გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
080210117002085661
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210117002085661

N2/2606-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 იანვარი 2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - შპს „L-“;

წარმომადგენელი - ალექსანდრე მუკბანიანი;

მოპასუხე - ემ----- სე----–---–ი;

წარმომადგენელი - დავით ბზიკაძე;

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს მოპასუხე ემ----- სე----–---–ს შპს „L-“-ს სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 40000 ლარის ოდენობით;

1.2. დაეკისროს მოპასუხე ემ----- სე----–---–ს შპს „L-“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლო 20000 ლარის ოდენობით;

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 27 მაისს რ---ო სა----–----აგან იჯარით აიღო 20000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, 7 წლის ვადით, სასათბურე მეურნეობების მოწყობის და სამეწარმეო საქმიანობის მიზნით. წლიური საიჯარო თანხა განისაზღვრა 3000 ლარით. მიწის ნაკვეთზე მოაწყო 20 სათბური და დაიწყო მასში ცერეცოს მოყვანა. 2015-2016 წლებში პროდუქციაზე დაბალი ფასის გამო განიცადა ზარალი. მისი ნაკვეთის ახლოს სათბური ჰქონდა ემ----- სე----–---–ს, რომელსაც მოჰყავდა სხვადასხვა დასახელების სალათები, მან სთხოვა დახმარება პროდუქციის რეალიზაციაში. ვინაიდან მაღაზიათა ქსელს „გუდვილს“ სურდა სხვადასხვა დასახელების სალათის შეძენა, მოელაპარა მოპასუხეს და მისი თანხმობით, 2016 წლის 30 ოქტომბერს ხელშეკრულება გააფორმა შპს „გუდვილთან“, სხვადასხვა დასახელების სალათის ფურცლის მიწოდების თაობაზე. იმავე დღეს ხელშეკრულება გააფორმა მოპასუხესთან. ამავე დროს, ვინაიდან ემ----- სე----–---–ი ვერ შეძლებდა თავის სათბურებში ისეთი მოცულობით პროდუქციის წარმოებას, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, შესთავაზა თავისი სასათბურე მეურნეობა, ქვეიჯარით. მოპასუხემ ხელშეკრულების მიწოდების ვადა დაარღვია რამდენიმეჯერ და ბოლოს, პირველი პარტია - 150 კილოგრამი სალათის ფურცელი გადასცა 20 დეკემბერს. აღნიშნულის შემდეგ მისი მხრიდან ხელშეკრულების პირობა არ შესრულებულა, თუმცა საქმიანობდა და პროდუქციის რეალიზაციას ეწეოდა ბაზარზე. აღნიშნულით შეილახა მისი რეპუტაცია და „გუდვილმა“ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, „გუდვილს“ უნდა გადაეხადა 302000 ლარი, საიდანაც 220000 ლარი უნდა გადაეცა ემ----- სე----–---–ისათვის, დარჩენილი 82000 ლარიდან 18000 ლარი სჭირდებოდა პროდუქციის ტრანსპორტირებას, 15000 ლარი შეფუთვას, 11000 ლარი შეადგენდა სავარაუდო, გაუთვალისწინებელ დანაკარგს, ამდენად, ყველაზე ცუდ შემთხვევაში მიიღებდა შემოსავალს 40000 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ემ----- სე----–---–მა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლის 27 მაისს რ---ო სა----–----აგან შპს „L-“-მ შვიდი წლის ვადით იჯარით აიღო 20 000 კვ.მ მიწის ფართობი, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში. იჯარის თანხა შეადგენდა წლიურად 3000 ლარს. ასევე დადგენილია, რომ სამი წლის იჯარის თანხა მოსარჩელემ გადაუხადა მეიჯარეს. დადგენილია, რომ იგივე მიწის ნაკვეთზე 2016 წელს შპს „L-“-ს და ემ----- სე----–---–ს შორის გაფორმდა ქვეიჯარის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ.);

- მოწმე რ---ო სა----–---- ჩვენება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ოქტომბერს შპს „L-“-მ ხელშეკრულება გააფორმა სს „გუდვილთან“. გარიგების თანახმად, მიმწოდებელი შპს „L-“ მყიდველს სს „გუდვილს“, მხოლოდ მყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწვდიდა საქონელს. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით, ხელშეკრულებაში საქონელს წარმოადგენდა მყიდველის მიერ მოთხოვნილი საქონელი, რომლის დასახელება და რაოდენობა განისაზღვრებოდა ყოველ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე. საქონლის მიწოდების ვადებზე ყოველი შეთანხმება უნდა მომხდარიყო ყოველი კონკრეტული პარტიისათვის. ხელშეკრულების დანართში მითითებული იყო შესასყიდი სალათის სახეობები და მოცულობა ერთ წელზე გათვლით, მთელი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 302000 ლარს.

 

2016 წლის 30 ოქტომბერს შპს „L-“-მ ხელშეკრულება გააფორმა ი.მ. ემ----- სე----–---–თან. გარიგების თანახმად, მიმწოდებელი ემ----- სე----–---–ი მყიდველს შპს „L-“-ს, მხოლოდ მყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწვდიდა საქონელს. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით, ხელშეკრულებაში საქონელს წარმოადგენდა მყიდველის მიერ მოთხოვნილი საქონელი, რომლის დასახელება და რაოდენობა განისაზღვრებოდა ყოველ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე. საქონლის მიწოდების ვადებზე ყოველი შეთანხმება უნდა მომხდარიყო ყოველი კონკრეტული პარტიისათვის. ხელშეკრულების დანართში მითითებული იყო შესასყიდი სალათის სახეობები და მოცულობა ერთ წელზე გათვლით, მთელი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 220000 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 19-36);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ემ----- სე----–---–მა „გუდვილთან“ დადებული ხელშეკრულების შესრულების მიზნით მოსარჩელეს მიაწოდა 150 კილოგრამი სალათის ფურცელი. მოპასუხის განმარტებით, პროდუქციის ღირებულება მოსარჩელეს არ გადაუხდია, ხოლო შპს „L-“-ს წარმომადგენლის განმარტებით, აღებული თანხით გადაიხადა საიჯარო ქირა, მიწოდება მოხდა დაგვიანებით და შემდგომში მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე პროდუქციას აღარ აწვდიდა, რამაც გამოიწვია „გუდვილთან“ დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებელი მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, თუ როდის მოითხოვა მან მოპასუხისაგან საქონლის მიწოდება და როდის მიიღო იგი, შესაბამისად, ვერ დაადასტურა საქონლის დაგვიანებით მიწოდების ფაქტობრივი გარემოება, ვერ დაადასტურა ნასყიდობის თანხის გადახდის ფაქტი, ან შეთანხმების არსებობა, რომ ეს თანხა განეკარგა სხვა მიზნით, შესაბამისად, ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქცევამ გამოიწვია ხელშეკრულების შეწყვეტა და ზიანის დადგომა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 411-ე, 417-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 30 ოქტომბერს შპს „L-“-მ ხელშეკრულება გააფორმა ი.მ. ემ----- სე----–---–თან. გარიგების თანახმად, მიმწოდებელი ემ----- სე----–---–ი მყიდველს შპს „L-“-ს, მხოლოდ მყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწვდიდა საქონელს. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით, ხელშეკრულებაში საქონელს წარმოადგენდა მყიდველის მიერ მოთხოვნილი საქონელი, რომლის დასახელება და რაოდენობა განისაზღვრებოდა ყოველ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე. საქონლის მიწოდების ვადებზე ყოველი შეთანხმება უნდა მომხდარიყო ყოველი კონკრეტული პარტიისათვის. ხელშეკრულების დანართში მითითებული იყო შესასყიდი სალათის სახეობები და მოცულობა ერთ წელზე გათვლით. მთელი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 220000 ლარს.

 

ამავე დროს, 2016 წლის 30 ოქტომბერს შპს „L-“-მ ხელშეკრულება გააფორმა სს „გუდვილთან“. გარიგების თანახმად, მიმწოდებელი შპს „L-“ მყიდველს სს „გუდვილს“, მხოლოდ მყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწვდიდა საქონელს. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით, ხელშეკრულებაში საქონელს წარმოადგენდა მყიდველის მიერ მოთხოვნილი საქონელი, რომლის დასახელება და რაოდენობა განისაზღვრებოდა ყოველ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე. საქონლის მიწოდების ვადებზე ყოველი შეთანხმება უნდა მომხდარიყო ყოველი კონკრეტული პარტიისათვის. ხელშეკრულების დანართში მითითებული იყო შესასყიდი სალათის სახეობები და მოცულობა ერთ წელზე გათვლით. მთელი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 302000 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ მოპასუხე ი.მ. ემ----- სე----–---–მა ვერ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მან, ხელშეკრულებების პირობები ვერ შეასრულა სს „გუდვილთან“ და ვერ მიაწოდა მას სალათის ფურცელი, რის გამოც განიცადა, როგორ მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან შეილახა მისი საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს მიყენებული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც შეადგენს 40000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით, 1.ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ~

როგორც უკვე აღნიშნა, მოპასუხემ (გამყიდველმა) მიაწოდა მოსარჩელეს (მყიდველს) სალათის ფურცელი, თუმცა მოსარჩელეს მისი ღირებულება არ აუნაზღაურებია, შესაბამისად, არ შეუსრულებია ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულება. ამდენად, ხელშეკრულების მოშლა არ ყოფილა გამოწვეული მოპასუხის ქმედებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

მითითებული მუხლის თანახმად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. მოცემული მუხლის გამოყენების წინაპირობებს წარმოადგენს შემდეგი: მოპასუხის ქმედების არამართლზომიერება; ამ ქმედების შედეგად ზიანის დადგომა; მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა; ქონებრივი დანაკლისის (ზიანის) ოდენობა. მოხმობილი ელემენტების არსებობა უნდა დგინდებოდეს იმგვარი მტკიცებულებებით, რომელთა ანალიზი შექმნის ობიექტურ სურათს ამგვარი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით“.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენით, სარჩელს არ ერთვის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურება, მოპასუხის ქმედების არამართლზომიერება; ამ ქმედების შედეგად ზიანის დადგომა; მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.12 მუხლით, გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს 20000 ლარის გადახდა იმ შემთხვევისთვის, როცა მიმწოდებელს შეთანხმებული პროდუქცია შეთანხმებულ ვადაში უკვე დამზადებული ჰქონდა, სარეალიზაციოდ ვარგისიანი და მყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის იყო, მიუხედავად ამისა, წინასწარგანზრახულად გადაწყვეტდა არ მიეწოდებინა მყიდველისათვის შეთანხმებული პროდუქცია, შეთანხმებულ ვადებში.

მოპასუხე მხარეს არ გაუხდია სადაოდ ის გარემოება, რომ იგი როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე შემდეგაც აგრძელებდა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას მოპასუხემ მიმართა საქონლის მიწოდების მოთხოვნით და მიიღო დაუსაბუთებელი უარი, არაა დადასტურებული რაიმე მტკიცებულებით, გარდა თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე.

ამდენად, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1850 ლარი, ვინაიდან მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა ადვოკატის მომსახურების ხარჯის (1500 ლარი) დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დააკისროს მხოლოდ 500 ლარის გადახდა.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ემ----- სე----–---–ს (პ/ნ 01011034306) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებების, მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი გეგუთი მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.14.39.139, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.14.39.281 და მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.14.39.200, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „L-“-ს სარჩელი ემ----- სე----–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „L-“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. შპს „L-“-ს ემ----- სე----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ემ----- სე----–---–ს (პ/ნ 01011034306) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებების, მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი გეგუთი მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.14.39.139, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.14.39.281 და მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.14.39.200, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გაუქმდეს.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე