გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002668866
2-1122-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
31 იანვარი, 2019 წელი, ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,თიბისი ბანკი“
წარმომადგენელი ა---------–----------შვილი
მოპასუხეები გ----------------–---–-------–---------–---ძე
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ 5 585 ლარი და 43 თეთრი, საიდანაც ძირი თანხაა 3 903 ლარი და 44 თეთრი, პროცენტი - 605 ლარი და 55 თეთრი, პირგასამტეხლო - 1076 ლარი და 44 თეთრი. ლ---------–---ძის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვროს 4 200 ლარით;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 3 ივლისს, მოსარჩელესა და გ----------------შვილს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სამომხმარებლო სესხი) შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი 4 200 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1446 კალენდარული დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი 20%, საკომისიო კრედიტის გაცემისათვის - 21 ლარი, პირგასამტეხლო - 20 ლარი და დავალიანების 0.5% გრაფიკის ყოველი დარღვევისას. მოპასუხეს ყოველი თვის 18 რიცხვში უნდა დაეფარა 126.81 ლარი. იმავე დღეს, მოსარჩელესა და მოპასუხე ლ---------–---ძეს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, ლ---------–---ძემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გ----------------შვილის ვალდებულებისათვის. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 4 200 ლარი. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს სადაზღვევო ხარჯებიც;
მოპასუხემ 2017 წლის ივლისში აითვისა თანხა, დაფარა გაცემის საკომისო, 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით იხდიდა შენატანებს. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2018 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს ბანკისათვის გადასახდელი აქვს სარჩელში მითითებული თანხა;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე - აღნიშნა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ოღონდ - მხოლოდ გ----------------შვილის მიმართ (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი: 16:01:43-16:02:40; 16:06:46-16:07:35; 16:08:12-16:08:20; 16:08:24-16:08:27);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 3 ივლისს, მოსარჩელესა და გ----------------შვილს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სამომხმარებლო სესხი) შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი 4 200 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 1446 კალენდარული დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი 20%, საკომისიო კრედიტის გაცემისათვის - 21 ლარი, პირგასამტეხლო - 20 ლარი და დავალიანების 0.5% გრაფიკის ყოველი დარღვევისას. მოპასუხეს ყოველი თვის 18 რიცხვში უნდა დაეფარა 126.81 ლარი. იმავე დღეს, მოსარჩელესა და მოპასუხე ლ---------–---ძეს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, ლ---------–---ძემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გ----------------შვილის ვალდებულებისათვის. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 4 200 ლარი. მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს სადაზღვევო ხარჯებიც;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-26);
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-31);
- ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 32-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მოპასუხემ 2017 წლის ივლისში აითვისა თანხა, დაფარა გაცემის საკომისო, 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით იხდიდა შენატანებს. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2018 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს ბანკისათვის გადასახდელი აქვს სარჩელში მითითებული თანხა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 36)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მათგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში გ----------------შვილს და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება გ----------------შვილისა და ლ---------–---ძისაგან, რომელიც თავდებად დაუდგა კრედიტორის წინაშე მსესხებელს - იმ ფარგლებში, რომელშიც სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მისი ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობის ხელშეკრულების 2.4. პუნქტში აღნიშნულია, თავდები თანახმაა დაფაროს კლიენტის დავალიანება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მათ შორის, იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა ბანკს იძულებითი აღსრულების მცდელობა კლიენტის მიმართ;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარეა;
ლ---------–---ძეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. გ-----------------შვილის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში თავდების პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებაზე მითითებული არ არის და ასეთი გარემობა არც საქმის განხილვისას დადასტურდა;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარის იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 167 ლარი და 60 თეთრი. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო მთავარ სხდომაზე. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 83 ლარი და 80 თეთრი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. დანარჩენი 83 ლარიდან და 80 თეთრიდან - ლ---------–---ძეს უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ, მისი პასუხისმგებლობის 4 200 ლარის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის თანხა - 20 ლარი და 80 თეთრი, გ----------------შვილს - 63 ლარი;
8.სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გ----------------შვილს და ლ---------–---ძეს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,თიბისი ბანკის” სასარგებლოდ 5 585 ლარი და 43 თეთრი, საიდანაც ძირი თანხაა 3 903 ლარი და 44 თეთრი, პროცენტი - 605 ლარი და 55 თეთრი, პირგასამტეხლო - 1076 ლარი და 44 თეთრი. ლ---------–---ძის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვროს 4 200 ლარამდე;
2. მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,თიბისი ბანკს” დაუბრუნდეს 2018 წლის 25 სექტემბერს N118 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 167 ლარის და 60 თეთრის ნახევარი - 83 ლარი და 80 თეთრი;
2.1. სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ გადახდეთ - გ----------------შვილს - 63 ლარი, ლ---------–---ძეს - 20 ლარი და 80 თეთრი - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი