გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
160210017002114673
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210017002114673

N 2/946-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივნები: ვერიკო ნინიაშვილი, სალომე ჯელიაშვილი

მოსარჩელე - გუ-–----------------ა

წარმომადგენელი - აი-------------ი

მოპასუხე - მუ-----------------ი

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ზვ-------------ი

თარჯიმნები: ნა--–-------------ა, სუ-------------–---–ი

დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვნების: 2006 წლის 11 დეკემბერს დაბადებული სა-----------------ისა და 2009 წლის 23 თებერვალს დაბადებული ულ--------------ას საცხოვრებელ ადგილად დედის - გუ-–----------------ას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-13).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2005 წლის 08 ნოემბრიდან გუ-–----------------ა და მუ-----------------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთად ცხოვრების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი: 2006 წლის 11 დეკემბერს დაბადებული სა-----------------ი და 2009 წლის 23 თებერვალს დაბადებული ულ--------------ა. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ბავშვები იმყოფებიან მოპასუხე მუ-----------------თან და იგი არ აძლევს მოსარჩელეს შვილების ნახვის უფლებას. გუ-–----------------ა მუშაობს მასწავლებლად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 559,60 ლარს. გუ-–----------------ა ცხოვრობს მშობლების სახლში, მათ აქვთ ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი და ბავშვების აღზრდისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო პირობები (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-13).

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ 2018 წლის მაისის თვიდან არასრუწლოვანი ულ--------------ა აღსაზრდელად დედასთან იმყოფება (იხ. 27.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 10:47:49).

 

2. მოპასუხე მუ-----------------ის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მუ-----------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მუ-----------------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვს არ სურს დედასთან ცხოვრება, იგი არ უშლის მას რომ ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან. მოპასუხის განმარტებით, მასთან ცხოვრობს უფროსი შვილი სა-----------------ი, რომელიც არ დადის სკოლაში თავისი სურვილით (იხ. 27.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

21. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, მუ-----------------ის ოჯახს აქვს საკუთარი ხუთოთახიანი სახლი. სახლში არის დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები. ოჯახში უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოა, შექმნილია პირობები ბავშვის სააღმზრდელო და სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ოჯახის ყველა წევრი ჩართულია ბავშვის აღზრდის საკითხში. ბავშვის მამა და ბებია დღის განმავლობაში სახლში იმყოფებიან, ზრუნავენ ბავშვებზე. ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს. ოჯახს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი და აქვს სტაბილური შემოსავალი.

 

მოსარჩელე გუ-–----------------ა მუშაობს ქართული ენის პედაგოგად, მას დადებითად და მზრუნველ პიროვნებად ახასიათებენ. იგი მომთხოვნი იყო შვილების მიმართ სწავლისა და ჰიგიენური მოთხოვნის დაცვის მიზნით. გუ-–----------------ას განმარტებით, ოჯახში მომხდარი კონფლიქტის გამო იგი სახლიდან წამოვიდა, ბავშვები კი დარჩნენ მამასთან, ბავშვები იმყოფებიან ბებიისა და ბაბუის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ, ვერ ბედავენ დედასთან წასვლას, რის გამოც შესამჩნევად იკლო ბავშვების სწავლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებმა. გუ-–----------------ას ოჯახს საკუთრებაში აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სადაც არის დამაკმაყოფილებელი პირობები (იხ. სოციალური მუშაკის დასკვნა ს.ფ. 34-35).

 

სასამართლო სხდომაზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა ზვ-------------მა მხარი დაუჭირა გუ-–----------------ას სარჩელს და მიუთითა, რომ უმჯობესია, ორივე ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი (იხ. 27.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 11:30:17-11:31:33)

 

22. ფსიქოლოგის პოზიცია

 

ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ბავშვები შეხვედრებზე იყვნენ კომუნიკაბელურები, აქტიურად, ხალისით, ინტერესით ჩაერთნენ შეთავაზებულ აქტივობებში.

 

შეფასების პროცესში განხორციელებულ ინტერვიუში გამოვლინდა, რომ ულ--------------ა ცხოვრობს დედასთან, ხოლო ძმასთან და მამასთან ურთიერთობა შეწყვეტილია; სა-----------------ი ცხოვრობს მამასთან, ხოლო დასთან და დედასთან ურთიერთობა შეწყვეტილია. ინდივიდუალურ შეხვედრაზე გაკეთებულმა ინფორმაციამ ერთობლივი შეხვედრის შესახებ ბავშვები გაახარა, გამოხატეს ძლიერი ემოცია, კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ; საუბრისას აღნიშნეს, რომ და-ძმას კომუნიკაცია არ ჰქონდა რამოდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით მაისის თვიდან. ბავშვებმა განმარტეს, რომ აქვთ სურვილი ერთმანეთის ნახვისა და თანაცხოვრების. ბავშვები ერთობლივ შეხვედრაზე ხალისით ჩაერთნენ აქტივობებში, არ სურდათ შეხვედრის დასრულება, ერთმანეთთან დაშორება, გამოხატეს სააგენტოში ერთობლივი შეხვედრის კვლავ განხორციელების სურვილი, საუბრისას გეგმავდნენ სააგენტოსგან დამოუკიდებლად შეხვედრის ადგილსა და დროს.

 

ბავშვები მშობლებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას აღნიშნავდნენ, რომ თანაცხოვრების პერიოდში მშობლებთან ურთიერთობის მხოლოდ პოზიტიური გამოცდილება აქვთ, ასახელებდნენ კონკრეტულ ფაქტებს. მოცემულ ეტაპზე თანაცხოვრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სა------ი აღნიშნავს, რომ აქვს სურვილი იცხოვროს დასთან და მშობლებთან ერთად, ულ--- აღნიშნავს, რომ აქვს სურვილი იცხოვროს ძმასთან და დედასთან ერთად, დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ არ იცის ასე რატომ გადაწყვიტა.

 

ერთობლივ შეხვედრაზე მშობლები შვილების მიმართ ავლენდნენ კეთილგანწყობას, შვილები გაახარა მეორე მშობელთან შეხვედრამ, ამასთან ერთად გამოხატავდნენ უხერხულობას, თავს არიდებდნენ ჩახუტებას, სითბოს გამოხატვას. ერთობლივ შეხვედრაზე მშობლები შვილების თხოვნით ჩაერთნენ ერთობლივ სახალისო აქტივობაში, თამაშის დროს ავლენდნენ კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ. შეფასების პროცესში განხორციელებულ შეხვედრაზე მშობლები ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ განიცდიან შვილთან ურთიერთობაში შექმნილ დეფიციტს, განსაკუთრებით აღელვებთ სა------ის განათლების საკითხი. დედის გადმოცემით, სა------ს გასულ სასწავლო წელს ჰქონდა ბევრი უმიზეზო გაცდენა, რის გამოც ბავშვი იგივე კლასშია. მოცემულ სასწავლო წელს მხოლოდ ერთი კვირა ესწრებოდა სასწავლო პროცესს. შეხვედრაზე მამა ასევე აღნიშნავს, რომ შვილის განათლება მნიშვნელოვანია და აქვს სურვილი ბავშვმა ისწავლოს სკოლაში. სა------ი განმარტავს, რომ აქვს სწავლის სურვილი, უნდა სწავლა განაგრძოს მა-------–ის საჯარო სკოლაში, რადგან ახალ სკოლაში კარგად ასწავლიან. არ მოსწონს, რომ დედა არ აძლევს მა-------–ის საჯარო სკოლაში სწავლის უფლებას.

 

ფსიქოლოგის დასკვნის შესაბამისად, ულ--- და სა-----------------ების განვითარება შეესაბამება ასაკს. ბავშვებისათვის მშობლების განქორწინება, ერთმანეთთან და მეორე მშობელთან შექმნილი ურთიერთობის დეფიციტი მატრავმირებელია და უარყოფით გავლენას ახდენს მდგომარეობასა და განვითარებაზე. პროექციულ სავარჯიშოებსა და ინტერვიუში სა------ი დის და მამის მიმართ გამოხატავს კეთილგანწყობას, დედის მიმართ ავლენს განსხვავებულ გრძნობებს ერთდროულად, ულ--- ძმისა და დედის მიმართ ავლენს დადებით დამოკიდებულებას, მამის მიმართ ავლენს განსხვავებულ გრძნობებს ერთდროულად. ბავშვები გამოხატავდნენ ერთმანეთთან ყოფნის ძლიერ სურვილს, თუმცა არ აქვთ კონტაქტი რამოდენიმე თვეა (იხ. ფსიქოლოგის დასკვნა ს.ფ. 100-101).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას ფსიქოლოგმა მაკა კობრავამ განმარტა, რომ ბავშვები არცერთ მშობელზე უარყოფითად არ საუბრობენ, ულ---ს არ უნდა მამის ნახვა და მასთან წასვლა, ხოლო სა------ს დედასთან წასვლა. ბავშვებს სურთ ერთად ცხოვრება მაგრამ ვერ ახერხებენ, თუმცა ეს არ არის ბავშვების გადაწყვეტილება. ბავშვებზე გავლენას ახდენს მშობლების პოზიცია. შეხვედრების დროს ორივე მშობელს სჭირდებოდა მითითება, რომ ერთმანეთის მიმართ არ გამოეხატათ უარყოფითი ემოციები. ფსიქოლოგის განმარტებით, სა------ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა იქნება თუ არა მატრავმირებელი ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია, ეს უფრო დამოკიდებულია მშობლების ემოციებზე, როგორ შეხვდებიან ამ საკითხს (იხ. 27.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 11:02:49-11:19:22).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გუ-–----------------ა და მუ-----------------ი 2005 წლის 08 ნოემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, 27.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 16).

 

3.1.2. 2017 წლის აგვისტოს თვიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, 27.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გუ-–----------------ასა და მუ-----------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2006 წლის 11 დეკემბერს დაბადებული სა-----------------ი და 2009 წლის 23 თებერვალს დაბადებული ულ--------------ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 14-15);

 

3.2.2. მშობლების დაშორების შემდეგ, არასრულწლოვნები ულ--------------ა და სა-----------------ი ცხოვრობდნენ მამასთან მუ-----------------თან. 2018 წლის მაისის თვიდან ულ--------------ა ცხოვრობს დედასთან, ხოლო სა------ი კვლავ მამასთან იმყოფება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, 27.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 34-35).

 

3.2.3. გუ-–----------------ა 2004 წლიდან მუშაობს სსიპ ბო-–-----------–----–----------------–-----------------ს საჯარო სკოლის ქართული ენის, როგორც მეორე ენის მასწავლებლად და მისი ხელფასი თვეში შეადგენს 559,60 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 17).

 

3.2.4. არასრულწლოვანი ულ--------------ა სწავლობს ბო-–-----------–----–----------------–-----------------ს საჯარო სკოლაში, ამავე სკოლაში სწავლობდა სა-----------------იც თუმცა შემდგომ სწავლა განაგრძო ქ. მა-------–ში მდებარე სკოლაში. იგი ამჟამად არ დადის არცერთ სკოლაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 19, 97-98).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, 27.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.5. სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი იქნა გუ-–----------------ას ოჯახი და გამოიკვეთა, რომ გუ-–----------------ას დადებითად და მზრუნველ პიროვნებად ახასიათებენ. გუ-–----------------ას ოჯახს საკუთრებაში აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, სადაც არის დამაკმაყოფილებელი პირობები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 34-35).

 

3.2.6. სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი იქნა მუ-----------------ის ოჯახი და გამოიკვეთა, რომ მუ-----------------ის ოჯახს აქვს საკუთარი ხუთოთახიანი სახლი. სახლში არის დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები. ოჯახში უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოა, არის პირობები ბავშვის სააღმზრდელო და სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ოჯახის ყველა წევრია ჩართულია ბავშვის აღზრდის საკითხში. ბავშვის მამა და ბებია დღის განმავლობაში სახლში იმყოფებიან, ზრუნავენ ბავშვებზე. ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ სითბოსა და სიყვარულს. ოჯახს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი და აქვს სტაბილური შემოსავალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 34-35).

 

3.2.7. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ულ--- და სა-----------------ების განვითარება შეესაბამება ასაკს. ბავშვებისათვის მშობლების განქორწინება, ერთმანეთთან და მეორე მშობელთან შექმნილი ურთიერთობის დეფიციტი მატრავმირებელია და უარყოფით გავლენას ახდენს მათ მდგომარეობასა და განვითარებაზე. პროექციულ სავარჯიშოებსა და ინტერვიუში სა------ი დის და მამის მიმართ გამოხატავს კეთილგანწყობას, დედის მიმართ ავლენს განსხვავებულ გრძნობებს ერთდროულად, ულ--- ძმისა და დედის მიმართ ავლენს დადებით დამოკიდებულებას, მამის მიმართ ავლენს განსხვავებულ გრძნობებს ერთდროულად. ბავშვები გამოხატავდნენ ერთმანეთთან ყოფნის ძლიერ სურვილს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფსიქოლოგის დასკვნა (ს.ფ. 100-101).

 

3.2.8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს სხდომაზე გამოკითხვის დროს არასრულწლოვნებმა ულ--------------ამ და სა-----------------მა კატეგორიული უარი გამოთქვეს დედასთან საცხოვრებლად გადასვლაზე და განმარტეს, რომ მათ მამასთან სურთ ცხოვრება, თუმცა ასეთი ნეგატიური დამოკიდებულების კონკრეტული მიზეზი ვერ მიუთითეს. ბავშვების გამოკითხვა განხორციელდა 2017 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, თუმცა 2018 წლის მაისის თვიდან არასრუწლოვანი ულ--------------ა აღსაზრდელად იმყოფება დედასთან, ხოლო სა-----------------ი აგრძელებს მამასთან ცხოვრებას და კვლავ არ სურს დედასთან საცხოვრებლად გადასვლა.

 

არასრულწლოვანი სა-----------------ის გამოკითხვის პასუხები შეფასებული იქნა ფსიქოლოგის მიერ, რომელმაც განმარტა, რომ ბავშვის პოზიციაზე გავლენას ახდენს მშობლის პოზიცია, შესაბამისად, ეს არ არის მისი ნამდვილი მოსაზრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრუწლოვნის პოზიცია საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გაზიარებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ და-ძმას ცალ-ცალკე უხდება ცხოვრება, მათ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის დეფიციტი და ისე გადის დროის დიდი პერიოდი, რომ ვერ ახერხებენ ერთმანეთის ნახვას, რაც ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მათ აღზრდა-განვითარებაზე.

 

სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ერთ-ერთი მშობლის მუ-----------------ის დამოკიდებულებას არასრულწლოვანი შვილების სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ცნობები, საიდანაც დგინება, რომ მამასთან ცხოვრების პერიოდში არასრულწლოვნები არ დადიოდნენ სკოლაში, ხოლო სა-----------------ი 2018-2019 სასწავლო წელს საერთოდ არ გამოცხადებულა სკოლაში და არსებობს საფრთხე, რომ იგი ვერ დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრულ დონეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, რადგან თავად ბავშვს არ სურს კონკრეტულ სკოლაში სიარული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მუ-----------------ს არ შესწევს უნარი უზრუნველყოს შვილისათვის განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება არასრუწლოვნის ინტერესს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფსიქოლოგის განმარტება (იხ. 27.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 11:02:49-11:19:22).

- არასრულწლოვანი სა-----------------ის განმარტება (იხ. 19.12.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:39:02-13:49:47).

- მოპასუხე მუ-----------------ის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გუ-–----------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-1199-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლები, ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს, ხოლო 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხს სასამართლო წყვეტს მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ბავშვის აღზრდის ინტერესებში სასამართლო ითვალისწინებს მშობლების მატერიალურ პირობებს, ასევე მხედველობაში იღებს თუ როგორი მორალური გარემოს შექმნას შეძლებენ მშობლები ბავშვისათვის მატერიალური მდგომარეობის, ასაკის, მორალური სახის, იტელექტუალური დონისა და ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით.

 

კანონი არ ცნობს რომელიმე მშობლის უპირატეს უფლებას შვილების მიმართ, ვინაიდან, არა უფლებათა უპირატესობა, არამედ ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესები უნდა იყოს ამ დროს გადამწყვეტი. პირველ რიგში სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვების ასაკს. მოცემულ შემთხვევაში, ულ--------------ა არის 9 წლის, ხოლო სა-----------------ი - 12 წლის. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნაზე, საიდანაც ირკვევა, რომ ორივე მშობლის საყოფაცხოვრებო პირობები თანაბარია, შეესაბამება ბავშვების მოთხოვნებს და შესაბამისობაშია არსებულ სტანდარტებთან. როგორც გუ-–----------------ას, ისე მუ-----------------ის ოჯახებს აქვთ სტაბილური შემოსავალი და ორივე მხარეს შესწევს უნარი იზრუნონ საკუთარ შვილებზე.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ,,ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას’’.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად ,,მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს’’.

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

ამდენად, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო გამოდის უპირველეს ყოვლისა ბავშვის ინტერესებიდან და ითვალისწინებს მათ ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვებს მოუწევთ ყოფნა, მათი ცხოვრების წესს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ბავშვები ერთმანეთს არიან დაშორებულები, რაც უარყოფითად აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, ითვალისწინებს მშობლების უნარებს და მათ მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, კერძოდ, დედასთან მცხოვრები ულ--------------ა დადის სკოლაში და აქვს კარგი აკადემიური მოსწრება, ხოლო სა------ი, რომელიც იმყოფება მამასთან არ დადის სკოლაში, აღნიშნულ საკითხზე კი არ ზრუნავს მამა. ასევე მხედველობაში იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს თვლის, რომ გუ-–----------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და არასრულწლოვნების: ულ--------------ას და სა-----------------ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, გუ-–----------------ას საცხოვრებელი ადგილი.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელთანაც შვილები ცხოვრობენ, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილებთან და მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, გუ-–----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მუ-----------------ს მოსარჩელე გუ-–----------------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გუ-–----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. 2006 წლის 11 დეკემბერს დაბადებული სა-----------------ისა და 2009 წლის 23 თებერვალს დაბადებული ულ--------------ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის გუ-–----------------ას საცხოვრებელი ადგილი.

 

3. მოპასუხე მუ-----------------ს მოსარჩელე გუ-–----------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე