განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თე----------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–------------------------–--ლი (დაბადებული - 1----–-–---------–-სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.რუსთავი, თ------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, გ-----------------------------;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - ელ-----–--------–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა;
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი-----–- მ--------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 150 ცალი აბი და აბის ერთი ნატეხი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში - მდებარე ქ.თბილისი, გ------------------------------ში, თავისსავე საძინებელ ოთახში. 2018 წლის 19 აპრილს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული იქნა ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული - 150 ცალი აბი და აბის ერთი ნატეხი, რომლებშიც ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) საერთო წონა შეადგენს - 16,2127 გრამს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ი-----–- მ--------–---–მა 2018 წლის მარტის თვეში, კლუბ „ბ-----ში“ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 150 ცალი აბი და აბის ერთი ნატეხი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში - მდებარე ქ.თბილისი, გ------------------------------ში, თავისსავე საძინებელ ოთახში. 2018 წლის 19 აპრილს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული იქნა ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული - 150 ცალი აბი და აბის ერთი ნატეხი, რომლებშიც ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) საერთო წონა შეადგენს - 16,2127 გრამს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ი-----–- მ--------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია ი-----–- მ--------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე უ----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 19 აპრილს, მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ი-----–- მ--------–---–ი და დ----- თ---–--ე იყვნენ ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებლები და სისტემატურად ეწეოდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. ამავე ინფორმაციის თანახმად, ისინი უნდა ყოფილიყვნენ ქ. თბილისი, პეკინის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათ თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. გარდა ამისა, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ი-----–- მ--------–---–ს ნარკოტიკული საშუალება უნდა ჰქონოდა აგრეთვე საცხოვრებელ ბინაშიც. აღნიშნულის თაობაზე მან წერილობით (პატაკით) აცნობა ხელმძღვანელს, რაზეც დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყებისთანავე, მოხდა მისი მოწმის სახით გამოკითხვა.
4.2. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში, პეკინის ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს ი-----–- მ--------–---–ი და მისი თანმხლები პირი, ვინაიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მათ თან უნდა ჰქონოდათ, ასევე, ი-----–- მ--------–---–ს საცხოვრებელ სახლში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მისი და მისი თანამშრომლის, ი-----–- ნ---------ის მიერ აღნიშნულ პირებს ადგილზევე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მათგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, პირადი ჩხრეკისას ი-----–- მ--------–---–მა განაცხადა, რომ იგი ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში, რაც პირადი ჩხრეკის ოქმში მიუთითა თავად ი-----–- მ--------–---–მა. ამის შემდეგ, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიუთითა საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადაზე, სადაც იდო ჩანთა, საიდანაც ამოღებულ იქნა ორ პაკეტად შეხვეული ნარკოტიკული საშუალებები - ერთში იყო 50 აბი და აბის ნატეხი, მეორეში კი 100 აბი. მოწმის განმარტებით, როგორც ი-----–- მ--------–---–მა აღნიშნა, ეს იყო „კლუბური ნარკოტიკი“. აღნიშნული ნივთიერებები ამოღებულ იქნა, ხოლო ი-----–- მ--------–---–ი დააკავეს და გადაიყვანეს განყოფილებაში, რა დროსაც მას არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
4.3. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ი-----–- ნ---------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 19 აპრილს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ი-----–- მ--------–---–ი და მისი თანმხლები პირი უნდა ყოფილიყვნენ ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდათ, ასევე ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელ სახლში უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალებები, თანამშრომლებთან ერთად გავიდა ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, სადაც შეაჩერეს და დადგენილების საფუძველზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს ი-----–- მ--------–---–ს, რომელმაც პირადი ჩხრეკის დროს განმარტა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა სახლში, კარადაში მოთავსებულ ზურგჩანთაში არსებულ ე.წ. „ბასეტკაში“, რაც პირადი ჩხრეკის ოქმშიც აღნიშნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამომძიებელი დაუყონებლივ დაუკავშირდა ექსპერტებს და მათი მონაწილეობით ჩატარდა საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა. ექსპერტებმა ი-----–- მ--------–---–ის მიერ მითითებული ადგილიდან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება - 150 აბის ოდენობით, რასაც იგი „კლუბურ ნარკოტიკს“ უწოდებდა.
4.4. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ-------– კ------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მას ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები. 2018 წლის 19 აპრილს, მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ი-----–- მ--------–---–ი და მისი მეგობარი დ----- თ---–--ე უნდა ყოფილიყვნენ ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათ თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება, ასევე, ი-----–- მ--------–---–ს ნარკოტიკული საშუალებები უნდა ჰქონოდა საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მის მიერ თანამშრომლებთან ერთად გ------ნის ქუჩაზე, ჩატარებული იქნა ი-----–- მ--------–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. ჩხრეკისას მან თვითონ განაცხადა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას თან არ ჰქონდა, არამედ ინახავდა სახლში. შესაბამისად, ი-----–- მ--------–---–ის მითითებითვე მისი საძინებლიდან, კერძოდ, ტანსაცმლის კარადაში არსებული ე.წ „ბასეტკიდან“ ამოღებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერებები, სულ 150 აბი და აბის ერთი ნატეხი, რომლის შესახებ დეტალურადაა მითითებული ბინის ჩხრეკის ოქმში. ი-----–- მ--------–---–მა ოქმში პირადად შეიტანა შენიშვნა, რომ ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები ეკუთვნოდა მას, რომელიც ჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით. მან ასევე გამოკითხა მისი ძმა - მ----- მ--------–---–ი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
4.5. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ---------------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან დაიწყო გამოძიება, გამოკითხა პატაკის ავტორი, დანიშნა ნარკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები, ასევე გამოკითხა და ბრალი წარუდგინა ი-----–- მ--------–---–ს. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ყველა დოკუმენტის სისწორე.
4.6. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის მოწმე დ----- თ---–--ემ განმარტა, რომ ის და ი-----–- მ--------–---–ი კვირის ბოლოს ხშირად დადიოდნენ ხოლმე კლუბ ბ-----ში, სადაც ორი ადამიანისაგან ყიდულობდნენ აბებს, მათ შორის, ერთი იყო ქართველი, მეორე კი უცხოელი. ი-----–- მ--------–---–ის დაკავებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, უცხოელმა, რომლისგანაც აბებს ყიდულობდნენ ხოლმე, მას და ი-----–- მ--------–---–ს უთხრა, რომ იგი მიდიოდა ახალი აბების შემოსატანად და თუკი დარჩენილ დაახლოებით 150-160 აბს შეიძენდნენ, იაფად მიყიდიდა. მას არ ჰქონდა თანხა, ხოლო ი-----–- მ--------–---–მა შეიძინა აბები 2000 ლარად. აბებს თავადაც მოიხმარდა და იცოდა, რომ დასჯადი არ იყო აღნიშნული ნივთიერება, თანაც ფიქრობდა, რომ ესე თავისუფლად შეუძლებელი იყო ნარკოტიკი გაეყიდათ და ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ის დასჯადი ნარკოტიკი იქნებოდა. 2018 წლის 19 აპრილს, პოლიციის თანამშრომლებმა მას და ი-----–- მ--------–---–ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მათგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. პოლიციის თანამშრომლებმა მათ შესთავაზეს თანამშრომლობა, რის შემდეგაც ი-----–- მ--------–---–მა მათ თავად უთხრა, რომ სახლში ინახავდა აბებს, რომლებიც კლუბ ბ-----ში შეიძინა და მას ნებაყოფლობით წარუდგენდა მას.
4.7. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის მოწმე მ-----–----–-–---–მა განმარტა, რომ ის და ი-----–- მ--------–---–ი ხშირად დადიოდნენ ღამის კლუბებში, თითქმის ყოველ პარასკევს, სადაც მარტივად იყიდებოდა კლუბური აბები, რომლებზეც იქ მყოფი ხალხიც ამბობდა, რომ ეს არ იყო საქართველოში დასჯადი ნივთიერება. ეს იყო სხვადასხვა ფერის და ფორმის აბი, რომელსაც ჰქონდა მასტიმულირებელი ეფექტი, მოქმედებდა დაახლოებით ერთი, მაქსიმუმ ორი საათი და ერთი აბი დაახლოებით 30-35 ლარი ღირდა. ი-----–- მ--------–---–ის დაკავებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, კლუბში ყოფნისას, უცხოელმა ბიჭმა, რომლის ვინაობაც არ იცის, მათ უთხრა, რომ მიდიოდა სხვაგან აბების ჩამოსატანად და რაც დარჩენილი ჰქონდა ყველას თუ შეიძენდნენ, იაფად - ნახევარ ფასში მისცემდა. ვინაიდან მხოლოდ ი-----–- მ--------–---–ს ჰქონდა თანხა, მან გარკვეული თანხის სანაცვლოდ კლუბში, დახურულ სივრცეში, შეიძინა აღნიშნული აბები, შეფუთულ მდგომარეობაში. მათ არ გადაუმოწმებიათ, რა იყო იმ პაკეტში, რადგან ძირითადად აბებს კლუბში ყოველთვის მისგან ყიდულობდნენ და აქედან გამომდინარე, ენდობოდნენ. უცხოელი ამბობდა, რომ არსებობს ნარკოტიკები, რომლებიც საქართველოში არ არის დასჯადი და მას „კლუბურ ნარკოტიკს“ ეძახდა. ანალოგიურს ამბობდა ყველა იქ მყოფი და ძალიან მარტივად შეეძლოთ ეყიდა ყველას აღნიშნული აბები. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული აბების მოხმარების შემდეგ მისი ერთ-ერთი მეგობარი შეამოწმეს და შემოწმებისას მის სხეულში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოჩნდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ კლუბების გარდა მათ აბები სხვაგან არ შეუძენიათ.
4.8. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის მოწმე დ----- ც--–--ემ განმარტა, რომ ის და ი-----–- მ--------–---–ი ხშირად დადიოდნენ კლუბ „ბ-----ში“, სადაც მარტივად იყო ხელმისაწვდომი „კლუბური ნარკოტიკი“. პირი, რომლისგანაც აბებს ყიდულობდნენ ამბობდა, რომ ეს ნივთიერება არ იყო დასჯადი. ასევე, დაახლოებით 2,5 წლის წინ, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მისი დაკავების ღამეს, როდესაც მიღებული ჰქონდა აღნიშნული კლუბური ნარკოტიკი, ანალიზის შედეგებმა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინა. მოწმის განმარტებით, აბები, რომლებსაც ყიდულობდნენ კლუბში, იყო სხვადასხვა ფორმისა და ფერის და ღირდა დაახლოებით 30 ლარი. მისი ეფექტი დაახლოებით 1 საათის განმალობაში გრძელდება, რის გამოც თვლიდა, რომ იგი არ იყო ნარკოტიკი. მოწმე აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც იგი კლუბში დადიოდა, იქ მყოფი თითქმის ყველა პირი მოიხმარდა აღნიშნულ აბებს. მოწმის განმარტებით, კლუბში აბებს ყიდულობდა ძირითადად ორი პირისგან, რომელთაგან ერთი იყო უცხოელი, ხოლო მეორე ქართველი. იგი ფიქრობდა, რომ ეს არ იყო ნარკოტიკული საშუალება, რადგან ამას ამბობდნენ, როგორც ის პირები, რომელთაგანაც ყიდულობდნენ აბებს, ასევე პირები, რომლებთანაც კლუბში ჰქონდა ურთიერთობა. ამასთან, აღნიშნულს აფიქრებინებდა ისიც, რომ მისი შეძენა იყო ძალიან მარტივი.
4.9. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ----- მ--------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 19 აპრილს, მათი საცხოვრებელი ბინიდან, კერძოდ, მისი ძმის - ი-----–- მ--------–---–ის საძინებელი ოთახიდან, ი-----–- მ--------–---–ის მითითებით ამოღებულ იქნა აბები. მოწმის განმარტებით, როგორც ი-----–- მ--------–---–მა მას უთხრა, „კლუბურ ნარკოტიკებთან“ დაკავშირებით იყო რაღაც გაუგებრობა და არაფერი არ იყო საშიში. ამასთან, როგორც მისთვის არის ცნობილი, „კლუბური ნარკოტიკი“ არ შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც შეიძლება დასჯადი იყოს საქართველოს კანონმდებლობით. აბები, რომლებიც მასაც შეუძენია კლუბ ბ-----ში, არის სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერის, რომლის ეფექტი დაახლოებით 1 საათი გრძელდება.
4.10. 2018 წლის 19 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ი-----–- მ--------–---–ის პირადი ჩხრეკისას ი-----–- მ--------–---–ის ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი და საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, ნომრით 5---------------.
4.11. 2018 წლის 19 აპრილის ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ი-----–- მ--------–---–ის მითითებით, მისი საცხოვრებელ ბინიდან, კერძოდ, მისსავე საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადაში არსებულ ქვედა თაროზე ნანახი იქნა სპორტული ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ე.წ. „ბარსეტკა“, საიდანაც ამოღებული იქნა ორ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 50 ცალი აბი და აბის ნატეხი, ხოლო მესამეში 100 ცალი აბი. პაკეტში, რომელშიც მოთავსებული იყო 50 ცალი აბი და 1 ნატეხი, აღნიშნული აბებიდან 24 ცალი იყო მოყვითალო ფერის სამკუთხედის ფორმის, 21 ცალი აგურის ფორმის და 5 ცალი მოვარდისფრო ფერის სამკუთხედის ფორმის და 1 ცალი აბის ნატეხი. პაკეტში, რომელშიც იყო 100 ცალი აბი, 49 იყო მოყვითალო ფერის სამკუთხედის ფორმის, 44 ცალი აგურის ფორმის, ხოლო 7 ცალი მოვარდისფრო ფერის სამკუთხედის ფორმის. ამავე ჩანთიდან ამოღებულ იქნა ორი ფურცელი, ნაბეჭდი ტექსტით და 1 ცალი პლასტიკური ბარათი ი-----–- მ--------–---–ის სახელზე გაცემული.
4.12. 2018 წლის 20 აპრილის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 აპრილს, 02:40 საათზე, ქ.თბილისში, გ------------------------------ში, ბინის ჩხრეკის დასრულებისთანავე, ი-----–- მ--------–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში.
4.13. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 20 აპრილის #7----- დასკვნის მიხედვით, ი-----–- მ--------–---–ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა.
4.14. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #9------------რ დასკვნის მიხედვით: 2018 წლის 20 აპრილს, ი-----–-ს მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: - თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული 49 (ორმოცდაცხრა) ცალი ყვითელი ფერის, სამკუთხა ფორმის, ერთ მხარეს შუაში ნაჭდევით, ამოტვიფრული ლოგოთი “TESLA” ტაბლეტი, საერთო წონით - 19,30 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 7,4847 გრამს. (ობ.#1) - თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, 44 (ორმოცდაოთხი) ცალი კრემისფერი, მართკუთხა ფორმის, ერთ მხარეს შუაში ნაჭდევით, ამოტვიფრული ლოგოთი “BB” ტაბლეტი, საერთო წონით - 16,60 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 2,9952 გრამს. (ობ.#2) - თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, 7 (შვიდი) ცალი ვარდისფერი, სამკუთხა ფორმის ტაბლეტი, ამოტვიფრული ფიგურული ლოგოთი, საერთო წონით - 2,73 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 0,3981გრამს. (ობ.#3) - თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, 24 (ოცდაოთხი) ცალი ყვითელი ფერის, სამკუთხა ფორმის, ერთ მხარეს შუაში ნაჭდევით, ამოტვიფრული ლოგოთი “TESLA”, საერთო წონით - 9,30 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 3,6008 გრამს. (ობ.N4) - თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, 20 (ოცი) ცალი მთლიანი, 1 (ერთი) ცალი დაზიანებული (ჩამოტეხილი) კრემისფერი, მართკუთხა ფორმის, ერთ მხარეს შუაში ნაჭდევით, ამოტვიფრული ლოგოთი “BB” ტაბლეტი და კრემისფერი ტაბლეტის 1 (ერთი) ნატეხი, საერთო წონით - 8,00 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 1,4552 გრამს. (ობ.#5) - თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, 5 (ხუთი) ცალი ვარდისფერი, სამკუთხა ფორმის ტაბლეტი, ამოტვიფრული ფიგურული ლოგოთი, საერთო წონით - 1,90 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), წონით - 0,2787გრამს. (ობ.#6). ობიექტებში #1-6 ნარკოტიკული საშუალება - მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) საერთო წონაა - 16,2127 გრამი.
4.15. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს ნ------–---–-----მა და ს--------–-------ამ, რომლებიც მოწმის სახით დაკითხულები იქნენ მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.16. 2018 წლის 25 აპრილის ინტერნეტგვერდის და შს სამინისტროს ელექტრონული საინფორმაციო მონაცემთა ბაზების დათვალიერების შესახებ ოქმით დგინდება, რომ ი-----–------------------------–--ლი (პ/ნ 0----------) არ არის საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის, არ არის გენერალური კონსულების, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სიის ჩამონათვალში და ასევე, არ სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.
4.17. 2018 წლის 11 მაისის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 25 აპრილის N2------- განჩინების საფუძველზე, სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი იქნა ი-----–- მ--------–---–ის მიმდინარე, საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 20 აპრილის მდგომარეობით. ინფორმაცია ჩაწერილია ver batim-ის ფირმის ერთ ცალ CD-R დისკზე, დისკს აღენიშნება წარწერა ICI88---, დისკი მოთავსებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა და ლუქზე გაკეთდა მონაწილეთა ხელმოწერა და დაესვა თარიღი.
4.18. 2018 წლის 11 მაისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ საქართველოს ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ი-----–- მ--------–---–ის საბანკო ანგარიშების შესახებ დათვალიერდა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა კახაბერ ბერიშვილის მიერ, რა დროსაც ერთ ცალ CD-R დისკზე ჩაწერილი ყველა ფაილი ამობეჭდილი იქნა სულ 33 ფურცელზე და დაერთო ოქმს, რის შემდეგაც დისკზე არსებული ინფორმაცია კოპირებულ იქნა, დისკი მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა N-- ლუქით. ლუქზე გაკეთდა ხელმოწერა და დაესვა თარიღი.
4.19. ბრალდებულმა ი-----–- მ--------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
4.20. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.21. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.22. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.23. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.24. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
5.7. სასამართლო ბრალდებულ ი-----–- მ--------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ ი-----–- მ--------–---–მა 2018 წლის მარტის თვეში, კლუბ „ბ-----ში“ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 150 ცალი აბი და აბის ერთი ნატეხი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში - მდებარე ქ.თბილისი, გ------------------------------ში, თავისსავე საძინებელ ოთახში. 2018 წლის 19 აპრილს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული იქნა ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული - 150 ცალი აბი და აბის ერთი ნატეხი, რომლებშიც ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) საერთო წონა შეადგენს - 16,2127 გრამს.
5.8. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, მოწმეები - ზ-------------–---–ი, ი-----–- ნ---------ე და გ-------– კ------–---–ი არიან ის პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ი-----–- მ--------–---–ის ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ი-----–- მ--------–---–ის საძინებლიდან, კერძოდ, ტანსაცმლის კარადაში არსებული ე.წ „ბასეტკიდან“ ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, სულ 150 აბი. ი-----–- მ--------–---–მა ოქმში პირადად შეიტანა შენიშვნა, რომ ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები ეკუთვნოდა მას, რომელიც ჰქონდა პირადი მოხმარების მიზნით. აღნიშნულ ნივთიერებას იგი „კლუბურ ნარკოტიკს“ უწოდებდა. მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი აღნიშნულ დღეს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.
5.9. მოწმეების - ზ-------------–---–ის, ი-----–- ნ---------ეს და გ-------– კ------–---–ის ჩვენებები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, გამყარებულია სხვა მოწმეთა ჩვენებებითაც, კერძოდ, მოწმე უ----------–---–ისა და ნ---------------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (პირადი ჩხრეკის ოქმთან, ბინის ჩხრეკის ოქმთან, შესაბამის ექსპერტიზის დასკვნებთან და ა.შ.), რომელთა ურთიერთშეჯერებასა და შეფასებას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ დადასტურებულად მივიჩნიოთ, ი-----–- მ--------–---–ის მიერ მის საცხოვრებელ ბინაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი.
5.10. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #9------------რ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული აბებიდან თითოეული შეიცავს ნარკოტიკული საშუალება - მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) და მათი საერთო წონაა - 16,2127 გრამი.
5.11. სასამართლო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისა და მისი სამართლებრივი შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის იმ ნაწილზე, სადაც ისინი აღნიშნავენ შემდეგს: მათ არ იცოდნენ, რომ აბები, რომლებსაც ისინი კლუბ „ბ-----ში“ ყიდულობდნენ ხოლმე, შეიძლება დასჯად ნივთიერებათა ჩამონათვალში ყოფილიყო. აღნიშნულს კი იმით ასაბუთებენ, რომ მისი შეძენა იყო მარტივი და ყველასთვის შესაძლებელი, ასევე იქ მყოფი ხალხიც და ისიც, ვისგანაც ამ აბებს ყიდულობდნენ ამბობდა, რომ მისი მოხმარება არ იყო საქართველოში დასჯადი. გარდა ამისა, ვინაიდან აბების ეფექტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თვლიდნენ, რომ იგი არ იყო ნარკოტიკი.
5.12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების ამ ნაწილს, ვინაიდან დაცვის მხარის ყოველი მოწმე აბებს მოიხსენიებდა როგორც „კლუბურ ნარკოტიკს“, ამასთან, ზოგიერთი მათგანი იყო ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, თუმცა, მიუხედავად ამისა, არცერთ მათგანს არ გაუჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული „კლუბური ნარკოტიკების“ მოხმარება და შეძენა შეიძლება დასჯადი ყოფილიყო. ამასთან, ყველა მოწმე ცალსახად აღნიშნავს, რომ ამ ნივთიერებების შეძენა ხდებოდა დახურულ სივრცეში, ხალხისათვის არათვალშისაცემ ადგილას და საჯარო სივრცეში მათ მსგავსი აბები არასდროს შეუძენიათ. რაც შეეხება მისი ეფექტის ხანგრძლივობას, აღნიშნული გარემოება არარელევანტურია იმის გამოსარიცხად, რომ იგი არ შეიძლება იყოს ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან მისი ეფექტი და სიძლიერე სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემადგენლობაზეა დამოკიდებული.
5.13. სასამართლო ასევე, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას - თითქოსდა ი-----–- მ--------–---–მა არ იცოდა (მიუხედავად იმისა, რომ თავად ბრალდებულს ამის შესახებ საერთოდ არ უსაბრია), რომ აბები, რომლებიც მან კლუბ „ბ-----ში“ შეიძინა, წარმოადგენდა ბრუნვიდან ამოღებულ, დასჯად ნარკოტიკულ საშუალებას, შესაბამისად, იგი უშვებდა ამ დროს აკრძალვაში შეცდომას.
5.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეცდომა მისატევებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება ამ კოდექსით 5.15. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლი ეხება სამართლებრივ შეცდომას, რაც იმას ნიშნავს, რომ პირმა, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის, არ იცის, რომ მისი ქმედება აკრძალულია. აკრძალვაში შეცდომა კი, ძირითადად, როგორც წესი, რელევანტურია ბლანკეტური ხასიათის დანაშაულების დროს, რა დროსაც პირს არ უნდა ჰქონდეს მართლწინააღმდეგობის შეგნება.
5.16. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქმე გვაქვს ე.წ. ბლანკეტურ დანაშაულთან და შესაძლოა, ერთი შეხედვით, თითქოსდა, ადგილი აქვს კიდეც აკრძალვაში შეცდომას, თუმცა ის გარემოებები, რაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, ნათელს ხდის, რომ მსგავსი კატეგორიის შეცდომა სახეზე არ არის და ი-----–- მ--------–---–მა ნამდვილად იცოდა, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადიოდა. კერძოდ, მას სხვებისგანაც ესმოდა და თავადაც იმეორებდა, რომ აბები წარმოადგენდა „კლუბურ“ ნარკოტიკს, რაც პირადი ჩხრეკის ოქმშიც თავადაც აქვს დაფიქსირებული მინაწერის სახით, ასევე, ამ აბებს იგი, როგორც მისივე მეგობრებიც მიუთითებენ, იძენდა არასაჯარო სივრცეში, არალეგალური გზით. შესაბამისად, ვინაიდან, ზოგადად ყველა პირისთვის ცნობილია, რომ დასჯადია ნარკოტიკული დანაშაული, ბრალდებულს ნამდვილად არ მოეთხოვება იცოდეს იმ ქმედების შემადგენლობის ზუსტი სამართლებრივი შინაარსი, რომელსაც იგი ჩადის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ქმედების ჩამდენმა შესაძლოა, მართლაც არ იცოდა დასახელებული ამბების სუბსტანცია, მისი შემადგენლობა და გამომდინარე აქედან, ასეთი ნივთიერების აკრძალვაც, მაგრამ ასეთ დროს სრულიად საკმარისია, პირს ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა და ცოდნა სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთიერების გაყიდვის, ყიდვის, შეძენისა თუ მოხმარების დაუშვებლობის თაობაზე (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ლ. მაღლაკელიძე, განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით, 2013, გვ.190-199. ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. უზენაესი სასამართლოს 19.07.2001 #32აპ-2001; 18.10.2004 #253აპ-04; 10.03.2005 #-40აპ-04 გადაწყვეტილებები, დიდი პალატის 03.05.2004 #2კ-9აპ-04 გადაწყვეტილება). აქედან გამომდინარე, გამორიცხულია ი-----–- მ--------–---–ის მიერ ნებისმიერის სახის შეცდომის დაშვება ქმედების ჩადენისას.
5.17. სწორედ ამიტომ, სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, ი-----–- მ--------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე, რადგან იმისთვის, რომ სასამართლომ ასეთი ქმედება სამართლებრივ შეცდომად შეაფასოს და იმსჯელოს კონკრეტულ შემთხვევაში მისატევებელი იყო დაშვებული შეცდომა, თუ მიუტევებელი, პირველ რიგში, უნდა მიიჩნიოს რომ ასეთი ქმედება სისხლისსამართლებრივად მნიშვნელოვან შეცდომას წარმოადგენს. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სასამართლომ იმსჯელოს 36-ე მუხლიდან გამომდინარე, დაშვებულ შეცდომაზე. თუმცა, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო არ თვლის, რომ საერთოდ ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში, შეცდომას, რადგან დაშვებული შეცდომა აშკარად ირელევანტურია (ირელევანტური შეცდომის შესახებ იხ. უზენაესი სასამართლოს 14.09.2007 #--8აპ-07 გადაწყვეტილება).
5.18. ამდენად, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება-გაანალიზებით ცალსახაა, რომ დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსიები/პოზიციები არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, რაც საფუძველი იქნებოდა იმისა, რომ მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს შეეფასებინა და შემდგომში მიეჩნია უტყუარ მტკიცებულებებად. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის მიერ თავის დასკვნით სიტყვაში დაფიქსირებული პოზიციები, აღნიშნული პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, არასარწმუნო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც სასამართლო მათ ვერ გაიზიარებს.
5.19. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5.20. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–- მ--------–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. ი-----–- მ--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ.
7.6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისათვისაც კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.
7.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას - იგი არ არის ნასამართლევი, ასევე, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს.
7.8. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.
7.9. სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ი-----–- მ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.
7.10. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- მ--------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (შეძენა-შენახვა) უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, ასევე, ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ი-----–- მ--------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი და მობილური ტელეფონი, ასევე, ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. ბარსეტკა, ორი ცალი ნაბეჭდი ფურცელი და პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები და საქართველოს ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, განთავსებული 2 (ორი) ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- მ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 აპრილიდან.
3. მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
4. მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, ასევე, ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ი-----–- მ--------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი და მობილური ტელეფონი, ასევე, ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. ბარსეტკა, ორი ცალი ნაბეჭდი ფურცელი და პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები და საქართველოს ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, განთავსებული 2 (ორი) ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე