გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/214-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.02.2019 წელი. ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე ;შმიც კარგობულ აგ; (Schmitz Cargobull AG);
წარმომადგენელი ც-–-----------------
მოპასუხე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ცენტრი საქპატენტი
წარმომადგენელი თ-----------------
მესამე პირი ;ეიბი შმიდტ ჰოლდინგ აგ; ;Aebi Schmidt Holding AG;
წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა ქმედების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა;
1.1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ,,საქპატენტის” სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 4 ივლისის № 1727/03 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის დაცვაზე განცხადებულ სასაქონლო ნიშანს ” SCHMITZ CARGO BULL +ELEPHANT Image” (შმიც კარგობულ+სპილოს გამოსახულება) (საინდიფიკაციო № 83895/03) უარი ეთქვა დაცვაზე მე-12, 36-ე, 37-ე კლასების განცხადებული საქონლისა და მომსახურებისათვის
1.2. საქპატენტთან” არსებული სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის № 62 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც დამტკიცდა ” საქპატენთან” არსებული სააპელაციო პალატის კოლეგიის მიერ 2017 წლის 23 თებერვლის № 125-03/16 გადაწყვეტილება.
1.3. მიენიჭოს დაცვა მოსარჩელის სასაქონლო ნიშანს ;SCHMITZ CARGO BULL +ELEPHANT Image” (შმიც კარგობულ + სპილოს გამოსახულება) ( საიდენტიფიკაციო #8389/03) საქართველოში ასევე საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-12. 36-ე და 37-ე კლასების განცხადებული საქონლისა და მომსახურებისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი)
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი ;ეიბი შმიდტ ჰოლდინგ აგ; ;Aebi Schmidt Holding AG; რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ. დასტური. 2019 წლის 24 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელემ მოითხოვა ‘საქპატენტში; მისი კომბინირებული სასაქონლო ნიშნის SCHMITZ CARGO BULL +ELEPHANT Image” (შმიც კარგობულ + სპილოს გამოსახულება) (საიდენტიფიკაციო #8389/03) საქართველოში ასევე საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-6, მე-9, მე-11, მე-12, მე-19, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე, კლასების საქონლისა და მომსახურებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. სარჩელი. მხარის ახსნა-განმარტება.
4.1.2. ;საქპატენტის; მიერ ჩატარებული არსობრივი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განცხადებულ ნიშანს უარი ეთქვა დაცვაზე განცხადებული მე-12, 36-ე და 37-ე კლასების განცხადებული საქონლისა და მომსახურებისათვის, რაზეც გამოიცა სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 4 ივლისის № 1727/03 ბრძანება. ექსპერტმა რეგისტრაციაზე განცხადებულ ნიშანს დაუპირისპირა საერთთაშორისო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია #1242112 ;SCHMIDT; რომელიც დაცულია მე-7, 12-ე, 35-ე, 36-ე. 37-ე კლასების საქონლისა და მომსახურებისათვის იმ მოტივით, რომ განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნები და მათი საქონელი აღრევამდე მსგავსია და რომ საქართველოს კანონის ;სასაქონლო ნიშნების; შესახებ მე-5 მუხლის ;გ; პუნქტის აღნიშნული გარემოება წარმოადგენს განცხადებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_იხ. მხარის ახსნა-განმარტება.
4.1.3. მოსარჩელემ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ,,საქპატენტის” სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 4 ივლისის № 1727/03 ბრძანება გასააჩივრა საქპატენთან არსებული სააპელაციო პალატაში და მოითხოვა სადაო ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის დაცვაზე განცხადებულ სასაქონლო ნიშანს ” SCHMITZ CARGO BULL +ELEPHANT Image” (შმიც კარგობულ+სპილოს გამოსახულება) (საინდიფიკაციო № 83895/03) უარი ეთქვა დაცვაზე მე-12, 36-ე, 37-ე კლასების განცხადებული საქონლისა და მომსახურებისათვის. სააპელაციო პალატამ განიხილა მისი საჩივარი და საქპატენტთან” არსებული სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 23 თებერვლის № 62 ბრძანებით, რომლითაც დამტკიცდა ” საქპატენთან” არსებული სააპელაციო პალატის კოლეგიის მიერ 2017 წლის 23 თებერვლის № 125-03/16 გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ,,საქპატენტის” სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 4 ივლისის № 1727/03 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელის განცხადებულ ნიშანს უარი ეთქვა დაცვაზე განცხადებულ მე-12, 36-ე, 37-ე კლასების განცხადებული საქონლისა და მომსახურებისათვის
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. 2016 წლის 4 ივლისის № 1727/03 ბრძანება, 2017 წლის 23 თებერვლის № 62 ბრძანება და სააპელაციო პალატის კოლეგიის მიერ 2017 წლის 23 თებერვლის № 125-03/16 გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლით რეგლამენტირებულია ამ კანონის მიზანი, კერძოდ, მითითებული მუხლი ადგენს, რომ ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიური ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; გ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ; ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი _ იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ხოლო ამავე მუხლის ;ზ; ქვეპუნტის თანახმად მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;
,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის I–V თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოიყენება ტერმინი „დაცვა“
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანება ;სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ; ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ინტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად დადგენილია შემდეგი; არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები. იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევააში სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნით #83895/3 დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი სასაქონლო ნიშანი შესრულებულია წითელ და ლურჯ ფერებში, დომინანტი ელემენტი არის პირველი სიტყვა ;SCHMITZ; რომელიც რეგისტრირებული ნიშნის მსგავსია. ძირითადი დატვირთვა სიტყვის დასაწყისზე (SCHMI) მოდის, შესაბამისად მათ შორის გამოიხატება მსგავსება ფონეტიკური კრიტერიუმით, ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა რომ მომხმარებლის უმრავლესობა ორივე ნიშანს ერთნაირად აღიქვამს. რეგისტრირებული ნიშანი ჩაწერილია ოთხკუთხედში, რომელიც წარმოადგენს სუსტ ელემენტს და ვერ სძენს ნიშნებს საკმარის განმასხვავებლობას. განმასხვავებლობას ვერ სძენს ასევე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნიშნის გამოსახულება სპილო, ასევე სიტყვიერი ელემენტი CARGO BULL ვინაიდან დომინატი ელემენტი ნიშანში არის SCHMITZ; მე-12 კლასით განსაზღვრული ჩამონათვალი ორივე შემთხვევაში მოიცავს სატრანსპორტო საშუალებებს, ტრაილერებსა და მის აქსესუარებს, 36-ე კლასში მსგავსება ძირითადად მოიცავს საფინანსო საქმიანობასა და კონსულტაციას ამ სფეროში, რაც შეეხება 37-ე კლასს, ირივე ნიშნის შემთხვევაში მომსახურება დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებასთან. შესაბამისად ყოველივე ზემოაღნიშნული ქმნის ნიშნებს შორის აღრევისა და შესაბამისად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას რაც ;სასაქონლო ნიშნების შესახებ; საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ;გ; ქვეპქუნტის თანახმად წარმოადგენს ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს. სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი _ იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნის მიხედვით სარეგისტრაციოდ წარდგენილ ნიშანს ნაწილობრივ ეთქვა უარი რეგისტრაციაზე შეეზღუდა მე-12, 36-ე და 37-ე კლასები და დარეგისტრირდა შემდეგი კლასებისათვის მე-6, მე-9, მე-11, მე-19, 38-ე და 39-ე კლასებისათვის.
7.2. სასამართლო განმარტავს შემდეგს ;სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი ,,მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა”. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N05 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას“.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლის ან/და მომსახურებისაგან. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. ზემოაღნიშნული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ სიმბოლოთა ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დარეგისტრიდეს სასაქონლო ნიშნად. შესაბამისად, დაცვისუნარიან სიმბოლოს წარმოადგენს იმ ელემენტთა ერთობლიობა, რომელიც აღნიშნულია ხსენებულ ჩამონათვალში. სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა არ შეიძლება დარეგისტრირდეს სასაქონლო ნიშნად. სასაქონლო ნიშნად სარეგისტრაციო სიმბოლო შესაძლებელია, შედგებოდეს დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტებისაგან. თუმცა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები ვრცელდება ნიშნის დაცვისუნარიანი ელემენტების ერთობლიობაზე და სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლების განსაზღვრისას დაუცველი ელემენტები მხედველობაში არ მიიღება.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ;გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმობლოთა ერთობლიობა თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
სასაქონლო ნიშნების შედარებისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ნიშნების მხოლოდ დაცვისუნარიანი ელემენტები. შესაბამისად, ნიშნებს შორის მსგავსება შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დაცვისუნარიანი ელემენტების მსგავსების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ნიშნებს შორის მსგავსების დადგენისას, მკაფიოდ გაიმიჯნოს ნიშნის დაცვისუნარიანი და დაუცველი ელემენტები და მხოლოდ შემდეგ მოხდეს ნიშნების დაცვისუნარიანი ელემენტების შედარება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ნიშანში შემავალი დაცვისუინარიანი ელემენტების შედარებისას და საერთო შთაბეჭდილების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნიშნებში არსებულ დაცვისუნარიან დომინანტ ელემენტებს. კერძოდ - ნიშნის იმ ნაწილებს, რომელიც თავისი შინაარსის, შესრულების ფორმის, განლაგების თუ სხვა ფაქტორების გამო, უფრო მეტად ამახსოვრდება მომხმარებელს და არსებითად განაპირობებს სასაქონლო ნიშნით გამოწვეულ საერთო შთაბეჭდილებას.
7.3. სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებითსასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი „მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა“. განცხადებული სასაქონლო ნიშანი „SCHMITZ CARGOBULL" (საიდ. N83895/03, IR 1264437) და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი „SCHMIDT" (IR 1242112) წარმოადგენენ აღრევამდე მსგავს სასაქონლო ნიშნებს, როგორც ვიზუალური, ისე ფონეტიკური თვალსაზრისით.
განცხადებული სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს კომბინირებულ სასაქონლო ნიშანს და სიტყვიერ ნაწილთან - „SCHMITZ CARGOBULL” ერთად, შეიცავს ასევე, სპილოს გამოსახულებას. დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი კომბინირებულია და შეიცავს მართკუთხედის გამოსახულებას, სადაც მოთავსებულია სიტყვიერი ელემენტი - „SCHMIDT”. განცხადებული ნიშნის დომინანტ ელემენტს და დაპირისპირებულ ნიშანს აქვთ იდენტური საწყისი ნაწილი „SCHMI”-„SCHMI”. ნიშნებს, მართალია აქვთ განსხვავებული დაბოლოებები „TZ”- „DT”, მაგრამ აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს მათ შორის საკმარის ვიზუალურ განსხვავებას. ამასთან, მართალია განცხადებული ნიშანი შესრულებულია წითელ და ლურჯ ფერებში და ასევე, შეიცავს დამატებით სიტყვიერ ელემენტს „CARGOBULL” და სპილოს გამოსახულებას, მაგრამ ნიშანში დომინანტი ელემენტია მისი საწყისი სიტყვიერი აღნიშვნა „SCHMITZ“, რომელიც დაპირისპირებული ნიშნის აღრევამდე მსგავსია. განცხადებული ნიშნის დომინანტი ელემენტი და დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი შედგება შვიდი ასოსგან და განცხადებული ნიშანი შეიცავს დაპირისპირებული ნიშნის ექვს ასოს. ამასთან, ნიშნების აღქმის თვალსაზრისით, მომხმარებელი უკეთესად აღიქვამს და იმახსოვრებს ნიშნების საწყის ნაწილს, რაც დაპირისპირებულ ნიშნებს აქვთ იდენტური. რაც შეეხება, დაპირისპირებულ ნიშანში არსებულ მართკუთხედის გამოსახულებას, მართკუთხედი წარმოადგენს მარტივ გეომეტრიულ ფიგურას და მასზე არ მოდის ნიშნის განმასხვავებლობის ძირითადი დატვირთვა. ნიშნები მსგავსია ფონეტიკურად, ვინაიდან ქართველი მომხმარებლის მიერ განცხადებული ნიშანი გამოითქმის, როგორც „შმიტც კარგობულ“, ხოლო დაპირისპირებული სასაქონლო ნიშანი გამოითქმის, როგორც „შმიდტი“. ამასთან, ფონეტიკური თვალსაზრისით, დაპირისპირებული ნიშნების დომინანტი ელემენტების დაბოლოებაში არსებული ბგერები „ც“ და „ტ“ მიეკუთვნებიან ბგერათა ერთ ჯგუფს. აღნიშნული უფრო მეტად ზრდის ნიშნების აღრევისა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. ამასთან, განცხადებული ნიშნის დომინანტი ელემენტი „SCHMITZ“ და დაპირისპირებული ნიშანი „SCHMIDT” ცალ-ცალკე წარმოადგენენ ცნობილ გერმანულ გვარს, თუმცა ქართველი მომხმარებლის მხრიდან დაპირისპირებული ნიშნები შეიძლება აღქმულ იქნეს ფანტაზიურ ნიშნებად.მსგავსია, ასევე დაპირისპირებული ნიშნების მე-12, 36-ე და 37-ე კლასების საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რაც უფრო მეტად ზრდის ნიშნების მსგავსებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. მსგავსია, ასევე დაპირისპირებული ნიშნების საერთო შთაბეჭდილება, რომელსაც ისინი ახდენენ მომხმარებელზე. რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტაციას თანხმობის წერილთან დაკავშირებით, თანხმობის წერილის არსებობა არ გამორიცხავს ნიშნებს შორის აღრევისა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას, შესაბამისად ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იგი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ ცაკეულ შემთხევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან (განსახილველ შემთხვევაში დაცვასთან) დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ვიზუალური, ფონეტიკური, სემანტიკური და სხვა გარემოებები. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ სასაქონლო ნიშნები არ არის აღრევამდე მსგავსი განსახილველ შემთხვევაში უსაფუძვლოა და სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო 1.3. სასარჩელო მოთხოვნა კი წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეებზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13 და 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა;
1.მოსარჩელის ;შმიც კარგობულ აგ; (Schmitz Cargobull AG); სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა სამხედროს ქ.№17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე