გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/34655-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე ლ--------------ა
წარმომადგენელი თ------------–---–ი, გ---–-----–------ე
მოპასუხე ხ--------------ი
დავის საგანი: ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ხ--------------ისთვის არასრულწლოვანი შვილების - 2--- წლის 2------------–ს დაბადებული მ---------------ის და 2--- წლის 1--------ს დაბადებული მ-----–----------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება თითოეულისთვის ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 03 დეკემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელის პოზიცია:
ლ--------------ა და ხ--------------ი არიან განქორწინებულები, ქორწინების პერიოდში 2--- წლის 2------------–ს შეეძინათ შვილი - მ---------------ი, ხოლო და 2--- წლის 1--------ს შეეძინათ მ-----–----------ი. განქორწინების შემდგომ ორივე შვილი ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელსაც აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ დახმარებას.
ორივე არასრულწლოვანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ მ-----–----------ს აქვს ორმხრივი სენსონევრალური ხასიათის უმძიმესი ხარისხის სმენის დაქვეითება, ასევე დადგენილი აქვს მეტყველების განვითარების შეფერხება, ხოლო მ---------------ს აქვს სმენის ორმხრივი სენსონევრალური დაკარგვა, თანდაყოლილი კატარაქტა, ჩატარებული აქვს ოპერაციული მკურნალობა და დადგენილი აქვს მეტყველების განვითარების შეფერხება. ორივე ბავშვი აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად და მათზე მზრუნველაბას ახორციელებს დედა. ლ---------------აც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ თანდაყოლილი ჰიპოთერიოზი ჩიყვის გარეშე და ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. მას ჩაუტარდა ოპერაცია, თერაპიის კურსი და ამჟამად იმყოფება ჩანაცვლებით თერაპიაზე. მისი ინფორმაციით მოპასუხე არის დასაქმებული და შემოსავლის სახით იღებს 800 ლარს თვეში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხ--------------მა შესაგებლით თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილების, 2--- წლის 2------------–ს დაბადებული მ---------------ის და 2--- წლის 1--------ს დაბადებული მ-----–----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდაზე.
მოპასუხის განმარტებით, მის კმაყოფაზე არის მისი და, ასევე პენსიონერი და ავადმყოფი მშობლები, არის ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში, მას გააჩნია საბანკო კრედიტები, რომელსაც ძლივს ფარავს ნაწილობრივ და ვერ შესძლებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმეტის ოდენობის თანხის შვილებისთვის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.საქმეში არსებული განქორწინების მოწმობის #0---------- მიხედვით ლ--------------ას და ხ--------------ს შორის, რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2018 წლის 03 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა #0---------- (ს.ფ.18).
3.1.2. ლ--------------ას და ხ--------------ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 2------------–ს დაბადებული მ---------------ი და 2--- წლის 1--------ს დაბადებული მ-----–----------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-----–----------ის დაბადების მოწმობა #0---------- (ს.ფ.20).
- მ---------------ის დაბადების მოწმობა ნ----------
3.1.3. ლ--------------ა და ხ--------------ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილები, მ---------------ი და მ-----–----------ი ცხოვრობენ დედასთან, მისამართზე მდებარე: ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–---------------------------–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ.21)
3.1.4. ლ--------------ა არის უმუშევარი და შემოსავალი არ გააჩნია, ის შვილების აღზრდით არის დაკავებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.1.5. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა-ს მიხედვით მ-----–----------ს აქვს ორმხრივი სენსონევრალური ხასიათის უმძიმესი ხარისხის სმენის დაქვეითება, ასევე დადგენილი აქვს მეტყველების განვითარების შეფერხება. ექიმის სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციის მიხედვით, მას ესაჭიროება მუდმივად სურდოლოგის მეთვალყურეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა (ს.ფ.22)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.1.6.ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა-ს მიხედვით მ---------------ს აქვს სმენის ორმხრივი სენსონევრალური დაკარგვა, თანდაყოლილი კატარაქტა, ჩატარებული აქვს ოპერაციული მკურნალობა და დადგენილი აქვს მეტყველების განვითარების შეფერხება. ექიმის სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციის მიხედვით, მას ესაჭიროება მუდმივად სურდოლოგის მეთვალყურეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა (ს.ფ.23)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.1.7. ქ. თბილისის #------–---------–---–----იდან გაცემული ცნობების მიხედვით არასრულწლოვნები მ-----–----------ი და მ---------------ი წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
- ქ. თბილისის #------–---------–---–----იდან გაცემული ცნობები (ს.ფ.24-25)
3.1.8. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა-ის მიხედვით ლ--------------ას დიაგნოზი არის - თანდაყოლილი ჰიპოთერიოზი ჩიყვის გარეშე და ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა (ს.ფ. 20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ხ--------------ის ფინანსური ვალდებულება სს ,,თიბისი ბანკის“ 10.12.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #3--------------- გამომდინარე შეადგენს 11351 ლარს. კრედიტის ვადა შეადგენს 1828 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,თიბისი ბანკის“ 10.12.2018წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან #3--------------- (ს.ფ.47-49 ).
3.2.2.ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა-ს მიხედვით, ფ-----------------ის დიაგნოზი არის სტაბილური სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ხოლო ქ. თბილისის ა-----–-------------–---------------------–---------------------იდან გაცემული საექიმო დასკვნის/ ცნობა #7--ის მიხედვით ფ-----------------ი იმყოფება აღრიცხვაზე 1974 წლიდან და მას აქვს გონებრივი ჩამორჩენილობა, მნიშვნელოვნად გამოხატული ქცევის პათოლოგია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა IV-100/ა (ს.ფ. 46);
-მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
3.2.3. 14.12.2018 წლის შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ხ--------------ი დასაქმებულია და მისი ყოველთიური შემოსავალი 01.01.2017 წლიდან დასაბეგრი ხელფასის სახით შეადგენს 1069 ლარს, ხოლო ლ--------------ას შემოსავალი არ უფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 14.12.2018წ. წერილი (ს.ფ.52-55)
3.2.4 . მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ხ--------------ს კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა 2--- წლის 2------------–ს დაბადებული მ---------------ის და 2--- წლის 1--------ს დაბადებული მ-----–----------ისა არ ეკისრება.
საქმის მასალებით არ დასტურდება ხ--------------ის კმაყოფაზე მისი მშობლების და დის ყოფნის ფაქტი. მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ხ--------------ს რაიმე მტკიცებულება, რომ მშობლების და დის რჩენა მხოლოდ მისი კანონისმიერი ვალდებულებაა და სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ მათ გააჩნიათ, არ წარმოუდგენია. როგორც შესაგებელში განმარტავს თავად ხ--------------ი მისი და არის სრულწლოვანი, ხოლო მისი მშობლები არიან პენსიონერები და იღებენ კანონით განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებას პენსიის სახით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის, ასევე შვილის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2--- წლის 2------------–ს დაბადებული მ---------------ი და 2--- წლის 1--------ს დაბადებული მ-----–----------ი, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ლ--------------ა და ხ--------------ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწოვნების მ---------------ის და მ-----–----------ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ლ--------------ა არ მუშაობს და არ აქვს შემოსავალი, როგორც მას ასევე არასრულწლოვან შვილებს აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. მოპასუხე ხ--------------ი დასაქმებულია და მისი ყოველთიური შემოსავალი 01.01.2017 წლიდან დასაბეგრი ხელფასის სახით შეადგენს 1069 ლარს, ხოლო ლ--------------ას შემოსავალი არ უფიქსირდება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი საჭიროებს მშობლების დახმარებას, ვინაიდან არის არასრულწლოვანი, მის აღზრდა-განვითარების, განათლების მიღებისა და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მინიმალური მოთხოვნილებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკების წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მის კმაყოფაზე მყოფი დის და მშობლების ყოფნის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არასრულწლოვანების მ-----–----------ის და მ---------------ის მოთხოვნილებები, მისი ასაკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციფიურია, ხოლო არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას ასაკის ზრდასთან ერთად მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებულია რაიმე სხვა წინაპირობაზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის დეკემბრის თვისათვის - 175.0 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სახელმწიფო დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეულისათვის 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 03 დეკემბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თითოეული ბავშვისათვის თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ-------–---–---–ი ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე ხ--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაეკისროს მოპასუხე ხ--------------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 2------------–ს დაბადებული მ---------------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა 2018 წლის 03 დეკემბრიდან;
3. დაეკისროს მოპასუხე ხ--------------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 1--------ს დაბადებული მ-----–----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა 2018 წლის 03 დეკემბრიდან;
4. დაეკისროს ხ--------------ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა