გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2018
საქმის ნომერი
330210117001776461
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

საქმე N2/2309-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - გ----------------ე

წარმომადგენელი - ვ------- მ----------ი

მოპასუხე - შპს ,,პ-–-----------ი"

წარმომადგენელი - თ-------–---–ი

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან განთავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყვეტილად იქნეს აღიარებული 2013 წლის 23 მაისის შრომითი ხელშეკრულება;

1.2. გაუქმდეს ნოტარიუს მ--------------- მიერ დადასტურებული 2013 წლის 23 მაისის N1-------- იპოთეკის ხელშეკრულება;

1.3. გაუქმდეს მ--------------- მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი და გ----------------ე განთავისუფლდეს ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2013 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გ----------------ეს უნდა შეესრულებინა დისტრიბუტორის სამსახურებრივი უფლებამოსილება.

 

მოსარჩელის ვალდებულებაში შედიოდა მისთვის განსაზღვრულ სამოქმედო უბანში ყოველდღიურად სარეალიზაციოდ გადაცემული საქონლის ოპერატიულად გასაღება და ამ მიზნით სავაჭრო ობიექტის უფლებამოსილ პირთან მოლაპარაკების წარმოება დამსაქმებლის სახელით.

ამავე ხელშეკრულების 2.7 მუხლის მიხედვით დასაქმებული ვალდებული იყო ჩაებარებინა საქონელი სასაქონლო ზედნადების მიხედვით და რეალიზებული საქონლის თანხა დაეფარა 60 დღის განმავლობაში.

 

შრომითი ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა. ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის მიხედვით შრომის ანაზღაურება შეადგენდა 200 ლარს და ამასთანავე, დამსაქმებელს დასაქმებულისათვის უნდა გადაეხადა ყოველთვიური რეალიზებული თანხის 0.1%-დან 0.3%-მდე.

 

2013 წლის 23 მაისს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებმა ნოტარიუსთან გააფორმეს იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გ----------------ემ იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რითაც იპოთეკარს შეეძლო სხვა კრედიტორთან შედარებით, უპირატესად დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა მოვალის მიმართ.

 

2016 წლის ნოემბერში გ----------------ეს დაურეკა მოპასუხე კომპანიის დირექტორმა, რომელმაც განუცხადა, რომ შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ვალდებული იყო გადაეხადა კომპანიისათვის 3083 (სამი ათას ოთხმოცდასამი) ლარი, ვინაიდან შპს „I--”-მ და ი/მ ნ-------------მ მათ არ გადაუხადეს საქონლის ღირებულება, თუმცა მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არც ერთ მათგანთან არ განუხორციელებია საქონლის რეალიზება.

2016 წლის დეკემბერში მოსარჩელემ ჩაიბარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მას დაეკისრა 3083.2 ლარის გადახდა 7 დღეში. სააღსრულებო წარმოების დაწების საფუძვლად განისაზღვრა ნოტარიუს მ--------------- მიერ დადასტურებული 2013 წლის 23 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება და იმავე ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 23 მაისს შპს „პ-–-----------სა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულის სამსახურებრივ მოვალეობას შეადგენდა დამსაქმებლის მიერ მისთვის ყოველდღიურად გაცემული სარეალიზაციო საქონლის ოპერატიულად გასაღება და რეალიზაცია.

 

შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.7 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა რეალიზებული საქონლის თანხის დაფარვა 60 დღის განმავლობაში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხა ჩაბარდებოდა უფლებამოსილ პირს.

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ დავის არსში განმარტებულ პოზიციას დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ხელფასის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან გ----------------ეს ვალდებულების დარღვევის მოტივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არ მიუმართავს სასამართლოსათვის და არც წერილობით უცნობებია დამსაქმებლისათვის. შრომითი ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, დამსაქმებელს უფლება გააჩნდა დამსაქმებლისგან მოეთხოვა მის მიერ გაწეული სამუშაოს დროულად ანაზღაურება. ამასთანავე, სარჩელში მითითებული გარემოება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების შესახებ შემხებლობაში არ იყო დავის საგანთან, ვინაიდან ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც წარმოშობილია სადაო ხელშეკრულებით და რომლის საფუძველზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც სამსახურებრივ მოვალეობას დასაქმებული დამსაქმებელთან ასრულებდა და დავალიანება წარმოშობილია სწორედ მის მიერ რეალიზებული საქონლიდან.

მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულება ირღვეოდა მხოლოდ დასაქმებულის მიერ, ვინაიდან არ აწვდიდა მოპასუხე კომპანიას საქონლის რეალიზაციისგან მიღებულ თანხას. დასაქმებული თანხის ანაზღაურებას დამსაქმებელს ჰპირდებოდა სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემდეგაც და დამსაქმებლისგან ითხოვდა ერთ თვიან ვადას. დასაქმებულის მიერ დამატებითი ვადის მიცემის არაერთგზის თხოვნის შემდეგ, მოპასუხე აღნიშნულ მოთხოვნას დათანხმდა და არ ითხოვდა სააღსრულებო მოქმედებების შემდგომ განხორციელებას.

როგორც მოპასუხე უთითებს, იპოთეკის ხელშეკრულებაზე შეთანხმება მსგავს სახელშეკრულებო ურთიერთობაში გავრცელებულია, ვინაიდან სწორედ დისტრიბუტორები ახდენენ როგორც საქონლის რეალიზებას, ისე შემდგომში ამ რეალიზებული საქონლის თანხის ამოღებას და ხშირ შემთხვევაში ამ ამოღებული თანხების მითვისებას ან ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობას, რითაც ზიანი ადგება სამეწარმეო სუბიექტებს. ამასთან, თუკი მოსარჩელის სამსახურებრივ მოვალეობას არ შეადგენდა ფირმის სახელით რეალიზებული საქონლის ღირებულების დაფარვა, მაშინ რატომ მოხდა იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც გაფორმდა სანოტარო წესით და მოსარჩელეს ჯეროვნად განემარტა ამ ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება ვერ გამოიწვევს იმ სამართლებრივ შედეგს, რაც მოსარჩელეს აქვს განმარტებული იურიდიულ ინტერესში და ვერ იქნება თანმდევი შედეგი იპოთეკის ხელშეკრულების და სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა, ვინაიდან ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაცაა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, წარმოშობილია მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის დროს.

 

2013 წლის 23 მაისის N1-------- იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების მოსარჩელის მიერ დასახელებული სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, არ არსებობს ნოტარიუს მ--------------- მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლებიც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2013 წლის 23 მაისს შპს ,,პ-–-----------სა“ და გ----------------ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დასაქმებული (გ----------------ე) იღებდა ვალდებულებას, შეესრულებინა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო, კერძოდ, უნდა შეესრულებინა დისრიბუტორის სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

 

ხელშეკრულების 2.7. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო ჩაებარებინა საქონელი სასაქონლო ზედნადების მიხედვით, შრომითი პირობით, რომ რეალიზებული საქონლის თანხა დაეფარა 60 დღის განმავლობაში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო პირადად ეგო პასუხი ნებისმიერი ზიანის ან/და დანაკარგისათვის, რომელიც მიადგებოდა დამსაქმებელს, მისთვის მინდობილი ქონების და ინვენტარის დაზიანებისათვის, არამიზნობრივად გამოყენების შედეგად ან დაუდევრობით. იგი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მისთვის მინდობილი ქონების ან ინვენტარის დაზიანების, არამიზნობრივად გამოყენების შედეგად ან დაუდევრობით დამსაქმებლისათვის მიყენებული ზიანი.

 

ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება დაიდო სამი წლის ვადით და ძალაში იყო მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულების ნოტარიულად გაფორმების დღიდან. თუ მხარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 (ორი) კვირით ადრე არ გამოთქვავდა მისი შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით (5.2 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.05.2013 წლის შრომითი ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 18-21)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

4.2. 23.05.2013 წელს დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2013 წლის 23 მაისს შპს ,,პ-–-----------სა“ (იპოთეკარს) და გ----------------ეს (მესაკუთრეს) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება.

 

იპოთეკის საგანს წარმოადგენს გ----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–--–-- ვ-–----–----–-ს გამზირი, VII კვარტალი, კ------------, ბ--------, ფართი: 17.00 კვ.მ, ს/კ N0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 27-30)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

4.3. 2013 წლის 9 ივნისს შპს ,,პ-–-----------სა“ და ი.ნ ნ-------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოდგენს საქონლის შესყიდვა კონსიგნაციით.

ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, მყიდველი უხდის გამყიდველს 786.50 ლარს სასაქონლო ზედნადების ელ-0--------- მიხედვით.

 

ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს შემდგომი გადახდის პირობით, ხელშეკრულების დადების დღიდან 30 დღის განმავლობაში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ „გამყიდველი“ შპს „პ-–-----------ის“ დირექტორი გ-------–---------- და „მყიდველი“ ი/მ ნ-------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 9 ივნისის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 25-26)

 

4.4. 2013 წლის 21 სექტემბერს შპს ,,პ-–-----------სა“ და შპს ,,I--“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოდგენს საქონლის შესყიდვა კონსიგნაციით.

 

ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, მყიდველი უხდის გამყიდველს 9141.60 ლარს სასაქონლო ზედნადებების ელ-0---------, ელ-0---------, ელ-0---------, ელ-0--------- და ელ-0--------- მიხედვით.

 

ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს შემდგომი გადახდის პირობით, ხელშეკრულების დადების დღიდან 30 დღის განმავლობაში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ „გამყიდველი“ შპს „პ-–-----------ის“ დირექტორი გ-------–---------- და „მყიდველი“ ი/მ ნ-------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 23-24)

 

4.5. 2016 წლის 18 ნოემბერს ნოტარიუს მ--------------- მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად გ----------------ის ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა - ძირითადი თანხა 3083.20 ლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით - 106 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.11.2016 წლის N1-------- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 35-37)

 

4.6. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუს მ--------------- მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება #A--------. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალე გ----------------ეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (იხ. ს.ფ. 31-34)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 394-ე, 412-ე მუხლებით

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 23 მაისს დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2013 წლის ოქტომბრის თვიდან.

 

მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-5 პუნქტების თანახმად, განსაზღვრულ იქნა ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა, კერძოდ, 5.1 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება დაიდო სამი წლის ვადით და ძალაში იყო მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულების ნოტარიულად გაფორმების დღიდან. თუ მხარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 (ორი) კვირით ადრე არ გამოთქვამდა მისი შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით (5.2 პუნქტი).

 

ამავე ხელშეკრულების მე-8 პუნქტით განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის - ერთ ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითებით, მისი შრომითი ანაზღაურებდა შეადგენდა ყოველთვიურად 200 ლარს, ამასთან, დამსაქმებელს დასაქმებულისათვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად რეალიზებული თანხის 0.1%-დან 0.3%-მდე, თუმცა მუშაობის ხუთთვიან პერიოდში, მას მხოლოდ ორი თვის ხელფასი აუნაზღაურეს, სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა 2017 წლის ოქტომბრის თვიდან მოსარჩელის სამსახურიდან წამოსვლის და შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტისა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, ვერ მიუთითა თუ როდის მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა და განმარტა, რომ დღეისათვის შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია. ამასთან, მოპასუხემ უარყო ხელშეკრულებით ნაკისრი ხელფასის გადახდის ვალდებულების დარღვევა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. შესაბამისად, მოპასუხე, ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დასაქმებულის გადაწყვეტილებას.

 

სასამართლოს შეფასებით შრომითი ხელშეკრულება ვალდებულებითი ხელშეკრულების სპეციალური სახეა და მას სხვა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებებისაგან განასხვავებს ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ კერძო სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი - მხარეთა თანასწორობის პრინციპი გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის და დაქირავებული დამოკიდებულია დამქირავებლის ნებაზე, მის მითითებებზე და მის მიერ განსაზღვრულ სამუშაო თუ ორგანიზაციულ პირობებზე. ამდენად, ამ ურთიერთობებში აშკარად არის გამოკვეთილი დამქირავებლის უპირატესი მდგომარეობა „სუსტ“ მხარესთან - დაქირავებულთან შედარებით, რაც უდავოდ წარმოშობს „ძლიერი“ მხარის მიერ თავისი უფლებების გადამეტებულად, მეორე მხარის საზიანოდ გამოყენების საფრთხეს.

 

შრომითი ურთიერთობა არის, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შ-------------------------------------------

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები გაწერილია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის ”ო” ქვეპუნქტის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

 

სასამართლო მიუთითებს რომ, მოსარჩელისათვის ყოველთვიურად შრომითი სარგოს ანაზღაურების ფაქტი მოპასუხის სამტკიცებელი იყო, თუმცა მას არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ წარმოუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელიც არასაკმარისი მტკიცებულებაა მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოების უარსაყოფად.

 

სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის საბოლოოდ შეწყდა 2013 წლის ოქტომბრის თვიდან.

 

7.2. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ დასტურდება გ----------------ის ვალდებულების არსებობა შპს ,,პ-–-----------ი“-ს მიმართ.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. ს------------------------------).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და მე-4 მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი მოცემულ შემთხვევაში ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოპასუხემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოსარჩელემ კი უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა გ----------------ის ვალდებულების არსებობის ფაქტი შპს ,,პ-–-----------ი“-ს მიმართ.

 

მოპასუხე შ-------–------------“ რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება, გარდა ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა სადავო ვალდებულების არსებობის ფაქტი, არ წარმოუდგენია; ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლების მითითებით, დავალიანება წარმოშობილია შპს ,,პ-–-----------სა“ და შპს ,,I--”-ს, ასევე, შპს ,,პ-–-----------სა“ და ი.მ ნ-------------სთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ვინაიდან შპს „I--”-მ და ი/მ ნ-------------მ კომპანიას არ გადაუხადეს საქონლის ღირებულება.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, დისტრიბუტორის მოვალეობა იყო უზრუნველყო კომპანიასა და მესამე სუბიექტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქონის მიტანა, ანგარიშსწორება და თანხის კომპანიაში დაბრუნება. მოსარჩელეს აღნიშნული თანხები გადასცეს მესამე სუბიექტებმა, თუმცა მის მიერ მოხდა აღნიშნული თანხების გახარჯვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე კომპანიასა და ი.მ ნ-------------ს, ასევე მოპასუხესა შპს ,,I--“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის საგანს წარმოდგენდა საქონლის შესყიდვა კონსიგნაციით. ამასთან, აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებულია კონკრეტული ზედნადებები, რომლის საფუძველზეც ნ-------------მ და შპს ,,I--“-მ შპს ,,პ-–-----------ს“ უნდა გადაუხადონ გარკვეული თანხები. თუმცა, საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნული ზედნადებები, საიდანაც დადასტურდებოდა, რომ სწორედ გ----------------ის მიერ მოხდა აღნიშნული ,,მყიდველებისათვის“ საქონლის მიწოდება, ამასთან მითითებულ არცერთ ხელშეკრულებაში არც ნახსენებია გ----------------ე და არც ხელს აწერს ეს უკანასკნელი.

 

ამდენად, თავად ხელშეკრულებების შინაარსიდან გამომდინარე გ----------------ის რაიმე სახის ვალდებულებითი ურთიერთობა ხელშეკრულების რომელიმე მხარესთან არც იკვეთება და არც დასტურდება.

 

მოპასუხე კომპანიასა და ი.მ ნ-------------ს, ასევე მოპასუხესა შპს ,,I--“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულებებზე თავისი შინაარსით ვალის აღიარების ხელშეკრულებას წარმოადგენს. სასამართლო სსკ-ის 341-ე მუხლის განმარტებისას აღნიშნავს, რომ ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. ვალის არსებობის აღიარება წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, მოხმობილი ნორმით გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალდებული პირის მოვალეობის აღიარებაში იგულისხმება ვალდებული პირის ისეთი მოქმედებები, რითაც გამოხატულია მისი ნება, შეასრულოს ვალდებულება. მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ თანხის ნაწილის გადახდას ან ვალდებული პირის ნებას, მომავალში ვალდებულებების შესრულების შესახებ ან ამ ვალდებულებების სხვადასხვა პირობებით შესრულების შემოთავაზება.

 

2013 წლის 09 ივნისის და 2013 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებები გაფორმებულია შპს ,,პ-–-----------სა“ და ი.მ ნ-------------ს ასევე, შპს ,,პ-–-----------სა“ და შპს ,,I--“-ს შორის. შესაბამისად, მოპასუხესთან ვალდებულ პირებს წარმოადგენდნენ სწორედ ისინი, რადგან იმის გარდა, რომ უშუალოდ ის მხარეები აწერენ ხელს, რომლებიც ერთმანეთთან იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ასევე მოვალემ უშუალოდ კრედიტორის წინაშე აღიარა ვალდებულების არსებობა, რაც გამორიცხავს მესამე პირის ვალდებულებას იმავე ვალის დაბრუნების თაობაზე. გ----------------ე არ წარმოადგენდა ,,მოვალეს’’, ანუ ,,ვალდებულ პირს’’ და არც შემდეგ უკისრია ვალდებულება არსებული დავალიანების დაფარვასთან მიმართებაში, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებები წარმოშობს შპს ,,პ-–-----------ი“-ს მოთხოვნას ხელშეკრულებაში მითითებულ პირების და არა გ----------------ის მიმართ.

 

7.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 23 მაისის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების მიმართ გააჩნია იურიდიული ინტერესი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა, თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების, ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ხელშეკრულების ბათილობა თავისი სამართლებრივი ბუნებით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელია იურიდიული ინტერესის არსებობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის სამართლებრივ საშუალებად აღიარებით სარჩელს ითვალისწინებს. თუმცა, ამ სახის სარჩელები, როგორც აღინიშნა, ყოველთვის შეზღუდულია იურიდიული ინტერესით. ანუ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს სარჩელის ავტორს ამგვარი აღიარებით.

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს წარმოადგენს თუ არა დასახელებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების ცნობის შედეგისადმი დაინტერესებულ პირს მოსარჩელე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი 2013 წლის ოქტომბრის თვიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარების მიმართ უკავშირდება მოსარჩელის გარანტიას, რომ აღნიშნული პერიოდის შემდგომ წარმოშობილ რაიმე დავალიანებაზე არ მოხდეს შ-------–------------“-ს მიერ მოსარჩელის მიმართ სააღსრულებო ფურცლის აღება და გ----------------ის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა. ზემოაღნიშნული მსჯელობა ცხადყოფს, რომ, სახეზეა, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი 2013 წლის ოქტომბრის თვიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარების მიმართ, მით უმეტეს, რომ რეალურად ხელშეკრულება მისი დადებიდან 5 თვის შემდეგ უკვე საბოლოოდ შეწყდა.

 

7.4. ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 23 მაისს შპს ,,პ-–-----------სა“ და გ----------------ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ----------------ე უნდა შეესრულებინა დისრიბუტორის სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

 

2013 წლის 23 მაისს დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–--–-- ვ-–----–----–-ს გამზირი, V------------–-- კ------------, ბ--------, ფართი: 17.00 კვ.მ, ს/კ N0----------------------. ასევე დადგენილია, რომ 18.11.2016 წელს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცლი, რომლის თანახმად, მოვალე გ----------------ის ვალდებულების მოცულობას შპს ,,პ-–-----------ის“ მიმართ შეადგენს 3083.2 ლარი.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს შეწყვეტილად იქნეს აღიარებული 2013 წლის 23 მაისის შრომითი ხელშეკრულება, გაუქმდეს ნოტარიუს მ--------------- მიერ დადასტურებული 2013 წლის 23 მაისის N1-------- იპოთეკის ხელშეკრულება და გაუქმდეს მ--------------- მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი და გ----------------ე გათავისუფლდეს ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია, გააჩნია თუ არა შესასრულებელი ვალდებულება გ----------------ეს შპს ,,პ-–-----------ი“-ს მიმართ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მითითება ხელშეკრულებებზე და მის დარღვევაზე არ არის საკმარისი მოსარჩელის ვალდებულების არსებობის დასადასტურებლად, მით უფრო, როდესაც აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი. შპს ,,პ-–-----------ს“ გარდა ხელშეკრულებისა არ წარმოუდგენია სხვა რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულებები, შესაბამისად, არ მიუთითებია არც შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე, რის გამოც არ დგინდება გ----------------ის ვალდებულების არსებობის ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში სასამართლოს მიერაც დაისვა შეკითხვა დავალიანების წარმოშობის საფუძვლის შესახებ, თუმცა მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა კვალიფიციური მტკიცება მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის რომ, არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 301-ე მუხლების თანახმად, იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. შეთანხმება იპოთეკის შესახებ არის ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება (მის მიმართ გამოიყენება როგორც ნორმები გარიგებათა შესახებ, ისე სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილის დებულებები), რომლითაც უძრავი ნივთის მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითმინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია ან საკუთრება მასზე გადასცეს კრედიტორს.

 

იპოთეკა აბსოლუტური უფლებაა, რომელიც აფუძნებს მხოლოდ სხვისი უძრავი ნივთის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებას. იპოთეკის შესახებ შეთანხმება დაკავშირებულია სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებასთან, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. მიზნობრივი კავშირი იპოთეკასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის კანონით იმპერატიულად არის დადგენილი. იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა. ანუ, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, საფუძვლიან იმედს, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობს შ-------–------------“-ს მოთხოვნის უფლება გ----------------ის მიმართ, სარჩელი დასაბუთებელია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს 2013 წლის 23 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება.

 

რაც შეეხება 2016 წლის 18 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის ვალდებულებაში არ შედის იმ გარემოებების გარკვევა და დადგენა თუ რეალურად რამდენს შეადგენს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება და მხოლოდ კრედიტორის განცხადება ვალდებულების ოდენობის თაობაზე საკმარისია, რათა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ განსახილველი საქმის ფარგლებში დაადგინა ის სადავო გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხის წინაშე არ აქვს შესასრულებელი ვალდებულება სწორედ იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა შპს”I--” და ი/მ ნ-------------სთან მიმართებაში არსებულ ვალდებულებებს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელე გათავისუფლდეს მითითებულ სააღსრულებო ფურცელში არსებული დავალიანების - 3083,20 ლარისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 106 ლარის გადახდისაგან.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხე შპს ,,პ-–-----------ს“ მოსარჩელე გ----------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სულ 250 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ გ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა ნოტარიუს მ--------------- მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული #1--------, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ----------------ის სარჩელი მოპასუხე შ------–------------“ მიმართ - დაკმაყოფილდეს.

1.1. შეწყვეტილად იქნეს აღიარებული, შპს ,,პ-–-----------სა“ და გ----------------ეს შორის 2013 წლის 23 მაისს დადებული შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის ოქტომბრის თვიდან;

 

1.2. გაუქმდეს ნოტარიუს მ--------------- მიერ დამოწმებული 2013 წლის 23 მაისის N1-------- იპოთეკის ხელშეკრულება.

 

1.3. გაუქმდეს მ--------------- მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი და გ----------------ე გათავისუფლდეს ამავე სააღსრულებო ფურცელში მითითებული ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან.

 

2. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 18 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 18 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 25 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. მოპასუხე შპს ,,პ-–-----------ს“ მოსარჩელე გ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სულ 250 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა ნოტარიუს მ--------------- მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული #1--------, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე