გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5475-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ბე-------- მჭ----–---
წარმომადგენელი - ბე-------- ბო------–---–-
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თო------ ფუ---------
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - თ--------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის №------- ბრძანება;
1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის ს----------–----–------------------------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–-----------------–------------------------------------–----------------–-----------------–---------------------------------ს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
2.2. მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზიციას.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--- 2018 წლის 18 მაისიდან დაინიშნა ს----------–----–------------------------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–-----------------–------------------------------------–----------------–-----------------–---------------------------------ს თანამდებობაზე.
2018 წლის 17 ივლისს, მოსარჩელე ბე-------- მჭ----–---მ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნა.
მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის აღნიშნული პატაკი, საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 2018 წლის 17 ივლისს.
2018 წლის 18 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვა მისი თანხმობა მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის დაკავებული თანამდებობიდან, 2018 წლის 17 ივლისიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მითითებული პატაკის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის ბრძანებით, მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 17 ივლისიდან.
მოსარჩელე ბე-------- მჭ----–---მ, 2018 წლის 1 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და განუმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკი მან დაწერა შესაბამისი თანამდებობის პირების მხრიდან იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ და ითხოვა საქმის გარემოებების შესწავლა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის პატაკი (ს.ფ. 54);
- საქმის წარმოების ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი (ს.ფ. 94);
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პატაკი (ს.ფ. 55);
- „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის №------- ბრძანება (ს.ფ. 19);
- მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის განცხადება (ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბე-------- მჭ----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული რეალაქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის №------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია საჯარო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმიანობის და ურთიერთობების დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობების გათვალისწინებით, პირის სამსახური, მათ შორის საჯარო სამსახურში უკავშირდება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას.
სასამართლო, აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლოს, მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის თანამდებობიდან გათავისუფლება, განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
სასამართლო სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--- 2018 წლის 18 მაისიდან დაინიშნა ს----------–----–------------------------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–-----------------–------------------------------------–----------------–-----------------–---------------------------------ს თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლება, საამისოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით, უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, პირის მიერ გამოხატული სურვილი, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ივლისს, მოსარჩელე ბე-------- მჭ----–---მ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნა.
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმები, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ პირის მიერ, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული გამოხატული ნამდვილი ნების რეალიზაციის მიზნით განეხორციელებინა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის აღნიშნული პატაკი, საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 2018 წლის 17 ივლისს.
2018 წლის 18 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვა მისი თანხმობა მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის დაკავებული თანამდებობიდან, 2018 წლის 17 ივლისიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მითითებული პატაკის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის ბრძანებით, მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 17 ივლისიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი დაინტერესებული პირის განცხადებაა. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება ტარდება დაინტერესებული პირის ნების საფუძველზე მის მიერ, გარკვეული უფლების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, დაინტერესებული პირის ნების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, იმავე პირის ნება განმსაზღვრელია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ასეთი წარმოების დროს, დაინტერესებული პირი დამოუკიდებლად და თავისუფლად განკარგავს საკუთარ უფლებას და ადმინისტრაციული წარმოების ერთადერთი მიზანი სწორედ დაინტერესებული პირის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაა.
სასამართლო მიუთითებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, რომელიც საჯარო სამსახურის პრინციპებს განსაზღვრავდა, კერძოდ მითითებული მუხლის „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები იყო, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას, ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ელემენტს კონსტიტუციის და კანონის უზენაესობა წარმოადგენს, რაც გულისხმობს ნებისმიერ ვითარებაში, საჯარო ხელისუფლების განხორციელების პროცესში, ყველა გადაწყვეტილების მხოლოდ კონსტიტუციასთან და კანონთან მკაცრად შესაბამისობაში მიღებას. სახელმწიფო სამსახურის ხელმისაწვდომობის უფლებით დაცული სფერო, როგორც ზემოთ აღინიშნა, მათ შორის გულისხმობს პირის უფლებას თავისი, თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული სხვა, მკაფიო პირობა, რაც მისი სამსახურიდან, მისივე ნების საწინააღმდეგოდ დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს და ამ უფლების დაცვის ვალდებულება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და უფლებამოსილ თანამდებობის პირს აკისრია. ადმინისტრაციული ორგანო და უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია პატივი სცეს შესაბამისი საჯარო მოსამსახურის უფლებას და ღირსებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო და უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაინტერესებული უნდა იყოს და შესაბამის ძალისხმევას უნდა მიმართავდეს საჯარო მოსამსახურის უფლების მხოლოდ იმ მიზნით რეალიზაციისათვის, რაც საჯარო მოსამსახურის ნამდვილი ნებისა და კანონიერი ინტერესიდან გამომდინარეობს. ადმინისტრაციული ორგანო და უფლებამოსილი თანამდებობის პირი, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მათი უფლებების პატივისცემის მიზნით გარკვეულ პერიოდს უნდა იყენებდეს იმ მოსამსახურის შესანარჩუნებლად, რომელსაც საკუთარი სურვილით აქვს გადაწყვეტილი სახელმწიფო სამსახურის დატოვება, რათა უფლებამოსილი თანამდებობის პირიც და საჯარო მოსამსახურეც დარწმუნდეს, რომ მოსამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ რაციონალურ და ობიექტურ გარემოებებს ეფუძნება.
სასამართლო მიუთეთებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთან, აღნიშნული მუხლი მოხელეს აძლევს შესაძლებლობას, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ოფიციალურად გაცნობისთანავე.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის პირადი განცხადებით მისი სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას კანონმა, შესაბამისი განცხადების სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან განთავისუფლებამდე გარკვეული პერიოდი დაუკავშირა, რათა მოხელეს ჰქონდეს შესაძლებლობა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ბე-------- მჭ----–---მ, 2018 წლის 1 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და განუმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკი მან დაწერა შესაბამისი თანამდებობის პირების მხრიდან იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ და ითხოვა საქმის გარემოებების შესწავლა.
ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსარჩელე ბე-------- მჭ----–---, თანამდებობიდან გაათავისუფლა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის დაუცველად, კერძოდ არ დაიცვა პირადი განცხადების რეგისტრაციიდან პირისათვის სამსახურის დატოვებაზე უარის თქმისათვის კანონით დადგენილი ვადა. ამასთან, მოსარჩელე ბე-------- მჭ----–---მ, როგორც ზემოთ აღინიშნა კანონით დადგენილ ვადაში მიმართა მისი სამსახურიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს და განუმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მისი ნამდვილი ნება არ იყო, რაც მისი სამსახურში დატოვების კანონით გათვალისწინებული იმპერატიული პირობა იყო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის №------- ბრძანება.
6.7. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს ს----------–----–------------------------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–-----------------–------------------------------------–----------------–-----------------–---------------------------------ს თანამდებობაზე აღდგენა.
სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე მაია ჯავახიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე.
6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლო მიუთითებს,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 24-ე 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბე-------- მჭ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 23 ივლისის №------- ბრძანება;
3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის ს----------–----–------------------------------------------–-------–-–------------------------------–---------------------------–-----------------–------------------------------------–----------------–-----------------–---------------------------------ს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ბე-------- მჭ----–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი