გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.01.2019
საქმის ნომერი
190310018002694216
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-332-18 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.01.2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო-----

მოსარჩელე: ვ-–-------- ჩ-----,წარმომადგენელი: პ----- კი-----,მოპასუხე: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია,წარმომადგენელი: ს------- დ--------ე

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისის 2018 წლის 24 სექტემბრის №02------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მოსარჩელისთვის მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრების) ჩატარების და შესაბამისი ახალი აქტის გამოცემის დავალებას. მოსარჩელის მითითებით, 2015 წელს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა ვ-–-------- ჩ-----. ჩატარებული კონკურსის შედეგად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ვ-–-------- ჩ----- არ იქნა შერჩეული დასაკავებელ თანამდებობაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, რომელთაგან პირველი ვ-–-------- ჩ-----მ წარმატებით გაიარა, მაგრამ მეორე (გასაუბრების) ეტაპის გავლის შემდეგ მას უარყოფითი შედეგი დაუდგინდა, რამაც ასახვა ჰპოვა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტს №1- და 2015 წლის 06 მარტის №1- საოქმო გადაწყვეტილებებში, რაც ვ-–-------- ჩ-----მ დაუსაბუთებლად მიიჩნია და დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით რუსთავის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით მიმართა. სამართალწარმოების ფარგლებში დადგენილი საბოლოო შედეგით, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განისაზღვრა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტს №1- და 2015 წლის 06 მარტის №1- საოქმო გადაწყვეტილებები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა დაევალა. მოცემული სამართალწრმოების ფარგლებში სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ვ-–-------- ჩ----ის პოზიცია, რომ კონკურსის ფარგლებში ჩატარებული გასაუბრება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და იგი არ განხორციელებულა იმ კრიტერიუმების დაცვით, რომელიც შესაბამისი ნორმატიული აქტით იყო განსაზღვრული. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ვ-–-------- ჩ-----მ მიიღო ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2018 წლის 24 სექტემბრის №02------ წერილი, რომლითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში ვაკანტური თანამდებობა არ არის, კომისია მოკლებულია სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების შესაძლებლობას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოცემული შემთხვევვა წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის კლასიკურ შემთხვევას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს დავის საგანი. 2018 წლის 24 სექტემბრის რუსთავის მუნიციპალიტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის №02------ წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან ის არ ადგენს მკაცრად განსაზღვრულ, შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივ შედეგს, რადგან ატარებს ინფორმაციულ ხასიათს და ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის მიზნებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 201- წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (2018 წლის 28 ივნისს შესულია კანონიერ ძალაში) სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტობრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავს მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 1- მარტის №2---კ ბრძანება, ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 3 მარტის №1- ოქმი, 2015 წლის 6 მარტის №1- ოქმი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი, დარჩა უცვლელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის №1- ოქმით, ვ-–-------- ჩ-----მ კონკურსის მესამე ტური ვერ გადალახა და უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობის დაკავებაზე სხვა კანდიდატებთან ერთად. 2015 წლის 06 მარტის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის №1- ოქმით, კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ საპრეტენზიო კომისიის სახელზე შესული საჩივრიდან არ დაკმაყოფილდა საფუძვლის არ არსებობის გამო ვ-–-------- ჩ----ის განცხადება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების მიზეზების განმარტებისა და მისი კანდიდატურის ხელახლა განხილვის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:

 

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის №3----15 გადაწყვეტილება (ს. ფ. 88-108)

 

3.1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ოქტომბრის №3----15 გადაწყვეტილებით ვ-–-------- ჩ----ის სარჩელი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის №1- ოქმი და 2015 წლის 06 მარტის №7 ოქმი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:

 

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის № 3----15 გადაწყვეტილება (ს. ფ. 88-108)

 

3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 201- წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 1- მარტის №2---კ ბრძანება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის №1- ოქმი, 2015 წლის 06 მარტის №7 ოქმი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი, დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 201- წლის 30 ნოემბრის №3ბ/2058-15 გადაწყვეტილება (ს.ფ. 68-86)

 

3.1.4. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 24 სექტემბრის №02------ წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში არ არის ვაკანტური თანამდებობა, შესაბამისად კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებული ღონისძიებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-13)

- წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 49-57)

- ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2018 წლის 24 სექტემბრის №02------ წერილი (ს. ფ. 59)

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2018 წლის 24 სექტემბრის №02------ წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

 

4.1.2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისის თავმჯდომარის 2018 წლის 24 სექტემბრის №02------ გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, კონკურსის მეორე ეტაპი გასაუბრება მოსარჩელესთან.

 

მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში არ არის ვაკანტური თანამდებობა, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელის მიწვევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის №3----15 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 201- წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებები აღსრულებული არ არის.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ვ-–-------- ჩ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისის 2018 წლის 24 სექტემბრის №02------ წერილი წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ წერილობითი დოკუმენტს, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე ჩაატაროს გასაუბრება მოსარჩელესთან იმ საფუძვლით, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს ვაკანტური თანამდებობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დასაბუთება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, ანუ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.” ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ოქტომბრის №3----15 გადაწყვეტილებით ვ-–-------- ჩ----ის სარჩელი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 03 მარტის №1- ოქმი და 2015 წლის 06 მარტის №1- ოქმი და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

მითითებული ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გააჩნია სავალდებულო ძალა ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესასრულებლად, ნებისმიერი პირისათვის. სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას.

 

მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო აქტების აღსრულების კომპეტენცია არ არის სასამართლო სისტემის იურისდიქცია, იგი განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, ხოლო, თავის მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უსაგნოს ხდის სააღსრულებო წარმოებას, რასაც შედეგად მოსდევს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მძიმე შედეგი - მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, მაშინ, როცა ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების დროული აღსრულების უზრუნველყოფით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლომ მოსარჩელესთან გასაუბრების ოქმები მიიჩნია ზოგადი ხასიათის ოქმებად, ისინი სრულად არ ასახავს გასაუბრების მიმდინარეობას, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას შეაფასოს კონკურსი და იმ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენა რომელსაც საქართველოს მთავრობის №412 დადგენილება ითვალისწინებს. იმ პირობებში როდესაც სხდომის ოქმი არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონკურსის ჩატარების პრინციპის გამჭირვალეობის დარღვევა, აღნიშნული კი ეჭქვეშ აყენებს ყველა დანარჩენი პრინციპის დაცულობას კომისიის მხრიდან, რადგან ობიექტურ დამკვირვებელს არ აქვს შესაძლებლობა გაეცნოს და შეაფასოს გასაუბრების მიმდინარეობა.

 

ასეთ პირობებში კი მოპასუხის განმარტება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში ვაკანტური თანამდებობის არარსებობას გამო გასაუბრების ჩაუტარებლობასათან დაკავშირებით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელის მიწვევა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული უფლება უზრუნველყოფილი იქნება ყველა მსურველის მიმართ და შესაბამისად მოსარჩელისთვისაც კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სისწორის, კანონშესაბამისობის დასაბუთება. ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებას. მაშინ, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით კოდექსის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის 2018 წლის 24 სექტემბრის №02------ გადაწყვეტილება მიღებულია იმ საფუძვლით, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურში არ არის ვაკანტური თანამდებობა, შესაბამისად კომისია მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონთა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მითითებული ღონისძიებები.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ", სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის" განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის" განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ყოველივე აღნიშნული კი კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის მნიშვნელობას და მათზე დაკისრებული ვალდებულების ხარისხს.

 

საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათვისუფლებულნი არიან ბაჟის გადახდისაგან;

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა

 

1. ვ-–-------- ჩ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის თვმჯდომარის 2018 წლის 24 სექტემბრის №02------ გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრების) ჩატარების თაობაზე;

 

2. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6)

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი