გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2019
საქმის ნომერი
330210018002689280
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30878-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე - შპს ''ყ--------------------–--ი'';

წარმომადგენლები - თ----------------ე, ან----------–---–ი;

მოპასუხე - რ----------------ე;

წარმომადგენელი - ლ----–------ე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ----------------ეს მოსარჩელე შპს ''ყ--------------------–--ის'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1074.49 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე:

 

შპს ''ყ--------------------–--ის'' აბონენტს წარმოადგენს რ----------------ე №2-----. კომპანია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებდა მისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას. მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობები ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით აღირიცხება კომპანიის მონაცემთა ბაზაში-აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე. 2018 წლის აპრილის თვის მდგომარეობით აბონენტს დავალიანების სახით კომპანიის წინაშე ერიცხება - 1038.09 ლარი, ხოლო ბუნებრივ ქსელთან მიერთების გადასახადი - 36.40 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე სარჩელით ითხოვს აღნიშნული დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ იგი არ წარმოადგენს აბონენტს. აბონენტი არის ზაურ ჯინჭარაძე, რაც ასევე ასახულია აბონენტის პირად აღრიცხვის ბარათზე. რაც შეეხება რ----------------ეს მას კომპანიის მიმართ არანაირი დავალიანება არ ერიცხება, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ შპს ''ყ--------------------–--ის'' ბუნებრივი აირის მომხმარებელს/აბონენტს წარმოადგენს ჯ------------. აბონენტის ნომრით N2-----, მისამართი ნა---–--------–--------------–----------------6. კომპანია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებდა აბონენტისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას, ასევე სათანადო დოკუმენტაციის (ქვითრების) წარდგენას. მოხმარებული ბ/აირის რაოდენობები ბ/აირის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებებზე დაყრდნობით აღირიცხება კომპანიის მონაცემთა ბაზაში-აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ სააბონენტო ნომერზე არსებულ უძრავი ქონებაზე გაცემულია ბინის ორდერი. უძრავი ქონება არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით, ხოლო ორდერი გაცემული ზ-----------------ის სახელზე, რომელიც არის მოპასუხის მამა.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის აპრილის თვის მდგომარეობით აბონენტს დავალიანების სახით კომპანიის წინაშე ერიცხება 1038.09 ლარი, ხოლო ბუნებრივ ქსელთან მიერთების გადასახადი - 36.40 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი - ს.ფ. 17-22;

- ბინის ორდერის ასლი - ს.ფ. 59;

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და შეფასების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე რ----------------ე არ არის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოსარჩელესთან, რადგან ის არ წარმოადგენს არც ქონების მესაკუთრეს, არც აბონენტად არის აღრიცხული. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, შპს ''ყ--------------------–---ა'' და რ----------------ეს შორის ბ/გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო სააბონენტო ნომერზე არ არსებობს და უცილოდ არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების და ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტი.

 

ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს (გამყიდველსა) და მომხმარებელს (მყიდველს) შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები.

 

აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

 

ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და განაწილების, ასევე გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

 

ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების საცალო მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს სააბონენტო ნომერზე არსებული დავალიანების გადახდაზე ვალდებულ პირს - მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო სააბონენტო ნომერზე არ არსებობს და სათანადო , საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების და ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბარათი - ს.ფ. 17-22;

- ბინის ორდერის ასლი - ს.ფ. 59;

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე მუხლები;

5.2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია შპს ''ყ--------------------–---ა'' და რ----------------ეს შორის დადებული ხელშეკრულება ბუნებრივი აირის ნასყიდობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ''ყ--------------------–---ა'' და რ----------------ეს შორის ბ/გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, რის გამოც რ----------------ე არ არის ვალდებული გადაიხადოს სადავო სააბონენტო ნომერზე მიწოდებული ბ/გაზის ღირებულება, უცილოდ არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების და ბუნებრივი აირის მოხმარების ფაქტი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს შპს ''ყ--------------------–---ა'' და რ----------------ეს შორის ხელშეკრულება, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია და რაც მიანიჭებდა მოსარჩელეს უფლებამოსილებას მოეთხოვა მოპასუხისაგან მიწოდებული ბ/გაზის ღირებულების ანაზღაურება.

 

ამასთან, სასამართლო სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სამოქალაქო კოდექსით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი). რამდენადაც, მოპასუხედ დასახელებული პირი არ წარმოადგენს შესრულებზე ვალდებულ პირს, ხოლო ხანდაზმულობის საკითხის დაყენების პრეროგატივა სწორედ ვალდებულ პირს გააჩნია, სასამართლო მოპასუხედ დასახელებული პირის მიერ მითითებულ გარემოებაზე - სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ვერ იმსჯელებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-საართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 50 ლარი.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ''ყ--------------------–---'' უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნვეოყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''ყ--------------------–--ის'' სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

 

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი