განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
010100118002764375
დავის ტიპი
264 4 ა , 264 3 ა
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002764375

საქმე #1-1087/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა-–---------–-–---–ის

ადვოკატის _ რ--------–--ის

 

მონაწილეობით, ბრალდებულ ლ---–- ბ----–--ის მონაწილეობის გარეშე - ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171200318003 საქმე,ბრალდებულ ლ---–- ღ---- ასული ბ----–--ის მიმართ

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არმქონე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ----------------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გაოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2013 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდში, ლ---–- ბ----–--ე მუშაობდა სს „საზღვაო ჰოსპიტალში“, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების და გამოყენებისათვის პასუხისმგებელ პირად. ზემოაღნიშნული დროის პერიოდში, ლელა ბ----–--ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ მიერ შპს „ვიტაფარმი პლიუსისგან“ სამკურნალო დანიშნულებისათვის შეძენილი 1270 ერთეული ამპულა ჰ/ქ კალცექსი 10 მგ/მლ 1 მლ "მორფინი", რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მორფინის ფუძეს“, წონით - 9,6 გრამს.

 

2. 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 2018 წლის 16 მარტამდე პერიოდში, ლ---–- ბ----–--ე მუშაობდა შპს „მედ ემერჯენსში“, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების და გამოყენებისათვის პასუხისმგებელ პირად. ზემოაღნიშნული დროის პერიოდში, ლ---–- ბ----–--ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შპს „მედ ემერჯენსის“ მიერ შპს „ვიტაფარმი პლიუსისგან“ სამკურნალო დანიშნულებისათვის შეძენილი 5001 ერთეული ამპულა ჰ/ქკალცექსი 10 მგ/მლ მორფინი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მორფინის ფუძეს“, წონით - 37,95 გრამს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---–- ბ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

6. მოწმეთა ჩვენებები; ლ---–- ბ----–--ესა და შპს „მედ ემერჯენსს“ შორის გაფორმებული 2017 წლის 13 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულება; შპს „მედ ემერჯენსის“ დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება N23 და დანართი N4; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის N150/ნ ბრძანება; შპს „მედ ემერჯენსიდან“ ამოღებული დოკუმენტაცია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2017 წლის 10 ოქტომბრის N02-1927/ო ბრძანება; სასაქონლო ზედნადებები; 2018 წლის 17 მარტით დათარიღებული სეიფის შემოწმების აქტი; 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 მარტამდე, შპს „მედ ემერჯენსის“ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ხარჯვისა და ნაშთების შემოწმების აქტი; შპს „ვიტაფარმი პლუსიდან“ ამოღებული დოკუმენტაცია; შპს „ვიტაფარმი პლუსის“ N000310 სანებართვო მოწმობა; 2017 წლის 16 ოქტომბრის N29 ხელშეკრულება მხარეებს შორის საქონლის მომარაგების შესახებ; ნივთიერ მტკიცებულებათა გახსნისა და დათვალიერების ოქმები; 2017 წლის 18 ოქტომბრის N378 გასავლის ფაქტურა; 2017 წლის 18 ოქტომბრის N62 მოთხოვნის ფურცელი; 2017 წლის 18 ოქტომბრის N62 მინდობილობა; მისაღებ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნუსხა; 2017 წლის 7 ნოემბრის N404 გასავლის ფაქტურა; 2017 წლის 7 ნოემბრის N63 მოთხოვნის ფურცელი; 2017 წლის 17 ნოემბრის N63 მინდობილობა; 2017 წლის 24 ნოემბრის N414 გასავლის ფაქტურა; 2017 წლის 24 ნოემბრის N66 მოთხოვნის ფურცელი; მინდობილობა, 2017 წლის 13 დეკემბრის, 2018 წლის 5 იანვრის, 25 იანვრისა და 20 თებერვლის გასავლის ფაქტურები, გასავლის ფაქტურები და მოთხოვნის ფურცლები; შპს "მაგთიკომიდან"ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ინფორმაცია; სს „საზღვაო ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილების სპეციალური დანიშნულების პრეპარატების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალი (ჟურნალის აღრიცხვა დაწყებულია 2017 წლის პირველი იანვრიდან); შპს „მედ ემერჯენსის“ ესთეთიკური განყოფილების სპეციალური დანიშნულების პრეპარატების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალი (ჟურნალი წარმოებულია 05.10.2016-25.01.2018 წწ); სპეციალური დანიშნულების პრეპარატების მიღებისა და რაჯვის აღრიცხვის ჟურნალი ((ჟურნალი წარმოებულია 05.01.2015 წლიდან), სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ ქირურგიული განყოფილების სპეციალური დანიშნულების პრეპარატების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალი; სპეციალური დანიშნულების პრეპარატების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალი, წარმოებული 01.01.2016-დან 01.01.2017-მდე; სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ სპეციალური დანიშნულების პრეპარატების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალი, წაროებული 2013 წლიდან, სპეციალური დანიშნულების პრეპარატების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალი, წარმოებული 27.10.2010 წლიდან 26.12.2013 წლამდე, სპეციალური დანიშნულების პრეპარატების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალი, წაროებული 08.01.2016-28.12.2016, 04.01.2017-27.12.2017, 04.01.2018-09.03.2018, სპეციალური დანიშნულების პრეპარატების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალი, წარმოებული 01.01.2018 წლიდან, სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ შიდა განყოფილებების მოთხოვნის ფურცლები, შპს „ვიტაფარმი პლიუსიდან“ ამოღებული გასავლის ფაქტურები, მოთხოვნის ფურცლები, მინდობილობები, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ნუსხები, შპს „მედ ემერჯენსიდან“ ამოღებული ჟურნალები და დოკუმენტაცია (შიდა განყოფილებების მიერ გაგზავნილი მოთხოვნები), სტაციონარის განყოფილებაში, სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსხურში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვის ჟურნალები (სულ 5 ჟურნალი); ტელეფონების ამოღების ოქმები, თ------------ისა და თ--------------ს მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები N008377818 და N004075918; გრაფიკული ექსპერტიზის Nგრ/60 დასკვნა, N004709718 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.

 

7. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

8. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

9. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

10. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ---–- ბ----–--ის ბრალდების დადასტურება.

 

11. "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

14. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

15. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

16. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

17. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---–- ბ----–--ემ, როგორც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების და გამოყენებისათვის პასუხისმგებელმა პირმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ მიერ შპს „ვიტაფარმი პლიუსისგან“ სამკურნალო დანიშნულებისათვის შეძენილი 1270 ერთეული ამპულა ჰ/ქ კალცექსი 10 მგ/მლ 1 მლ "მორფინი", რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მორფინის ფუძეს“, წონით - 9,6 გრამს. მანვე, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შპს „მედ ემერჯენსის“ მიერ შპს „ვიტაფარმი პლიუსისგან“ სამკურნალო დანიშნულებისათვის შეძენილი 5001 ერთეული ამპულა ჰ/ქკალცექსი 10 მგ/მლ "მორფინი", რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მორფინის ფუძეს“, წონით - 37,95 გრამს.

 

20. ამდენად, ლ---–- ბ----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - ორი ეპიზოდი.

 

სასჯელის არგამოყენების დასაბუთება:

 

21. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2019 წლის 25 იანვარს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ლ---–- ბ----–--ე, დაბადებული: 2-.0-.1--- წელს, პირადი ნომერი: 6---------- -- 2019 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა უკრაინაში.

 

22. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაიცვალა, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს ადგენს სასჯელის დაუნიშნავად.

 

23. ამდენად, გარდაცვალების მოწმით დასტურდება ბრალდებული ლ---–- ბ----–--ის გარდაცვალების ფაქტი, რის გამოც მის მიმართ არ უნდა მოხდეს სასჯელის განსაზღვრა.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

24. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - თ------------ის და თ--------------ს მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ნივთმტკიცებად ცნობილი დოკუმენტური მასალები (სრული ჩამონათვალი მითითებულია მტკიცებულებათა ნუსხაში), რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ლ---–- ღ---- ასული ბ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - შპს „მედ ემერჯენსის“ ეპიზოდში.

 

ბრალდებული ლ---–- ღ---- ასული ბ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ ეპიზოდში.

 

ლ---–- ბ----–--ისის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთმტკიცებები - თ------------ის და თ--------------ს მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ნივთმტკიცებად ცნობილი დოკუმენტური მასალები (სრული ჩამონათვალი მითითებულია მტკიცებულებათა ნუსხაში), რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოში - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი