გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.11.2018
საქმის ნომერი
330310018002251879
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/177-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - ი/მ „ვა-–-----------ე“

წარმომადგენელი - გო---------------ა

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მა-------------–-ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 ოქტომბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №3---- ბრძანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს 12:19 საათზე შედგა №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად ვა-–-----------ის მიერ (ს/ნ11--------3) დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის 2024 ლარის ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „დახერხილი ხე-მასალის“ (3.68 მ3x550 ლარი) ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი T-----Q, მძღოლი - ვა-–-----------ე პ/ნ 11--------3, გადამოწმების დრო: 2017 წლის 25 ოქტომბერი 12:14 საათი) ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე, შესაბამისად, მას შეეფარდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, ფულადი ჯარიმა 5000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 ოქტომბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 19-20).

 

3.2. ი/მ „ვა-–-----------ემ“ მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 ოქტომბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.

 

საჩივრის თანახმად, გადასახადის გადამხდელი 2017 წლის 14 ოქტომბერს ახორციელებდა 4.99 მ3 დახერხილი ხის მასალის დამუშავებისაგან მიღებული 3.68 მ3 დამუშავებული ხის მასალის ტრანსპორტირებას, რომელზეც გამოიწერა №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №3---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ი/მ „ვა-–-----------ის“ საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №3---- ბრძანებაში უზუსტობის გასწორების თაობაზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანება, რომლის თანახმად №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში მითითებული წარმოშობის დოკუმენტები და ფირნიშის ნომრები არ შეესაბამებოდა ავტომანქანაზე განთავსებულ ხის მასალას. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი/მ „ვა-–-----------ის №2----------- საჩივარი (ს.ფ.16-18);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.22-24);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №3---- ბრძანება (ს.ფ.25-26).

 

3.3. 2017 წლის 14 ოქტომბრის 07:26:03 საათზე გამოწერილი №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ვა-–-----------ე (პ/ნ11--------3) შიდა გადაზიდვის მიზნით - ბო----ომი, სოფელი სა-----დან ხა–----ის მიმართულებით, ახორციელებდა ფიცრების (ფირნიშის/ცნობის ნომრებით: 0--------- – 0.59 მ3, 0--------- – 0.12 მ3, 0--------- – 0.33 მ3, 0--------- – 0.46 მ3, 0--------- – 0.46 მ3, 0--------- – 0.36 მ3, 0--------- – 0.55 მ3, 0--------- – 0.47 მ3, 0--------- – 0.38 მ3, 0--------- – 0.62 მ3, 0--------- – 0.65 მ3) ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი T-----Q). ზედნადების მიხედვით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ნომრებია: 1--------- – 28.08.2016წ., 1--------- – 31.08.2016წ., 1--------- – 31.08.2016წ., 1--------- – 31.08.2016წ.). ხოლო მიწოდებული საქონლის ჩაბარების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 ოქტომბერი 13:54 საათი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 14 ოქტომბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.1314).

 

3.4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების 2017 წლის 17 ოქტომბრის №D------------- წერილის თანახმად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 14 ოქტომბერს, ბო----ომის მუნიციპალიტეტის სოფელ კო---------ში დათვალიერებული იქნა ვა-–-----------ის (პ/ნ11--------3) მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი სახ. ნომრით T-------Q, რომლის ძარაზე დატვირთული იყო 3მ სიგრძის წიწოვანი ჯიში პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი 4მ3 მოცულობით. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმებით, აღნიშნული პროდუქტი გადამუშავებულია რეგისტრირებულ ხე-ტყის სახერხ საამქროში, საიდანაც ელექტრონული მონაცემების მიხედვით არ არის გატანილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტომანქანა, მასზე განთავსებული ტვირთით, გადაყვანილი იქნა ქ. ახ--––--ეში, ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ეზოში და დაილუქა №3------ ლუქით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების 2017 წლის 17 ოქტომბრის №D------------- წერილი (ს.ფ.99).

 

3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 23 ოქტომბრის №4---------- დასკვნის თანახმად, ი/მ „ვა-–-----------ის“ მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის სახ.ნომრით T-------Q ძარიდან ჩამოღებული გარანდული დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის მოცულობა შეადგენდა 3.68 კუბ.მეტრს, საორიენტაციო საბაზრო ღირებულება - 2024 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 23 ოქტომბრის №4---------- დასკვნა (ს.ფ.101-105);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 13 დეკემბრის №1----------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.93-95).

 

3.6. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს 2018 წლის 12 ივლისის №D------------- წერილის თანახმად, №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში გაწერილი ხე-ტყის წარმოშობის №1---------, №1---------, №1---------, №1--------- დოკუმენტები და ფირნიშები გადამოწმდა გარემოს დაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში, საიდანაც ირკვევა, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით გაწერილი ფირნიშები შეტანილი და გადამუშავებულია ი/მ „ვა-–-----------ის“ სახერხ საამქროს (რეგისტრაციის №1------------) ელექტრონული ჟურნალის 0--------------, 0--------------, 0--------------, 0--------------, 0--------------, 0--------------, 0-------------- მიღებებით. 53-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 57-ე მიღებებში შეტანილი მორები გადამუშავებულია 2017 წლის მარტის თვეში და 2017 წლის 9 აპრილს, რა დროსაც მეწარმეს კანონით არ ჰქონდა პროდუქტის აღრიცხვის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება წარმოეშვა 2017 წლის 10 აპრილიდან. რაც შეხება 0-------------- და 0-------------- მიღებებს, მორები გადამუშავებულია 2017 წლის 24 აპრილსა და 15 ივლისს, რითაც ელექტრონული ჟურნალის მონაცემებით მიღებული აქვს პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი 2,38მ3 ოდენობით, რაზეც კანონით გათვალისწინებული ელექტრონული ცნობა არ აქვს გაცემული და ელექტრონული ბაზის მონაცემებით, პირველადი გადამუშავების პროდუქტი მდებარეობს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს 2018 წლის 12 ივლისის №D------------- წერილი (ს.ფ.162-165).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 136-ე, 269-ე, 286-ე მუხლები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესი“, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, საქართველოს ტყის კოდექსის მე-5, 93-ე, 931 მუხლები, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის №46 დადგენილება, „მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 ოქტომბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 დეკემბრის №3---- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

 

სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

 

ამავე ბრძანების 252 მუხლით მოწესრიგებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძვლები და წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-01 3 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე: ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე-მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ: ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ო----ერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი;

 

მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ინსტრუქციის 251 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; ბ) ხე/მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე/მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; ე) სსიპ – ეროვნულის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრებით მიღებული ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე/მცენარის და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ზ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა(მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება: ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით; ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში –რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.

 

სასამრთლო განმარტავს, რომ ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა, ერთი მხრივ, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოჰყო ხე-ტყე და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობაზე დააწესა განსხვავებული და უფრო მკაცრი სანქცია, ხოლო, მეორე მხრივ, შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია მე-20 და 21-ე სტრიქონები (პირველადი დოკუმენტი და ფირნიშის ნომერი). სასამართლო მიუთითებს, რომ მე-20 და 21-ე სტრიქონების შევსება ემსახურება ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების გადამოწმებას, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ხე-ტყის მოპოვება კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ამდენად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერა გულისხმობს არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დაცვას, როდესაც პირი ავსებს ზედნადების ყველა პუნქტს, არამედ მეწარმის მიერ მითითებული მონაცემები უნდა იყოს სწორი. უფრო მეტიც, თუკი ფორმალური მოთხოვნები არ არის დაცული, განმსაზღვრელია და უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზი შესაძლებელს ხდის იმ მიზნის მიღწევას, რასაც ემსახურება მოსარჩელის მიერ არასწორად შევსებული სტრიქონები - შესაძლებელი იყოს საქონლის იდენტიფიკაცია. მით უფრო, რომ ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს და მისი გამოწერა კანონით დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო მიზნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს ბო----ომის მუნიციპალიტეტის სოფელ კო---------ში ვა-–-----------ის (პ/ნ11--------3) მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ფორდ ტრანზიტი (სახ. ნომრით T-------Q), რომლის ძარაზე განთავსებული იყო წიწვოვანი ჯიში - პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი.

 

დადგენილია, ასევე, რომ 2017 წლის 14 ოქტომბრის 07:26:03 საათზე გამოიწერა №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, ვა-–-----------ე (პ/ნ11--------3), შიდა გადაზიდვის მიზნით - ბო----ომი, სოფელი სა-----დან ხა–----ის მიმართულებით, უნდა განეხორციელებინა ფიცრების (ფირნიშის/ცნობის ნომრებით: 0--------- – 0.59 მ3, 0--------- – 0.12 მ3, 0--------- – 0.33 მ3, 0--------- – 0.46 მ3, 0--------- – 0.46 მ3, 0--------- – 0.36 მ3, 0--------- – 0.55 მ3, 0--------- – 0.47 მ3, 0--------- – 0.38 მ3, 0--------- – 0.62 მ3, 0--------- – 0.65 მ3) ტრანსპორტირება (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი T-----Q). ზედნადების მიხედვით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრებია: 1--------- – 28.08.2016წ., 1--------- – 31.08.2016წ., 1--------- – 31.08.2016წ., 1--------- – 31.08.2016წ. ხოლო მიწოდებული საქონლის ჩაბარების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 ოქტომბერი 13:54 საათი.

 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს 12:19 საათზე შედგა №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ვა-–-----------ის მიერ (ს/ნ11--------3) დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ სამეწარმეო საქმიანობისათვის 2024 ლარის ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „დახერხილი ხე-მასალის“ (3.68 მ3x550 ლარი), ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი T-----Q, მძღოლი - ვა-–-----------ე პ/ნ 11--------3, გადამოწმების დრო: 2017 წლის 25 ოქტომბერი 12:14 საათი), ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე, შესაბამისად, მას შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით ფულადი ჯარიმა 5000 ლარი და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

მხარეთა მიერ სადავოდ არ არის ქცეული ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის - ხე-ტყის ტრანსპორტირებას, რაზედაც გამოწერილი უნდა ყოფილიყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობის მქონეა დადგინდეს, რამდენად იყო მოსარჩელის მიერ გამოწერილ ზედნადებში მითითებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით გათვალისწინებული საქონელი განთავსებული სატრანსპორტო საშუალების ძარაზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ტყის კოდექსზე, რომლის მე-5 მუხლის „შ“ და „ც“ ქვეპუნქტების მიხედვით, ხე-ტყე არის საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი, ხოლო მრგვალი ხე-ტყე (მორი) არის ხე-ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილისგან) მიღებული, 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი. ამავე მუხლის „წ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ სპეციალური ფირნიში არის ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში. მითითებული მუხლის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტების თანახმად კი სახერხი საამქრო არის მრგვალი ხე-ტყის ( მორის ) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი. საკონტროლო ფირნიში − სპეციალური ფირნიშის განუყოფელი ნაწილი, რომელიც სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების შემდეგ აღრიცხვა-ანგარიშგების მიზნით, დადგენილი წესით უნდა წარედგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომ – დეპარტამენტი).

 

ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული კოდექსის 931 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყით სარგებლობასთან, ხე-ტყის მოძრაობასთან და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით იქმნება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომლის წარმოების ინსტრუქციას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემას აწარმოებენ ამ კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოები, აგრეთვე სხვა შესაბამისი პირები მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის №46 დადგენილების მე-2 მუხლის 35-ე პუნქტის მიხედვით, ელექტრონული სისტემა – საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყით სარგებლობასთან, ხე-ტყის მოძრაობასთან და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით შექმნილი მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელშიც მონაცემების ასახვა ხორციელდება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის შესაბამისად.

 

„მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის №118 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანისა და წარდგენის (მათ შორის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვის) ვალდებულება აქვთ ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა ხე-ტყით მოსარგებლეებს (შემდგომში – ხე-ტყით მოსარგებლე), სახერხი საამქროს მფლობელებს.

 

ამავე ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახერხი საამქროს მფლობელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სახერხი საამქროს ელექტრონული მართვა ხორციელდება ვებპორტალის საშუალებით მისამართიდან http://ms.anr.ge, რომლის საწყისი გვერდი მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს: ა) სახერხი საამქრო; ა.ა) სახერხი საამქროს მართვა; ა.ა.ა) მორების მიღება; ა.ა.ბ) გადამუშავება; ა.ა.გ) მორების გატანა; ა.ბ) ანგარიშგება.

 

მითითებული ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახერხი საამქროს მფლობელების მიერ ელექტრონულ სისტემაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად და დადგენილი წესით, ხორციელდება: ა) სახერხი საამქროს რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღებისა და გადამუშავების, გადაუმუშავებელი მორის გატანის შესახებ მონაცემების ასახვა და დეპარტამენტისათვის წარდგენა (გადაგზავნა).

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს 2018 წლის 12 ივლისის №D------------- წერილზე, რომლის თანახმად №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში გაწერილი ხე-ტყის წარმოშობის №1---------, №1---------, №1---------, №1--------- დოკუმენტები და ფირნიშები გადამოწმდა გარემოს დაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში, საიდანაც ირკვევა, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით გაწერილი ფირნიშები შეტანილი და გადამუშავებულია ი/მ „ვა-–-----------ის“ სახერხ საამქროს (რეგისტრაციის №1------------) ელექტრონული ჟურნალის 0--------------, 0--------------, 0--------------, 0--------------, 0--------------, 0--------------, 0-------------- მიღებებით. 53-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 57-ე მიღებებში შეტანილი მორები გადამუშავებულია 2017 წლის მარტის თვეში და 2017 წლის 9 აპრილს, რა დროსაც მეწარმეს კანონით არ ქონდა პროდუქტის აღრიცხვის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება წარმოეშვათ 2017 წლის 10 აპრილიდან. რაც შეხება 0-------------- და 0-------------- მიღებებს, მორები გადამუშავებულია 2017 წლის 24 აპრილსა და 15 ივლისს, რითაც ელექტრონული ჟურნალის მონაცემებით მიღებული აქვს პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი 2,38მ3 ოდენობით, რაზეც კანონით გათვალისწინებული ელექტრონული ცნობა არ აქვს გაცემული და ელექტრონული ბაზის მონაცემებით პირველადი გადამუშავების პროდუქტი მდებარეობს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო ნომერი T-----Q) განთავსებული ფიცრები ტრანსპორტირება ხდებოდა შესაბამისი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 და 21-ე სტრიქონებით გათვალისწინებული ინფორმაცია საჭიროა საქონლის იდენტიფიკაციისა და მასზე უფლების კანონიერად მოპოვების გადამოწმების კუთხით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რამდენად არის შესაძლებელი საქონლის იდენტიფიკაცია და დადასტურდეს ის ფაქტი, რომ იგი გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე. ამრიგად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამოწმების ფაქტი გულისხმობს პირის მიერ მითითებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებთან ტრანსპორტირებული საქონლის შესაბამისობის გადამოწმებასაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეეძლება, რომ ერთხელ მოპოვებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით შეასრულოს სხვადასხვა ხე-ტყის ტრანსპორტირება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და საქონლის იდენტიფიკაციის გარეშე. აღნიშნული ცალსახად ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების წინაპირობას, რადგან სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობა მოიცავს არა მხოლოდ ზედნადების სრულ არარსებობას, არამედ ზედნადების მხოლოდ ფორმალურ გამოწერას, როდესაც მასში მითითებული მონაცემები არასწორი და ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამოა, გამორიცხავს ზედნადების შემოღების მიზნების მიღწევასა და კონტროლის განხორციელებას. ვინაიდან დადასტურებულია, რომ მხარე არ ახდენდა შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით გათვალისწინებული ხის მასალის ტრანსპორტირებას, ხე-ტყის იდენტიფიცირება ვერ ხდება და დაირღვა მისი ტრანსპორტირების წესები, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი/მ „ვა-–-----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე