გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
330210018002687750
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ--–--ი"

წარმომადგენელი - ვ-–---------------–---–ი

 

მოპასუხე - გ---------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ---------------ეს ს სს „თ--–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს არსებული დავალიანების თანხის - 86523.27 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, სს „თ--–--ი“ და მოპასუხე გ---------------ე, რომელიც არის სს ,,თ--–--ი“-ს N------- აბონენტი და ელექტროენერგიის მომხმარებელი, იმყოფებიან ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლის საფუძველზეც სს „თ--–--ი“ ელექტროენერგიით ამარაგებს მოპასუხეს. სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი გადაუხდელი თანხის დავალიანება წარმოიშვა 2018 წლის ივნისის თვიდან - ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობისა და ქსელზე მიერთების საფასურის არასრულად გადაუხდელობის გამო.

 

მოპასუხე გ---------------ის დავალიანება სარჩელის წარმოდგენის დღეისათვის შეადგენს 86523.27 ლარს, საიდანაც ქსელზე მიერთების საფასურის დარჩენილი ნაწილია 24250 ლარი, ხოლო 62273.27 ლარი არის მიმდინარე დებიტორული დავალიანება.

 

ვინაიდან მოპასუხემ აღნიშნული დავალიანების გადახდა ვერ უზრუნველყო, მოსარჩელემ სასამართლოს მომართა სარჩელით მითითებული დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ---------------ემ მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით, სს „თ--–--ი“-ს სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე გ---------------ე არის სს "თ--–--ის" აბონენტი N-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აბონენტის ბრუნვის ისტორია;

- სარჩელი და შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გააჩნია დავალიანება 86523.27 ლარის ოდენობით, საიდანაც ქსელზე მიერთების საფასურის დარჩენილი ნაწილია 24250 ლარი, ხოლო 62273.27 ლარი არის მიმდინარე დებიტორული დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია;

- ქსელზე მიერთების განაცხადი და დანართები;

- მომხმარებლის მიერთების აქტი;

- მრიცხველის მონტაჟის აქტი;

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს „თ--–--ი“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე, მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე გ---------------ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით სარჩელი სრულად ცნო, შესაბამისად სარჩელის ცნობა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

სამოქალაქო კოდექსის 477–ე მუხლის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ სს ,,თ--–--ი" და გ---------------ე იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლიდან გამომდინარეც მოპასუხის დავალიანება შეადგენს 86523.27 ლარს.

 

მოპასუხე მხარე დავალიანების არსებობის ფაქტს სადავოდ არ ხდის, მეტიც მან სს „თ--–--ი“-ს მიერ აღძრული სარჩელი სრულად ცნო, რის გამოც სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულად, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ამასთან, მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი სრულად ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2595.70 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ--–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გ---------------ეს მოსარჩელე სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 86523.27 ლარი.

 

3. სს ,,თ--–--ს“ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 17 ოქტომბერს N79912 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2595.70 ლარი (გადამხდელი სს ,,თ--–--ი“, (ს/კ 2--------) გადამხდელის ბანკი - სს ,,ვითიბიი ბანკი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა, ბანკის კოდი - UGEBGE22), როგორც ზედმეტად გადახდილი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე