გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.02.2019
საქმის ნომერი
240310118002539820
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240310118002539820

(3/43-2018)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05.02.2019 წ. ქ. სენაკი

 

შესავალი ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ჯემალი მეტრეველი

მოპასუხე - რო-----------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

რო-----------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხა 3000 ლარის ოდენობით.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგს: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 20.09.2016 წლის N5899 ბრძანებით, რო-----------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნების და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 19 სექტემბრიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2016 წლის 19 სექტემბრიდან რო-----------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N4642/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. რომლის ვადა განისაზღვრა 4 წლით.

 

რო-----------ემ 2018 წლის 30 მაისის პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა რაც დაკმაყოფილდა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით 07.06.2018 წლის N3247 ბრძანების თანახმად რო-----------ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ’’თ’’ ქვეპუნქტით, ხოლო ამავე კონტაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ’’სამხედრო მოსამსახურის ’’ ფინანსური პასუხისმგებლოს საკითხი, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული გადაეხადა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

რო-----------ე 07.06.2018 წლის N3247 ბრძანებით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით. ამდენად მოპასუხეს წარმოეშვა ფინანსური ვალდებულება 7.3 პუნქტის მიხედვით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს რო-----------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს ჯარიმის თანხა 3000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 და 251 მუხლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე მუხლებსა და 19.09.2016 წლის N4642/16კონტრაქტის 7.3. პუნქტებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სასამართლო სხდომაზე რო-----------ე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები მიცემულ საქმეზე არ გამოვლენილა.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1.რო-----------ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 20.09.2016 წლის ბრძანებით N5899 გაწვეულ იქნა შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და დაინიშნა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე რეკრუტად (BCT) და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება პირველი კლასის ’’რიგითი’’ 2016 წლის 19 სექტემბრიდან. იმავე დღეს თავდაცვის სამინისტროსა და რო-----------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N4642/16, სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე, რომლის ვადა განისაზღვრა 4 წლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 20.09.2016 წლის ბრძანება N5899

საქართველოს თვადაცვის სამინისტროსა და რო-----------ეს შორის 19.09.2016 წელს გაფორმებული ხელსეკრულება N4642/16

 

3.2.2 კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის’’ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე’’ ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კოტრაქტის შეწყვეტიდან, ჯარიმის სახით აენაზღაურებინა ,,სამინისტროსათვის’’ 3000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რო-----------ეს შორის 19.09.2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება N4642/16.

 

3.2.3 რო-----------ემ 2018 წლის 30 მაისის პირადი პატაკის საფუზველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა რაც დაკმაყოფილდა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით 07.06.2018 წლის N3247 ბრძანების თანახმად რო-----------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ’’თ’’ ქვეპუნქტით, ხოლო ამავე კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ’’სამხედრო მოსამსახურე’’ ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული , კონტრაქტის შეწყვეტიდან , ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსთვის ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

2018 წლის 30 მაისის პირადი პატაკი; გენერალური შტაბის უფროსის 07.06.2018 წლის N3247 ბრძანება; ცნობა ნამსახურები წლების შესახებ.

 

3.2.4. კონტრაქტის 8.4 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ’’სამხედრო მოსამსახურის’’ ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში ,,სამხედრო მოსამსახურის’’ წინააღმდეგ აღძრული დავების განხილვის განსაკუთრებული განსჯადობა თავდაცვის სამინისტროს არჩევანის მიხედვით გააჩნია იმ სასამამართლოს, რომელიც იმყოფება ,,სამხედრო მოსამსახურის’’ ბოლო სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფელის) მიხედვით, ხოლო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე რო-----------ე სამსახურებრივ ვალდებულებებს ასრულებდა ქ.სენაკში დისლოცირებულ სამხედრო ქვედანაყოფში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

საქართველოს თვდაცვის სამინისტროსა და რო-----------ეს შორის 19.09.2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება N4642/16.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის 2016 წლის 19 სექტემბერს N4642/16 კონტრაქტის დარღვევის შედეგად წარმოშობილი ჯარიმის ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით. სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ, ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 20 სექტემბრის № 5899 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში დასადგენია დაარღვია თუ არა რო-----------ემ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის ჯარიმის დაკისრებას;

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მაისს რო-----------ემ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად, პირადი პრობლემების გამო, კერძოდ, ოჯახით გერმანიაში გადასვლის გამო არ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სწორედ აღნიშნული პატაკის საფუძველზე რო-----------ემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 07 ივნისის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა; ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე და რო-----------ესთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლზე მითითებით.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას). ამდენად, რო-----------ესთან მიმართებაში კონტრაქტის 9.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ადგილი არ აქვს;

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

ჯარიმის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, ხოლო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 3 000 ლარი - ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში არის გონივრული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

აღსანიშნავია, რომ რო-----------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, და არ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა კანონშესაბამისია, რითაც მოპასუხესთან მიმართებაში დაცულია როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რაც უნდა იყოს არანაკლებ 50 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, 3 000 ლარის 3%-ი 90 ლარია, თუმცა დასახელებული კოდექსის 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-9, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე რო-----------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხე რო-----------ეს (პ/ნ19--------4) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე რო-----------ეს (პ/ნ19--------4) სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ( ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) სენაკის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. 247) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე