გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3920-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - სალ----------აძე;
წარმომადგენელი - და----------ე;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
წარმომადგენელი - ბაგ-------------ე;
მესამე პირი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო (ასკ. 16.2);
წარმომადგენელი - რევ----------–---–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 აპრილის N--- განკარგულება.
1.2. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გამოსცეს ახალი აქტი, ქ. თბი-–--–---------–-----–-------ნა ,,ა’’-ს მიმდებარედ 964 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბი-–--–---------–-----–-------ნა ,,ა’’-ს მიმდებარედ 1994 წლიდან დღემდე, მოსარჩელის ოჯახს საცხოვრებელ ბინასთან ახლოს თვითნებურად აქვს დაკავებული 964 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც არის შემოღობილი. მასზე განთავსებულია მოსარჩელის მიერ აშენებული 25 კვ.მ ფართის შენობა. ნაკვეთი გასუფთავდა, მიწით ამოივსო და შენობა აშენდა მოსარჩელის ოჯახის ძალისხმევით და ხარჯებით. ნაკვეთზე ხეების არსებობის გამო, შენობა დღემდე არ ჩანს სხვადასხვა მათ შორის ბოლო პერიოდში გადაღებულ ორთოფოტოებზე. 2017 წლის 20 მარტს მოსარჩელემ N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, რათა ამ უკანასკნელს გაეწია შუამდგომლობა კომისიის წინაშე, ზემოთხსენებულ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. საქმეზე კომისიამ ზეპირი მოსმენა ჩაატარა 2018 წლის 15 მარტს, ხოლო 30 აპრილის N--- განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ორთოფოტოზე არ ჩანს შენობა, ის მოქცეულია თბილისის მუნიციპალიტეტის საკადასტრო ერთეულის საზღვრებში. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მხარე განმარტავს, რომ მან აღნიშნულის თაობაზე შეიტყო მხოლოდ კომისიის სხდომაზე, გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო რეესტრს საქმის წარმოება ზედდების (გადაფარვის) საფუძველით არ შეუჩერებია. მხარემ საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულზე აღრიცხვის საფუძვლად არსებული დოკუმენტები: ქ. თბილისის მერიის მაშინდელი ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის 21.09.2009 წლის N---------- წერილი მიწის ნაკვეთის გეგმასთან ერთად და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 21.01.2016 წლის N------- ბრძანების ასლი მიწის ნაკვეთის გამიჯვნის თაობაზე გამიჯვნის ნახაზთან ერთად, რომლებიც ასევე უკანონოდაა გამოცემული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 აპრილის N--- განკარგულების ბათილად ცნობას და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას, რომლითაც ქ. თბი-–--–---------–-----–-------ნა ,,ა’’-ს მიმდებარედ 964 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოხდება მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება.
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში არსებული ორთოფოტოებით (2005-2010-2014) მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის ფაქტი არ დასტურდება. 2018 წლის 15 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოსარჩელემ თავად განმარტა, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა იყო სხვა კონფიგურაციის და არსებული სახით განთავსებულია 2010 წლიდან. ამასთან, საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის N--- დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ზონაში. ამასთან, ნაკვეთი მოქცეულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკადასტრო ერთეულის საზღვრებში. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ კანონმდებელი არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებას უშვებს თუკი სახეზეა საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) რომელიც არ არის დროებითი, კანონის ამოქმედებამდე. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი დღეს არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებიდან ნათლად ჩანს, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი შენობა - ანაკრები ელემენტებისგან შემდგარი დროებითი შენობა და არა მყარი, სამშენებლო მასალებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. მესამე პირმა - სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სალ----------აძე არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა N---------- (ს.ფ. 33);
3.1.2. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 21 სექტემბრის N---------- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ქ. თბი-–---------------------–--------------------–-----ი, ,,ა’’ ზონის მიმდებარედ არსებული 1103 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 21 სექტემბრის N---------- წერილი (ს.ფ. 64);
3.1.3. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილი----------–------------- ზონის მიმდებარედ (ნაკვეთი 108/030), დაზუსტებული ფართობი: 1103 კვ.მ, ს.კ. 0---------------, საკუთრების უფლებით 2009 წლის 29 სექტემბრიდან აღრიცხულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 28.09.2009 წ (ს.ფ. 66-67);
3.1.4. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 21 იანვრის N------- ბრძანებით, მოხდა ქ. თბ--–--–---------–-----–ი, ,,ა’’ ზონის მიმდებარედ არსებული 1103 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ.0---------------) გამიჯვნა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება თანდართული გამიჯვნის პროექტის მიხედვით და ცალ-ცალკე საკადასტრო ერთეულებად კორექტირებული საზღვრებით დარეგისტრირდა: N1 მიწის ნაკვეთი - 964 კვ.მ ფართობით; N2 მიწის ნაკვეთი - 139 კვ.მ ფართობით და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 21 იანვრის N------- ბრძანება (ს.ფ. 69);
3.1.5. ნა----------ვას 2017 წლის 25 იანვრის, იოს-----–--------–---–ის 2017 წლის 25 იანვრის და ნან---------–-ვას 2017 წლის 27 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებების მიხედვით, განმცხადებელი ადასტურებს რომ სალ----------აძე და მისი ოჯახი 1994 წლიდან ფლობს და ამუშავებს მიწის ნაკვეთს წყნეთში, ,,ა’’ ზონაში (ამჟამად გ. შერვ-–--------ჩა) მე-12 კორპუსსა და სამთავრობო აგარაკს შორის არხის მიმდებარედ. 1994 წლიდან დღემდე აღნიშნული მიწის ნაკვეთი მათ მიერ გაწმენდილ იქნა, ნაკვეთის 1/3-ს ფერდობი შეადგენს და დასამუშავებლად გამოუსადეგარია. 1995-2006 წლებში მათ მიერ ეტაპობრივად აშენებულ იქნა კაპიტალური, საცხოვრებელი ტიპის პატარა სახლი, ნაკვეთი შემოღობილია და იქ დარგულია მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურული ჯიშები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ნა----------ვას 25.01.2017წ. იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 39);
იოს-----–--------–---–ის 25.01.2017წ ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 41)
ნან---------–-ვას 27.01.2017წ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 37);
3.1.6. 2017 წლის 20 მარტს სალ----------აძემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, და---–---------------------ს მიმდებარედ 964 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 32);
20.03.2017 წლის განცხადება (ს.ფ. 143);
3.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის N------ წერილით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გაეგზავნა სალ----------აძის მიერ 2017 წლის 20 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, და---–---------------------ს მიმდებარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.04. 2017 წ. N------ წერილი (ს.ფ. 54);
3.1.8. 2017 წლის 03 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ჩატარებულ იქნა უძრავი ნივთის (და---–---------------------ს მიმდებარედ) ადგილზე დათვალიერება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ნაკვეთი ნაწილობრივ შემოღობილია მავთულბადის ღობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
03.07.2017 წლის ადგილზე დათვალიერების N606 ოქმი (ს.ფ. 166);
3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 13 მარტის N-------------- წერილის თანახმად, წყნეთი, ზონა ,,ა’’-ს მიმდებარედ 964 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 13 მარტის N-------------- წერილი (ს.ფ. 136);
3.1.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 15 მარტის N--- სხდომის ოქმის 34-ე საკითხით, სალ----------აძეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, და---–-------------------- მიმდებარედ, საერთო ფართობი - 964 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 15 მარტის N--- სხდომის ოქმი (34-ე საკითხი) (ს.ფ. 130-135);
3.1.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 აპრილის N--- განკარგულებით, სალ----------აძეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, და---–-------------------- მიმდებარედ, საერთო ფართობი - 964 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.04.2018 წ. N--- განკარგულება (ს.ფ. 56);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სალ----------აძის სარჩელის დაკმაყოფილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 აპრილის N--- განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მარტს სალ----------აძემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, და---–---------------------ს მიმდებარედ 964 კვ.მ. ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 აპრილის N------ წერილით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გაეგზავნა სალ----------აძის მიერ 2017 წლის 20 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, და---–---------------------ს მიმდებარედ. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე დაიწყო კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება.
6.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სალ----------აძის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა (და შემდგომ საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნილ იქნა) შემდეგი დოკუმენტაცია: ორთოფოტო, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, ინფორმაცია ტექ. ბიუროდან, ინფორმაცია უძრავ ნივთზე, ფოტომასალა, აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 აპრილის N--- განკარგულებით, სალ----------აძეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, და---–-------------------- მიმდებარედ, საერთო ფართობი - 964 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ: 1. არ დასტურდებოდა სალ----------აძის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. 2. მოთხოვნის დროისთვის მიწის ნაკვეთზე არ არის შენობა განთავსებული; 3. ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით) მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გამწვანებულ ტერიტორიას და მასზე შენობის არსებობის ფაქტი არ დგინდება; 4. მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკადასტრო ერთეულის საზღვრებში.
6.4. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამეთუ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ის ფლობდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, კერძოდ ორთოფოტოების მეშვეობით არ დასტურდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი ნა----------ვას 2017 წლის 25 იანვრის, იოს-----–--------–---–ის 2017 წლის 25 იანვრის და ნან---------–-ვას 2017 წლის 27 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომელთა თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ რომ სალ----------აძე და მისი ოჯახი 1994 წლიდან ფლობს და ამუშავებს მიწის ნაკვეთს წყნეთში, ,,ა’’ ზონაში (ამჟამად გ. შერვ-–--------ჩა) მე-12 კორპუსსა და სამთავრობო აგარაკს შორის არხის მიმდებარედ. 1994 წლიდან დღემდე აღნიშნული მიწის ნაკვეთი მათ მიერ გაწმენდილ იქნა, ნაკვეთის 1/3-ს ფერდობი შეადგენს და დასამუშავებლად გამოუსადეგარია. 1995-2006 წლებში მათ მიერ ეტაპობრივად აშენებულ იქნა კაპიტალური, საცხოვრებელი ტიპის პატარა სახლი, ნაკვეთი შემოღობილია და იქ დარგულია მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურული ჯიშები - ვერ იქნება მიჩნეული იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ სალ----------აძე ნამდვილად წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: ა)მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული; ბ)თვითნებურად დაკავებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი)თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის(სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო მიუთითებს, რომ პირის მოთხოვნა შესაძლოა აკმაყოფილებდეს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით’’ განსაზღვრულ მოთხოვნებს,- თუმცა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული თუნდაც ერთ-ერთი გარემოების არსებობა გამორიცხავს სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 13 მარტის N-------------- წერილის მიხედვით, წყნეთი, ზონა ,,ა’’-ს მიმდებარედ 964 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრიაციო (რზ-2) ზონაში, რაც ასევე გამორიცხავს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება მიჩნეული იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ იგი წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
ამდენად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 აპრილის №611 განკარგულება მიღებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ N--- დადგენილების მოთხოვნათა სრული დაცვით, აღნიშნული საფუძვლით არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სალ----------აძის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად დაუსაბუთებელია მოთხოვნაც მოპასუხე მხარეზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სასამართლო თვლის, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სალ----------აძის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი