გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.02.2019
საქმის ნომერი
180310019002800678
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/02-19 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05.02.2019 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ------------–---–--

 

მოპასუხე - ლ-------------–---–--

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ლ-------------–---–- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინიტროსა და მოპასუხეს შორის 28.01.2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. 28.01.2016 წლის ხელშეკრულების (კონტრაქტის) თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამავე კონტრაქტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედება განისაზღვრა (4 წლით), თუმცა ლ-------------–---–-- 19.06.2017 წლის პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.07.2017 წლის N5065 ბრძანებით და ლ-------------–---–- განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

ლ--------------–---–- კონტრაქტის გაფორმებიდან ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები. შესაბმისად, მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის - 3000 ლარის გადახდის ვალდებულება ამავე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, რაც დღემდე არ შეუსრულებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომაზე, არ გამოცხადებულა. მოპასუხისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღი და დრო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე - ლ-------------–---–- შორის 2016 წლის 28 იანვარს გაფორმდა #333/16 ხელშეკრულება (კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტით კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 04 წლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2016 წლის 28 იანვრის #333/16 ხელშეკრულება (კონტრაქტი) (ს.ფ. 13-20);

 

3.2. მოპასუხე - ლ-------------–---–--, 2017 წლის 19 ივნისს პირადი პატაკით მიმართა მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკს გ-------------- და ითხოვა დათხოვნა საქართველოს შიარაღებული ძალების რიგებიდან. აღნიშნულ პატაკში, ლ-------------–---–- უთითებს, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევის შემდგომ შედეგებზე იღებს პასუხისმგებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ლ-------------–---–-- 19.06.2017 წლის პატაკი (ს.ფ. 21);

 

3.3. მოპასუხე - ლ-------------–---–-, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.07.2017 წლის N5065 ბრძანებით, 2017 წლის 03 ივლისიდან დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.07.2017 წლის N5065 ბრძანება; (ს.ფ. 22);

 

3.4. 28.01.2016 წლის კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინასურ პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ვალდებულია კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსთვის 3 000 ლარი.

 

ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობით დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეს - ლ-------------–---–-ს მიერ ვადამდე შეწყვეტილი და კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდია ორ წელზე ნაკლები - კერძოდ ერთი წელი, ხუთი თვე და ხუთი დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 28.01.2016 ხელშეკრულება (კონტრაქტი) (ს.ფ. 13-20);

-ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ (ს.ფ.23-24)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

28.01.2016 წლის კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.

 

კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

დადგენილი,რომ მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფროსის 03.07.2017 წლის N5065 ბრძანებით, 2017 წლის 03 ივლისს დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე- 21 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.

 

სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ხოლო მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე ლ-------------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელწმიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, მე-13, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - ლ-------------–---–- (---------------- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის თანხის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე - ლ-------------–---–- (---------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. მცხეთა, სამხედროს 17). ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე