გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
010210017002081885
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002081885

საქმე №2-3492/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე ლ--–--------ე

წარმომადგენელი კ-----------–-------

მოპასუხე დ------------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ------------ეზე ლ--–--------ის სასარგებლოდ 10700 აშშ დოლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე დ------------ეს ლ--–--------ის მიმართ გააჩნდა ვადამოსული ვალდებულება, რის გამოც 2010 წლის 12 ნოემბერს მოპასუხე დ------------ემ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით აღიარა ლ--–--------ის მიმართ არსებული 9500 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება და აიღო ვალდებულბა, რომ დავალიანებას დაფარავდა 2010 წლის 31 დეკემბრამდე.

 

დადგენილია, რომ დ------------ემ არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც 2014 წლის 30 სექტემბერს მხარეებს შორის სანოტარო წესით დაიდო შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც დავით დევაძე აღიარებდა, რომ მას ნამდვილად გააჩნია ვალი ლ--–--------ის მიმართ 17 200 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 9500 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას, ხოლო სხვაობა - მასზე დარიცხულ პროცენტს. აღნიშნული ვალის აღიარების ხელშეკრულებით დ------------ემ იკისრა ვალდებულება, რომ ვალს სრულად გადაიხდიდა 2014 წლის 20 ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

 

3.2.3. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა 2014 წლის 30 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებაც და მის მიერ შეთანხმებულ ვადაში არ იქნა გადახდილი თანხა. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის სექტემბერში მოპასუხის მიერ ნაწილობრივ იქნა დაფარული ვალი და გადახდილი იქნა ლ--–--------ისათვის 6500 აშშ დოლარი. ამჟამად კი მოპასუხის დავალიანება შეადგენს 10700 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- თანხის ჩარიცხვის ქვითარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, კერძოდ მოპასუხე დ------------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 10700 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 341-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623 მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-e მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება, რომელიც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული. 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კი მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა დავალიანება 17200 აშშ დოლარის ოდენობით, რომელშიც შედიოდა სესხის ძირი თანხა 9500 აშშ დოლარის ოდენობით და საპროცენტო სარგებელი 7700 აშშ დოლარის ოდენობით. ვალის აღიარების თაობაზე მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება. აღნიშული შეთანხმებით მოპასუხემ აიღო ვალდებულება იმის თაობაზე, რომ ზ/აღნიშნულ დავალიანებას დაფარავდა 2014 წლის 20 ოქტომბრამდე. დადგენილია, რომ მოპასუხემ ზ/აღნიშნული დავალიანებიდან გადაიხადა მხოლოდ 6500 აშშ დოლარი და მის მიერ დღემდე არ არის გადახდილი 10700 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ დღეისათვის შეადგენს 10700 აშშ დოლარს.

 

6.2. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 821 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ იქნა ხარჯი 1033 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 821 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1033 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 42-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ლ--–--------ის სასარჩელო მოთხოვნა დ------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;

 

1.1. მოპასუხე დ------------ეს დაეკისროს მოსარჩელე ლ--–--------ის სასარგებლოდ 10700 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე დ------------ეს დაეკისროს მოსარჩელე ლ--–--------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 821 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1033 ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე