გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.12.2018
საქმის ნომერი
010210017002118737
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002118737

№2-3761/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი მ-----------

მოპასუხე ა-----------------ი

წარმომადგენელი მ--–----------–--ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ა-----------------ზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხების დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება 9522,78 ლარის ოდენობით (დაზუსტებული მოთხოვნა).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2010 წლის 12 თებერვალს ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიასა და მეორე მხრივ ა-----------------ს შორის გაფორმდა ”სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების“ აქტი, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის მერიამ აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია ქ. ბათუმში, მ---------–--ის გამზირი ქ29-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა-----------------ის სასარგებლოდ 82,62 კვმ საერთი ფართის მანსარდული სართულის დაშენება. ამავე აქტით ა-----------------ს დაეკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, მ---------–--ის გამზირი ქN29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბათუმის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ-ზე 200 ლარის ოდენობით თანხა, სულ 16 524 ლარი. ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზედაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა აქტზე თანდართული დანართით. კერძოდ, ა-----------------ი ვალდებული იყო 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1652,4 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 12 თებერვლის ”სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების“ აქტი დანართითურთ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები მათ შორის 2010 წლის 12 თებერვალს გაფორმებული ”სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების“ აქტით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ აღნიშნული აქტის 1.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა-----------------ის მიერ წინამდებარე აქტით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 12 თებერვლის ”სამუშაოთა განხორციელების დადასტუდების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების“ აქტი და დანართი.

 

3.2.2. დადგენილია, რომ ა-----------------ის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი. კერძოდ მის მიერ 2017 წლის ივლისამდე გადახდილი იქნა 11566,80 ლარი, ხოლო დარჩენილი ძირი დავალიანების დაფარვა მოპასუხის მიერ განხორციელდა სარჩელს აღძვრის შემდეგ 2018 წლის 11 დეკემბერს. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ შეთანხმებით გათვალისწინებულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 9522,78 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 2010 წლის 12 თებერვლის ”სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების“ აქტი დანართითურთ.

- პირგასამტეხლოს დაანგარიშება (კალკულაცია).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ა-----------------ს ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 952,27 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 400, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლი).

 

6.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სსკ მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

 

6.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, 2010 წლის 12 თებერვალს ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიასა და მეორე მხრივ ა-----------------ს შორის გაფორმდა ”სამუშაოთა განხორციელების დადასტურების შედეგად დაშენებული ფართის მიღება-ჩაბარების“ აქტი, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბათუმის მერიამ აიღო ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებია ქ. ბათუმში, მ---------–--ის გამზირი ქ29-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა-----------------ის სასარგებლოდ 82,62 კვმ საერთო ფართის მანსარდული სართულის დაშენება. ამავე აქტით ა-----------------ს დაეკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, მ---------–--ის გამზრი ქN29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბათუმის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ-ზე 200 ლარის ოდენობით თანხა, სულ 16 524 ლარი. ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზედაც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა აქტზე თანდართული დანართით. კერძოდ, ა-----------------ი ვალდებული იყო 2010 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2010 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2011 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 1652,4 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე გადაეხადა 1652,4 ლარი.

 

ამავე აქტის 1.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა-----------------ის მიერ წინამდებარე აქტით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ ა-----------------ის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გრაფიკი. მართალია მის მიერ საბოლოოდ სრულად იქნა გადახდილი ძირი დავალიანება, მაგრამ ასევე მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა გადახდის ვადები და მის მიერ ძირი დავალიანება დაიფარა ფაქტიურად სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2018 წლის 11 დეკემბერს.

 

6.4. სწორედ, ზ/აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო წარმოეშვა მოსარჩელეს პასუხეზე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ამ სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე დავის ფარგლებში, დადგენილია მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი (361-ე, 400-ე მუხლები). ანუ, ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში ა-----------------ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილებაა და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვინაიდან არსებობდა მხარეებს შორის შეთანხმება ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხემ გაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, შესაბამისად არსებობს მოპასუხეზე ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების საფუძველი.

 

6.6. ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებს პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

6.8. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რომელიც ინფორმაციული და არა არსებითია, მით უფრო იმ პირობებში, რომ მისი დარღვევა გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა საერთოდ ვალდებულების შეუსრულებლობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0,1 %-ს დარღვეის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მოცემულ შემთხვევაში შეადგინა 9522,78 ლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება 10-ჯერ, ანუ 0,01 %-მდე. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ა-----------------ის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მის მიერ გადასახდელ პირგასამტეხლოდ ნაცვლად 9522,78 ლარისა უნდა განისაზღვროს 952,27 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ. ბათუმის მერია სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 39–ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა ა-----------------ზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ა-----------------ს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 952,27 ლარის ოდენობით.

1.2. ა-----------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე