გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210116001422928
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

საქმე N2/17548-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - ი----- შ----- (მ----- შ----ის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - მ-----– რ---–---–ი

მოპასუხე - ლ--–- კ-----ი

წარმომადგენელი - ვ------- ჯ------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ--–- კ-----ს მოსარჩელე ი----- შ----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2014 წლის 07 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 21000 აშშ დოლარი, ოთხი თვის სარგებელი - 2520 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2015 წლის 08 მარტიდან 2016 წლის 06 ივლისამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0.12%-ის ოდენობით (დაზუსტდა მოთხოვნა იხ. ს.ფ. 163).

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლის 7 ნოემბერს მ----- შ-----სა და ლ--–- კ-----ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ----- შ-----მ ლ--–- კ-----ს სესხის სახით გადასცა 21000 აშშ დოლარი, ოთხი თვის ვადით, 3% სარგებლის დარიცხვით და გადახდით, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 07 მარტს.

 

აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა შუამავლის და ნოტარიუსის მეშვეობით. შუამავალი აქვეყნებდა ინფორმაციას ,,ს-------“ და ,,-----------------–-“, რომ ისინი ახორციელებდნენ ბიზნეს-პროექტებსა და მონაწილეობის შემთხვევაში მათ პროექტში დროებით ჩადებული თანხა დაბრუნდებოდა მოგებით. მ----- შ----- მივიდა ოფისში სადაც დახვდა ოფისის ხელმძღვანელი თ-----------ა, ნ------------–-–---–ი, თ------ გ-------ა და ვინმე „ე--“. ე-- გ-------ამ მას განუმარტა, რომ მის მიერ ჩადებული თანხა იქნებოდა დაცული და მათ საკუთრებაში არსებული თითქმის 500 000 აშშ დოლარიანი ქონების ნაწილი იპოთეკით დაიტვირთებოდა ბიზნეს-პროექტში ჩადებული თანხის შესაბამისად.

 

მეორედ ოფისში შეხვედრის დროს, მოსარჩელეს დახვდა ლ--–- კ-----ი, რომელიც გაეცნო, როგორც ბიზნეს პროექტის მონაწილე, რომელთანაც უნდა გაფორმებულიყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამასთან, ლ--–- კ-----მა მოსარჩელე დაარწმუნა, რომ მისი უძრავი ქონებით იყო გარანტირებული ბიზნეს-პროექტი და პირდაპირ წაჰყოლოდა ნოტარიუსთან ხელშეკრულების გასაფორმებლად. მ----- შ----- დათანხმდა ისე, რომ ქონება, რომელიც უნდა დატვირთულიყო იპოთეკით არ ჰქონდა ნანახი. ნოტარიუსთან მას დახვდნენ თ------ ნ-------–---–ი, თ-----------ა და მოპასუხესთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2015 წლის 07 მარტს, თუმცა მოპასუხეს თანხა იმ დროისთვის არ ჰქონდა დაბრუნებული და მ----- შ-----ს განუმარტა, რომ 2015 წლის 05 აპრილს თ-----------ას ოფისში დააუბრუნებდა ძირ თანხას მოგებასთან ერთად. შეთანხმებულ რიცხვში ლ--–- კ-----მა მას მხოლოდ 1120 აშშ დოლარი გადასცა.

 

მიუხედავად მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ლ--–- კ-----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე შეცვალა პოზიცია და მიუთითა, რომ არ ცნობდა სარჩელს. კერძოდ, მოპასუხემ სადავო გახადა ვალდებულების მოცულობა, ასევე მიუთითა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებით შეილახება მოპასუხე მხარის უფლებები, კერძოდ, ვინაიდან მხარე არ ითხოვს იპოთეკის საგნის რეალიზაციას, რის გამოც ვალდებულების შესრულება გავრცელდებოდა არა მხოლოდ იპოთეკის საგანზე, არამედ მოპასუხის მთლიან ქონებაზე. ამასთან, მოსარჩელეს არ ერთმეოდა შესაძლებლობა მიემართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და ხელშეკრულების ფარგლებში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიექცია იპოთეკის საგანი სარეალიზაციოდ. მხარემ ასევე მოითხოვა მის მიერ გადახდილი თანხების ჩათვლა ვალდებულების შესრულებაში და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.

 

წარმოდეგნილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი სცნო მხოლოდ 1120 აშშ დოლარის ნაწილში (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. უდავოფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2014 წლის 07 ნოემბერს ლ--–- კ-----სა და მ----- შ-----ს შორის ნოტარიალურად გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მ----- შ-----მ ლ--–- კ-----ს 04 (ოთხი) თვის ვადით სესხად გადასცა 21 000 (ოცდაერთი ათასი) აშშ დოლარი. ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3% სარგებლის დარიცხვით.

სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2015 წლის 07 მარტს.

ხელშეკრულების ასევე განისაზღვრა, რომ თანხის მიწოდება განხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით (ხელზე გადაცემით) ან ბანკში ანგარიშსწორებით, ყოველი გადახდის შესახებ შედგებოდა წერილობითი დოკუმენტი, რომელიც შედგებოდა ორ ეგზემპლიარად და რომელიც შეინახებოდა მხარეებთან.

ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდიდა პირგასამტეხლოს საერთო თანხის 0.12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (მე-11 პუნქტი).

სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე _ ქ-------–---, ბ--------–---–ის N---, ბ-–---------, ნიშნული -9.9-8.1, ავ----------------- (მშენებარე), ს/კ N 0-------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 14-17);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 25-26)

 

4.2. საქმეზე წარმოდგენილია შემდეგი შინაარსის ხელწერილი: „მე მ----- შ-----მ პროცენტის სახით ავიღე 600 (ექვსასი) დოლარი აპრილის. 7 აპრილის პროცენტი დარჩენილია 420 (ოთხასოცი) დოლარი.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელწერილი (ს.ფ. )

 

4.3. საქმეზე წარმოდგენილია შემდეგი შინაარსისი ხელწერილი: „10 მარტს 2015 წლის მომცეს 8000$-ის პროცენტი 240$ (ორას ორმოცი) (რვა ათასი დოლარი).“ ხელს აწერს მ.შ-----. იმავე ხელწერილში მითითებულია შემდეგი: „8 აპრილი ავიღე მე - 200 (ორასი) დოლარი“. ხელს აწერს მ.შ-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელწერილი (ს.ფ. )

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- შ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 316-317-ე, 341-ე, 524-ე, 623-624-ე მუხლებით

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში ი----- შ----- (მ----- შ----ის უფლებამონაცვლე) ითხოვს ლ--–- კ-----ისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 21000 აშშ დოლარის, პროცენტის - ოთხი თვის სარგებლის - 2520 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას 2015 წლის 08 მარტიდან 2016 წლის 05 ივლისამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის (მ----- შ------ლ--–- კ-----ი) წარმოშობილი იყო სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, საიდანაც გამომდინარე თანხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებლებს არ შეუსრულებია.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

,,სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ სუსგ №-----------------, 20.05.2016წ.); სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხის შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სკ-ის 68 მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი შეთანხმება პირდაპირ შეიცვას დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე.

 

მოსარჩელემ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის დასტურად წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება _ 2014 წლის 07 ნოემბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მ----- შ-----მ ლ--–- კ-----ს 04 (ოთხი) თვის ვადით სესხად გადასცა 21 000 (ოცდაერთი ათასი) აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3% სარგებლის დარიცხვით.

იმის გათვალისწინებით, რომ ხლშეკრულებით გათვალისწინებული იყო გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოვალე მხარის მიერ კრედიტორთან მიმართებაში, შესაბამისად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ ლ--–- კ-----ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად არ არის შესრულებული.

შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- შ----- უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან 2014 წლის 07 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დაკისრება მოპასუხეზე, კერძოდ:

სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელე მხარემ, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი, მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, მ----- შ----ის მიერ მოპასუხე ლ--–- კ-----ისათვის სესხის სახით 21000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

 

სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისათვის, რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის ზოგადი ნორმა (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი) ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი სესხის თანხის დაფარვით.

ძირითადი მტკიცებულება, რომელზეც მოსარჩელე მხარე ამყარებს, საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას და ადასტურებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტს, არის 2014 წლის 07 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მ----- შ-----მ ლ--–- კ-----ს 04 (ოთხი) თვის ვადით სესხად გადასცა 21 000 (ოცდაერთი ათასი) აშშ დოლარი. ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ------–---- ბ--------–---–ის N---, ბ-–---------, ნიშნული -9.9-8.1, ავ----------------- (მშენებარე).

გადაცემული სესხის თანხის ოდენობის სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, ასევე იმ გარემოებასთან დაკავშირებით თითქოს ნაწილი თანხა ეკუთვნოდა მესამე პირს, სასამართლო განმარტავს და ეთანხმება მოსარჩელის შეფასებას და მიუთითებს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ცალსახადაა მითითებული, რომ ,,ლ--–- კ-----მა ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით მ----- შ----ისაგან ისესხა 21000 (ოცდაერთიათასი) აშშ დოლარი, ოთხი თვის ვადით 3% სარგებლის დარიცხვით და გადახდით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, არგუმენტირებულად ვერ ჩაითვლება მოპასუხე მხარის ურთიერთთანმხვედრი პოზიცია და მოწმის ჩვენება, რომ გადაცემული სესხის თანხა შეადგენდა არა 21000 აშშ დოლარს, არამედ 17000 აშშ დოლარს და აღნიშნული თანხიდან მ----- შ----ის საკუთრებას წარმოადგენდა მხოლოდ 5500 აშშ დოლარი. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ ჩაითვლება იმ რელევანტურ მტკიცებულებად, რომელიც კრედიტორის თანხების ოდენობას დაადასტურებს, იმ დროს, როდესაც საქმეში მოთავსებულია მხარეთა შორის სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულება.

 

ამავე ხელშეკრულების მიხედვით „მხარეთა განცხადებით გადაცემულია სამი თვის სარგებელი % წინასწარ“ (მე-2 პუნქტი).

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოვალის ანუ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დადების დროს კრედიტორზე წინსწრებით უკვე გადახდილი იყო 3 თვის სარგებელი, შესაბამისად, მოპასუხეს მხოლოდ მე-4 თვის სარგებელი ჰქონდა დარჩენილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მითითებული სანოტარო წესით დადებული ხელშეკრულება მხარეთა მიერ არ გაგრძელებულა და არც ვადამდე შეწყვეტილა ერთ-ერთი მხარის ან მხარეთა ინიციატივით. შესაბამისად, ხელშეკრულებამ მოქმედების ვადის გასვლის გამო შეწყვიტა მოქმედება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ორ წერილობით დოკუმენტზე, რომელთაგან ერთ-ერთში მითითებულია ,,მე მ----- შ-----მ პროცენტის სახით ავიღე 600 (ექვსასი) დოლარი აპრილის. 7 აპრილის პროცენტი დარჩენილია 420 (ოთხას ოცი) დოლარი". ხოლო მეორე წერილობით დოკუმენტში მითითებულია: ,,10 მარტს 2015 წლის მომცეს 8000 აშშ დოლარის პროცენტი 240 აშშ დოლარი (ორას ორმოცი)", ,,8 აპრილი - ავიღე მე 200 (ორასი) დოლარი“), ,,დ--–--------–---–ი - ავიღე 400 (ოთხასი) დოლარი“, ,,მივიღე პროცენტის სახით 400 (ოთხასი) დოლარი“, ,,გავეცი ლ.კ-----ი 600 აშშ დოლარი“.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხები შეადგენს - სამი თვის პროცენტს (აღნიშნულს ცალსახად მიუთითებს 2014 წლის 07 ნოემბრის ხელშეკრულება), ასევე 1120 აშშ დოლარს, რომელსაც მოსარჩელე აღიარებს შესაგებელში (იხ. შესაგებელი) და ხელწერილებში მითითებულ 600 აშშ დოლარს, 240 აშშ დოლარსა და 200 აშშ დოლარს. სასამართლო გადახდილ თანხად ვერ ჩათვლის დ--–--------–---–ის მიერ მიღებულ 400 აშშ დოლარს და მიუთითებს, რომ დაუდგენელია თანხა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებშია თუ არა დ--–--------–---–ის მიერ მიღებული სასამართლოსთვის უცნობია და ამასთან, ეხება სხვა სუბიექტთა შორის ურთიერთობას, რის გამოც მითითებული თანხა ვერ ჩაითვლება მოაპსუხის მიერ მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულებად. ამასთან, რომც ჩაითვალოს, რომ დ--–--------–---–მა მიიღო თანხა კრედიტორის სასარგებლოდ, იგი მაინც ვერ გამოაკლდება სესხის თანხას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქმეში, რომელშიც სადავო იყო ფულადი ვალდებულების მესამე პირის მიმართ შესრულების სამართლებრივი საკითხი (ი--------------------------- 11 ნოემბერი, 2015 წელი).

 

მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის საფუძვლისა წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. როგორც წესი, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეები მხედველობაში ღებულობენ კონტრაჰენტის პიროვნებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან იღებენ ვალდებულებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები შეიძლება არ დაემთხვას ვალდებულების სუბიექტებს. ვალდებულების სუბიექტები ყოველთვის არიან კრედიტორი და მოვალე, ვალდებულება კი მოვალის ნაცვლად შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა და შესრულება მიიღოს არა კრედიტორმა, არამედ სხვამ. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია არა მხოლოდ ის, თუ ვინ ასრულებს ვალდებულებას, არამედ ისიც, თუ ვის მიმართ ხდება შესრულება. სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღებაზე კრედიტორმა განაცხადა თანხმობა ან/და მიიღო სარგებელი ეკისრება მოპასუხეს. რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

სასამართლო გადახდილად ვერ ჩათვლის პროცენტის სახით გადახდილ 400 აშშ დოლარსაც, ვინაიდან ვის მიერ არის მიღებული თანხა არ დგინდება, ისევე როგორც გადახდილად ვერ ჩათვლის 600 აშშ დოლარს, სადაც მოვალე უთითებს, რომ გასცა თანხა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სესხი გაიცა ოთხი თვის ვადით და აქედან მოსარჩელის მიერ გადახდილია სამი თვის სარგებელი, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული გადახდები - 1120 აშშ დოლარი, 200 აშშ დოლარი, 240 აშშ დოლარი და 600 აშშ დოლარი, სულ 2160 აშშ დოლარი, საიდანაც უნდა დაიფაროს დარჩენილი ერთი თვის სარგებელი 630 აშშ დოლარი და დარჩენილი ნაშთით -1530 აშშ დოლარით კი უნდა დაიფაროს ძირი თანხა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარგებლის ნაწილში არ უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ხოლო ძირი თანხის ნაწილში კი მოთხოვნილი თანხა შემცირდეს 1530 აშშ დოლარით, რაც შეადგენს 19470 აშშ დოლარს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადასახდელი ძირი თანხა უნდა განისაზღვროს 19470 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ვინაიდან სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს _ მოსარჩელეს, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელია _ მოვალე (მოპასუხე), ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს მტკიცებულება აღნიშნული თანხების ზევით ვალდებულების დასადასტურებლად, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება ხელწერილის გარეშე გაცემულ თანხებთან დაკავშირებით, სასამართლოსათვის სარწმუნო და საკმარისი ვერ იქნება.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულების მე-11 პუნქტით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, საერთო თანხის 0.12% ოდენობით, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - მთლიანი თანხის (დავალიანების) 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, იგი უნდა განისაზღვროს ძირი თანხის 0,01%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2015 წლის 08 მარტიდან 2016 წლის 06 ივლისამდე პერიოდზე.

7.4. კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას არის იპოთეკის საგანი, კერძოდ, 2014 წლის 07 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშკრულებიდან გამომდინარე იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტორს მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით არ შემოიფარგლებოდა მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, შესაბამისად, მოპასუხის მითითება, რომ ვინაიდან მოსარჩელე არ ითხოვდა იპოთეკის საგნის რეალიზაციას ამით ილახებოდა მისი უფლებები, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

7.4.

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მ----- შ----ის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარის ოდენობით, რაც მის მიერ გადასახდელ სახელმწიფო ბაჟზე ნაკლებია, ვინაიდან დაზუსტებული სარსარჩელო მოთხოვნის მიხედვით მოსარჩელეს უნდა გადაეხადა დავის საგნის ღირებულების ანუ 35742 აშშ დოლარის 3%, რაც სარჩელის შემოტანის დროს არსებული ვალუტის კურისის შესაბამისად შეადგენდა 2477 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 1000 ლარი აქვს გადახდილი მოსარჩელეს და ამასთან, მისი სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟი უნდა გადანაწილდეს შემდეგნაირად:

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 1477 ლარისა და 50 ლარის გადახდა, ვინაიდან მოპასუხე კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეს დაეკისროს მხოლოდ მოსარჩელის მიერ ამ ეტაპზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარის ანაზღაურება.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

იმის გათალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედო შ------------------------- (ს/ნ 4--------) საწესდებო კაპიტალში ლ--–- კ-----ი (პ/ნ 0----------) კუთვნილ 100% წილს და მოპასუხე ლ--–- კ-----ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ------–---- ბ--------–---–ის ქ---------, ს/კ №0-------------------------, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი----- შ----ის სარჩელი ლ--–- კ-----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ლ--–- კ-----ს მოსარჩელე ი----- შ----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2014 წლის 07 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 19470 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის ნაწილში - არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. მოპასუხე ლ--–- კ-----ს მოსარჩელე ი----- შ----ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2014 წლის 07 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლოს 21 000 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა 2015 წლის 08 მარტიდან სარჩელის შემოტანამდე ანუ 2016 წლის 06 ივლისამდე პერიოდზე, რაც ჯამურად შეადგენს 1018,50 აშშ დოლარს.

 

2. მოსარჩელე ი----- შ-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს 1477 ლარის (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) და 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) გადახდა.

 

3. მოპასუხე ლ--–- კ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედო შ------------------------- (ს/ნ 4--------) საწესდებო კაპიტალში ლ--–- კ-----ი (პ/ნ 0----------) კუთვნილ 100 % წილს და მოპასუხე ლ--–- კ-----ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–---, ბ--------–---–ის ქ---------, ს/კ №0-------------------------, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე