გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210018002353617
საქმე №2/253-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ.თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი ფიქრია სვანიძე, თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - ზ--------------–-–---–ი
მოპასუხე - თ--------------–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ--------------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ს-----------------–---–ის (დაბადებული 2-----–-–-----------------–-) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება, მის სრულწლოვანებამდე.
1.2. მოპასუხე თ--------------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, გ----------------–---–ის (დაბადებული 2-----–-–---------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება, მის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელის განმარტებით, 13 წლის განმავლობაში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში თ--------------–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ს-----------------–---–ი (დაბადების თარიღი: 2----–-–----------------–-) და გ----------------–---–ი (დაბადების თარიღი: 2----–-–--------------). მცირეწლოვანი შვილები ამჟამად იზრდებიან მასთან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შ--–-----–ი, ხოლო მამა - თ--------------–---–ი მათ მიმართ არ იჩენს ყურადღებას, არ ზრუნავს და არ ეხმარება მატერიალურად. ამჟამად მუშაობს თელავის რ--------–---------------–ში სანიტრად, მისი ხელფასი - 152 ლარი არ არის საკმარისი ოჯახის საარსებოდ. უმცროსი შვილი - ს-----------------–---–ი დადის სოფელ შ--–-----ის ბაგა-ბაღში, ხოლო უფროსი შვილი - გ----------------–---–ი სწავლობს ქ-----–---- №----------- სკოლაში. მოპასუხეს საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელის 2014 წელს შეიძინა. ასევე იგი მუშაობს სოფლის მეურნეობის სფეროში და გააჩნია სისტემატური შემოსავალი. როგორც მისთვის ცნობილია მოპასუხემ დაიწყო მუშაობა სოფელ ა-------–ი მდებარე ღვინის მწარმოებელ კომპანიაში და აქვს სტაბილური ხელფასი. მოსარჩელე განიცდის მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებას, რის გამოც უჭირს მარტოს შვილების რჩენა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–-----------------–- დაბადებული ს-----------------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის და არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–--------------- დაბადებული გ----------------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდაზე.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე 2017 წლის 25 მარტს წავიდა მისი ოჯახიდან. დაშორების შემდეგ ზაფხულის არდადაგებს შვილები სულ მასთან ატარებენ. ასევე ყოველ შაბათ-კვირას არიან მასთან. მასთან ყოფნის პერიოდში შვილებს თვითონ უზრუნველყოფს. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ მის ოჯახში. დაბადების დღეებს მისი შვილები მასთან იხდიან. ყველანაირ ხარჯს თვითონ ისტუმრებს, ყიდულობს ტანსაცმელს, სრულად არის ჩართული შვილების ზრუნვა-მოვლაში თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. მიწის ნაკვეთს რაც შეეხება, მისმა დისშვილმა ლ-–-------------–მა შეიძინა მიწის ნაკვეთი სოფელ ა-------–ი და მისივე თხოვნით საჯარო რეესტრში დროებით დაარეგისტრირა თავის სახელზე. ამ დროს ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობდნენ და მოსარჩელე ამის შესახებ ინფორმირებულია იყო. არ გააჩნია არანაირი სამუშაო, არც საკუთრებაში გააჩნია კომერციული ფართი ან მიწის ნაკვეთი, მშობლებს აქვთ შერეული ვენახი, რომელიც არ არის მის სრულ მფლობელობაში. ფიზიკურად მუშაობდა და მიიღო ტრავმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე 13 წლის განმავლობაში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში თ--------------–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–----------------–- დაბადებული ს-----------------–---–ი და 2----–-–-------------- დაბადებული გ----------------–---–ი. მცირეწლოვანი შვილები ამჟამად იზრდებიან მოსარჩელესთან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შ--–-----–ი,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-----------------–---–ის დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 18);
- გ----------------–---–ის დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 20);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.1.2. ს-----------------–---–ი ირიცხება თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შემავალი სოფელ შ--–-----ის ბაგა-ბაღში, ხოლო გ----------------–---–ი სწავლობს სსიპ ქალაქ თელავის №----------- სკოლაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 16);
- სსიპ ქალაქ თელავის №----------- სკოლის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 21);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
-
3.1.3. მოსარჩელე მუშაობს თელავის რ--------–---------------–ში სანიტრად, მისი ხელფასი - 152 ლარს შეადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 29 იანვრის ცნობა (ს.ფ. 17);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თ--------------–---–ი შვილების მიმართ არ იჩენს ყურადღებას, არ ზრუნავს და არ ეხმარება მატერიალურად.
3.2.2. მოპასუხეს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელის 2014 წელს შეიძინა. ასევე იგი მუშაობს სოფლის მეურნეობის სფეროში და გააჩნია სისტემატური შემოსავალი. როგორც მისთვის ცნობილია მოპასუხემ დაიწყო მუშაობა სოფელ ა-------–ი მდებარე ღვინის მწარმოებელ კომპანიაში და აქვს სტაბილური ხელფასი.
3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის იანვრიდან დღემდე შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 15/12/2014) (ს.ფ 22);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 28/07/2015) (ს.ფ 46-47);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის N2---------- მიმართვა (ს.ფ. 57);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე თ--------------–---–ი ამჟამად არის დასაქმებული და აქვს სტაბილური შემოსავალი. შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს გაცემული ინფორმაციით, თ--------------–---–ს 2017 წლის იანვრიდან დღემდე შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება. ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ თ--------------–---–ს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ თელავი, სოფელი ა-------–ი მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის თ--------------–---–ი 2014 წლის 09 დეკემბრიდან (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 09/12/2014, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ხოლო მითითებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე 2015 წლის 27 ივლისიდან (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით: ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 27/07/2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ლ-–-------------–ი. მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული გარემოების უარყოფა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლო, დასაკისრებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს მოპასუხის ქონებრივ მდგომარეობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს 130-130 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2----–-–----------------–- დაბადებული ს-----------------–---–ი და 2----–-–-------------- დაბადებული გ----------------–---–ი, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ს-------- და გ----------------–---–ები ფაქტობრივად ცხოვრობენ დედასთან ერთად. შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს გაცემული ინფორმაციით, თ--------------–---–ს 2017 წლის იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ს-------- და გ----------------–---–ების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას, არასრულწლოვანი შვილების ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებული რაიმე სხვა გარეფაქტორებზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 130-130 (ას ოცდაათ- ას ოცდაათი) ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 16 მარტიდან, ს-------- და გ----------------–---–ების სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ზ--------------–-–---–ი ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თ--------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 57.6 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ზ--------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე თ--------------–---–ს (პირადი N2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ს-----------------–---–ის (დაბადებული: 2----–-–----------------–-, პირადი N2----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე თ--------------–---–ს (პირადი N2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, გ----------------–---–ის (დაბადებული: 2----–-–--------------, პირადი N2----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.
4. თ--------------–---–ს (პირადი N2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 57.6 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი