გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/29287-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - სს ,,თ--–--ი’’
წარმომადგენელი - ვ-----------------ე
მოპასუხე - შპს ,,კ----------------ი’’
წარმომადგენელი (დირექტორი) - თ-----------–-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,კ----------------ი’’-ს მოსარჩელე სს ,,თ--–--ი’’-ს სასარგებლოდ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 3 158.67 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლის საფუძველზეც სს ,,თ--–--ი’’ მოპასუხეს აწვდის ელექტროენერგიას. მოპასუხე შპს ,,კ----------------ი’’ არის მოსარჩელე სს ,,თ--–--ის’’ აბონენტი - #60----9. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოპასუხეს სისტემატიურად აწვდის ელექტოენერგიას, მოპასუხე თავს არიდებს მოხმარებული ელექტრონერგიის ღირებულების გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების - 3 158. 67 ლარის გადახდას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია სს ,,თ--–--ი’’-ს სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე შპს ,,კ----------------ი’’-მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მითითებით, 2018 წლის მარტის და აპრილის თვეში მისთვის დავალიანების დარიცხვა მოხდა გაუმართავი მრიცხველის გამო. აღნიშნულს ადასტურებს აბონენტის ბრუნვის ისტორია, სადაც ცალსახად ჩანს, რომ დავალიანება საგრძნობლად გაზრდილია მრიცხველის შეცვლის შემდეგ და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამება მის მიერ რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავ ქონებაზე, მდებარე, თბილისი, თე-------ე მ------–-- ქუჩა, სახლი #-, რეგისტრირებულია სს „თ--–--ი’’-ს #60----9 აბონენტი - შპს ,,კ----------------ი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ.17);
- ამონაწერი (ს.ფ.18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,კ----------------ი’’-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება შეადგენს - 3 158.67 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ.17), რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 3 158.67 ლარს. წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას დავალიანების ოდენობის თაობაზე და მიუთითა, რომ დავალიანების ოდენობა გამოწვეულია მრიცხველის გაუმართაობით და მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა არ აღნიშნავს მის მიერ რეალურად მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით და აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხოლოდ ზეპირი შედავება წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების საპირწონედ არ წამოადგენს მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურებისათვის ვარგის, ჯეროვან მტკიცებულებას. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის პარალელურად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი ბრუნვის ისტორიის თანახმად დავალიანების ოდენობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია 2018 წლის აპრილში და მოპასუხეს არ შეეძლო მოეხმარებინა ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის ელექტროენერგია. შესაბამისად, განხორციელებული შედავების ფარგლებში, დავალიანების ოდენობის საკითხთან მიმართებით სასამართლო იზიარებს და ემყარება წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ.17).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ სს ,,თ--–--ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 477-ე, 361-ე, 400-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებულია ელექტრონერგია, მოპასუხეს კი მიღებული ელექტროენერგიის მოხმარების მიუხედავად ერიცხება მოსარჩელის მიმართ დავალიანება. სასამართლოს მიერ დადგენილია, ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,კ----------------ი’’-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება შეადგენს - 3 158.67 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,თ--–--ი’’-ს სარჩელი მოპასუხისთვის დავალიანების - 3 158.67 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ს.ფ.16). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ--–--ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,კ----------------ი’’-ს მოსარჩელე სს ,,თ--–--ი’’-ს სასარგებლოდ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 3 158.67 ლარი;
2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,კ----------------ი’’-ს მოსარჩელე სს ,,თ--–--ი’’-ს სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია