გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
010210117002059784
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210117002059784

№2/3275-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.12.2018 წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე

მოსარჩელეები - ე-----–ე ქ-----ა, ქ------ნ ქ-----ა

წარმომადგენელი - მ---------–--–-–---–ი

მოპასუხე - თ---ზ მ---–---–ი

წარმომადგენელი - მ-----–-----–-–---–ი

დავის საგანი - მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. კრედიტორ თ---ზ მ---–---–სა და მოვალეებს - ე-----–ე ქ-----ასა და ქ------ნ ქ-----ას შორის 2010 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება.

 

2017 წლის 22 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სარჩელი აღძრეს მოსარჩელეებმა ე-----–ე ქ-----ამ და ქ------ნ ქ-----ამ, მოპასუხე თ---ზ მ---–---–ის მიმართ და მოითხოვეს ა) 26.10.2010 წლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება, ბ) ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და გ) თ---ზ მ---–---–ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის შეწყვეტა უძრავ ქონებაზე მდებარე დაბა მ-----------ში, საკადასტრო კოდით 2------------

 

საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე, იმ მოტივით, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოებული სააღსრულებო საქმე უკვე დასრულდა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებაც გაიყიდა აუქციონის წესით, მოსარჩელეებმა მოთხოვნა დააზუსტეს და მოითხოვეს 26.10.2010 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, მხარეთა შორის 2010 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ 27.12.2013 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად წარედგინა 2017 წლის 21 მარტს, მიუხედავად იმისა, რომ ამოწურული იყო მოთხოვნის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მათ გააჩნიათ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების სამართლებრივი ინტერესი, ვინაიდან ამ გარემოების აღიარება, საშუალებას მისცემთ იდავონ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა და აღსრულება წარიმართა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მათ შორის დარღვეული არ ყოფილა მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის. მხარეთა შორის სადავოა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2010 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელეებმა ე-----–ე ქ-----ამ და ქ------ნ ქ-----ამ, ნოტარიუს ე---------ე ჯ--–--ის სანოტარო ბიუროში, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმეს ნ---------------თან, ე-----------------სთან, ე--------------სთან და თ---ზ მ---–---–თან. ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელეებმა ნ-------------ისაგან ისესხეს 6860 აშშ დოლარი, ე--------------ისგან - 18000 აშშ დოლარი, ე-----------------სგან - 19200 აშშ დოლარი, ხოლო თ---ზ მ---–---–ისგან - 9000 აშშ დოლარი, სესხის ძირითადი თანხის ყოველთვიური 7%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის ხელშეკრულების თანახმად, ე-----------------მ სესხი გასცა ერთი თვის ვადით, ხოლო ე--------------მ და თ---ზ მ---–---–მა - 3 თვის ვადით, 2011 წლის 26 იანვრის ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, გადაუხდელი თანხის 0.3 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამსესხებელთა სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეების ე-----–ე და ქ------ნ ქ-----ების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - 1300 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 330,7 კვმ. შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით -2-----------, მდებარე დაბა მ-----------ში.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნების ნებაყოფლობით შეუსრულებლობისას, ის უფლებამოსილი იქნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 24-29;

 

3.2.2. 2013 წლის 27 დეკემბერს კრედიტორმა თ---ზ მ---–---–მა მიმართა ნოტარიუს ე---------ე ჯ--–--ეს და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2010 წლის 26 ოქტომბერს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემა, იმ მოტივით, რომ მოვალეები ე-----–ე და ქ------ნ ქ-----ები არ ასრულებდნენ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც განისაზღვრა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - ა) ძირითადი დავალიანების - 9000 აშშ დოლარის ოდენობით, ბ) პირგასამტეხლოს - დავალიანების 0.3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2011 წლის 26 აპრილიდან აღსრულებამდე და გ) ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გასაცემად გაწეული ხარჯის - 124.36 ლარის ოდენობით. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დავალიანების ამოღება განისაზღვრა იპოთეკის საგნის, დაბა მ-----------ში მდებარე, 1300 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 330,7 კვმ. შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: 2-----------). იძულებით საჯარო აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სააღსრულებო ფურცელი - ს. ფ. 17-19;

 

3.2.3. 2017 წლის 21 მარტს კრედიტორმა თ---ზ მ---–---–მა განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს და იძულებითი აღსრულების მიზნით წარუდგინა ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. 2017 წლის 24 მარტს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტის (აღმასრულებლის), მ----------------–---–ის მიერ მოვალეებს ე-----–ე და ქ------ნ ქ-----ებს გაეგზავნათ წინადადება, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რაც მოვალეთა მხრიდან ვერ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს. ფ. 21-22;

- თ---ხ მ---–---–ის განცხადება - ს. ფ. 23

 

3.2.4. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მა--------------ის მიერ, 2017 წლის 14 ივლისს, შედგენილი იქნა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, დაბა მ-----------ში მდებარე, 1300 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 330,7 კვმ. შენობა-ნაგებობაზე, საკადასტრო კოდი: 2-----------; ხოლო, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 12 სექტემბრის №A17032348-012/001 განკარგულებით, მოვალეების - ე-----–ე და ქ------ნ ქ-----ების თანასაკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - 2-----------, 2017 წლის 11 სექტემბერს ჩატარებულ იძულებით საჯარო აუქციონზე, შეიძინა მოქალაქე ბ------------–---–მა. ბ------------–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (ს/კ 2-----------) 15.09.2017 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 14 ივლისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი - ს. ფ. 30-31;

- №A17032348-012/001 განკარგულება - ს. ფ. 83-84;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 85-86;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე, 128-ე,130-ე, 144-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ხოლო ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებობდა სარგებლიანი სესხის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ასევე დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, ხოლო იპოთეკის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დაბა მ-----------ში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილის (სესხის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ კრედიტორის (იპოთეკარის) დაკმაყოფილების წესზე, რაც უნდა განხორციელებულიყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა კრედიტორ თ---ზ მ---–---–ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულეს, რის გამოც მხარეთა შეთანხმებისამებრ, თ---ზ მ---–---–მა მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა.

 

მხარეთა შორის სადავოა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პერიოდში კრედიტორ თ---ზ მ---–---–ის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, რაც გამორიცხავდა მოსარჩელეთა პასუხისმგებლობას სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

მხარეთა შორის სადავოდ მიჩნეული გარემოების შეფასების მიზნით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრულია სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. "ხანდაზმულობა" სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა, განსაზღვრული სახით, გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდი იქნებოდა ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სესხის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.

 

მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით განსაზღვრულია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

საქართველოს სკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ პირი დარღვევის განხორციელებისთანავე იღებს ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობს გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით კონკრეტულად განისაზღვრა სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გამსესხებლისათვის დაბრუნების ვადა - 3 თვე, ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან. (იხ. ხელშეკრულების 3 პუნქტი). ვინაიდან მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2010 წლის 26 ოქტომბერს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების სამთვიანი ვადა ამოიწურა 2011 წლის 26 იანვარს. შესაბამისად, ამ თარიღიდან უნდა აითვალოს სკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ (კრედიტორმა) სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსს მიმართა 2013 წლის 27 დეკემბერს, იმავე დღეს კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის თ---ზ მ---–---–ის მოთხოვნის უფლება ვალდებულების შესრულებაზე წარმოიშვა 2011 წლის 26 იანვრიდან. უფლების წარმოშობიდან სამი წლის გასვლამდე - 2013 წლის 27 დეკემბერს (2 წელსა და 11 თვეში), მან მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რა დროსაც თ---ზ მ---–---–ის მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 139-ე და 140-ე მუხლები.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორმა თ---ზ მ---–---–მა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, 26.10.2010 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, (რაც დაკმაყოფილდა 27.12.2013 წელს), ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. აქვე აღსანიშნავია, რომ კრედიტორ თ---ზ მ---–---–ის მიერ დაცული იქნა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების მოთხოვნის წარსადგენად განსაზღვრული ვადაც. შესაბამისად, მოსარჩელეთა მტკიცება აღსრულების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თ---ზ მ---–---–ის მოთხოვნა მოვალეების - ე-----–ე და ქ------ნ ქ-----ების მიმართ ხანდაზმული არ არის, არ არსებობს მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუსს ე---------ე ჯ--–--ის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოება (A17032348-004/001).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ე-----–ე ქ-----ასა და ქ------ნ ქ-----ას სარჩელი თ---ზ მ---–---–ის მიმართ, 2010 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე.

 

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუსს ე---------ე ჯ--–--ის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებული სააღსრულებო წარმოება (A17032348-004/001).

 

3. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი