გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2019
საქმის ნომერი
330210015001202011
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2/27751-15

11 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ქეთევან ლოთიშვილი

მოსარჩელე შო----–----ა

წარმომადგენელი უჩ-------ა

მოპასუხეები: წარმომადგენელი შპს ,,ფო-----------ი", თა------------ე, და------------–--ა, ნი-----------ე რა–------------–---–ი

დავის საგანი თანხის გადახდის დაკისრება, ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის შპს ,,CA--------"-ის სასარგებლოდ სოლიდარულად 762 464,69 ლარის გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხე შპს ,,ფო-----------ისთვის" შპს ,,CA--------"-ის სასარგებლოდ 56 611,2 ლარის გადახდის დაკისრება; 1.3. თა------------ეს და ნი-----------ეს შორის 2014 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 0----------------------) ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 1.4. თა------------ეს და ნი-----------ეს შორის 2014 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 0----------------------) ჩუქების ხელშეკრულების ბათილად. ცნობა; (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 3, ს.ფ. 23-29). სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: (სასარჩელო მოთხოვნა 1.1.) შო----–----ა და და------------–--ა შეთანხმდნენ დაეფუძნებინათ კომპანია, რომლის საქმიანობის სფერო იქნებოდა იაპონიიდან ავტომანქანების ტრანსპორტირება, ხოლო თითოეული პარტნიორი იქნებოდა კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი. 2012 წლის 09 სექტემბერს, დაჩქარებული წესით დაფუძნდა შპს ,,CA--------S". იმის გამო, რომ შო----–----ა კომპანიის რეგისტრაციის დროს არ იმყოფებოდა თბილისში, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა და------------–--ა. მოგვიანებით, და------------–--ამ შო----–----ას გადაუფორმა კომპანიის მხოლოდ 49%-იანი წილი. და------------–--ა იყო ამავდროულად შპს ,,CA--------"-ის დირექტორი. და------------–--ას მიერ დარღვეული იქნა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, რის გამოც შპს ,,CA--------"-ს მიადგა ზიანი. მოგვიანებით, შპს ,,CA--------"-ის დირექტორი გახდა თა------------ე, რომელმაც არ მიიღო შესაბამისი ზომები კომპანიის ყოფილი დირექტორის და------------–--ას მიმართ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით, რითაც თავის მხრივ დაარღვია კომპანიის მიმართ მისი მოვალეობა. და------------–--ას მხრიდან კომპანიის მიმართ ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობის დარღვევა და აღნიშნული მოვალეობის დარღვევით კომპანიისთვის მიყენებული ზიანი გამოიხატა შემდეგში: 1. 2013-2014 წლებში და------------–--ას, როგორც კომპანიის დირექტორს, ხელფასის სახით უსაფუძვლოდ აქვს მიღებული 101 602,25 ლარი, ვინაიდან არ არსებობდა პარტნიორთა გადაწყვეტილება და------------–--ასთვის ხელფასის დანიშვნის თაობაზე. კომპანიის საბუღალტრო პროგრამის მონაცემებით დგინდება, რომ და------------–--ას სხვადასხვა დროს ხელფასის სახით მიღებული აქვს სხვადასხვა ოდენობის თანხები. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ და------------–--ა თვითნებურად განსაზღვრავდა მის მიერ პერიოდულად მისაღები თანხების ოდენობას. 2. 2014 წლის 21 იანვრიდან 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში და------------–--ამ შპს ,,CA--------"-ის სახელით ,,კ----------–------ს" გადაურიცხა 6 060 ლარი. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ შპს ,,CA--------"-ს მომსახურება არ მიუღია. 3. 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში და------------–--ამ პირადი საჭიროებისთვის გახარჯა შპს ,,CA--------"-ის კუთვნილი ფულადი სახსრები 4 594,7 ლარის ოდენობით. 4. 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში და------------–--ამ პირადი საჭიროებისთვის გახარჯა შპს ,,CA--------"-ის კუთვნილი ფულადი სახსრები 5 399,28 ლარის ოდენობით. 5. 2014 წლის თებერვლიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში და------------–--ამ შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან ერთ-ერთ იაპონურ კომპანიას გადაურიცხა 36 724,25 ლარი. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ შპს ,,CA--------"-ს მომსახურება არ მიუღია. 6. 2013 წლის დეკემბრის თვეში და------------–--ამ შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებით გადაიხადა ავეჯის ღირებულება, თუმცა შეძენილი ავეჯით სარგებლობდა შპს ,,ფო-----------ი" და არა შპს ,,CA--------". 7. 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის აპრილის პერიოდის ჩათვლით და------------–--ამ შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან იაპონურ კომპანია შპს ,,ბ--------------" გადაურიცხა 260 352,2 ლარი. იაპონური კომპანიის საქმიანობის სფეროს მართალია წარმოადგენს ავტომობილებით ვაჭრობა, თუმცა შპს ,,CA--------"-ს გადახდილი თანხის სანაცვლოდ მომსახურება ან საქონელი არ მიუღია. 8. 2015 წლის 19 თებერვალს საგადასახადო შემოწმების შედეგად კომპანიას დაერიცხა საგადასახადო დავალიანება, მათ შორის, ჯარიმები არასწორი ანგარიშგების გამო და საურავები. ბუღალტრული წარმოების უხეშად დარღვევის და გადახდის წყაროსთან არასწორი დაბეგვრის გამო ჯარიმის და საურავის სახით კომპანიას სულ დაერიცხა 42 962,08 ლარი. 9. 2014 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით, შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშზე განთავსებული იყო 85 134,16 ლარი, ხოლო სალაროში - 610,8 ლარი. 2017 წლის 29 მაისს და 23 ივნისს გამართულ პარტნიორთა კრებაზე კი, კომპანიის იმჟამინდელმა დირექტორმა თა------------ემ განაცხადა, რომ კომპანიას აქტივი არ გააჩნდა და კომპანიის ინვენტარიც კი საგადასახადო ორგანოს მიერ გაყიდული იქნა საგადასახადო დავალიანების გამო. 10. 2014 წლის მდგომარეობით შპს ,,CA--------"-ის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება შეადგენდა 187 360,32 ლარს. მიუხედავად ამისა, კომპანიის დირექტორებმა თა------------ემ და და------------–--ამ არ მიიღეს ზომები დებიტორული დავალიანების ამოსაღებად. შესაბამისად, დირექტორების უმოქმედობის გამო, კომპანიამ დაკარგა მითითებული ოდენობით თანხის მიღების შესაძლებლობა. 11. 2014 წლის 22 აპრილს და 2014 წლის 07 მაისს, და------------–--ამ თავის ადვოკატს ნა----–-------------ს შპს ,,CA--------"-ის ანგარიშიდან გადაუხადა მომსახურების ღირებულება 8 792,9 ლარი, თუმცა მომსახურება მიიღო პირადად და------------–--ამ და არა შპს ,,CA--------"-მა. 12. 2014 წლის 21 ივნისს და 2014 წლის 16 ივლისს, და------------–--ამ საადვოკატო ბიუროს შპს ,,CA--------"-ის ანგარიშიდან გადაუხადა მომსახურების ღირებულება 17 651,5 ლარი, თუმცა მომსახურება მიიღო პირადად და------------–--ამ და არა შპს ,,CA--------"-მა. (სასარჩელო მოთხოვნა 1.2.) 