გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2728098-2/846-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - ი-----–--------–-ა;
მოპასუხე - გ--------------ი;
წარმომადგენელი -ი-----–------------ე;
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ--------------ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 10 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 2 628.75 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1 000 ლარი, პროცენტი (საკომისიო) - 497.15 ლარი და პირგასამტეხლო - 1 131.60 ლარი.
გ--------------ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით -100 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 10 მარტს მსესხებელ გ--------------ზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად გაცემულ თანხას (ანუ 1 000 ლარს) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 0 პროცენტი, სესხის პირობების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით (იხ. სესხით მომსახურების ძირითადი, პირობები დანართი #1). სამომხმარებლო კრედიტის თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა - 50 ლარით, პერიოდულობა კი თვეში ერთხელ, ყოველი თვის 10 რიცხვში.
სს "ს----------–--------ის" მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, კერძოდ ბანკმა მსესხებელზე სრულად გასცა კრედიტის თანხა 1 000 ლარის ოდენობით. სესხის პირობების თანახმად მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის - საკომისიოს დაფარვა უნდა ეწარმოებინა სარჩელზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდით.
კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა. 2018 წლის 12 თებერვლის შემდეგ მსესხებელს არ უწარმოებია სესხზე გადახდები. აღნიშნულს ადასტურებს ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან. გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.
გ--------------ზე გაცემული სესხის საპროცენტო სარგებელი ანუ ბანკის მიერ მისაღები პროცენტი შეადგენდა წლიურ 0 პროცენტს. მხარეთა მიერ კრედიტის თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრა - 50 ლარით, პერიოდულობა კი თვეში ერთხელ - ყოველი თვის 10 რიცხვში. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე გ--------------ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 2 628,75 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 1000 ლარი, პროცენტი (საკომისიო) - 497.15 ლარი და პირგასამტეხლო - 1 131.60 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის 9 ლარის გადახდა იმის გათვალისწინებით, რომ სესხი იყო უპროცენტო, ხოლო გ--------------ის მიერ გადახდილი თანხის დაჯამებით ირკვევა, რომ მას სესხის ძირი თანხის უდიდესი ნაწილი 929,70 ლარი აქვს გადახდილი. ხოლო თუ სასამართლო ჩათვლის, რომ საკომისიო პროცენტს წარმოადგენს, მაშინ უნდა დაეკისროს მხოლოდ ძირი თანხის გადახდა, რადგან გადახდილი თანხები ჩაითვალოს ვალდებულების შესრულებაში. პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 10 მარტს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მსესხებელ გ--------------ზე გაიცა სესხი 1 000 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად, გაცემულ თანხას (ანუ 1000 ლარს) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 0 პროცენტი, სესხის პირობების თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;(იხ.მთ სხდომი ოქმი 10.01.2019);
- ანგარიშიდან ამონაწერი ( იხ. ს.ფ. 45-46);
- საბანკო მომსახურების პირობები (იხ. ს.ფ. 16);
3.1.2. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე და მიეცა ერთი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.01.2018წ. შეტყობინება გ--------------ს (იხ. ს.ფ 48-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 10.01.2019წ სხდომის ოქმი);
3.1.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წერილობითი შეთანხმება არ გაფორმებულა საპროცენტო განაკვეთის ან მომსახურების სააბონენტო საკომისიოს ოდენობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 10.01.2019წ სხდომის ოქმი);
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხე გ--------------ის სს ,,ს----------–--------ის’’ მიმართ 2017 წლის 10 მარტის სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 2 131,60 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1000 ლარი, პირგასამტეხლო - 1 131,60 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 15.11.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2.2. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სს ,,ს----------–--------სა’’ და გ--------------ს შორის არსებული 2017 წლის 10 მარტის ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პროცენტის დარიცხვის შესახებ. ხოლო საკომისიოდ მიჩნეული თანხა ვერ გაიგივდება პროცენტთან და ვერ ჩაითვლება სარგებლად. მოსარჩელე მხარის მიერ არ წარმოდგენილა მტკიცებულება სადაც განსაზღვრული იქნებოდა საკომისიოს ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-868-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
2017 წლის 10 მარტს მსესხებელ გ--------------ზე გაიცა სესხი 1 000 ლარის ოდენობით, სესხი გაცემული იქნა 12 თვის ვადით, სესხის პირობების თანახმად, გაცემულ თანხას (ანუ 1 000 ლარს) დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 0 პროცენტი, სესხის პირობების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანუ პირგასამტეხლო დაერიცხებოდა ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად 0.5%-ის ოდენობით. ამდენად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და გ--------------ის სასარგებლოდ სესხის ფორმით გაცემული იქნა კრედიტი. გ--------------ი ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ნაკისრი ვალდებულებები და მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 1000 ლარის გადახდა.
6.2. მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით სესხის გაცემის სანაცვლოდ სარგებლის განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 21 მაისის განჩინებით (საქმე №2ბ/7292-14) მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებზე და განმარტა: ,, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე. "
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობებით მოსარჩელის მიერ გაცემული სესხისათვის არ განსაზღვრულა საპროცენტო სარგებელი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო მომსახურების პირობები შეიცავს ზოგად ინფორმაციას არსებული საპროცენტო განაკვეთის შესახებ, რომლის 3.13.2.2. პუნქტის თანახმად, კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულია თვეში წლიური 0%-დან 90%-მდე, ბანკის მიერ განსაზღვრული კონკრეტული პროდუქტის პირობების შესაბამისად. ასევე დადგენილია, რომ ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგაც მხარეები დამატებით არ შეთანხმებულან სესხით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდაზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მართალია განისაზღვრა, რომ საპროცენტო სარგებელი შეადგენდა ნულ პროცენტს, მაგრამ მოთხოვნილი თანხა -საკომისიო - 497,15 ლარი უნდა იქნეს განხილული როგორც სარგებელი და დაეკისროს გადასახდელად მოპასუხე მხარეს. მოსარჩელის აღნიშნულ განმარტებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული გაცემული სესხით სარგებლობისათვის სარგებლის გათვალისწინება, შესაბამისად, იგი საჭიროებს სპეციალურ წერილობით ჩანაწერს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მოპასუხემ სესხის სახით თანხა 1000 ლარის ოდენობით მიიღო ბანკომატის მეშვეობით - მოპასუხემ ისარგებლა ვირტუალური სესხით. მოსარჩელის განმარტებით ასეთ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ საბანკო მომსახურების პირობების ჩამონათვალით რომელიც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, რადგან განთავსებულია ვებ-გვერდზე. ხსენებული საბანკო მომსახურების პირობების თანახმად, 3.10 პუნქტის მიხედვით კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების სააბონენტო საკომისიო გადახდის დროისათვის ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად, რის შესახებაც კლიენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ბანკის ინტერნეტ გვერდზე ან/და სერვის ცენტრში. მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ინფორმაცია თუ როგორი ტარიფები მოქმედებდა საბანკო დაწესებულებაში საანგარიშო პერიოდში. რატომ ჩათვალა მოსარჩელემ, რომ მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება (საკომისიო) უნდა განსაზღვრულიყო ყოველთვიურად 50 ლარით. სასამართლოსათვის უცნობია ასეთი ტარიფების რეალური ოდენობის შესახებ, შესაბამისად, უდავოდ ვერ ჩავთვლით, რომ მოპასუხემ იცოდა ამ ტარიფების ოდენობის შესახებ და ვერ ვადგენთ რა ინფორმაციას ფლობდა იგი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მიერ კონკრეტული სესხის დასაფარად გადახდილ თანხებს მიაქცევდა აღსასრულებლად საბანკო მომსახურების პირობებში მითითებული რიგითობით - საკომისიო, ჯარიმა (პირგასამტეხლო) ძირი თანხა. მოპასუხის განმარტებით, როდესაც მან შეიტყო, რომ მის მიერ გადახდილი თანხით არ იფარებოდა სესხის ძირი თანხა და რეალურად მის მიერ გადახდილი თანხით იფარებოდა საკომისიო 50 ლარის ოდენობით, მან შეწყვიტა გადახდა. შესაბამისად, კანონის დანაწესი, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ამ შემთხვევაში მხედველობაში ვერ მიიღება.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, არ განსაზღვრულა სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო სარგებელი, შესაბამისად, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა მოპასუხისათვის 497,15 ლარის, როგორც სარგებლის დაკისრების ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის განმარტებს, რომ მის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხა - 929,70 ლარი ჩაითვალოს ვალდებულების შესრულებად, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას და მისი განხილვა შესაძლებელი იქნებოდა მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის წარმოდგენის შემთხვევაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პიგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთ მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს 1 131,60 ლარის ოდენობა სესხის ძირი თანხის ოდენობისა და ვადაგადაცილებული პერიოდის გათვალისწინებით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და უნდა შემცირდეს 130 ლარამდე, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–--------ის მიერ’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან თანხის ნაწილი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 50 ლარი დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასაწყვეტად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ--------------ს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 1130 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1000 ლარი, პირგასამტეხლო - 130 ლარი.
3. მოპასუხე გ--------------ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 50 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 50 ლარი დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი