გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
140210017002095148
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017002095148

საქმე №2/1442-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო შარაძე

სხდომის მდივანი - თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „უ---–ი“

წარმომადგენელი - ია რ-----–---–ი

მოპასუხე - კ----ს მ----–----–-------ს გამგეობა;

წარმომადგენელი - ზ-----ბ კ-----ე, მ------ა დ------–---–ი

 

დავის საგანი: ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე კ----ს მ----–----–-------სათვის 2016 წლის 05 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება N95-ის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამაისად 10226.91 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის პოზიცია

 

მოპასუხე კ----ს მ----–----–---ეტთან 2016 წლის 05 აგვისტოს გაფორმდა ძირითადი ხელშეკრულება N95, ქ. კ---–ი კულტურის სახლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პირობებზე. სარეაბილიტაციო სამშაოების განხორციელების პროცესში დამკვეთმა დამატებით მოითხოვა მეტალოპლასტმასის ფანჯრების შეცვლა, ლითონის დეკორატიული ფანჯრებით მინაპაკეტის გათვალისწინებით, ფანჯრებზეც და კარებზეც, მათი შეღებვა და მეტალოპლასტმასის თაღების მოწყობა, ამიტომ საჭირო გახდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირების გარეშე, სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა, რაზეც მხარეებმა დამატებით გააფორმეს შეთანხმება 2016 წლის 03 ნოემბერს. დამატებით 2016 წლის 03 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული შეთანხმების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. 2016 წლის 23 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად შპს „რაჭის მთიულეთმა (უფლებამონაცვლე: შპს „უ---–ი“) შეასრულა ქ. კ---–ი 36791.89 ლარის ღირებულების კულტურის სახლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარისხიანად, არსებული ნორმების თავალისწინებით და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე. მოპასუხემ გასული წლის 29 სექტემბერს გადაურიცხა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 16338.07 ლარი, ხოლო 2017 წლის 25 იანვარს 10226.9 ლარი, შესაბამისად გადასახდელად დარჩენილი აქვთ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10226.91 ლარი. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს „უ---–ი“ ითხოვს მოპასუხე კ----ს მ----–----–-------ს გამგეობას დაეკისროს 10226.91 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე კ----ს მ----–----–---ეტმა სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თანდართულ ქ. კ---–ი, კოსტავს ქ. N1-ში მდებარე კულტურის სახლის წინა ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში დეტალურად არის აღწერილი იმ სამუშაოების მოცულობა, რაც უნდა განხორციელებულიყო კომპანიის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში. 2016 წლის 03 ნოემბრის შეთანხმება N1-ში შესაბამისად სამუშაოების დასრულებისა და დადებითი საექსპერტო დასკვნის, ლევან სამსახარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ წარმოდგენის ვადა გაგრძელდა 2016 წლის 25 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. 2016 წლის 03 ნოემბრის შეთანხმება N1-ის შესაბამისად სამუშაოების დასრულებისა და დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის ვადა გაგრძელდა 2016 წლის 25 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. მიღება-ჩაბარების აქტი მიუხედავად იმისა, რომ დათარიღებულია 2016 წლის 23 დეკემბრით, ხელმოწერილ იქნა 2017 წლის 26 იანვარს, ამასთან მოსარჩელე მხარემ ზუსტად იცოდა იმ პრეტენზიების არსებობის შესახებ, რაც მოპასუხე მხარს გააჩნდა. კ----ს მ----–----–-------ს გამგეობის მიერ მითითებული პრეტენზიები ასახულია ინსპექტირების ჯგუფის მოხსენებით ბარათებში, რომელსაც გაცნობილია თავად მოსარჩელე მხარე, როგორც წერილობით ისე სიტყვიერად. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი კ----ს მ----–----–-------ს გამგეობის მხრიდან განხილულია ინსპექტირების ჯგუფის მოხსენებით ბარათებთან ერთად. სწორედ ამით აიხსნება ხელმოწერის სხვა თარიღიც. შესაძლოა სამუშაოები შესრულებულია მიღება-ჩაბარების აქტში ასახული თანხის მოცულობით, თუმცა უხარისხოდ იმ თანხის ნაწილში, რაც არ იქნა დარიცხული კ----ს მ----–----–-------ს გამგეობის მხრიდან. მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათავლისწინებული ვალდებულებები არ იქნა შესრულებული სრულად, კერძოდ სამშენებლო ნარჩენები არ იყო სრულად გატანილი, ბაზალტის გვერდითა კედელი არ იყო გასუფთავებული, დერეფანში რკინის კარების გვერდით არსებული გრანიტის ფილები იყო ჩამოცვენილი და არ იყო აღდგენილი, ფერდობი არ იყო ამოლესილი, ბაზალტის შოვები არ იყო ამოვსებული, ხოლო საფეხურები იყო უსწორმასწორო. ამასთან, სამუშაოები მიმდინარეობდა დიდი ყინვების პერიოდში და შესაძლებელი იყო ბაზალტის ფილების აცვენის გამოწვევა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო კ----ს მ----–----–---ე მოითხოვა მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაცია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ არასრულად და უხარისხოდ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის 16 მარტს N853 განკარგულებით მოსარჩელეს მიეცა გაფრთხილება. მხარეებს შორის დადებული N95 ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ შეუსრულებელ და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების განსახორციელებლად კ----ს მ----–----–---ეტმა გასწია დამატებითი ხარჯები და ახალი ტენდერისა და ხელშეკრულების საფუძველზე მითითებული სამუშაოები განხორციელებულ იქნა ინდ. მეწარმე ჯიმშერ ახალბედაშვილის მიერ. ახალი ხელშეკრულების საგანი ზუსტად იმ სამუშაოების განხორციელებაც, რაც მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელდა ან უხარისხოდ განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 9287.49 ლარი და ამდენად სარჩელით მოთხოვნილი თანხები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 05 აგვისტოს შპს „რაჭის მთიულეთსა“ და კ----ს მ----–----–---ეტს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №95, რომლის მიხედვითაც შპს „რაჭის მთიულეთს“ სამუშაოები უნდა შეესრულებინა და დადებითი საექსპერტო დასკვნა უნდა წარმოედგინა 2016 წლის 03 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 07 დეკემბერი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. კ---–ი, კ--------ს ქ. N1-ში მდებარე კულტურის სახლის წინა ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

 

3.1.2. 2016 წლის 05 აგვიტოს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №95 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 38200 ლარს.

 

3.1.3. ზემოხსენებული ხელშეკრულების 4.3. პუნქტით ანგარიშსწორება შესაძლებელია მომხდარიყო ეტაპობრივად, სამუშაოების არანკლებ 20% და აარაუმეტეს 80% მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა N2, N3, ინსპექტირების ჯგუფის მოხსენების, წერილობითი მოთხოვნის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა; 4.4 პუნქტით, პუნქტით განისაზღვრა, რომ საბოლოო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესრულებულ სამუშაოებზე ინსპექტირების ჯგუფის მოხსენების, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის, საექსპერტო დასკვნის ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის და ფინანსური დოკუმენტაციის, (ფორმა 2, ფორმა 3, საგადასახადო ა/ფაქტურა, წერილობითი მოთხოვნა ანგარიშსწორებისათვის) წარდგენიდან 10 დღის განმავლობაში;

7.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო გაეწია მომსახურება სათანადო ხარისხით, სრული მოცულობით და დადებითი საექსპერტო დასკვნის წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

 

3.1.4. კ----ს მ----–----–---ეტსა და შპს „რაჭის მთიულეთს“ შორის 2016 წლის 05 აგვისტოს გაფორმებული N95 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისა და დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის ვადა გაგრძელდა 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული შეთანხმების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 03 ნოემბრის შეთანხმება N1;

- 2016 წლის 01 ნოემბრის წერილი კ----ს მ----–----–-------ს გამგებელს;

 

3.1.5. მოპასუხე მხარეს, შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის გადარიცხული აქვს 2016 წლის 29 სექტემბერს - 16338.07, ხოლო 2017 წლის 25 იანვარს - 10226.91 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო მოთხოვნა 00003;

- საგადასახადო მოთხოვნა 00001;

 

3.1.6. 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „რაჭის მთიულეთს“ შეეცვალა სახელი და დაერქვა შპს „უ---–ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 36791.89 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 23 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი;

 

3.2.2. კ----ს მ----–----–-------ს მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს გამოცემულ იქნა მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „რაჭის მთიულეთის მიერ“ შესრულებული ქ. კ---–ი, კ--------ს, ქ. N1-ში მდებარე კულტურის სახლის წინა ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ აკმაყოფილებდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 28 დეკემბერს კ----ს მ----–----–-------ს მიერ გამოცემული მოხსენებითი ბარათი;

 

3.2.3. მხარეთა შორის 2016 წლის 05 აგვისტოს N95 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დადგენილ ვადაში არაჯეროვანი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო კ----ს მ----–----–-------ს მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2017 წლის 26 იანვარს გამოცემულ იქნა განკარგულება შპს „უ---–ის“ გაფრთხილების შესახებ. აღნიშნული აქტი მოსარჩელე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა და ამდენად იგი დღეისათვის ძალაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 23 იანვრის N04/1/396 წერილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ;

- 2017 წლის 26 იანვრის N421 წერილი კ----ს მ----–----–-------ს გამგეობის მიმართ;

- 2017 წლის 26 იანვრის განკარგულება შპს „უ---–ის“ გაფრთხილების შესახებ;

 

3.2.4. მხარეთა შორის 2016 წლის 05 აგვისტოს N95 ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ არაჯეროვანად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების განსახორციელებლად კ----ს მ----–----–---ეტმა გასწია დამატებითი ხარჯები. ახალი ტენდერისა და 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N7- ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოები განხორციელდა ინდ. მეწარმე ჯიმშერ ახალბედაშვილის მიერ. ახალი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ ძველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ხელახლა განხორცილება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 9288 ლარი, რომელიც კ----ს მ----–----–-------ს მხრიდან სრულად იქნა ანაზღაურებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N7- ხელშეკრულება;

- 2017 წლის 20 აპრილის კ----ს კულტურის სახლის ხარჯთაღრიცხვა;

- 2017 წლის 11 მაისის ნაწილობრივ მიღება-ჩაბარების აქტი;

- 2017 წლის 23 მაისის საგადასახადო მოთხოვნა 00003;

- 2017 წლის 09 ივნისის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;

- საგადასახადო მოთხოვნა 00012;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „უ---–ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ არის შესრულებული ხარისხიანად და აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად გათვალისწინებული დარჩენილი თანხა კ----ს მ----–----–-------ს მიერ გახარჯულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების მიზნით ტენდერისა და ინდ. მწარმე ჯიმშერ ახალბედაშვილთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელახალი სამუშაოების ჩატარებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „უ---–ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „უ---–სა“ და კ----ს მ----–----–---ეტს შორის 2016 წლის 05 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №95, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალებანი, რის მიხედვითაც შპს „უ---–ს“ შესასრულებელი ვალდებულება უნდა გაეწია სათანადო ხარისხითა და სრული მოცულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, მხარეებს შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად კერძოდ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება, ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობასა და შედეგებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი სარჩელით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „უ---–მა“ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ქ. კ---–ი კულტურის სახლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმწოდებლისათვის ანგარიშწორება კი შესაძლებელია მომხდარიყო ეტაპობრივად, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ ის გარემოება, შეასრულა თუ არა შპს „უ---–მა“ მომსახურება სათანადო ხარისხით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „უ---–ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა 2016 წლის 05 აგვისტოს №95 ხელშეკრულების პირობების დარღვევას. მან ხსენებული ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეარულა ხარისხიანად და არ დააკმაყოფილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რასაც ადასტურებს მის მიმართ 2016 წლის 28 დეკემბერს გამოცემული იქნა მოხსენებითი ბარათი, ასევე ვალდებულების დადგენილ ვადაში არაჯეროვანი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2017 წლის 26 იანვარს გამოცემული განკარგულება შპს „უ---–ის“ გაფრთხილების შესახებ. კ----ს მ----–----–-------ს მიერ შპს „უ---–ისთვის“, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის შესასრულებლად, გამოყოფილი იყო თანხა 38200 ლარი, რომლიდანაც შპს „უ---–ის“ ანგარიშზე გადაირიცხა 16338.07 ლარი და 10226.91 ლარი ხარისხიანად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, რაც შეეხება დარჩენილი თანხას, იგი კ----ს მ----–----–-------ს მიერ გაიხარჯა ახალი ტენდერიდან გამომდინარე 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N7- ხელშეკრულების საფუძველზე ინდ. მეწარმე ჯიმშერ ახალბედაშვილისათვის მოსარჩელის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების აღმოფხვრისა და შედეგზე ორიენტირებული თანხების მიზნობრივად განკარგვის მიზნით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და მოსარჩელეს სრულად უნდა ეთქვას უარი მის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

1.1. შპს „უ---–ის“ სარჩელს მოპასუხე კ----ს მ----–----–-------ს გამგეობას დაეკისროს 2016 წლის 05 აგვისტოს გაფორმებული N95 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად 10226.91 ლარის გადახდა, ეთქვას უარი.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე ნინო შარაძე