2014 წლის 04 ივლისს, შპს ,,CA--------"-ის დირექტორმა და------------–--ამ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შპს ,,C-------------------"-ს გადაურიცხა 56 611,2 ლარი. (სასარჩელო მოთხოვნა 1.3) შო----–----ამ განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და------------–--ას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის თაობაზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე მოხდა და------------–--ას დაკავება და შემდგომში მისთვის მსჯავრის დადება. და------------–--ას დაკავებისთანავე თა------------ემ, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, გააფორმა უძრავი ქონების ჩუქების ორი ხელშეკრულება მის ბიძაშვილთან - ნი-----------ესთან. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე თა------------ის ორი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ნი-----------ის საკუთრებად. აღსანიშნავია, რომ გაჩუქებულ უძრავ ქონებაში კვლავ ცხოვრობს თა------------ე და------------–--ასთან ერთად, ასევე აბონენტად კვლავ რეგისტრირებულია თა------------ე. ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები გაფორმდა მოჩვენებით, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას რეალური შედეგი მოჰყოლოდა. (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 3, ს.ფ. 3-29, იხ. 2018 წლის 25 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეები და------------–--ა და თა------------ე სარჩელს არ ცნობენ. მოპასუხეების შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სარჩელში მითითებული ოდენობით თანხა მართალია კომპანიის დირექტორის და------------–--ას მიერ გახარჯული იქნა, თუმცა თანხების ხარჯვა განხორციელდა კომპანიის ინტერესების შესაბამისად, კერძოდ: 1) შპს ,,CA--------"-ს დირექტორად ყოფნის პერიოდში და------------–--ამ ხელფასის სახით მიიღო 101 602,5 ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს კომპანიის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელების პროპორციულ ანაზღაურებას. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეზღუდვას დირექტორის მიერ სხვადასხვა თვეში განსხვავებული ოდენობის ხელფასის მიღებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ შო----–----ა არ ეთანხმებოდა დირექტორის მიერ მითითებული ოდენობით ხელფასის მიღებას, მას შეეძლო ამ საკითხთან დაკავშირებით მოეწვია პარტნიორთა კრება, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. 2) ,,კ----------–------სთვის" გადარიცხული თანხის გამო და------------–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ სასამართლოს განაჩენის საფუძველზე. განაჩენით განსაზღვრული თანხა სულ 45 246 ლარი და------------–--ამ აუნაზღაურა შო----–----ას. 3) 4 594,7 ლარი და 5 399,28 ლარი და------------–--ას მიერ გახარჯული იქნა კომპანიის მიმდინარე საჭიროებებისთვის, რაც მოიცავდა ოფისის მიმდინარე ხარჯებს, თანამშრომლების კვების, საკანცელარიო ნივთების, ინვენტარის და ა.შ. ხარჯებს. 4) კომპანია ,,ბ-------------------" შპს ,,CA--------"-სთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა საშუამავლო საქმიანობას. სწორედ აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ გადაუხადა 36 724,25 ლარი შპს ,,CA--------"-მა კომპანია ,,ბიზნეს ბანკ გრუპს". 5) და------------–--ამ 5 220 ლარით ავეჯი შეიძინა შპს ,,CA--------"-ისთვის, რომელიც სარგებლობდა აღნიშნული ავეჯით. 6) შპს ,,CA--------"-მა კომპანია ,,ბ--------------" 260 352,2 ლარი გადაურიცხა კონტეინერის მომსახურების და კონტეინერებში ავტომანქანების ჩატვირთვის მომსახურების სანაცვლოდ. კომპანია ,,ბ-------------ის" მიერ გამოგზავნილი წერილით დასტურდება, რომ შპს ,,CA--------"-ის მიერ აღნიშნულ მომსახურებაში 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის აპრილამდე გადარიცხული თანხა ჯამურად შეადგენდა დაახლოებით 150 000 აშშ დოლარს. 7) საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საგადასახადო დავალიანების არსებობის ფაქტი. ამასთან, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც, არ არსებობს აღნიშნული თანხის და------------–--ას და თა------------ისთვის დაკისრების საფუძველი. 8) უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მესამე პირებს შპს ,,CA--------"-ის მიმართ გააჩნიათ დებიტორული დავალიანება 187 360,32 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მესამე პირების მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული შპს ,,CA--------"-ის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება. ამდენად, და------------–--ას არ დაურღვევია ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 9.6. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. შესაბამისად, არ არსებობს მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. აღნიშნული გარემოების გამო, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა თა------------ის მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შო----–----ას სარჩელი, მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად, 762 464,69 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებლები, ტომი 3, ს.ფ. 149-157, 167-175, განცხადება, ტომი 3, ს.ფ. 285-287, იხ. 2018 წლის 25 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი). მოპასუხე შპს ,,ფო-----------ი" სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2014 წლის 04 ივლისს, შპს ,,CA--------"-ის მიერ შპს ,,ქ---------------------------ისთვის" გადარიცხული იქნა 56 611,2 ლარი. აღნიშნული თანხით დაფარული იქნა დავალიანება, რომლიც შპს ,,CA--------"-ს გააჩნდა შპს ,,ქ---------------------------ის" მიმართ. შპს ,,CA--------"-ს შპს ,,ქ---------------------------ის" მიმართ დავალიანება წარმოეშვა შემდეგი გარემოებების გამო: შპს ,,ქ---------------------------ს" და შპს ,,მ------------------" შორის გაფორმებული ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე ტრანსპორტირებისთვის გაიგზავნა 12 ერთეული კონტეინერი. ტვირთის მიმღები უნდა ყოფილიყო შპს ,,ქ---------------------------ი", თუმცა ტვირთის გამგზავნის ,,B------------"-ს თანამშრომლის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა და ტვირთის მიმღებად შპს ,,ქ---------------------------ის" ნაცვლად ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული იქნა - შპს ,,CA--------". თავის მხრივ, გადამზიდავი კომპანიის შპს ,,მ------------------" მიერ კონტეინერის ინვოისები გამოწერილი იყო შპს ,,ქ---------------------------ზე", საერთო თანხით 36 600 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა შპს ,,მ------------------" სასარგებლოდ გადარიცხული იქნა შპს ,,ქ---------------------------ის" მიერ, თუმცა ტვირთის და ავტომობილის შემძენთაგან შემოსავალი მიიღო შპს ,,CA--------"-მა. ამდენად, კონტეინერში განთავსებული ავტომობილების მფლობელებისაგან ტრანსპორტირების საფასური შპს ,,ქ---------------------------ის" ნაცვლად მიიღო შპს ,,CA--------"-მა. 2014 წლის 04 ივლისს, შპს ,,CA--------"-მა შპს ,,ქ---------------------------ს" დაუბრუნა ავტომობილების მფლობელებისგან მიღებული ტრანსპორტირების თანხა. გადარიცხული თანხა 56 611,2 ლარი 2014 წლის 04 ივლისს არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენდა დაახლოებით 32 000 აშშ დოლარს. ამდენად, შპს ,,CA--------"-ის მიერ შპს ,,ქ---------------------------ისთვის" გადარიცხული თანხა წარმოადგენდა შპს ,,CA--------"-ის მიერ შეცდომით მიღებული ტრანსპორტირების თანხის (36 600 აშშ დოლარის) ნაწილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შო----–----ას მოთხოვნა, შპს ,,ფო-----------ისთვის" 56 611,2 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი, ტომი 3, ს.ფ. 136-139, განცხადება, ტომი 3, ს.ფ. 285-287, იხ. 2018 წლის 25 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი). მოპასუხეები თა------------ე და ნი-----------ე სარჩელს არ ცნობენ. მოპასუხეების შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: თა------------ეს და ნი-----------ეს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებები ნამდვილია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. მოსარჩელე მხარე სადაო ხელშეკრულებების ბათილად ცნობას ითხოვს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ჩუქება მოხდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით. სასამართლო პრაქტიკის თანახმად კი, ჩუქების მოტივს არ აქვს მნიშვნელობა, ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შო----–----ას მოთხოვნა, 2014 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებლები, ტომი 3, 149-157, 187-189, იხ. 2018 წლის 25 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,CA--------" სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იქნა 2012 წლის 09 სექტემბერს. 2012 წლის 09 სექტემბრიდან 2013 წლის 01 ნოემბრამდე შპს ,,CA--------"-ის პარტნიორი იყო და------------–--ა (100%), 2013 წლის 01 ნოემბრიდან 2014 წლის 16 მაისამდე შპს ,,CA--------"-ის პარტნიორები იყვნენ: და------------–--ა (51%) და შო----–----ა (49%), 2014 წლის 16 მაისიდან 2015 წლის 27 თებერვლამდე შპს ,,CA--------"-ის პარტნიორები იყვნენ: და------------–--ა (51%), შო----–----ა (10%) და ანი ელიზბარიანი (39%), 2015 წლის 27 თებერვლიდან შპს ,,CA--------"-ის პარტნიორები არიან: თა------------ე (51%), შო----–----ა (10%) და ანი ელიზბარიანი (39%). 2012 წლის 10 სექტემბრიდან 2015 წლის 26 თებერვლამდე შპს ,,CA--------"-ის დირექტორი იყო და------------–--ა, ხოლო 2015 წლის 26 თებერვლიდან დავის სასამართლოში განხილვამდე კომპანიის დირექტორია - თა------------ე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 41-50) 3.1.2. 2013 წლის ივლისის თვიდან 2014 წლის ივლისის თვით ჩათვლით და------------–--ას, როგორც შპს ,,CA--------"-ის დირექტორს, ხელფასის სახით მიღებული აქვს 101 602,5 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები (ტომი 3, ს.ფ. 42-44) 3.1.3. შპს ,,CA--------"-ის დირექტორმა და------------–--ამ კომპანიის ფულადი სახსრებიდან ,,კ----------–------ს" 2014 წლის 21 იანვარს გადაურიცხა - 630 ლარი, 2014 წლის 25 თებერვალს - 630 ლარი და 2014 წლის 12 მარტს - 4 800 ლარი, სულ 6 060 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები (ტომი 3, ს.ფ. 46) 3.1.4. შპს ,,CA--------"-ის დირექტორმა და------------–--ამ 2014 წლის 11 იანვრიდან 2014 წლის 03 ივნისის ჩათვლით გახარჯა კომპანიის ფულადი სახსრები სულ 4 594,7 ლარის ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები (ტომი 3, ს.ფ. 47) 3.1.5. შპს ,,CA--------"-ის დირექტორმა და------------–--ამ 2013 წლის 05 ივლისიდან 2014 წლის 25 მაისის ჩათვლით გახარჯა კომპანიის ფულადი სახსრები სულ 5 399,28 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხებით განხორციელდა სხვადასხვა სახის საქონლის ღირებულების და გაწეული მომსახურების ანაზღაურება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები (ტომი 3, ს.ფ. 48-49) 3.1.6. შპს ,,CA--------"-ის დირექტორმა და------------–--ამ კომპანიის ფულადი სახსრებიდან ,,B------------------"-ს 2014 წლის 11 თებერვალს გადაურიცხა - 437,15 ლარი, 2014 წლის 17 აპრილს - 36 287,1 ლარი, სულ 36 724,25 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები (ტომი 3, ს.ფ. 51) 3.1.7. შპს ,,CA--------"-ის დირექტორმა და------------–--ამ კომპანიის ფულადი სახსრებიდან ავეჯის მაღაზიას გადაურიცხა სამი სკამის, ოთხი მაგიდის და ერთი კარადის ღირებულება, სულ 5 220 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები (ტომი 3, ს.ფ. 52) 3.1.8. შპს ,,CA--------"-ის დირექტორმა და------------–--ამ კომპანიის ფულადი სახსრებიდან ,,BE Forward"-ს 2013 წლის 18 აგვისტოდან 2014 წლის 18 აპრილის ჩათვლით სულ გადაურიცხა - 260 352,2 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები (ტომი 3, ს.ფ. 53) 3.1.9. შპს ,,CA--------"-ის დირექტორმა და------------–--ამ კომპანიის ფულადი სახსრებიდან, 2014 წლის 22 აპრილს, ადვოკატ ნა----–-------------ს გადაურიცხა 5 265,3 ლარი, ხოლო 2014 წლის 07 მაისს - 3 527,6 ლარი, სულ 8 792,9 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები (ტომი 3, ს.ფ. 74) 3.1.10. შპს ,,CA--------"-ის დირექტორმა და------------–--ამ კომპანიის ფულადი სახსრებიდან ამხანაგობა საადვოკატო ბიურო ,,ათ---ს" 2014 წლის 21 ივნისს გადაურიცხა 8 858,5 ლარი, ხოლო 2014 წლის 16 ივლისს - 8 793 ლარი, სულ 17 651,5 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები (ტომი 3, ს.ფ. 75) 3.1.11. 2014 წლის 04 ივლისს, შპს ,,CA--------"-მა შპს ,,ქ---------------------------ს" გადაურიცხა 56 611,2 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები (ტომი 3, ს.ფ. 41) 3.1.12. 2014 წლის 17 ნოემბერს, თა------------ეს და ნი-----------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების (1) მდებარე - თბილისი, მ-----–----------------–-------------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 2) მდებარე - თბილისი, ც-----------------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------) ჩუქების ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, ნი-----------ის საკუთრებად აღირიცხა შემდეგი უძრავი ქონებები: 1) მდებარე - თბილისი, მ-----–----------------–-------------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------; 2) მდებარე - თბილისი, ც-----------------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0----------------------. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2014 წლის 17 ნოემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებები (ტომი 3, ს.ფ. 281-284) - ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 432-435)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად 6 060 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან ,,კ----------–------სთვის" გადარიცხული იქნა 6 060 ლარი, რომლის სანაცვლოდ კომპანიას მომსახურება არ მიუღია.

 

მოპასუხე მხარე თანხის გადარიცხვის ფაქტს სადაოდ არ ხდის, თუმცა მიუთითებს, რომ გადახდილი თანხის სანაცვლოდ კომპანიამ მიიღო შესაბამისი სარეკლამო მომსახურება. ამასთან, ამ ტრანზაქციის თანხა შედიოდა სასამართლოს 2013 წლის განაჩენით და------------–--ასთვის დაკისრებულ თანხაში, რაც სრულად აანაზღაურა და------------–--ამ.

 

ამდენად, სადაოა 6 060 ლარის სანაცვლოდ შპს ,,CA--------"-ის მიერ შესაბამისი მომსახურების მიღების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

დასახელებული ნორმით განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობა, რა დროსაც მხარეები თავადვე, დამოუკიდებლად წყვეტენ მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება რომელი მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სადაო გარემოების მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს, ვინაიდან ამ გარემოებას ემყარება მისი შესაგებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ,,კ----------–------ს" და შპს ,,CA--------"-ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის და თანხის გადახდის სანაცვლოდ შესაბამისი მომსახურების მიღების დადასტურების მიზნით მოპასუხე მხარეს სხვა მტკიცებულება (მაგ., თანხის მიმღები ორგანიზაციიდან წერილობითი ინფორმაცია), გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენია. მოპასუხის ახსნა-განმარტებას კი მოსარჩელე არ დაეთანხმა. ამდენად, მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ ამ ტრანზაქციის გამო და------------–--ას დაედო მსჯავრი სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენის საფუძველზე და 6 060 ლარი და------------–--ამ აუნაზღაურა შო----–----ას.

 

საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 77-80), ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და------------–--ას დაკავების შესახებ (იხ. ტომი 2, ს.ფ. 22-23), რომელთა მიხედვითაც, და------------–--ასთვის შერაცხული ბრალი არ მოიცავდა ,,კ----------–------სთვის" გადარიცხულ 6 060 ლარს (შუამდგომლობაში საუბარია 2014 წლის 20 იანვარს და 05 თებერვალს გადარიცხულ 6 417 ლარზე, 6 060 ლარი კი გადარიცხული იქნა 2014 წლის 21 იანვარს, 2014 წლის 25 თებერვალს და 2014 წლის 12 მარტს).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაამტკიცა 6 060 ლარის გადახდის სანაცვლოდ შპს ,,CA--------"-ის მიერ მომსახურების მიღების ფაქტი.

 

3.2.2. მოსარჩელე სარჩელით ასევე ითხოვს და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად 9 993,98 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით შპს ,,CA--------"-ის კუთვნილი ფულადი სახსრებიდან და------------–--ამ პირადი და მისი კომპანიის შპს ,,ფო-----------ის" საჭიროებისთვის განკარგა 4 594,7 ლარი, ხოლო 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით განკარგა 5 399,28 ლარი.

 

მოპასუხე მითითებულ გარემოებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ 4 594,7 ლარით შეძენილი იქნა საკანცელარიო ნივთები და კომპანიისთვის საჭირო სხვა ინვენტარი, ასევე კომპანიის საჭიროებისთვის იქნა გახარჯული 5 399,28 ლარი, კერძოდ, უცხოელი სტუმრებისთვის რესტორანში გაიმართა ვახშამი, ასევე კომპანია პერიოდულად კვებით უზრუნველყოფდა თავის თანამშრომლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მითითებულ საპროცესო ნორმათა საფუძველზე, სადაო გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას მისი განმარტების სისწორისადმი. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემები, რომელიც არ შეიცავს მითითებას 4 594,7 ლარის ნაწილში ხარჯვის დანიშნულებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება 5 399,28 ლარის ხარჯვის დანიშნულებას, ამ ნაწილში მართალია მითითებულია გარკვეული ოდენობის თანხის ხარჯვის დანიშნულება (მაგ., ,,რ------------–-------–-------–----–-------------------------–---–------–---------------–---–-------------" და ა.შ..), თუმცა მოპასუხეს არ დაუსაბუთებია თუნდაც ერთი ტრანზაქციის განხორციელების აუცილებლობა. ასე მაგალითად, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა კომპანიის რა საჭიროებისთვის იქნა გახარჯული სააფთიაქო ქსელში 6,56 ლარი, კვების ობიექტში 221,83 ლარი, სავაჭრო ქსელში 13,65 ლარი და ა.შ.

 

სადაო გარემოების დადგენისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას: საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენი, რომლის მიხედვითაც და------------–--ას ბრალად შეერაცხა შპს ,,CA--------"-ის კუთვნილი ფულადი სახსრების ხარჯვა სხვა კომპანიის (შპს ,,ფო-----------ი") სასარგებლოდ, ასევე შპს ,,CA--------"-ის კუთვნილი ფულადი სახსრების ხარჯვა პირადი მიზნებისთვის. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მაღალი სტანდარტით უნდა განეხორციელებინა სადაო გარემოების მტკიცება, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ განმარტებით იმის შესახებ, რომ თანხების ხარჯვა მოხდა კომპანიის ინტერესების შესაბამისად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და ვერ დაამტკიცა, რომ 9 993,98 ლარი გახარჯა კომპანიის ინტერესების შესაბამისად.

 

3.2.3. მოსარჩელე სარჩელით ასევე ითხოვს მოპასუხეებისთვის 36 724,25 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2014 წლის თებერვლიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით და------------–--ამ შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან ერთ-ერთ იაპონურ კომპანიას გადაურიცხა 36 724,25 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხის სანაცვლოდ შპს ,,CA--------"-ს მომსახურება არ მიუღია.

 

მოპასუხე მითითებულ გარემოებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ თანხის გადარიცხვა მოხდა იაპონურ კომპანიასთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია შპს ,,CA--------"-ს და იაპონურ კომპანიას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, თანხის გადარიცხვის დანიშნულება არ ირკვევა შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემებიდანაც.

 

ამდენად, მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიაზაცია და ვერ დაამტკიცა, რომ 36 724,25 ლარი გადარიცხული იქნა სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და გადახდილი თანხის სანაცვლოდ შპს ,,CA--------"-მა მიიღო შესაბამისი მომსახურება.

 

3.2.4. წარმოდგენილი სარჩელით ასევე მოთხოვნილია მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად 5 220 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან ავეჯის ერთ-ერთ მაღაზიაში გადარიცხული იქნა ავეჯის ღირებულება ჯამში 5 220 ლარის ოდენობით, თუმცა ავეჯი შპს ,,CA--------"-ს არ მიუღია.

 

მოპასუხე მხარე სადაოდ არ ხდის თანხის გადარიცხვის ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ ავეჯი შეძენილი იქნა შპს ,,CA--------"-ისთვის. შესაბამისად, თანხის ხარჯვა მოხდა კომპანიის ინტერესის შესაბამისად.

 

შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემების მიხედვით, 5 220 ლარი წარმოადგენდა სამი სკამის, ოთხი მაგიდის და ერთი კარადის ღირებულებას. ამდენად, 5 220 ლარი გახარჯული იქნა კონკრეტული დანიშნულებით. ამასთან, შეძენილი იქნა ისეთი სახის ინვენტარი, რაც ჩვეულებრივ საჭიროა კომპანიის გამართული ფუნქციონირებისთვის. სასამართლოს აზრით, გონივრული განსჯის შედეგად, კომპანიის საჭიროებისათვის გაწეულ ხარჯად შეიძლება ჩაითვალოს ავეჯის შეძენა, მაგალითად, ოფისის მოწყობის მიზნით. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ შეძენილი ავეჯით სარგებლობდა სხვა კომპანია, აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე დაეყრდნო მხოლოდ ახსნა-განმარტებას და სხვა სახის მტკიცებულება (მაგ., მოწმის ჩვენება), რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას მოსარჩელის განმარტების სისწორისადმი, მას არ წარმოუდგენია.

 

ამ პირობებში კი, სასამართლო ასკვნის, რომ 5 220 ლარის ღირებულების ავეჯი შეძენილი იქნა შპს ,,CA--------"-ის საჭიროებისთვის.

 

3.2.5. მოსარჩელე სარჩელით ასევე ითხოვს 260 352,2 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით და------------–--ამ შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან იაპონურ კომპანია ,,B-----------"-ს გადაურიცხა 260 352,2 ლარი. იაპონური კომპანიის საქმიანობის სფეროს მართალია წარმოადგენს ავტომობილებით ვაჭრობა, თუმცა შპს ,,CA--------"-ს გადახდილი თანხის სანაცვლოდ მომსახურება ან საქონელი არ მიუღია.

 

მოპასუხე მითითებულ გარემოებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ გადახდილი თანხის სანაცვლოდ შპს ,,CA--------"-მა მიიღო შესაბამისი მომსახურება.

 

სადაო გარემოების დადასტურების მიზნით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,,B-----------"-ს წერილი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 289). წერილში აღნიშნულია შემდეგი: ,,გაცნობებთ, რომ 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის აპრილამდე შპს ,,CA--------"-ის მიერ შპს ,,B--------"-ის ანგარიშზე გადარიცხული თანხა სრულად წარმოადგენს იაპონიის კონტეინერების მომსახურების და კონტეინერებში ავტომანქანების ჩატვირთვის სერვისის საფასურს. შპს ,,CA--------"-ის მიერ გადარიცხვები ხორციელდებოდა ყოველთვიურად და მისი დაახლოებითი ღირებულება შეადგენს 150 000 აშშ დოლარს. კომპანია ,,CA--------"-ის მიერ კონტეინერების მომსახურებისა და კონტეინერებში ავტომანქანების ჩატვირთვისთვის შესაბამისი თანხების არ გადარიცხვის შემთხვევაში, ჩვენ არ გადავაგზავნიდით კონტეინერებს შპს ,,CA--------"-ის სახელზე".

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 2013 წლის 15 ნოემბრის #1--------- საგადახდო დავალება (იხ. ტომი 3, ს.ფ. 291) და 2014 წლის 29 იანვრის #1/29-220 ინვოისი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 292-293). საგადახდო დავალების მიხედვით, შპს ,,CA--------"-ის მიერ ,,B--------"-ისთვის 12 900 აშშ დოლარის გადახდის დანიშნულებას წარმოადგენდა კონტეინერის მომსახურების საფასურის გადახდა. 2014 წლის 29 ინვოისი კი, ,,B-----------"-ის მიერ შედგენილი იქნა შპს ,,CA--------"-ის სახელზე კონკრეტული ოდენობის კონტეინერებთან დაკავშირებით.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით შპს ,,CA--------"-ს და ,,B-----------"-ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც ,,B-----------" შპს ,,CA--------"-ს უწევდა შესაბამის მომსახურებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ,,B-----------"-სთვის გადახდილი თანხის - 260 352,2 ლარის სანაცვლოდ შპს ,,CA--------"-მა არ მიუღია შესაბამისი მომსახურება.

 

3.2.6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილი თანხიდან 8 792,9 ლარი წარმოადგენს და------------–--ას მიერ ადვოკატისთვის გადახდილ თანხას, ხოლო 17 651,5 ლარი ასევე - საადვოკატო ბიუროსთვის გადახდილ თანხას. სარჩელის თანახმად, ორივე შემთხვევაში შესაბამისი მომსახურება მიიღო და------------–--ამ, როგორც ფიზიკურმა პირმა.

 

მოპასუხე აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ იურისტი და------------–--ას კონსულტაციას და შესაბამის მომსახურებას უწევდა კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

 

სადაო გარემოების დადასტურების მიზნით, მოპასუხე მხარე დაეყრდნო მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებას და სხვა მტკიცებულება (მაგ., მოწმის ჩვენება. მხარეს შეეძლო მოეთხოვა მოწმის სახით ადვოკატის დაკითხვა) მას არ წარმოუდგენია. მოპასუხის განმარტების საპირისპიროდ კი, საქმეში წარმოდგენილია კონკრეტული ადვოკატის მიერ და------------–--ას, როგორც ფიზიკური პირის, სახელით აღძრული სარჩელის ასლი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 76), ასევე კონკრეტული საადვოკატო ბიუროს მიერ შო----–----ასთვის გაგზავნილი წერილი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 95-97). აღნიშნული წერილით საადვოკატო ბიურო და------------–--ას სახელით შო----–----ასგან ითხოვდა 2013 წლის ნოემბრის თვეში მისთვის გადაცემული შპს ,,CA--------"-ს 49%-იანი წილის დაბრუნებას. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, კონკრეტული ადვოკატი და საადვოკატო ბიურო იურიდიულ მომსახურებას უწევდნენ და------------–--ას, როგორც ფიზიკურ პირს.

 

ამდენად, მოპასუხე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ 26 444,4 ლარი (8792,9+17651,5) გადახდილი იქნა კომპანიისთვის გაწეული იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ.

 

3.2.7. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ შპს ,,CA--------"-ს გააჩნდა საგადასახადო დავალიანება 42 962,08 ლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად 42 962,08 ლარის გადახდის დაკისრებას.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, და------------–--ას დირექტორად ყოფნის პერიოდში კომპანიაში უხეშად ირღვეოდა ბუღალტრული წარმოება, ასევე საგადასახადო ორგანოსთან არასწორი ანგარიშგების გამო კომპანიას ზედმეტად დაერიცხა ჯარიმა და საურავი, სულ 42 962,08 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ შპს ,,CA--------"-ს მითითებული ოდენობით ჯარიმა და საურავი არ დარიცხვია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სადაო გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს.

 

მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურების მიზნით წარმოადგინა შპს ,,CA--------"-ის 2017 წლის 29 მაისის კრების ოქმი (იხ. ტომი 3, ს.ფ. 273-279). ოქმის თანახმად, პარტნიორთა კრებაზე შპს ,,CA--------"-ის დირექტორმა გააკეთა მოხსენება საწარმოში არსებული მდგომარეობის შესახებ და განმარტა, რომ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ გააჩნდა საგადასახადო დავალიანება: ძირი - 34 321 ლარი, ჯარიმა - 22 220 ლარი და საურავი - 22 025 ლარი. სადაო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ ასევე მიუთითა 2015 წლის 20 აგვისტოს შედგენილ აუდიტის დასკვნაზე (იხ. ტომი 2, ს.ფ. 201-2014).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადაოა კომპანიის საგადასახადო ვალდებულების არსებობა. შესაბამისად, სადაო გარემოების დადასტურება მოსარჩელე მხარეს უნდა განეხორციელებინა უფლებამოსილი ორგანოდან ინფორმაციის მიღების გზით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაამტკიცა კომპანიის საგადასახადო ვალდებულების არსებობა.

 

3.2.8. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს შპს ,,ფო-----------ისთვის" შპს ,,CA--------"-ის სასარგებლოდ 56 611,2 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 04 ივლისს, შპს ,,CA--------"-მა შპს ,,ფო-----------ს" უსაფუძვლოდ გადაურიცხა 56 611,2 ლარი.

 

მოპასუხე მითითებულ გარემოებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ 2014 წლის 04 ივლისს, შპს ,,CA--------"-მა შპს ,,ფო-----------ს" დაუბრუნა მის ნაცვლად შეცდომით მიღებული თანხის ნაწილი - 56 611,2 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული თანხის შპს ,,CA--------"-ის მიერ შპს ,,ფო-----------ისთვის" გადარიცხვას ჰქონდა შესაბამისი საფუძველი.

 

სადაო გარემოების დადასტურების მიზნით, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა 2018 წლის 29 ივნისს მომზადებული აუდიტის დასკვნა (იხ. ტომი 3, ს.ფ. 220-222), რომლის მიხედვითაც შპს ,,ქ---------------------------ს" და შპს ,,მ------------------" შორის გაფორმებული ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე ტრანსპორტირებისთვის გაიგზავნა 12 ერთეული კონტეინერი. ტვირთის მიმღები უნდა ყოფილიყო შპს ,,ქ---------------------------ი", თუმცა ტვირთის გამგზავნის ,,B------------"-ს თანამშრომლის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა და ტვირთის მიმღებად შპს ,,ქ---------------------------ის" ნაცვლად ოფიციალურ დოკუმენტში მიეთითა შპს ,,CA--------". თავის მხრივ, გადამზიდავი კომპანიის შპს ,,მ------------------" მიერ კონტეინერის ინვოისები გამოწერილი იყო შპს ,,ქ---------------------------ზე", საერთო თანხით 36 600 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა შპს ,,მ------------------" გადაუხადა შპს ,,ქ---------------------------მა", ხოლო ავტომობილის შემძენთაგან ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება მიიღო შპს ,,CA--------"-მა.

 

ამდენად, დასკვნის თანახმად, კონტეინერში განთავსებული ავტომობილების მფლობელებისაგან ტრანსპორტირების თანხა შპს ,,ქ---------------------------ის" ნაცვლად მიიღო შპს ,,CA--------"-მა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 04 ივლისის მდგომარეობით არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (nbg.gov.ge, 1 აშშ დოლარი=1,7691 ლარი) 56 611,2 ლარი შეადგენდა 32 000 აშშ დოლარს ანუ დაახლოებით იმ თანხას, რაც შპს ,,CA--------"-მა მიიღო შპს ,,ფო-----------ის" ნაცვლად.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ უარყვია აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები, ასევე არ შემოუთავაზებია აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებების სხვაგვარი ინტერპრეტაცია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 04 ივლისს შპს ,,CA--------"-მა შპს ,,ფო-----------ს" დაუბრუნა შეცდომით მიღებული თანხა 56 611,2 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შო----–----ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 56-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. (მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად 101 602,5 ლარის დაკისრება) სარჩელით მოთხოვნილი თანხიდან 101 602,5 ლარი წარმოადგენს და------------–--ას მიერ 2013-2014 წლებში ხელფასის სახით მიღებულ თანხას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, და------------–--ასთვის ამ ოდენობით ხელფასის დანიშვნის თაობაზე კომპანიის პარტნიორებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რის გამოც და------------–--ა არ იყო უფლებამოსილი მიეღო ამ ოდენობის გასამრჯელო. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა შემდეგი - „საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და, შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლები)“; „დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს“; „დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო (სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინება, საქმე #ას-895-845-2015). ამდენად, დირექტორსა და საწარმოს შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ყველაზე ახლოს დგას დავალების ხელშეკრულებასთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს ,,CA--------"-ის საბუღალტრო პროგრამის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც 2013 წლის ივლისის თვიდან 2014 წლის ივლისის თვით ჩათვლით და------------–--ას საბანკო ანგარიშზე შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან გარკვეული პერიოდულობით ერიცხებოდა ხელფასი. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შპს ,,CA--------"-ს წესდება არ ითვალისწინებს ანაზღაურების გარეშე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების გახორციელებას (იხ. ტომი 1, ს.ფ. 55-59). ამასთან, შპს ,,CA--------"-ს წესდების თანახმად, დირექტორისთვის ხელფასის დანიშვნა ან მისი ოდენობის განსაზღვრა არ განეკუთვნებოდა კომპანიის პარტნიორთა კრების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შეეძლო თავად დირექტორს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან არ არსებობდა კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება და------------–--ა არ იყო უფლებამოსილი მიეღო მითითებული ოდენობის გასამრჯელო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შო----–----ას მოთხოვნა, მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად 101 602,5 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.2. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად თანხის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შპს ,,CA--------"-ის დირექტორად ყოფნის პერიოდში და------------–--ამ დაარღვია ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 9.6. მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 1) 2014 წლის 21 იანვრიდან 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან ,,კ----------–------ს" გადაურიცხა 6 060 ლარი, რომლის სანაცვლოდ კომპანიას მომსახურება არ მიუღია; 2) 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით პირადი ან შპს ,,ფო-----------ის" საჭიროებისათვის გახარჯა შპს ,,CA--------"-ის ფულადი სახსრები 4 594,7 ლარის ოდენობით; 3) 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით პირადი ან შპს ,,ფო-----------ის" საჭიროებისათვის გახარჯა შპს ,,CA--------"-ის ფულადი სახსრები 5 399,28 ლარის ოდენობით; 4) 2014 წლის თებერვლიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით და------------–--ამ შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან ერთ-ერთ იაპონურ კომპანიას გადაურიცხა 36 724,25 ლარი. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ შპს ,,CA--------"-ს მომსახურება არ მიუღია; 5) 2013 წლის დეკემბრის თვეში და------------–--ამ შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან გადაიხადა ავეჯის ღირებულება, თუმცა შეძენილი ავეჯით სარგებლობდა შპს ,,ფო-----------ი" და არა შპს ,,CA--------"; 6) 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით და------------–--ამ შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშიდან იაპონურ კომპანია შპს ,,ბ--------------" გადაურიცხა 260 352,2 ლარი. შპს ,,CA--------"-ს გადახდილი თანხის სანაცვლოდ მომსახურება ან საქონელი არ მიუღია; 7) შპს ,,CA--------"-ს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 42 962,08 ლარის ოდენობით; 8) 2014 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით, შპს ,,CA--------"-ის საბანკო ანგარიშზე განთავსებული იყო 85 134,16 ლარი, ხოლო სალაროში - 610,8 ლარი. 2017 წლის 29 მაისს და 23 ივნისს გამართულ კრებაზე კი, კომპანიის იმჟამინდელმა დირექტორმა თა------------ემ განაცხადა, რომ კომპანიას აქტივი არ გააჩნდა და კომპანიის ინვენტარიც კი საგადასახადო ორგანოს მიერ გაყიდული იქნა საგადასახადო დავალიანების გამო; 9) 2014 წლის მდგომარეობით შპს ,,CA--------"-ის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება შეადგენდა 187 360,32 ლარს. მიუხედავად ამისა, კომპანიის დირექტორებმა თა------------ემ და და------------–--ამ არ მიიღეს ზომები დებიტორული დავალიანების ამოსაღებად. შესაბამისად, დირექტორების უმოქმედობის გამო კომპანიამ დაკარგა მითითებული ოდენობით თანხის მიღების შესაძლებლობა; 10) 2014 წლის 22 აპრილს და 2014 წლის 07 მაისს, და------------–--ამ თავის ადვოკატს ნა----–-------------ს შპს ,,CA--------"-ის ანგარიშიდან გადაუხადა მომსახურების ღირებულება 8 792,9 ლარი, თუმცა მომსახურება მიიღო ფიზიკურმა პირმა და------------–--ამ და არა შპს ,,CA--------"-მა; 11) 2014 წლის 21 ივნისს და 2014 წლის 16 ივლისს, და------------–--ამ ამხანაგობა საადვოკატო ბიურო ,,ათ---ს" შპს ,,CA--------"-ის ანგარიშიდან გადაუხადა მომსახურების ღირებულება 17 651,5 ლარი, თუმცა მომსახურება მიიღო პირადად და------------–--ამ და არა შპს ,,CA--------"-მა. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მითითებული ოდენობით თანხის ხარჯვის ფაქტს მოპასუხეები სადაოდ არ ხდიან. ამასთან, მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ყველა ტრანზაქცია განხორციელდა კომპანიის ინტერესების შესაბამისად. სადაო არ არის ის გარემოება, რომ ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში შპს ,,CA--------"-ის დირექტორი იყო და------------–--ა. სასამართლო პირველ რიგში განიხილავს და------------–--ას მიმართ მოთხოვნას, რომელიც კომპანიის დირექტორი იყო ტრანზაქციების განხორციელების დროს. სასამართლო განმარტავს შემდეგს: ერთ-ერთ ცნობილ საქმეზე, Smith vs Van Gorkom, დელავერის უმაღლესმა სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორთა მოვალეობები საწარმოს მიმართ მოიცავს ზრუნვის (Duty of Care) და ერთგულების (Dutyof Loyalty) ვალდებულებას (Supreme Court of Delaware ,Smith v Van Gorkom, 488A.2d 858 Delaware1985). ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, დირექტორებმა უნდა შეასრულონ სამი ძირითადი წინაპირობა, რათა თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა. პირველი, საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; მეორე, გამოიჩინონ სათანადო მზრუნველობა კომპანიის მიმართ და მესამე, მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კომპანიისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მოქმედებენ ზემოაღნიშნული სამი ძირითადი სტანდარტის დაცვით, მათ ვალდებულება არ წარმოეშობათ კომპანიის მიერ განცდილი დანაკარგის გამო. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,კ----------–------ში" გადარიცხული 6 060 ლარის სანაცვლოდ, იაპონური კომპანიისთვის გადარიცხული 36 724,25 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ადვოკატისთვის და საადვოკატო ბიუროსთვის გადახდილი თანხის 26 444,4 ლარის სანაცვლოდ კომპანიას მომსახურება არ მიუღია, ასევე კომპანიის კუთვნილი 9 993,98 ლარი (4594,7+5399,28) და------------–--ას მიერ არ გახარჯულა კომპანიის ინტერესების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩამოთვლილ შემთხვევებში და------------–--ას მიერ დარღვეული იქნა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 9.6. მუხლის მოთხოვნა, რის გამოც იგი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი სულ 79 222,63 ლარი (6060+36724,25+4594,7+5399,28+8792,9+17651,5). რაც შეეხება თა------------ის პასუხისმგებლობის საკითხს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ვინაიდან თა------------ემ არ მიიღო შესაბამისი ზომები ყოფილი დირექტორის და------------–--ას მიმართ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მის მიერ დარღვეული იქნა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 9.6. მუხლის მოთხოვნა და იგი და------------–--ასთან ერთად სოლიდარულად არის პასუხისმგებელი კომპანიისთვის მიყენებული ზიანისთვის. თა------------ის მიმართ აღძრული მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 15.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს საერთოდ არ მიუთითებია, რომ დავის განხილვის დროისთვის კომპანიამ დაკარგა და------------–--ას მიმართ შედავების უფლება, მაგალითად პრეტენზიის წარდგენის ხანდაზმულობის გამო. ამ პირობებში კი გამოირიცხება თა------------ის მიერ ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობის დარღვევით კომპანიისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობის სრულად მითითება. ზემოაღნიშნული გარემოების გამო ვერ იქნება მიჩნეული, რომ თა------------ემ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 9.6. მუხლის დარღვევით ზიანი მიაყენა კომპანიას, რის გამოც მის მიმართ მოთხოვნა დაუსაბუთებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შო----–----ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, და------------–--ას შპს ,,CA--------"-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 79 222,63 ლარის გადახდა. (მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად 581 639,56 (762464,69-101602,5-79222,63) ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე) რაც შეეხება ავეჯის შესაძენად გაღებულ თანხას (5 220 ლარი), ასევე იაპონურ კომპანია ,,B-----------"-ში გადარიცხულ 260 352,2 ლარს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადახდილი თანხების სანაცვლოდ შპს ,,CA--------"-მა ერთ შემთხვევაში შეიძინა ავეჯი, ხოლო მეორე შემთხვევაში იაპონური კომპანიისგან მიიღო შესაბამისი მომსახურება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში და------------–--ას მიერ არ იქნა დარღვეული ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 9.6. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. სარჩელით მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებისთვის 42 962,08 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ოდენობის ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება კომპანიას წარმოეშვა არასწორი საგადასახადო ადმინისტრირების გამო. აღსანიშნავია, რომ მითითებული გარემოების დადასტურება მოსარჩელემ ვერ შეძლო (გადაწყვეტილების 3.2.7. პუნქტი). ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ დადგენილად იქნება მიჩნეული მითითებული ოდენობით საურავის და ჯარიმის დარიცხვის ფაქტი, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ამ ნაწილში კომპანიის დირექტორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობა. კერძოდ, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო იმ პრეზუმციის გაქარწყლება, რომ შპს ,,CA--------"-ის დირექტორი და------------–--ა საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობისას მოქმედებდა კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი - ,,თანამედროვე საკორპორაციო სამართალში დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამეწარმეო განსჯის წესს“ ანუ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით, შესაბამისად, დირექტორების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, გადალახოს აღნიშნული პრეზუმფცია". ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,დირექტორის გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-687-658-2016). კომპანიისთვის მიყენებულ ზიანად ასევე ვერ იქნება განხილული ის ფაქტი, რომ კონკრეტულ პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშზე და სალაროში განთავსებული ფულადი სახსრების საერთო ჯამი შეადგენდა 85 744,96 ლარი (85134,16+610,8), ხოლო მოგვიანებით ამ ოდენობის თანხა კომპანიას აღარ აღმოაჩნდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობა თავისთავად გულისხმობს ფულადი სახსრების მუდმივ ბრუნვას. შესაბამისად, მის ბალანსზე წინა პერიოდში არსებული ფულადი სახსრების არარსებობა, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნება განხილული დირექტორის მიერ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 9.6 მუხლის დარღვევად და კომპანიისთვის მიყენებულ ზიანად. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია კონკრეტული ფაქტები და მხოლოდ შემოიფარგლა ზოგადი განმარტებით, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე ითხოვს შპს ,,CA--------"-ის დებიტორული დავალიანების 187 134,16 ლარის კომპანიის დირექტორებისთვის გადახდის დაკისრებას. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელე მიუთითებს, რომ კომპანიის დირექტორებმა და------------–--ამ და თა------------ემ არ მიიღეს ზომები კომპანიის დებიტორული დავალიანების ამოსაღებად, რითაც საზოგადოებას მიაყენეს ზიანი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დებიტორული დავალიანების არსებობა კომპანიისთვის მიყენებული ზიანად შესაძლებელია განხილულიყო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაადასტურებდა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო კომპანიის დებიტორული დავალიანების ამოღება (მაგ., მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ამ კუთხით მტკიცება არ განუხორციელებია და არ შემოუთავაზებია ფაქტები, რაც დაადასტურებდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვას და შესაბამისად, კომპანიის დირექტორების უმოქმედობით კომპანიისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ამ ნაწილშიც ვერ დაადასტურა კომპანიის დირექტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 187 134,16 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შო----–----ას მოთხოვნა, მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად 581 639,56 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდესს. 6.3. (სარჩელის მოთხოვნა შპს ,,ფო-----------ისთვის" შპს ,,CA--------"-ის სასარგებლოდ 56 611,2 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე) წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს შპს ,,ფო-----------ისთვის" შპს ,,CA--------"-ის სასარგებლოდ 56 611,2 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შპს ,,ფო-----------მა" შპს ,,CA--------"-ისგან უსაფუძვლოდ მიიღო 56 611,2 ლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2014 წლის 04 ივლისს შპს ,,CA--------"-ის მიერ შპს ,,ფო-----------ისთვის" გადარიცხული თანხა წარმოადგენდა შპს ,,CA--------"-ის მიერ შპს ,,ფო-----------ის" ნაცვლად მიღებულ თანხას ანუ აღნიშნული თანხის შპს ,,ფო-----------ისთვის" დაბრუნებას ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, შპს ,,ფო-----------ი" უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შო----–----ას მოთხოვნა, მოპასუხე შპს ,,ფო-----------ისთვის" შპს ,,CA--------"-ის სასარგებლოდ 56 611,2 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე ითხოვს თა------------ეს და ნი-----------ეს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას. სარჩელის თანახმად, თა------------ეს და ნი-----------ეს შორის სადაო ხელშეკრულებები გაფორმდა თა------------ისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. ამასთან, აღნიშნული გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს შემდეგში: ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შემთხვევაში, უძრავი ქონება დაბრუნდება თა------------ის საკუთრებაში და შესაძლებელი იქნება მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ქონებაზე აღსრულების მიქცევის გზით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი თა------------ისთვის თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული თავის მხრივ გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას სადაო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მიმართ. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: თა------------ეს და ნი-----------ეს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა 2014 წლის 17 ნოემბერს, თა------------ე კი, შპს ,,CA--------"-ის დირექტორი გახდა 2015 წლის 26 თებერვალს. ამდენად, ხელშეკრულებები გაფორმდა იმ დროს, როდესაც თა------------ე კომპანიის დირექტორი ჯერ კიდევ არ იყო და შესაბამისად, მის მიმართ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მოთხოვნის წაყენების საფუძველიც ვერ იარსებებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შო----–----ას მოთხოვნა, თა------------ეს და ნი-----------ეს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარი. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა: 1) მოპასუხეების და------------–--ას და თა------------ისთვის სოლიდარულად 762 464,69 ლარის გადახდის დაკისრებას; 2) შპს ,,ფო-----------ისთვის" 56 611,2 ლარის გადახდის დაკისრებას; 3) 2014 წლის 17 ნოემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელში გაერთიანებულია სამი დამოუკიდებელი სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელეს მართებდა თითოეულ სარჩელზე ცალ-ცალკე გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის თანხა. კერძოდ, და------------–--ას და თა------------ის მიმართ აღძრულ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენდა 3 000 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ა" ქვეპუნქტისა), შპს ,,ფო-----------ის" მიმართ აღძრულ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენდა 56 611,2 ლარის 3%-ს, 1 698 ლარს (თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა), ხოლო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენს სულ 240 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა). შესაბამისად, სარჩელზე სულ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენდა 4 938 ლარს. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3 000 ლარი, რის გამოც სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი და------------–--ას და თა------------ის მიმართ 762 464,69 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, და------------–--ას დაეკისრა 79 222,63 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 762 464,69 ლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 10,39%). შესაბამისად, და------------–--ას შო----–----ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3 000 ლარის 10,39%-ს, 311,7 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი, შპს ,,ფო-----------ისთვის" თანხის გადახდის დაკისრების, ასევე 2014 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ სარჩელზე ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი შპს ,,ფო-----------ის" მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991 , 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შო----–----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე და------------–--ას შპს ,,CA--------"-ის სასარგებლოდ დაეკისროს 79 222,63 ლარის გადახდა;

1.2. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხე და------------–--ასთვის 683 242,06 ლარის გადახდის დაკისრებაზე;

1.3. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხე თა------------ისთვის და------------–--ასთან ერთად სოლიდარულად 762 464,69 ლარის გადახდის დაკისრებაზე;

1.4. მოსარჩელეს უარი ეთქვას შპს ,,ფო-----------ისთვის" 56 611,2 ლარის გადახდის დაკისრებაზე;

1.5. მოსარჩელეს უარი ეთქვას თა------------ეს და ნი-----------ეს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2016 წლის 08 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს ,,ფო-----------ის" საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - თბილისი, შ---------------------------------–-------------------------------------------------------------------;

 

3. მოპასუხე და------------–--ას მოსარჩელე შო----–----ას სასარგებლოდ დაეკისროს 311,7 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. მოსარჩელე შო----–----ას სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1 938 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოსო ღურწკაია