გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4--6-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - გი---------------–-–--ლი;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
წარმომადგენელი - გი------------------;
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნინ--------------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მაისის N--- განკარგულება.
1.2. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გი---------------–-–--ლის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, 4540 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ის ფლობს და მის სარგებლობაშია 1988 წლიდან, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები აშენებულია მის მიერ, ასევე მის მიერ არის გაშენებული მრავალწლოვანი ხეხილი, მისივე ხარჯებითაა მიწის ნაკვეთზე შეყვანილი ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, წყალი.
2017 წლის 31 მაისს მან მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, 4540 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 2018 წლის 23 მაისის N--- განკარგულებით, მას უკანონოდ ეთქვა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან, კომისიამ მიიჩნია, რომ მას უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც მოსარჩელის აზრით არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან, მართალია კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ის მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინებისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომისიის წარმომადგენლები მხოლოდ ერთხელ იყვნენ ხსენებულ მისამართზე და არათუ შეისწავლეს და გამოიკვლიეს გარემოებები, არამედ რადგანაც წვიმდა, მანქანიდან არც კი გადმოსულან.
იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელის საქმე განიხილებოდა აღიარების კომისიის მიერ, მან 2016 წლის 21 ივნისს მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აცნობა, რომ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების საკითხს განიხილავდა აღიარების კომისია და ითხოვა მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ბალანსზე აღრიცხვის შეჩერება. თუმცა ქონების მართვის სააგენტოს მიერ მისი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და 2016 წლის დეკემბერში მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი სახელმწიფო ბალანსზე იქნა აყვანილი. ამის შემდგომ მან მიმართა სააგენტოს კითხვით, თუ რატომ განახორციელეს ეს ქმედება, სააგენტომ 2018 წლის 26 ივნისს მისი განცხადება გადაუგზავნა აღიარების კომისიას, თუმცა კომისიას საქმის განხილვა უკვე დასრულებული ჰქონდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2010 წლის 11 მაისს ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმსჯელა შპს ,,სატ------ს’’ ხელმძღვანელის - გი---------------–-–--ლის განცხადებასთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთზე, არქიტექტურის სამსახურის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით - 176 კვ.მ-ზე.
2010 წლის 30 სექტემბერს კომისიას მიმართა გი---------------–-–--ლმა, რომელიც ითხოვდა იმავე მისამართზე მდებარე 400 კვ.მ მიწის ფართობის დაკანონებას. განმცხადებლის განმარტებით, მოთხოვნილი 400 კვ.მ მდებარეობს შპს ,,სატ------ს’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ. აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილებაზე გი---------------–-–--ლს უარი ეთქვა 2010 წლის 7 ოქტომბრის N--- ოქმით.
2010 წლის 28 დეკემბერს კომისიას განცხადებით მიმართა გი---------------–-–--ლმა და ითხოვა 2277 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ვინაიდან N--- ოქმით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი გარემოებების დამდგენი დოკუმენტაცია, კომისიის 2011 წლის 20 იანვრის N--- ოქმით მას უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე.
იმავე საფუძვლით, 2011 წლის 7 აპრილის N--- ოქმით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე, რომლითაც ის ითხოვდა 1173.5 კვ.მ-ზე საკუთრების აღიარებას.
იმავე საფუძვლით, 2012 წლის 9 მარტის N--- ოქმით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე, რომლითაც ის ითხოვდა 1900 კვ.მ-ზე საკუთრების აღიარებას.
იმავე საფუძვლით, 2013 წლის 18 აპრილის N--- ოქმით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე, რომლითაც ის ითხოვდა 2548 კვ.მ-ზე საკუთრების აღიარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 7 ოქტომბრის N--- ოქმი, საკითხი 37 (ს.ფ. 51);
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 20 იანვრის N--- ოქმი, საკითხი 53 (ს.ფ. 50);
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 7 აპრილის N--- ოქმი, საკითხი 24 (ს.ფ. 49);
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 9 მარტის N--- ოქმი, საკითხი 1 (ს.ფ. 48);
3.1.2. 2014 წლის 13 ნოემბერს გი---------------–-–--ლმა განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს თბილისში, იპოლიტოვ-ივ----------–-------------ის მიმდებარედ. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 მაისის N--- ოქმით, მას უარი ეთქვა განმცხადებლის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 მაისის N--- ოქმი, საკითხი 82 (ს.ფ. 46);
3.1.3. ბესა-------------ძის, ვა-–--------------ს და მა----------–--ლის 2014 წლის 13 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებელები ადასტურებენ, რომ 2007 წლის 1 იანვრამდე გი---------------–-–--ლს ნამდვილად ჰქონდა თვითნებურად დაკავებული 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი კაპიტალური საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობებით, მისამართზე: ქ. თბილისი, იპოლიტოვ-ივ----------–-------------ის მიმდებარედ. ნაკვეთზე დგას გადახურული კაპიტალური საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები. ნაკვეთი შემოღობილია და დარგულია მრავალწლიანი ნარგავები. გი---------------–-–--ლი დღესაც სარგებლობს და იყენებს მიწის ნაკვეთს. განმცხადებლებს პრეტენზია არ გააჩნიათ, რომ გი---------------–-–--ლმა მოახდინოს ამ ნაკვეთის ლეგალიზება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ბესა-------------ძის, ვა-–--------------ს და მა----------–--ლის 2014 წლის 13 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 74-76)
3.1.4. 2016 წლის 21 ივნისს გი---------------–-–--ლმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ საკუთრების აღიარების კომისიაში მიმდინარეობს წარმოება მის საქმეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა ითხოვა, რომ შეჩერებულ იქნეს ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ბალანსზე აყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გი---------------–-–--ლის 2016 წლის 21 ივნისის განცხადება (ს.ფ. 19)
3.1.5. 2017 წლის 31 მაისს გი---------------–-–--ლმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გი---------------–-–--ლის 2017 წლის 31 მაისის განცხადება (ს.ფ. 61);
3.1.6. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N------------- წერილის მიხედვით, ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სამრეწველო (ს-1) და საცხოვრებელ (სზ-2) ზონაში. ამასთან კვეთს 0--------------- და 0--------------- საკადასტრო ერთეულს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N------------- წერილი (ს.ფ. 52);
3.1.7. 2017 წლის 24 ოქტომბერს გი---------------–-–--ლმა განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა დამ მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა, რომ ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ შეყვანილიყო სახელმწიფოს საკუთრებაში. ასევე ითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მის სახელზე დაკანონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გი---------------–-–--ლის 2017 წლის 24 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 18)
3.1.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 თებერვლის N6-- ოქმის მე-16 საკითხით, უარი ეთქვა გი---------------–-–--ლს 2017 წლის 31 მაისის განცხადების განხილვაზე, ვინაიდან კომისიის მიერ ერთხელ უკვე აღიარებულია საკუთრების უფლება წარმოდგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურის სამსახურის მიერ განსაზღვრული კონფიგურაციით შპს ,,სატ------ს’’ სახელზე, როგორც საკუთრების მომიჯნავე ფართობზე. შემდეგ გი---------------–-–--ლმა კიდევ ერთხელ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება შპს ,,სატ------ს’’ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის მიმდებარედ და უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ოქმი N---, 2--, 2--, 2--, 2--, 2--, 3--, 4--). აღნიშნულიდან გამომდინარე, გი---------------–-–--ლს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 19 თებერვლის N6-- ოქმი, მე-16 საკითხი (ს.ფ. 35-41);
3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მაისის N--- განკარგულებით, გი---------------–-–--ლს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 23.05.2018 წ. N--- განკარგულება (ს.ფ. 15);
3.1.10. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 26 ივნისის N-------- წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას რეაგირების მიზნით გადაუგზავნა გი---------------–-–--ლის 2017 წლის 26 სექტემბრის განცხადება და 2017 წლის 24 ოქტომბრის განცხადება თანდართული დოკუმენტაციით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის N-------- წერილი (ს.ფ. 17);
სამოტივაციო ნაწილი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 23 მაისის N--- განკარგულების მიღებისას მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გი---------------–-–--ლის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მაისის N--- განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ მდებარე მიწის ნაკვეთზე გი---------------–-–--ლის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მაისის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე გი---------------–-–--ლის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მაისს გი---------------–-–--ლმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება. სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში სარეგისტრაციო წარმოება.
6.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას და ამასთან, ზემდგომ ორგანოს უადვილებს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებასთან და/ან საჩივართან დაკავშირებით უკვე არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, - ასეთ შემთხვევაში ხელახლა განცხადება და/ან საჩივარი შეიძლება წარდგენილი იქნეს შემდეგ შემთხვევებში: 1. თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და 2. თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე დროს იმ შემთხვევაში თუკი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. თუმცა დასახელებული მუხლის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს საქმეში დადგენილ შემდეგ სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად ის გარემოება იქცა, რომ მისი საკითხი უკვე განხილული იყო და მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფაქტობრივად ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი არსებითად არ განუხილავს; არსებითი და დასაბუთებული უარი არ უთქვამს მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოსარჩელის განცხადების განხილვაზე უარის კანონიერება და მხოლოდ მისი განხილვის დავალება ადმინისტრაციული ორგანოსათვის. შესაბამისად, უნდა შეფასდეს მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობდა თუ არა გი---------------–-–--ლის განცხადების განხილვის წინაპირობა და მართებულად ეთქვა თუ არა განმცხადებელს უარი მის განხილვაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით (მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. იგივე წესია დადგენილი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-18 მუხლით, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლადაღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
სასამართლო კვლავ ყურადღებას მიაპყრობს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- ბესა-------------ძის, ვა-–--------------ს და მა----------–--ლის 2014 წლის 13 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც განმცხადებელები ადასტურებენ, რომ 2007 წლის 1 იანვრამდე გი---------------–-–--ლს ნამდვილად ჰქონდა თვითნებურად დაკავებული 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი კაპიტალური საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობებით, მისამართზე: ქ. თბილისი, იპოლიტოვ-ივ----------–-------------ის მიმდებარედ. ნაკვეთზე დგას გადახურული კაპიტალური საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები. ნაკვეთი შემოღობილია და დარგულია მრავალწლიანი ნარგავები. გი---------------–-–--ლი დღესაც სარგებლობს და იყენებს მიწის ნაკვეთს. განმცხადებლებს პრეტენზია არ გააჩნიათ, რომ გი---------------–-–--ლმა მოახდინოს ამ ნაკვეთის ლეგალიზება.
- სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 ივნისის N------------- წერილი, რომლის მიხედვით, ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სამრეწველო (ს-1) და საცხოვრებელ (სზ-2) ზონაში. ამასთან კვეთს 0--------------- და 0--------------- საკადასტრო ერთეულს.
- 2014 წლის 13 ნოემბერს გი---------------–-–--ლმა განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს თბილისში, იპოლიტოვ-ივ----------–-------------ის მიმდებარედ. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 11 მაისის N--- ოქმით, მას უარი ეთქვა განმცხადებლის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე.
- 2017 წლის 31 მაისს გი---------------–-–--ლმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარება. მხარემ წარდგენილ განცხადებას დაურთო აზომვითი ნახაზები, ორთოფოტებო, მეზობლების განცხადებები.
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მაისის N--- განკარგულებით, გი---------------–-–--ლს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადების წარდგენისას არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა ახალი მტკიცებულებები (მიწის ნაკვეთის ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზები და ორთოფოტოები) ადმინისტრაციულ ორგანოს გი---------------–-–--ლის 2017 წლის 31 მაისის განცხადებაში დასმული საკითხი არსებითად არ განუხილავს და დასაბუთებული უარი მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არ უთქვამს, რამეთუ მოსარჩელის მიერ ხელახლა წარდგენილი განცხადება მის მიმართ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად არ იქნა განხილული.
6.5. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, როდესაც 2015 წლის 11 მაისის N--- ოქმზე საკითხი არსებითად იქნა განხილული და განმცხახდებელს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში გი---------------–-–--ლის მიერ კომისიაში წარდგენილ იქნა ახალი მტკიცებულებები, კერძოდ: ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზები და ორთოფოტოები, ამასთან საქმეში წარმოდგენილი მომიჯნავედ მცხოვრები მეზობლების ბესა-------------ძის, ვა-–--------------ს და მა----------–--ლის 2014 წლის 13 ნოემბრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ისინი ადასტურებენ, რომ 2007 წლის 1 იანვრამდე გი---------------–-–--ლს ნამდვილად ჰქონდა თვითნებურად დაკავებული 4540 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი კაპიტალური საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობებით, მისამართზე: ქ. თბილისი, იპოლიტოვ-ივ----------–-------------ის მიმდებარედ. ნაკვეთზე დგას გადახურული კაპიტალური საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები. ნაკვეთი შემოღობილია და დარგულია მრავალწლიანი ნარგავები. გი---------------–-–--ლი დღესაც სარგებლობს და იყენებს მიწის ნაკვეთს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებითად არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია იმისათვის, ახალი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ორთოფოტოები წარმოადგენდა თუ არა ისეთი სახის ახალ მტკიცებულებას, რომელიც განმცხადებლისათვის განაპირობებდა უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, არ შეუფასებია და მხედველობაში არ მიუღია ასევე ის გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაშია. ყოველივე აღნიშნული სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სადავო განკარგულება მიღებულია საქმის ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეჯერების გარეშე.
საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გი---------------–-–--ლის 2017 წლის 31 მაისის განცხადება უნდა განეხილა არსებითად, სათანადოდ უნდა შეეფასებინა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ერთობლიობაში და ისე ემსჯელა იმის თაობაზე, გი---------------–-–--ლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები წარმოადგენდა თუ არა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ). საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს, ხოლო თუკი სათანადო მსჯელობის შედეგად მივიდოდა დასკვნამდე, რომ არ არსებობდა მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით გათვალისწინებული სხვა რომელიმე უარის თქმის საფუძველი, - მიეღო გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთზე გი---------------–-–--ლის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
6.6. სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არის ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მაისის N--- განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ზემოთ მითითებულ გარემოებების გათვალისწინებით, გამოსცეს ახალი, სათანადოდ დასაბუთებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისი, იპ---–--------------------–--–------------ის მიმდებარედ, საერთო ფართობი: 4540 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გი---------------–-–--ლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საკითხის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს - მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 2---ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გი---------------–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მაისის N--- განკარგულება და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე - გი---------------–-–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი