამ გაურკვეველი ვინაობის ხელოსნებს არც კი უნახავთ დაზიანებული ავტომანქანა და მხოლოდ საკმაოდ ბუნდოვანი შავ-თეთრი გამოსახულებიანი ფოტოების დათვალიერებით შემოიფარგლნენ. ეს ფოტოსურათებიც გადაღებულია ინციდენტიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაულუქავ ავტომანქანაზე, რაც საფუძველს აძლევს დაცვის მხარეს იდავოს ამ დაზიანებებისა და თვით ავტომანქანის ავთენტურობაზეც კი. ზემოაღნიშნული დარღვევების ფონზე ჩატარებული ექსპერტიზის სანდოობას კიდევ უფრო ამცირებს ის გარემოებაც, რომ გამოკვლევის ჩატარებისას(2017 წლის მაისი) ექსპერტ ნ-----–---- ს---------ს ექსპერტად მუშაობის ნებართვა ახალი მიღებული ჰქონდა(2017 წლის იანვარი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/548) გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი“.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ლ-–- ე-----–--ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ლ-–- ე-----–--ემ დააზიანა სხვისი ნივთი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ლ-–- ე-----–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას შერაცხულ ბრალდებაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამდენად, ლ-–- ე-----–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ-–- ე-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ლ-–- ე-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

3.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ CD დისკი, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

4. გამართლებულ ლ-–- ე-----–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე