განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/78-2018
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ----– ლ-----ს ძე ი------–---–ი, დაბადებული 1983 წლის 27 აპრილს, საქართველოს მოქალაქე. პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ. ქ.თბილისი, გლდანი მისამართის გარეშე, მცხოვრები ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში.
ადვოკატი - ნ------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით.
სხდომის სახე ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ჯ----– ი------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. არასრულწლოვანის თანდასწრებით, ორი პირის მიმართ, არასრულწლოვანის მიმართ. კერძოდ,2018 წლის 01 აპრილს ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჯ----– ი------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, თავის შვილს, 14 წლის მ------ ი------–---–ს სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგ მ------ ი------–---–ის დაცვის მიზნით კონფლიქტში ჩარეულ (მამას) ლ---- ი------–---–ს, არასრულწლოვან მ------ ი------–---–ის თანდასწრებით თავის არეში დაარტყა მინის საგანი, რამაც ასევე ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ე.ი ჯ----– ი------–---–ს ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდება ჯ----– ი------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესახებ ეყრდნობა დაზარალებულების: ლ---- ი------–---–ის და მ------ ი------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების: ცირა ი------–---–ის, ი------ ო---ის, ო----- ი------–---–ის და სხვათა ჩვენებებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებას, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, რაც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ჯ----– ი------–---–ის ბრალს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის “ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან აღნიშნული ბრალდების სამტკიცებლად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა. კერძოდ,ბრალდებულმა ჯ----– ი------–---–მა საქმის სასამართლო განხილვის დროს თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. კონკრეტულ დღეს მამამისთან ლ---- ი------–---–თან, თავის მეზობლებთან, ო----- ი------–---–თან და ი----- ო---ესთან ერთად მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელს თავისივე სახლში, რა დროსაც დათვრნენ. მამამისს ძალიან ცუდი სიმთვრალე აქვს და არ აძლევდა გარეთ გასვლის საშუალებას. ამ ნიადაგზე მოხდა მათ შორის შეკამათება , რაც არ გადაზრდილა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მას არც მამისთვის ლ---- ი------–---–ისთვის და არც შვილისთვის მარინა ი------–---–ისთვის არავითარი დაზიანება არ მიუყენებია და შესაბამისად არ იცის, თუ საიდან მიიღეს მათ საქმეში მითითებული დაზიანებები. გამოძიების დროს შეიტყო რა საქმის გარემოებების შესახებ და გამომძიებელი დაპირდა, რომ 2-3 თვეში გარეთ იქნებოდა, დაიბრალა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. აღნიშნულისა და დასკვნით სიტყვაში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით დაცვის მხარემ მოითხოვა ჯ----– ი------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, გააანალიზა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ჯ----– ი------–---–ი უნდა გამართლდს წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულებმა მ------ ი------–---–მა (ბრალდებულის შვილმა) და ლ---- ი------–---–მა (ბრალდებულის მამამ) გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს, მათი ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ: ბრალდებულის მამიდა ცირა ი------–---–ი, რომელმაც შეატყობინა პოლიციას მომხდარის შესახებ, ო----- ი------–---–ი (ბრალდებულის მეზობელი, რომელიც შემთხვევის დროს იმყოფებოდა ჯ----– ი------–---–ის ოჯახში, შეესწრო მამა-შვილს შორის კონფლიქტის ფაქტს, მაგრამ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთათვის დაზიანების მიყენების ფაქტი უშუალოდ არ დაუნახავს, რადგან მისივე განმარტებით ამ დროს ეფერებოდა პატარა ბავშვს), უბნის ინსპექტორ გამომძიებელი: გია გაზაშვილი (მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში), უბნის ინსპექტორ გამომძიებელი გიორგი მაისურაძე, (რომლის ჩვენება მხარეებმა უდავოდ გახადეს, იგი გია გაზაშვილთან ერთად მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში), გამომძიებლები ვასილ იკოშვილი და გიორგი არდემანაშვილი, რომლებმაც მოცემულ საქმეზე ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები; სასამართლო სამედიცინო ექსპერტები: პაატა ჯიბლაძე, მალხაზ მაჭავარიანი, მიხეილ ბაბლიძე (სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალისტი), ოლია ნასყიდაშვილი (რომელმაც სისხლის ნიმუში აიღო). ბრალდების მხარის აღნიშნული მოწმეები იძლევიან ირიბ ჩვენებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.არცერთი მათგანი არ არის დანაშაულის უშუალო თვითმხილველი და მომხდარის შესახებ მხოლოდ სხვათაგან შეიტყვეს.
სასამართლოში დაკითხული ვერ იქნა მოწმე ი------ ო---ე, რომელიც შემთხვევის დროს ბრალდებულთან ერთად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, იმის გამო, რომ იგი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება (იხ.ცნობა საზღვრის გადაკვეთის შესახებ), მისი გამოკითხვის ოქმი გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე. გამოძიების დროს ი------ ო---ემ დაადასტურა მამა-შვილს, ჯ----– და ლ---- ი------–---–ებს შორის ჩხუბის ფაქტი, მაგრამ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთათვის დაზიანების უშუალოდ მიყენების ფაქტი არ დაუნახავს, რადგან მისი გამოკითხვის ოქმის შესაბამისად ამ დროს გასული იყო ეზოში სიგარეტის მოსაწევად. სასამართლო ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოტივაციას მოწმე ი------ ო---ის სასამართლოში გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის და მოწმე ო----- ი------–---–ის ჩვენების ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებად მიჩნევის შესახებ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მათი ჩვენებიდან გამომდინარე რადგან ერთმანეთში მხოლოდ ჯ----– და ლ---- ი------–---–ები ჩხუბობდნენ და დაზიანება ამ უკანასკნელმა მიიღო, ლოგიკურად ბრალდებულმა მიაყენა მას აღნიშნული დაზიანება,- რადგან ვარაუდი ვერ დაედება საფუძვლად გამამატყუნებელ განაჩენს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის შესაბამისად მხოლოდ მოწმის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, (მოცემულ შემთხვევაში მოწმე ი------ ო---ის გამოკითხვის ოქმის), სხვა, კანონით დადგენილი წესით გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა გარეშე, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება (მინის ნამსხვრევები),რასაც მხარეთა მიერ არაერთგვაროვანი შეფასება მიეცა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ნივთმტკიცების დათვალიერებით უარყოფილი იქნა საქმის მასალებში მითითებული ის გარემოება რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ჭიქა ჩაარტყა თავში, რადგან დათვალიერებული მინის ნამსხვრევები აშკარად არ შეესაბამება ჭიქის ფორმას. პროკურორი კი მიიჩნევს რომ ნივთმტკიცების დათვალიერებით უარყოფილი იქნა დაცვის მხარის მიერ სასამართლოში განვითარებული ვერსია იმის შესახებ, რომ აღნიშნული შესაძლოა იყოს ჭაღის ნაწილის ნამსხვრევები. სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნულს ასაბუთებს იმით, რომ მინის ნამსხვრევები აღმოჩენილი იქნა ოთახის განაპირა მხარეს იატაკზე და არა ოთახის ცენტრში, ჭაღის პირდაპირ, რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ჭაღის ჩამოვარდნის შემთხვევაში. მინის ნამსხვრევების სიახლოვეს არსებული სისხლის კვალი, ბრალდების მხარის აზრით, ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ ლ---- ი------–---–ს დაზიანება არ მიუღია ჭაღის ჩამოვარდნის შედეგად.
სასამართლო აანალიზებს რა აღნიშნულს, მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები იქნება ჭაღის, თუ ჭიქის ნამსვრევები (რაც ნაკლებად სავარაუდოა), პირის ბრალეულობის თვალსაზრისით საქმის ვითარებას არსებითად არ ცვლის, რადგან რაიმე პირდაპირი მტკიცებულების გარეშე ვერც აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
სასამართლო ასევე ვერ მიანიჭებს ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების მნიშვნელობას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 12 აპრილის N 002193718 დასკვნას, მარინა ი------–---–ის დაზიანების შესახებ და ამასთან დაკავშირებით ექსპერტ პაატა ჯიბლაძის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომლის შესაბამისად მარინა ი------–---–ს ქვედა ტუჩის არეში მარჯვნივ, აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული მსუბუქი ხარისხის დაზიანება (ჰიპერემია) ჯანმრთელობის მოუშლელად, და 2018 წლის 18 აპრილის N 002428318 დასკვნას და ექსპერტ მალხაზ მაჭავარიანის ჩვენებას დაზარალებულ ლ---- ი------–---–ის დაზიანების შესახებ, რომლის შესაბამისად მას აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად, თავის ზედაპირული ტრავმა ექსკორაციის სახით, მიყენებული მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აღნიშნულით დასკვნებით დასტურდება მხოლოდ დაზარალებულთა დაზიანებების ლოკალიზაცია და ხარისხი და არა ის რომ ნამდვილად ჯ----– ი------–---–მა მიაყენა მათ აღნიშნული დაზიანებები. სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა გარეშე, დამოუკიდებლად, აღნიშნული დასკვნები კონკრეტული პირის, ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერ იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა რადგან ვერ დაიკითხა ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი ეთერ ზარდიაშვილი. პროკურორმა იმ მოტივით, რომ ამოწურა სასამართლოში მოწმის წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა, ამასთან აღნიშნული არ მიიჩნია ბრალდების დამადასტურებელ არსებით მტკიცებულებად, უარი განაცხადა მის გამოკვლევაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში აწესებს მოთხოვნებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით. (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N2542/09,12/07/2013).
საქმეში განთავსებული ირიბი მტკიცებულებები, (პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე) ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით არასკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ამდენად, საქმეში არ მოიპოვება თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულება ჯ----– ი------–---–ისათვის შერაცხული ბრალდების სამტკიცებლად. რომ მან ჩაიდინა ძალადობა თავისივე ოჯახის ორი წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით, არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და უნდა გამართლდეს აღნიშნულ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ----– ი------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ჯ----– ი------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3, გაუქმდეს ჯ----– ი------–---–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
4. ნივთიერი მტკიცებულება,- მინის ნამსხვრევები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.განემარტოს გამართლებულ ჯ----– ი------–---–ს რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი გრიგოლ რობაქიძის ქუჩა N 7ა) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა N 15) მეშვეობით.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი