გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.12.2018
საქმის ნომერი
330210117002209916
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34690-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - ს--–---- ფ-–-–-ა

წარმომადგენელი - გ------- კ-----ი

 

მოპასუხე - თ----- მ----ე

წარმომადგენელი - გ------- კ-----–---–ი

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 6000 აშშ დოლარით შემცირდეს 2015 წლის 11 ნოემბრის №1-------- სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული სესხის ძირი თანხის დავალიანება და ნაცვლად 15000 აშშ დოლარისა, განისაზღვროს - 9000 აშშ დოლარით.

 

1.2. ხუთჯერ შემცირდეს 2015 წლის 11 ნოემბრის №1-------- სააღსრულებო ფურცლით გადასახდელად განსაზღვრული პირგასამტეხლოს თანხა - 20000 აშშ დოლარი და მისი ოდენობა განისაზღვროს - 4000 აშშ დოლარით.

 

1.3. გაუქმდეს 2015 წლის 11 ნოემბრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი, როგორც ძირი თანხის, ისე პირგასამტეხლოს ნაწილში და გაცემულ იქნას შესწორებული სააღსრულებო ფურცელი, სადაც სესხის ძირი თანხა ნაცვლად -15000 აშშ დოლარისა, განისაზღვრება - 9000 აშშ დოლარით, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო, ნაცვლად -20000 აშშ დოლარისა, განისაზღვრება - 4000 აშშ დოლარით.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ ნოტარიუსის ს----- მ----–--ის მიერ 2012 წლის 20 სექტემბერს დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი: 1--------) თ----- მ----ემ ს--–---- ფ-–-–-ას, ორი თვის ვადით, ასესხა 15000 აშშ დოლარი, თვეში 4% სარგებლის გადახდით. შესაბამისად, სესხმა და მისმა სარგებელმა ერთად შეადგინა 16200 აშშ დოლარი.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მსესხებელს, გამსესხებლის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე ან, დავის შემთხვევაში, საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე; თბილისი, ვ-–- ფ–----–ას გამზირი, მე-6 კვარტალი, მე-5ა კორპუსი, ბინა №--- ფართით -32.00 კვ.მ საკადასტრო კოდით 0----------------------.

 

ნოტარიუსმა ს----- მ----–--ემ, გამსესხებელ თ----- მ----ის განცხადების საფუძველზე, ამ უკანასკნელის სახელზე, 2015 წლის 11 ნოემბერს, გასცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, რომლის მიხედვითაც კრედიტორია - თ----- მ----ე; მოვალე - ს--–---- ფ-–-–-ა; იმდროინდელი მესაკუთრე - მ-----–ი ლ---–--ე; ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №1--------; სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა — სესხის ძირითადი თანხა - 15000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო- გადაუხდელი თანხის 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 21 ნოემბრიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124,36 ლარი.

 

სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ, ამჟამინდელმა მესაკუთრემ მ----ა ს-----–-ამ იპოთეკით დატვირთული ზემოთაღნიშნული ბინა, 2017 წლის 14 მარტის №1-------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა მეორე რიგის იპოთეკარის მ-----–ი ლ---–--ისაგან, რომელსაც უფრო ადრე აღნიშნული ბინა 2013 წლის 16 ივლისის №--------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილი ჰქონდა მოვალე ს--–---- ფ-–-–-საგან.

 

2017 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელეს ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის კ--- გ---–---–---–ის №1-------- 00----- წინადადება, შვიდი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფილობით შესრულების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

სააღსრულებო ფურცელთან ერთად, თ----- მ----ემ 2017 წლის 16 ოქტომბერს აღმასრულებელს წარუდგინა წერილობითი განცხადება, სადაც მან სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული მოთხოვნა შეამცირა 35000 აშშ დოლარამდე. პირგამტეხლოს შემცირების მიუხედავად, დარჩენილი პირგასამტეხლოს თანხა 20 000 აშშ დოლარი, მაინც რჩება შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, რამეთუ მნიშვნელოვნად აღემატება ძირ თანხას, რომელიც დარიცხულია პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდის 5-ჯერ გაზრდის, ანუ 59 თვით ხელოვნური გახანგრძლივების შედეგად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, თუმცა სასამართლო სხდომაზე აღიარა სარგებლის სახით თანხის მიღების ფაქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით (ნოტარიუსი ს----- მ----–--ე, სანოტარო რეგისტრაციის ნომერი: 1--------), თ----- მ----ემ, ს--–---- ფ-–-–-ას, ორი თვის ვადით, ასესხა 15 000,00 აშშ დოლარი, თვეში 4% სარგებლის გადახდით.

 

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა თ----- მ----ეს სესხის თანხის სრულად მიღებისთანავე წინასწარ გადაუხადა პირველი თვის სარგებელი.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მსესხებელს, გამსესხებლის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე ან, დავის შემთხვევაში, საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ან სხვა ფორმით იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე ან იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლამდე.

 

სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით დატვირთული მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე; თბილისი, ვ-–- ფ–----–ას გამზირი, მე-6 კვარტალი, მე-5ა კორპუსი, ბინა №--- ფართით -32.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-8).

- 2012 წლის 20 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25).

 

3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ ურთიერთშეთანხმებით გაეგრძელებინათ სესხის დაბრუნების ვადა, ვადის გაგრძელება უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 20 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25).

 

3.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-20 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 20 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25).

 

3.1.4. ნოტარიუსმა ს----- მ----–--ემ, გამსესხებელ თ----- მ----ის განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 11 ნოემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, რომლის მიხედვით კრედიტორს წარმოადგენს - თ----- მ----ე; მოვალე - ს--–---- ფ-–-–-ა, ქონების მესაკუთრე - მ-----–ი ლ---–--ე; ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №1--------.

 

აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად:- სესხის ძირითადი თანხა - 15000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0,15% ყოველ ნოემბრიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი — 124,36 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-8).

- 2015 წლის 11 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი №1-------- (ს.ფ. 34-36).

 

3.1.5. 2017 წლის 16 ოქტომბერს სააღსრულებო ფურცელთან ერთად თ----- მ----ემ აღმასრულებელს წარუდგინა წერილობითი განცხადება, რომლითაც მან სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული მოთხოვნა შეამცირა 35 000,00 აშშ დოლარამდე: ძირი თანხა - 15000 აშშ დოლარი, ხოლო 20 000 აშშ დოლარი კი პირგასამტეხლო.

 

ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შესახებ 2017 წლის 16 ოქტომბრის კერძო აღმასრულებლის კ--- გ---–---–---–ის NoA1---------004 წინადადებით ეცნობა მოვალეს.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადებით მოვალეს განემარტა, რომ სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების მიხედვით, ს--–---- ფ-–-–-ას მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 35 000,00 აშშ დოლარს.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- №A1---------004 წინადადება (ს.ფ. 27-29).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს--–---- ფ-–-–-ას აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან სესხის ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს 9 000,00 აშშ დოლარით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით (სსსკ-ის 102-ე მუხლი), ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში სკ-ის 429-ე მუხლი, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს.

 

აღნიშნული წესისგან გამონაკლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი ითვალისწინებს, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მხარე თავისუფლდება ისეთი არსებითი გარემოების (ფაქტის) მტკიცებისაგან, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნა აღიარებული და რაზედაც დაფუძნებული იყო მისი მოთხოვნა თუ შესაგებელი. ამგვარი აღიარებისას კი, სასამართლო უფლებამოსილია მასზე დააყრდნოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს, ან უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით მოწესრიგებული აღიარების ინსტიტუტი, საპროცესო სამართლის თეორიაში მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება, საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღიარება უნდა იყოს კონკრეტული და გამოხატავდეს მხარის გაცნობიერებულ ნებას, რომ ის ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ ამა თუ იმ ფაქტს და მკაფიოდ და ნათლად ადასტურებს მის არსებობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოვალე ს--–---- ფ-–-–-ა კრედიტორს, 2,5 წლის განმავლობაში მისი ახლობლის გ------ მ-----–ის დახმარებით ნაწილ-ნაწილ უხდიდა სესხის ძირითად თანხას 600,00 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის გადაცემა კრედიტორსა და მის მეუღლეზე ნაღდი ანგარიშით ხდებოდა დათქმულ ადგილზე, ვ-–--ფ–----–ას ძეგლთან, ხან უშუალოდ გ------ მ-----–ის, ხანაც კი მეორე ახლობლის მ----ა ნადირაძისა და მისი მეუღლის მეშვეობით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გადახდების შესახებ შავი ჩანაწერები გააჩნია თ----- მ----ეს, რასაც იგი მასთან საუბარში არც უარყოფს, მაგრამ თავს იკავებს ამ ჩანაწერების მოსარჩელისათვის გადაცემისგან.

 

მოპასუხე თ----- მ----ემ 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი 2013-2014 წლებში იღებდა თანხას (600,00 აშშ დოლარს), გ------ მ-----–ის მეშვეობით, მხარეებს შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში სარგებლის სახით და ეს არ იყო ძირი თანხა. მოპასუხემ სხდომაზე განმარტა, რომ სესხის ვადა გააგრძელეს ნოტარიუსთან და ამიტომ იღებდა სარგებლის სახით 600 აშშ დოლარს, რაზედაც არსებობდა შეთანხმება (იხ, 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:58:24-15:59:51; 15:54- 15:56:34).

 

როგორც აღინიშნა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი ითვალისწინებდა შეთანხმების გაგრძელებას წერილობითი ფორმით. სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, სასამართლომ მისცა შესაძლებლობა მოპასუხეს წარმოედგინა ნოტარიულად დადასტურებული შეთანხმება ვადის გაგრძელებაზე, რაზედაც აპელირებდა მოპასუხე. ამ საფუძვლით გადაიდო სასამართლო სხდომა. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა გარემოებას, რომ მხარეებმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააგრძელეს წერილობითი ფორმის დაცვით. შესაბამისად, მის მიერ მითითებული გარემოება, რომ მიღებული თანხით იფარებოდა სესხის საპროცენტო სარგებელი (გარდა 2 თვისა) ვერ იქნა დადასტურებული და შესაბამისად, სასამართლო სადავო გარემოების დადგენისას მოპასუხის ამგვარ მითითებას ვერ გაითვალისწინებს. სასამართლო ასევე ვერ გაითვალისწინებს, 2018 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებულ მოპასუხის განმარტებას, რომ მხოლოდ ერთი-ორი თვის თანხა მიიღო. აღნიშნული განმარტება არ არის დასაბუთებული და ვერ შეცვლის წინა სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, ამასთან სახეზე არ გვაქვს სსსკ 133-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.

 

მოპასუხე მხარემ აღიარა რა თითქმის 2 წლის განმავლობაში სარგებლის სახით თანხის მიღების ფაქტი, შესაბამისად, მოსარჩელე მხარე თავისუფლდებდა მტკიცების ტვირთისგან. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს--–---- ფ-–-–-ა თ----- მ----ეს უხდიდა თანხას (600,00 აშშ დოლარს) თითქმის 2 წლის განმავლობაში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა (3.1.1. ფაქტობრივი გარემოება) სესხის გაცემისას ს--–---- ფ-–-–-ამ თ----- მ----ეს გადაუხადა ერთი თვის საპროცენტო სარგებელი, ხოლო მეორე თვის საროცენტო სარგებლის გადახდა სადავო არც ყოფილა.

 

მოსარჩელე სესხის ძირითადი თანხის შემცირებას ითხოვს 6000,00 აშშ დოლარის ოდენობით (10 თვის თანხა). ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან, ასევე, თავად მოპასუხემ აღიარა თანხის მიღების ფაქტი, სესხის ძირითადი თანხა 15 000,00 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს მოთხოვილი ოდენობით 6000,00 აშშ დოლარით და სესხის ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს 9 000,00 აშშ დოლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2012 წლის 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მხარეების მიერ მოცემულ შემთხვევაში სესხისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი - სესხის ძირითადი თანხის 4%. სესხი გაიცა 2 თვის ვადით.

 

კრედიტორმა თ----- მ----ემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, რის საფუძველზეც მსესხებელს ს--–---- ფ-–-–-ას წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ აითვისა სესხის ძირი თანხა 15000 აშშ დოლარი; ხოლო ამ თანხით სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პროცენტი - 4%-ის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება დაუბრუნოს მსესხებელს სესხის ძირი თანხა და დარიცხული სარგებელი (2 თვის) სრულად.

 

დადგენილია, რომ მოვალეს სესხის ძირი თანხა დაფარული აქვს ნაწილობრივ, 6000,00 აშშ დოლარის ოდენობით (იხ. 3.2.1. პუნქტი).

 

სასამართლო სადავო გარემოების დადგენისას დაეყრდნო კრედიტორის, მოპასუხე მხარის აღიარებას, სსსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, რამაც სასამართლოს შესაძლებლობა მისცა გადაწყვეტილება აღიარებაზე დაეფუძნებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. დასახელებული მუხლით გათვალისწინებული აღიარების უარყოფის წინაპირობებია, როდესაც იგი შეცდომის შედეგია და განპირობებულია ისეთი გარემოებით, რაც აღიარების შემდეგ გახდა ცნობილი, ან ადგილი ჰქონდა თავისუფალი ნების გამომრიცხავ ფსიქიკურ და ფიზიკურ ზემოქმედებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალე ს--–---- ფ-–-–-ას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

6.2. მოვალე სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების მოცულობიდან პირგასამტეხლოს ოდენობასაც, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა გადაუხდელი თანხის 0,15% აშშ დოლარი, რაც აღსრულების ეტაპზე კრედიტორმა შეამცირა და ითხოვს პირგასამტეხლოს სახით 20000 აშშ დოლარის აღსრულებას, არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში; დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 4 000,00 აშშ დოლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1796,85 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის 50,00 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს--–---- ფ-–-–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს 2015 წლის 11 ნოემბრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი და ს--–---- ფ-–-–-ას აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს სესხის ძირი თანხა - 9 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4 000 აშშ დოლარი;

 

3. მოპასუხე თ----- მ----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1796,85 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის 50,00 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე