გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.03.2018
საქმის ნომერი
020310017002013198
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310017002013198 (3/160-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15.03.2018 წ ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი ლე-–------------ა

მოპასუხე შპს ,, კო-–--------"

წარმომადგენელი გო---------–-ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს 9483,6 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო) და შპს ,,კო-–---------ს შორის 14.06.2007 წ დაიდო იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს 71850 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 ტრაქტორი და 2 სხვა მოწყობილობა.

 

საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 14 ივნისისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-14.06.2007 წ #17 ხელშეკრულება

-მიღება-ჩაბარების აქტი

 

3.2. მოპასუხე 28.03.2016 წ-დან გათავისუფლდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა), ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მ/შ საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე. გათავისუფლდა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისგან. ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული /დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.

 

შესაბამისად, 2016 წ 31 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოს წერილებით მოპასუხეს განესაზღვრა საპრივატიზებო თანხის, საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის საბოლოო ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-02.03.2017 წ #4/10220 წერილი

-03.04.2017 წ #4/15892 წერილი

-24.04.2017 წ #4/19573 წერილი

 

3.3. მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულებები. შესაბამისად ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება 01.01.2017 წ დან, შესაბამისი მოძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო 9484,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (საპრივატიზებო საფასურის 53884 აშშ დოლარის გადაუხდელობისთვის ამ თანხის 0,1 % 01.01.2016 წ-დან 28.03.2016 წ ჩათვლით (88 დღე) შეადგენს 4741,8 აშშ დოლარს, ხოლო ყოველ 6 თვეში ერთხელ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის პირგასამტეხლო წარმოადგენს ასევე 4741,8 აშშ დოლარის ექცივალენტს ლარში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-14.06.2007 წ #17 ხელშეკრულება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, თუმცა პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-419 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

6.5. დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება 01.01.2017 წ დან, შესაბამისი მოძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო მოპასუხეს ხელშეკრულების უნდა ეკისრება პირგასამტეხლო 9484,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (საპრივატიზებო საფასურის 53884 აშშ დოლარის გადაუხდელობისთვის ამ თანხის 0,1 % 01.01.2016 წ-დან 28.03.2016 წ ჩათვლით (88 დღეზე) რაც შეადგენს 4741,8 აშშ დოლარს, ხოლო ყოველ 6 თვეში ერთხელ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის პირგასამტეხლო იმავე 4741,8 აშშ დოლარის ოდენობით).

 

6.6.პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი -საპრივატიზებო ქონების ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

სასამართლო საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველი შემთხვევისათვის მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის დარიცხული პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაში 4741,8 აშშ დოლარი, უნდა შემცირდეს 10-ჯერ და საბოლოო ჯამში პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს სულ 948,36 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლისა და 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს - ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ,,სა---–-–-------------------------–----------ოს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპს ,,კო-–---------ს" სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 948,36 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

3. შპს ,,კო-–---------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მისამართი ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მისამართი ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა