გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.06.2018
საქმის ნომერი
160210017002179957
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210017002179957

N2/1121-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ივნისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივნები: ვერიკო ნინიაშვილი, სალომე ჯელიაშვილი

მოსარჩელე - არ-------------ი

მოპასუხე - ზუ-------------–--ე

წარმომადგენელი - ან-------------ი

თარჯიმანი - ევ------------------ი

დავის საგანი - ბეს თანხის ორმაგად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოსარჩელე არ-------------ის სასარგებლოდ მოპასუხე ზუ-------------–--ისათვის 2000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-13);

 

არ-------------ის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 18 აგვისტოს, არ-------------სა და ზუ-------------–--ეს შორის დაიდო წერილობითი ბეს შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება არაუგვიანეს 2017 წლის 22 აგვისტომდე უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო და ვარგის მდგომარეობაში ნასყიდობით 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაეცა არ-------------ისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალება (მარკა, მოდელი: Mercedes Benz E220), გამოშვების წელი 2016), რისთვისაც არ-------------მა ზუ-------------–--ეს გადაუხადა 1000 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულია მოპასუხის ხელმოწერით. შეთანხმების თანახმად, ბე-ს სახით გადახდილი თანხის გამოკლებით, დარჩენილი ნაწილი ანუ 19000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ნასყიდობის საგნის გაფორმებისთანავე. დათქმული დროიდან საკმაოდ დიდი ხნის გასვლის მიუხედავად, მოპასუხემ არ შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არც ბეს სახით გადახდილი თანხა არ დაუბრუნებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგად დაბრუნება (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-13).

 

2. მოპასუხე ზუ-------------–--ის პოზიცია

 

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ზუ-------------–--ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ავტომანქანის შეძენა უნდოდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალი აირანჯს და არ-------------ი მოქმედებდა მისი სახელით. მოპასუხის მითითებით, მის მიერ ჩამოყვანილი იქნა ავტომანქანა, მაგრამ ბეს მიმცემის მიერ არ იქნა გადახდილი მხარეთა მიერ შეთანხმებული საბოლოო თანხა, რის გამოც ვერ მოხდა საბოლოოდ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მოპასუხის მითითებით, აღნიშნულის გამო იგი მნიშვნელოვნად დაზარალდა, ვინაიდან, მანქანის ჩამოყვანასთან დაკავშირებული ხარჯები მის მიერ იქნა გაწეული. მოპასუხის მითითებით, ბეს მიმცემმა ბრალეულად დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულება, რის გამოც ბეს თანხა უნდა დარჩეს მიმღებს (იხ. შესაგებელი ს.ფ. 31-38).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების მიხედვით, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ-------------მა, მოპასუხე ზურაბ ბერდელაძეს 2017 წლის 18 აგვისტოს გადასცა 1000 აშშ დოლარი (იხ. სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 18 აგვისტოს, ზუ-------------–--ესა და არ-------------ს შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება შემდეგ პირობებზე: ბეს შეთანხმების გაფორმებისთანავე მყიდველი უხდის გამყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან ჯამში 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარიდან 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარს. მყიდველი იღებს ვალდებულებას ნასყიდობის საგნის დარჩენილი ღირებულება ანუ ჯამში 19 000 (ცხრამეტი ათასი) აშშ დოლარი გადაუხადოს ნასყიდობის საგნის მყიდველზე გაფორმებისთანავე, რაზეც შსს მომსახურების სააგენტოში გამყიდველსა და მყიდველს შორის გაფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი ნივთობრივად და სამართლებრივად უნაკლო და ვარგის მდგომარეობაში. ნასყიდობის საგანია: მარკა, მოდელი: MERCEDES BENZ E220, გამოშვების წელი - 2016.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს ვალდებულების შესრულების ვადას, თუმცა ზუ-------------–--ემ დაადასტურა, რომ მას ავტომანქანა უნდა ჩამოეყვანა ხელშეკრულების დადებიდან 10-15 დღის განმავლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 14);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 22.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 12:58:09; 12:50:14).

 

3.2.2. მტკიცების საგანში შემავალ სადავო გარემოებას წარმოადგენს გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ავტომანქანა შეთანხმებულ ვადაში ზუ-------------–--ეს მისთვის არ გადაუცია. მოპასუხე მხარე კი განმარტავს, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე მისი შეკვეთით კონკრეტული ავტომანქანა რუსეთის ფედერაციიდან ჩამოყვანილი იქნა საქართველოში 2017 წლის 25 აგვისტოს, მყიდველთან ვერ შეთანხმდნენ ავტომანქანის საბაჟო მოსაკრებლის გადახდის წესზე, რის გამოც მყიდველმა უარი განაცხადა შეძენაზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

სადავო გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა რუ--–-------------ი, რომელმაც განმარტა, რომ იგი დაკავებულია ავტომანქანების ბიზნესით; მან ზუ-------------–--ე გაიცნო ავტომანქანების ბაზრობაზე. 2017 წლის აგვისტოს თვეში მასთან მივიდა ზუ-------------–--ე და უთხრა, რომ ჰყავდა მყიდველი და უნდოდა ჩამოეყვანა 2016 წელს გამოშვებული ,,MERCEDES BENZ E220“ მარკის ავტომანქანა. რუსლან ტაგირომა აჩვენა აღნიშნული მონაცემების მქონე ავტომანქანის ფოტოები, აუხსნა, რომ მანქანის ჩამოსაყვანად გასაწევი იქნებოდა გარკვეული ხარჯები, ხოლო ზუ-------------–--ემ უთხრა, რომ დაელაპარაკებოდა მყიდველს აღნიშნულ საკითხზე. შემდეგ ზუ-------------–--ემ მას გადასცა 1000 აშშ დოლარი, ხოლო მან აღნიშნული თანხა გაუგზავნა რუსეთში მეგობარს და მათ 10 დღეში მანქანა ჩამოიყვანეს საქართველოში, დაახლოებით აგვისტოს ბოლოს. შეთანხმების თანახმად, მანქანის ღირებულება შეადგენდა 20000 აშშ დოლარს, საბაჟო მოსაკრებლის გარეშე. მანქანა მყიდველს თვითონ უნდა განებაჟებინა. მანქანის ჩამოყვანის შემდეგ, ორი პიროვნება მივიდა სანახავად, თუმცა მათ შორის არ-------------ი არ ყოფილა, ნახეს მანქანა და მოეწონათ, თუმცა აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობდნენ და რუ--–-------------ს საუბრის შინაარსი არ გაუგია. მანქანის ნახვის შემდეგ, დაახლოებით 2-3 კვირა ელოდებოდნენ, თუმცა მათ რაღაც გაუგებრობის გამო მანქანა არ იყიდეს და მანქანის მესაკუთრემ სხვა პირზე გაასხვისა. რუ--–-------------ის განმარტებით, მას ზუ-------------–--ესთან ჰქონდა უთანხმოება აღნიშნულ საკითხზე. ზუ-------------–--ემ მას უთხრა, რომ მყიდველებმა შეცვალეს პირობები და მისი ბრალი არ იყო. რუ--–-------------ის მითითებით, მისთვის 1000 აშშ დოლარი არ დაუბრუნებიათ და არც მას არ გადაუცია ზუ-------------–--ისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ზუ-------------–--ის მიერ შეთანხმებული მყიდველები იყიდნენ მანქანას, თანხის ნაწილს მისცემდნენ მას და ისიც ზუ-------------–--ეს გაუყოფდა, თუმცა რადგან მანქანის გაყიდვა მოხდა მათ გარეშე, არც მისთვის და არც ზუ-------------–--ისათვის თანხა არ გადაუხდიათ.

 

საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზუ-------------–--ის მიერ შესრულებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და რუსეთის ფედერაციიდან ჩამოყვანილი იქნა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული მარკისა და მოდელის ავტომანქანა. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით არ-------------ს სარჩელის აღძვრამდე ზუ-------------–--ისათვის არ მიუმართავს. ამასთან, თავად მოსარჩელე მხარემ დაადასტურა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების დროისთვის ავტომანქანა საქართველოში არ იყო ჩამოყვანილი და ზუ-------------–--ეს უნდა უზრუნველეყო შეთანხმებულ ვადაში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოყვანა.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ შეთანხმებული ავტომანქანა ზუ-------------–--ის მიერ ჩამოყვანილი იქნა საქართველოში, დადასტურებულია მოპასუხის ახსნა-განმარტებითა და მოწმის ჩვენებით. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულებაზე, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, კანონი არ ითვალისწინებს მოძრავ ნივთთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულებას, ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენდა ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, რის გამოც წერილობით მტკიცებულებას რაიმე უპირატესობა ვერ მიენიჭება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე რუ--–-------------ის ჩვენება (იხ. 22.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:06:47-13:32:50);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (22.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 12:56:05).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, 22.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 12:58:09).

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ზუ-------------–--ის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე არ-------------ი იყო შუამავალი პირი, ხოლო მანქანის რეალური მყიდველი იყო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და სწორედ იგი ახდენდა მოლაპარაკებებს, ხოლო არ-------------თან არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონია. მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ამასთან, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც დავაში მონაწილე პირები წარმოადგენენ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შემდეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ-------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

იმისათვის, რათა განისაზღვროს თითოეული მხარის ვალდებულება და მტკიცების საგანში შემავალი სხვა ფაქტობრივი გარემოებები, აუცილებელია შეფასდეს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, რომლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია - ხელშეკრულების საგანი და ფასი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს, ზუ-------------–--ესა და არ-------------ს შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება შემდეგ პირობებზე: ბეს შეთანხმების გაფორმებისთანავე მყიდველი უხდის გამყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან ჯამში 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარიდან 1000 (ერთი ათასი) აშშ დოლარს. მყიდველი იღებს ვალდებულებას ნასყიდობის საგნის დარჩენილი ღირებულება ანუ ჯამში 19 000 (ცხრამეტი ათასი) აშშ დოლარი გადაუხადოს ნასყიდობის საგნის მყიდველზე გაფორმებისთანავე. გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი ნივთობრივად და სამართლებრივად უნაკლო და ვარგის მდგომარეობაში. ნასყიდობის საგანია: მარკა, მოდელი: MERCEDES BENZ E220, გამოშვების წელი - 2016.

 

წერილობითი შეთანხმებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს - არ-------------სა და ზუ-------------–--ეს შორის, 2017 წლის 18 აგვისტოს დაიდო მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც სრულიად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 477-ე მუხლის მოთხოვნებს (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები). ნასყიდობის ხელშეკრულება ასევე შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ბეს სახით გადასახდელი თანხის ოდენობის შესახებ. მხარეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ზუ-------------–--ეს 1000 აშშ დოლარი ბეს სახით გადასცა არ-------------მა, რომელიც ჩაითვლებოდა ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი, ხოლო ამავე კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად, ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო, თუ არ ჩაითვლება,- ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე, 422-ე, 477-ე, 327-ე მუხლების შინაარსის გათვალისწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დაიდო მხოლოდ ბეს შეთანხმება და ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო მას შემდეგ, რაც ზუ-------------–--ე საქართველოში ჩამოიყვანდა მანქანას. წარმოდგენილი შეთანხმებით მხარეებმა იკისრეს ვალდებულებები, რაც გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებიდან. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ ბე არის აქცესორული უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იდება უკვე შემდგარი და არა სამომავლო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. ბე ძირითადი ხელშეკრულების ნაწილია და იგი იმ ფორმის დაცვით უნდა გაფორმდეს როგორსაც კანონი ითვალისწინებს ძირითადი ხელშეკრულებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ნასყიდობის საგანზე და ბეს სახით გადასახდელი ფულადი თანხის ოდენობაზე.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ასევე დადგენილია, რომ ნასყიდობის საგანი, კონკრეტული მარკისა და მოდელის ავტომანქანა, ზუ-------------–--ეს, რუსეთის ფედერაციიდან უნდა ჩამოეყვანა არ-------------ისათვის ხელშეკრულების დადებიდან 10-15 დღეში და მყიდველისათვის უნდა გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში. ხელშეკრულების შესრულების ადგილი მხარეთა მიერ განსაზღვრული არ ყოფილა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ავტომანქანა შეთანხმებულ ვადაში ზუ-------------–--ეს მისთვის არ გადაუცია, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ბეს დაბრუნება ორმაგი ოდენობით. მოპასუხე მხარე კი განმარტავს, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე მისი შეკვეთით კონკრეტული ავტომანქანა ჩამოყვანილი იქნა საქართველოში 2017 წლის 25 აგვისტოს, მყიდველთან ვერ შეთანხმდნენ ავტომანქანის გაფორმებისათვის საჭირო ხარჯების გადახდის წესზე, რის გამოც მყიდველმა უარი განაცხადა შეძენაზე და შესაბამისად, მას აღარ უნდა დაეკისროს ბეს დაბრუნების ვალდებულება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლზე, რომლის თანახმად თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, ხოლო თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამდენად, ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დადგომის მიზნით აუცილებელია განისაზღვროს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დამრღვევი მხარე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმის ჩვენების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაარღვია მყიდველმა, რაც გამოიხატა ნასყიდობის საგნის მიუღებლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს შეთანხმებით, ზუ-------------–--ემ იკისრა ვალდებულება ჩამოეყვანა საქართველოში და მყიდველისათვის გადაეცა 2016 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ E220-ის მარკის ავტომანქანა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში შეთანხმების დადებიდან 10-15 დღის ვადაში. თავის მხრივ, მყიდველმა არ-------------მა იკისრა ვალდებულება ნასყიდობის საგნის დარჩენილი ოდენობის 19000 აშშ დოლარის ზუ-------------–--ისათვის გადაცემის შესახებ მანქანის მყიდველზე გაფორმებისთანავე. ხელშეკრულების შესრულების ადგილი მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ უზრუნველყო რუსლან ტაგიევის მეშვეობით რუსეთის ფედერაციიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მარკისა და მოდელის ავტომანქანის საქართველოში ჩამოყვანა. საქმის მასალებით კი არ დგინდება მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 362-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს,მაშინ საგნის მიწოდება შემდეგნაირად უნდა მოხდეს:

ა. ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის შემთხვევაში - იმ ადგილას, სადაც იგი ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის იმყოფებოდა;

ბ. გვარეობით განსაზღვრული საგნის შემთხვევაში - იმ ადგილას, სადაც იმყოფება მოვალის საწარმო; თუ ასეთი არ არის, მაშინ - მისი საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

ამდენად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული გვარეობითი ნივთის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებების შემთხვევაში, ნორმის სუბსიდიური რეგულირებით, ვალდებულების შესრულების ადგილი მოვალის ადგილსამყოფელია. შესაბამისად, კრედიტორს შესრულების საგნის წამოღების ვალდებულება აქვს და მასთან დაკავშირებული რისკებიც მას ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი არ ყოფილა და მიეკუთვნებოდა გვარეობით განსაზღვრულ ნივთს (ნივთი, რომლის შეცვლაც შესაძლებელია) შესაბამისად, კრედიტორს - არ-------------ს ეკისრებოდა გამყიდველისგან ნივთის წაღების ვალდებულება, მოვალის - ზუ-------------–--ის ადგილსამყოფელის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს სსკ-ის 478-ე მუხლზე, რომლის თანახმად გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები - მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ არ მიიღო ნასყიდობის საგანი, ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება ნასყიდობის საგნის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 488-493 მუხლებით, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მოპასუხეს ბეს დაბრუნების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით არ-------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ზუ-------------–--ეს (პ/ნ 2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. მა-------–----------–----------ის გზის მ/ტ, ს/კ 83.02.17.5--) გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად არ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. არ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ზუ-------------–--ეს (პ/ნ 2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. მა-------–----------–----------ის გზის მ/ტ, ს/კ 83.02.17.5--) გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე