განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2018
საქმის ნომერი
330100118002699435
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2018წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–- გ-------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ------ ნ--------- ძე გ-----–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------–-, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- ქ------- ქუჩა #1-- ბინა #--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ---------- გ-------–--–- 5--ის მიმდებარე ტერიტორია

 

ადვოკატი - მ------ შ-------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2018 წლის 10 სექტემბერს, ზ------ გ-----–-–---–მა მეუღლეს ნ----- ქ------ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორჯერ ხელი ჩაარტყა თავში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.2018 წლის 26 სექტემბერს, ზ------ გ-----–-–---–მა მეუღლეს ნ----- ქ------ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ზურგის არეში, აგრეთვე ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რის შემდეგაც დააგდო ძირს და შემოახია კაბა. აღნიშნული ქმედებით ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ზ------ გ-----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ----- ქ------ და მოწმეების - თ-------–------ს, ნ---- გ-----–-–---–ის, ზ------ გ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ფიზიკური ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს, ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს და 26 სექტემბერს ბრალდებულმა ზ------ გ-----–-–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ----- ქ------. ძალადობის თითოეულ შემთხვევაში, რომელიც განხორციელდა ბრალდებულის მხრიდან ორი დამოუკიდებელი განზრახვით, - შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

3.3. რაც შეეხება, 2018 წლის 26 სექტემბრის ძალადობრივი ეპიზოდის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს, ბრალდებულმა ზ------ გ-----–-–---–მა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილის - 4 წლის მ---- გ-----–-–---–ის თანდასწრებით.

 

3.4 ასევე უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, ცოლი და ქმარი.

 

3.5.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. სასამართლო ასევე მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.7. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ზ------ გ-----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ------ გ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება - სინანული, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის დამძიმების კუთხით დანაშაულის მასშტაბს - ძალადობის ორ ეპიზოდს. ბრალდებულის ქმედების განსაკუთრებულ გასაკიცხაობას იწვევს ის გარემოებაც, რომ მეორე შემთხვევაში ძალადობა ჩადენილი იქნა არასრულწლოვანი (ოთხი წლის) შვილის თანდასწრებით, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს არასრულწლოვნის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მით უმეტეს, რომ აღნიშნულ ასაკში ბავშვის ფსიქიკა ადრეული ჩამოყალიბების სტადიაზეა და გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით, რაც ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.

 

5.3.დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ზ------ გ-----–-–---–ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გამოთქვამს სინანულს ჩადენილი ქმედების გამო. აქვე სასასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება, ავტომატურად არ განიხილება შემამსუბუქებელ გარემოებად, მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ მოძალადე გაცნობიერებულად ღიად გამოხატავს ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლის სურვილს, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ მან გამოძიების დაწყებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, არასრულწლოვანი მოწმეების მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან არიდების მიზნით, უდავოდ გახადა აღნიშნულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და უარი განაცხადა სასამართლოში მათ მოწვევაზე, ასევე უდავოდ გახადა საქმის სხვა მტკიცებულებები, მათ შორის მსხვერპლის გამოკითხვის ოქმი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის სოციალურ მდგომარეობას, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ზ------ გ-----–-–---–ის ხანგრძლივი იზოლაციით, ოჯახს სოციალური დახმარების თვალსაზრისით შეექმნება ეკონომიკური პრობლემი, რაც არასრულწლოვანი შვილების საყოფაცხოვრებო საჭიროებებს მნიშველოვნად შეამცირებს.

 

5.4.დაცვის მხარის მოთხოვნას, არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან სრულად პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე, სასამართლო არ ითვალისწინებს, ვინაიდან 5.2. პუნქტში მითითებული დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მოთხოვნილი სასჯელი არის არაპროპორციული და ჩადენილი ქმედებების არათანაზომიერი. თუმცა, ვინაიდან ზ------ გ-----–-–---–მა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის განსაზღვრის დროს გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 5--ე მუხლის მე-5 ნაწილი. დასახელებული ნორმის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.

 

5.5.ოჯახში ძალადობის გაგრძელების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან ზ------ გ-----–-–---–ი ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულს დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ კომპიუტერლ დისკზე - შენახულ უნდა იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კაბა - დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ გ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2.ზ------ გ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდეს სასჯელის ნაწილის 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1(ერთი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ------ გ-----–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5--ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდეს სასჯელის ნაწილის 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6(ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ზ------ გ-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 სექტემბრიდან.

 

5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კაბა - დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა