გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/26713-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - სს „სა-------------ი“
მოსარჩელის წარმომადგენელი - ზვ------------ია
მოპასუხე - სა-----------------ი
მოპასუხის წარმომადგენელი - გა--------------ე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სა-----------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს „სა-------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–--------–--–----–--–-----------–--------–-----------2 (საკადასტრო კოდით: 01.-------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს სს „სა-------------ს“.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 15 წელია მოსარჩელის ყოფილ ხელმძღვანელთან შეთანხმებით მართლზომიერად ფლობს ფართს.
3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე ქა-–--------–--–----–--–-----------–--------–-----------2 (საკადასტრო კოდით: 01.-------------- მესაკუთრედ რეგისტრირებულია სს „სა-------------ი“. 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 დადგენილია, რომ უძრავ ქონებას მდებარე: ქა-–--------–--–----–--–-----------–--------–-----------2 (საკადასტრო კოდით: 01.-------------- სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე სა-----------------ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. იმ გარემოების დასადასტურებლად უძრავი ნივთი მოსარჩელის საკუთრებაა წარმოადგენილი იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი. თუმცა მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიაჩნია, რომ ვინაიდან იგი 15 წელია ფლობს სადავო ნივთს მართლზომიერად და მოსარჩელე კი ბოროტად იყენებს მის უფლებამოსილებას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო განუმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის შედავებას, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ნივთის მართლზომიერების ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე: მდებარე ქა-–--------–--–----–--–-----------–--------–-----------2 (საკადასტრო კოდით: 01.-------------- მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე სს „სა-------------ი“. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. მოპასუხე მიუთითებს შეთანხმებაზე მოსარჩელესთან, მაგრამ საქმის განხილვის დროისთვის აღნიშნული გარემოება არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „სა-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. სა-----------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას სს „სა-------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ თბილი-–----–--–-----------–--------–------------- N- (საკადასტრო კოდით: 01.-------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს სს „სა-------------ს“.
3. მოპასუხე სა-----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე