გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/23163-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.01.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: შპს ,,გ------- ს-------–ი”
წარმომადგენელი: ე-–--------------ე
მოპასუხე: შპს ,,ს-------–ი”
წარმომადგენელი: გ---------------–--ე
დავის საგანი: სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევიდან გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ს-------–ს“ შპს ,,გ------- ს-------–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის გამო ზიანის სახით მიუღებელი შემოსავალი 9 000 ლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა ს.ფ. 322).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
"ს-------–ი" წარმოადგენს პირველ ქართულ ს----------– გ------ს, რომელიც დაარსდა 1990 წელს და მას შემდეგ აქტიურად აშუქებს საქართველოში თუ მსოფლიოში მიმდინარე ს----------– სიახლეებს. 2000 წლის ბოლოსთვის გ------ "ს-------–ს" რეპორტაჟები განხორციელებული ჰქონდა 45 ქვეყნის 110 ქალაქიდან. ამდენად, საზოგადოებაშიც საკმაო პოპულარობითა და მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა და დღემდე ინარჩუნებს მაღალ ცნობადობას.
შპს "გ------- ს-------–ი" ოფიციალურად, საჯარო რეესტრში 2004 წელს დარეგისტრიდა, ხოლო 2013 წელს სასაქონლო ნიშანი "ს-------–ი" გრაფიკული გამოსახულებითურთ დაარეგისტრირა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში. შპს "გ------ ს-------–ს" სასაქონლო ნიშანზე "ს-------–ი" მოპოვებული აქვს განსაკუთრებული უფლება შესაბამის კლასებში (16,28,35,41). 2000 წლის 14 ნოემბერს გ------- ელექტრონული სახითაც გახდა ხელმისაწვდომი შესაბამის დომენზე www.s-------.com.ge. გ------მა მატერიალური სახით გამომცემლობა 2009 წელს შეაჩერა, თუმცა მკითხველის სურვილითა და მოთხოვნით დღეს აგრძელებს საქმიანობას და 2017 წლის 1 სექტემბრიდან კვლავ განაგრძობს ელექტრონული სახით მაუწყებლობას.2016 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა სხვა იურიდიული პირი სახელწოდებით შპს "ს-------–ი", ამავე წლის 5 აგვისტოს შპს "ს-------–მა" შეიძინა დომენი www.s-------.ge და ისარგებლა რა შპს "გ------- ს-------–ის" უკვე მყარი რეპუტაციითა და პოპულარობით, დაიწყო ელექტრონული ს----------–ი ჟურნალის გამოცემა. საინტერესოა, რომ შპს "ს-------–ს" არათუ სახელი, არამედ გრაფიკული გამოსახულებაც შპს "გ------- ს-------–ის" იდენტური აქვს, რაც ამყარებს მათ არაკეთილსინდისიერ მიზანს - ისარგებლოს გ------- "ს-------–ის" მიერ შექმნილი რეპუტაციით და ამის ნიადაგზე მიიღოს მატერიალური სარგებელი.
შპს "ს-------–ს" შპს "გ------- ს-------–ისთვის" სასაქონლო ნიშანზე ''ს-------–ი" უფლების გადაცემის თხოვნით არ მიუმართავს და არც მოსარჩელის შესაბამის მოთხოვნაზე (შპს "ს-------–ს" შეეწყვიტა სახელით "ს-------–ი" მაუწყებლობა) ჰქონია შესაბამისი რეაგირება.
შესაბამისად, მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება 2017 წლის 1 სექტემბრიდან, 1 დეკემბრამდე პერიოდზე (ამ დროს აღსრულდა სასამართლოს მიერ მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მოპასუხის განმარტებით, ჩვენს მიერ სარჩელის შემოტანამდე გამოყენებული „ს-------–ი.ge“ თვისობრივად განსხვავდებოდა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისგან. რაც შეეხება სარჩელის შემოტანის შემდეგ პერიოდს, როცა ცნობილი გახდა რომ „გ------ ს-------–ს“ სასაქონლო ნიშნის სახით აქვს დარეგისტრირებული „ს-------–ი“ (ქართული ასოებით), მათ შეცვალეს შრიფტი და გადავიდნენ ლათინურ სახელწოდებაზე S-------.ge, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს მოსარჩელის მიერ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან.
ასევე, დომენი s-------.ge თავის დროზე რეგისტრირებული იქნა მოქალაქ გ-------------ის მიერ, რომლისგანაც მოპასუხე კომპანიამ ეს დომენი 2016 წლის აგვისტოში შეიძინა კეთილსინდისიერად. თვითონ მოსარჩელეც ადასტურებს თავისი სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში, რომ მოსარჩელეს 2009 წლიდან 2017 წლის აგვისტომდე მას შეწყვეტილი ჰქონდა ფუნქციონირება. შესაბამისად, ნათელია, რომ მოპასუხის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი დომენის გამოყენება, მით უფრო ისეთ პირობებში, როცა ეს დომენი ემთხვევა მოპასუხის კომპანიის სახელს, ვერანაირად ვერ შელახავს მოსარჩელის უფლებებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სასაქონლო ნიშანი ,,ს-------–ი“ დაცულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში საქპატანტში და მისი მესაკუთრეა შპს ,,გ------- ს-------–ი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქპატენტის მოწმობა (ს.ფ. 49-50);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.2. დომენი s-------.com.ge დარეგისტრირებულია და მისი მფლობელია შპს ,,გ------- ს-------–ი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია დომენის რეგისტრაციის გვერდიდან (ს.ფ. 48);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.3. ქართული ს----------–ი გ------- ,,ს-------–ი“ დაარსდა 1990 წელს. 2009 წელს დროებით შეწყვიტა მატერიალური სახით გ-------ს გამოცემა, თუმცა 2017 წლის აგვისტოში კვლავ დაბრუნდა ბაზარზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.4. 2017 წლის 08 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა შპს ,,ს-------–ის“ დირექტორს და სთხოვა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა შპს ,,გ------- ს-------–ის“ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშნის გამოყენება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 56);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.5. 2016 წლის 02 აგვისტოს გ-------------ესა და შპს ,,ს-------–ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველი უზრუნველყოფს მყიდველისათვის მის საკუთრებაში არსებული Facebook ჯგუფების“ ,,The B---”; ,,ს-------–ი“, ,,თ---–----ე“, ასევე Facebook გვერდის-ს-------–ი, საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულების საგანს ასევე წარმოადგენდა გამყიდველის სახელზე რეგისტრირებული დომენის www.s-------.ge დათმობა მყიდველის სასარგებლოდ და ამ გვერდის მართვის პანელის მყიდველისათვის საკუთრებაში გადაცემა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 87-90);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.6. მოპასუხე აღარ იყენებს სადავო სასაქონლო ნიშანს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
მხარეები სადავოდ ხდიან ზიანთან დაკავშირებულ გარემოებებს, კერძოდ მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, რომ მას სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მიადგა ზიანი 9000 ლარის ოდენობით.
განსაკუთრებული უფლების მქონე პირი თავისი უფლებებს სასაქონლო ნიშანზე ადასტურებს რეგისტრაციის მოწმობით, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. აღნიშნულზე მიუთითებს ისიც, რომ რეესტრში რეგისტრირებული უფლება დაცულია როგორც საერთაშორისო კონვენციებით (პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი), ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობით („ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი). შესაბამისად, რეგისტრაციის ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული უფლების მქონე პირს წარმოეშვას საკუთარი „ქონების“ დაცვის უფლება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლების საფუძველზე. კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს სადავო სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს, მხოლოდ მას შეეძლო მოპასუხისათვის მიეცა ამ ნიშნის გამოყენების უფლება. შესაბამისად, არ შეიძლება მოსარჩელეს დაეკისროს არარსებული ფაქტის მტკიცების ტვირთი. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს გააჩნდა ამ ნიშნის გამოყენების უფლება, უნდა ამტკიცოს მოპასუხემ.
უდავოა რომ მოსარჩელე არის სასაქონლო ნიშნის ,,ს-------–ის“ მესაკუთრე. ასევე უდავოა რომ მოპასუხე იყენებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავს სასაქონლო ნიშანს.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მოპასუხემ მიიღო სარგებელი, კერძოდ ცნობილია, რომ შპს ,,ს-------–ის“ ვებ.გვერდზე მცირე სარეკლამო ბანერის ღირებულება შეადგენდა 750 ლარს. 2017 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ნოემბრის ბოლომდე ინტერნეტ გვერდზე განთავსებული იყო 4 სხვადასხვა ზომის სარეკლამო ბანერი: ორი სტატიის თავსა და ბოლოში, ხოლო ორი კიდეებზე, მათ შორის ერთი ვიდეო რგოლი, შესაბამისად დროის ამ მონაკვეთში შპს ,,ს-------–ის“ მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა თვეში სულ მცირე 3000 ლარი, ხოლო გამოყენებულ პერიოდში 9000 ლარი (750x4). აღნიშნული კი წარმოადგენს იმ მიუღებელ შემოსავალს რომელიც განსაკუთრებული უფლების დარღვევის გამო ვერ მიიღო მოსარჩელემ.
შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელიც მოპასუხემ მიიღო სარეკლამო ბანერებიდან.
მტკიცებულებები:
- ინფორმაციები ვებ-გვერდიდან (ს.ფ. 332-333);
- მომსახურების ხელშეკრულება, ამონაწერი სხვადასხვა ჩარიცხვების შესახებ (ს.ფ. 344, 348);
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან განსაკუთრებული უფლების დარღვევის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი: Melnychuk v. Ukraine, Judgment. Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment
`სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, 45-ე მუხლი,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია
საერთაშორისო შეთანხმება `ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
მოსარჩელე მოითხოვს შპს ,,ს-------–ს“ შპს ,,გ------- ს-------–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის გამო ზიანის სახით მიუღებელი შემოსავალი 9 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშანი საქართველოს კონსტიტუციის დაცული საკუთრების უფლების ობიექტია. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად (გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია), ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (სხვა ობიექტებთან ერთად) მიეკუთვნება სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვა კომერციული აღნიშვნები.
სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა) დაცულ ქონებას წარმოადგენს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში. (იხ. სუსგ № ას-1285-1223-2014, 01.12. 2015 წ.).
სასამართლო დავის გადასაწყვეტად მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007).
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშნები, რომლის რეგისტრაციის, სარგებლობის და დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისგან (შემდგომ - საქონელი). 2. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. 3. სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
საქართველოს კანონის ”სასაქონლო ნიშნების შესახებ” მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად განმარტებულია სასაქონლო ნიშნის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც სასაქონლო ნიშანი არის გრაფიკულად გამოსახული სიმბოლო, რომელიც განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს მეორეს საწარმოს საქონლისაგან. სასაქონლო ნიშნის მთავარი ფუნქცია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ საქონელს შორის განსხვავების ხაზგასმაა. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ მწარმოებლებმა შეინარჩუნონ თავიანთი ინდივიდუალურად დამახასიათებელი ნიშა და ამასთანავე მომხმარებლებმაც ადვილად გამიჯნონ, თუ რომელი კომპანიის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს მოიხმარენ.
სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად:
1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. 2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.
განსახილველ საქმეში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმის დადგენას არის თუ არა მოპასუხის მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი დაცული ნიშნის აღრევამდე მსგავსი (საქონელი რომ იდენტურია ეს სადავო არ გახლავს).
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება უნდა დადგინდეს იმ ფაქტორთა გათვალისწინებით, რასაც რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქვს ადგილი. მომხმარებელს არ აქვს საშუალება დაწვრილებით გაარჩიოს ერთმანეთისაგან სასაქონლო ნიშნების უმნიშვნელო ელემენტები. მყიდველი პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს მის მიერ უკვე შეძენილ პროდუქტზე, რომლის თვისებებმა მასში კმაყოფილება გამოიწვია და სურს კვლავ იგივე თვისებების პროდუქტი შეიძინოს. ასეთ დროს უმნიშვნელო დეტალები მომხმარებელს არ ამახსოვრდება და საერთო შთაბეჭდილების შემქმნელი სურათი ამოტივტივდება ზედაპირზე, რომლის მიხედვით მოქმედებს მომხმარებელი. ასეთ დროს არსებითია საერთო შთაბეჭდილება, ერთიანი სურათი, სადაც დომინანტი ელემენტებია ყველაზე მნიშვნელოვანი.
სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.
კანონმდებელმა აღნიშნული დანაწესით მოახდინა პირის განსაკუთრებული უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა, კანონის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოხდეს დარღვეული უფლების აღდგენა, კერძოდ არამატერიალური სიკეთის, კონსტიტუციით გარანტირებული ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობის დაცვა.
ინტელექტუალურ სამართალში მიჩნეულია, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება შეფასებული უნდა იქნას ჟღერადობით, გრაფიკულად, აზრობრივად. ყურადსაღებია ახლობელი ბგერებისა და ბგერათშეთანხმების განლაგება ერთმანეთის მიმართ; მარცვლების დამთხვევა; მარცვლების რაოდენობა ნიშანში; ერთნაირი და ახლობელი ბგერათშეწყობების ადგილი სასაქონლო ნიშნის შემადგენლობაში; ერთი ნიშნის შესვლა მეორეში; ახლობელი და ერთნაირი ბგერების არსებობა. (იხ. ს.ჯორბენაძე, ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი 1998). აღნიშნულ მონაცემთა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნებს შორის მსგავსება აშკარაა. სასაქონლო ნიშნები ფონეტიკურად და სემანტიკურად იმდენად მსგავსია, რომ ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერ გაარჩევს რომელი მწარმოებლის პროდუქციას ყიდულობს (ან მომსახურებას იღებს). სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო სასაქონლო ნიშანი და სადავო პროდუქცია აღრევამდე მსგავსია მოსარჩელის სასაქონლო ნიშნისა და პროდუქციისა.
საერთაშორისო კონვენციით სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ (პარიზის კონვენცია), კერძოდ მისი 1-ლი მუხლის მიხედვით სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა.
სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით `ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ”, რომლის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც აღრევამდე მსგავსი ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით.
ამ ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით პარიზის კონვენციის (1967წ.) მე-6bis მუხლი გამოიყენება mutatis mutandis (სათანადო ცვლილებებით) ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგავსი, რომლებისთვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული იმ პირობით, რომ ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება ასეთის საქონლის ან მომსახურებისათვის მიუთითებს კავშირზე ამ საქონელსა ან მომსახურებასა და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის და იმ პირობით, რომ ასეთმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესებს.
ხსენებული შეთანხმების მე-17 მუხლით დადგენილია სასაქონლო ნიშნის გამოყენების სფეროში გამონაკლისი, ამ ნორმის თანახმად წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდული გამონაკლისები სასაქონლო ნიშნით მინიჭებული უფლებებიდან, როგორიცაა აღწერილობითი ტერმინების კეთილსინდისიერი გამოყენება იმ პირობით, რომ ასეთი სახის გამონაკლისებში გათვალისწინებული იქნება სასაქონლო ნიშნის მფლობელისა და მესამე პირების კანონიერი ინტერესები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი და საერთაშორისო აქტები დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, რომელიც არის სხვა ნიშნის რეპროდუქცია, იმიტაცია, თარგმანი, რომელიც არის სხვა ნიშნის მსგავსი ან იდენტური და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, 1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.
როგორც უკვე სასამართლომ დაადგინა და მოპასუხეს არ უარყოფს, მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავს ნიშანს იყენებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე პირის თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა შპს ,,გ------- ს-------–ის“ კანონით გარანტირებული უფლები.
ამდენად, ვინაიდან ცალსახაა, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მიადგა თუ არა მოსარჩელეს ზიანი და თუ მიადგა, რა ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული წინაპირობები აუცილებელია არსებობდეს ერთდროულად, ზიანის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისთვის არსებობს ხუთი ელემენტი: ქმედება, მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა, მიზეზობრივი კავშირი, ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი-ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად იმპერატიულად დადგენილია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მისი დაკმაყოფილების გარკვეული წინაპირობების არსებობა და ამ ჩამოთვლილ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზიანის არსებობის ფაქტის და ამ ზიანის მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტი უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად. შპს ,,გ------- ს-------–ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ელექტრონული წერილით და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ინტერნეტ გვერდზე მცირე სარეკლამო ბანერის განთავსების ყოველთვიური ღირებულება შეადგენდა 750 ლარს, ასევე დგინდება, რომ სადავო პერიოდში მითითებულ ინტერნეტ გვერდზე განთავსებული იყო ოთხი სარეკლამო ბანერი. შესაბამისად, იგი იღებდა ყოველთვიურ სარგებელს 3000 ლარის ოდენობით, ხოლო სადავო ოთხი თვის განმავლობაში კი მიიღო 9000 ლარი (კვლავ იხ. მსჯელობა სადავო ფაქტობრივ გარემოებებში).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა რომ არა მოპასუხე მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს ის მატერიალური სარგებელი, რომელსაც შპს ,,გ------- ს-------–ი“ მიიღებდა მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნის ,,ს-------–ის“ ინტერნეტ სივრცეში თავისუფლად გამოყენებით, რომ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელის განსაკუთრებული უფლების დარღვევა.
შესაბამისად დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იყო მოსარჩელისათვის ზიანის მისაყენებლად.
მოპასუხე წერილობით იყო გაფრთხილებული, რომ ამ სადავო პერიოდში არ გამოეყენებინა სადავო ნიშანი.
მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრება, რის გამოც მოპასუხემ მიიღო ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა მოსარჩელე შპს ,,ს-------–ს“ რომ არ გამოეყენებინა სადავო სასაქონლო ნიშანი.
ყოველივე აღნიშნული კი, თავის მხრივ სარჩელის საფუძვლიანობას განაპირობებს და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნის.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე დროს მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს წარმომადგენლის ხარჯი დაკისრებული თანხის 4% ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,გ------- ს-------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ს-------–ს“ შპს ,,გ------- ს-------–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 9000 ლარი;
3. შპს ,,ს-------–ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ 270 ლარის ოდენობით;
4. შპს ,,გ------ ს-------–ს“ დაუბრუნდეს მის სარჩელზე ნ------------ის მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს სს ,,თიბისი ბანკში“ გადახდილი ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 229.50 ლარი;
5. შპს ,,ს-------–ს“ დაეკისროს შპს ,,გ------- ს-------–ის“ სასარგებლოდ ადვოკატის დახმარებისთვის 360 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი