განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2019
საქმის ნომერი
820100118002756083
დავის ტიპი
276 3
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002756083

№1-330/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30.01.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი- რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - მ-------- შ-----ე

ადვოკატი - ე----- ა-----

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №176120818003 საქმე

 

ბრალდებულ მ-------- შ-----ის მიმართ

მამის სახელი: ა-–-

დაბადებული: 02.08.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობის არ მქონე,მცხოვრები: ხულოს რაიონი, სოფელი: წ---–---.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის მთა თე--------ს საავტომობილო გზაზე, მ------- შ-----ემ ვერ უზრუნველყო მართვის ქვეშ არსებული ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანის, სახ. №--------- მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნები და შეეჯახა გზის მარჯვენა უკიდურეს მხარეს, თანმხვედრი მიმართულებით ქვეითად მოსიარულე ი-----–------ს, შემდეგ კი გადავარდა ხევში, რის შედეგადაც ი-----–------მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტის მთა თე--------ს საავტომობილო გზაზე, მ-------- შ-----ე მართავდა ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანას, სახ. №---------.

 

5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგენილი იქნას მძღოლს დარღვეული ჰქონდა თუ მოძრაობის უსაფრთხოების წესი.

 

6. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის არ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №260/ა დასკვნით დადგენილია, რომ მძღოლ მ-------- შ-----ის მოქმედება არ შეესაბამება ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

 

7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის №007874218 დასკვნით, სამედიცინო საბუთების მონაცემებით ი-----–------ მოთავსდა ა საავადმყოფოში 12.08.2018წელს. დაესვა დიაგნოზი: მარცხენა წვივის ძვლების შუა მესამედის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით. ცხვირის ძვლის მოტეხილობა. აღენიშნებოდა ორმხრივი ჰაიმორის წინა და უკანა კედლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ-------- შ-----ის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია ია ბილვანიძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

18. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------- შ-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

19. მ-------- შ-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

20. მ-------- შ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება და მათთან შერიგება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

21. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ-------- შ-----ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ-------- შ-----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელ გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------- შ-----ის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილი მაქსიმალური სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების პირობებშიც.

 

აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.მ-------- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2.მ-------- შ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-გირაო გაუქმდეს.

 

3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

5. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ავტომანქანა ფორდ-ტრანზიტი, რომელიც გაჩერებულია ხულოს რაიონის სოფელ სხალთაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი