გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2243-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.01.2019 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს თ----------ი
წარმომადგენელი მერაბ როსტიაშვილი
მოპასუხეები ზ------ კ----------ე
ლ---- კ----------ე
წარმომადგენელი ბელა ბერაძე
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ------ კ----------ესა და ლ---- კ----------ეს შორის 2016 წლის 25 მაისს თბილისში, ს------–---------–-------------------- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (კოდი 0---------------) გასხვისების შესახებ დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების მესაკუთრედ ზ------ კ----------ის აღიარება.
1.2. ზ------ კ----------ის და ლ---- კ----------ისათვის ზიანის ასანაზღაურებლად სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 31 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 6958.08 ლარის წლიური 22%-ის დაკისრე8ბა, ყოველდღიურად 3.75 ლარის ოდენობით.
(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 136-149. მოსარჩელის განმარტება 17.01.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )
სარჩელის გარემოებები:
დავების განმხილველი ცენტრის 2016 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნინო წ------–---–ს, ზ------ კ----------ეს და ნათია წ------–---–ს სს ბანკი რესპუბლიკას სასარგებლოდ დაეკისრათ N000376494 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 7320.19 ლარის სოლიდარულად გადახდა. ზ------ კ----------ეს, ნათია წ------–---–ს და ნინო წ------–---–ს ბანკს რესპუბლიკას სასარგებლოდ დაეკისრათ N00513828 ხელშეკრულების საფუძველზე 876.72 ლარის სოლიდარულად გადახდა. მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ საარბიტრაჟო მოსაკრებელი 300 ლარი. ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით ცნობილი იქნა აღსასრულებლად და გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება ვერ ხერხდება. მოვალეებს არ გააჩნიათ ქონება, საიდანაც შეიძლება გადახდევინება. ზ------ კ----------ემ 2016 წლის 25 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აჩუქა არასრულწლოვან შვილს. ამ ხელშეკრულების მიზანი ვალის გადახდისგან თავის არიდება იყო, რადგან ზ------ კ----------ე არის მსესხებლის ნინო წ------–---–ის და მეორე თავდების ნათია წ------–---–ის ნათესავი, ისინი არიან მოპასუხის მეუღლის დები და ზ------ კ----------ისთვის ცნობილი იყო, რომ მსესხებელი ვალს ვერ იხდიდა და მოსალოდნელი იყო იძულებითი აღსრულება.
მოპასუხეების ქმედებით ბანკმა განიცადა ზიანი. ქონების გასხვისების გამო ვერ ხერხდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება, რის გამოც ბანკი ვერ იღებს შემოსავალს სესხის პროცენტის სახით. მოსარჩელის განმარტებით 876.72 ლარის მოთხოვნა მოპასუხეს აპატია, ამ ნაწილში აღსრულება აღარ მიმდინარეობს, რის გამოც მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს 6 958.08 ლარის ყოველწლიური 22%-ის ოდენობით.
(17.01.2019წ, სხდომის ოქმები CD დისკები)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმის წარმომადგენელმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო.
გარიგების მოჩვენებით დადებულად აღიარებისათვის უნდა დადგინდეს, რომ ხელშეკრულების ორივე მხარის მიზანი იყო ბანკისათვის ზიანის მიყენება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება. ლ---- კ----------ე არის არასრულწლოვანი, რის გამოც მისთვის სესხის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო და ასაკის გამო ვერ ექნებოდა სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვა. მოპასუხეებმა ასევე არ ცნეს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა და განმარტეს, რომ გაუგებარია ყოველწლიური ზიანის ყოველდღიურად მოთხოვნის არსი, ხოლო ლ---- კ----------ეს სესხთან რაიმე კავშირი არა აქვს და მას ზიანის მიყენების განზრახვა მისი ასაკის გამო ვერ ექნება.
(დაზუსტებული შესაგებელი ს.ფ. 105-107; 17.01.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა და უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით ცნობილი იქნა დავების განმხილველი ცენტრის 2016 წლის 5 სექტემბერის გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: მოპასუხეებს ნინო წ------–---–ის, ზ------ კ----------ეს და ნათია წ------–---–ს სს ბანკი რესპუბლიკას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N000376494 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 7320.19 ლარის გადახდა (ძირი 6 958.08 ლარი, სარგებელი 239.34 ლარი, პირგასამტეხლო 122.77 ლარი). ზ------ კ----------ეს, ნათია წ------–---–ს და ნინო წ------–---–ს ბანკ რესპუბლიკას სასარგებლოდ დაეკისრათ N00513828 ხელშეკრულების საფუძველზე 876.72 ლარის სოლიდარულად გადახდა (ძირი 797.46 ლარი, სარგებელი 37.4 ლარი, პირგასამტეხლო 41.86 ლარი). მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ საარბიტრაჟო მოსაკრებელი 300 ლარი.
2014 წლის 12 ნოემბერს სს ბანკ რესპუბლიკასა და ნინო წ------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N000376494, რომლის საფუძველზე გაიცა კრედიტი 10 000 ლარი 36 თვის ვადით, სრულად დაფარვის ვადაა 2017 წლის 12 ნოემბერი. კრედიტის სარგებელია წლიური 22%. კრედიტის მიზანია რეფინანსირება, მარაგების შეძენა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო კრედიტის გადახდის დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%. დავალიანებაში იგულისხმება მიმდინარე ძირისა და სარგებლის გადასახდელი თანხა.
2014 წლის 12 ნოემბერს ბანკის წინაშე წერილობით გაკეთებული თავდებობის განცხადებებით ზ------ კ----------ემ და ნათია წ------–---–მა თანხმობა განაცხადეს სოლიდარულ პასუხისმგებლობაზე ზ------ კ----------ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობაა 14 000 ლარი.
2015 წლის 12 ოქტომბერს სს ბანკ რესპუბლიკასა და ნინო წ------–---–ს შორის წერილობით დაიდო საკრედიტო ბარათის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ბანკის წინაშე დავალიანების ოდენობაა 1300 ლარი. კრედიტით სარგებლობის ვადა 12 თვე. ყოველთვიური შენატანი 122 ლარი. ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%-ის ოდენობით.
2015 წლის 12 ოქტომბერს სს ბანკ რესპუბლიკასა და ზ------ კ----------ეს, ასევე ბანკსა და ნათია წ------–---–ს შორის დადებულია თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებებმა იკისრეს ნინო წ------–---–ის საკრედიტო ვალდებულების შესრულება მსესხებლის თანაბარწილად.
მითითებული საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულდა, რის გამოც სს ბანკმა რესპუბლიკამ სარჩელით მიმართა არბიტრაჟს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით ცნობილი იქნა დავების განმხილველი ცენტრის 2016 წლის 5 სექტემბერის გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: მოპასუხეებს ნინო წ------–---–ის, ზ------ კ----------ეს და ნათია წ------–---–ს სს ბანკი რესპუბლიკას სასარგებლოს დაეკისრათ N000376494 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 7320.19 ლარის გადახდა (ძირი 6 958.08 ლარი, სარგებელი 239.34 ლარი, პირგასამტეხლო 122.77 ლარი) სოლიდარულად გადახდა. ზ------ კ----------ეს, ნათია წ------–---–ს და ნინო წ------–---–ს ბნა რესპპუბლიკას სასარგებლოდ დაეკისრათ N00513828 ხელშეკრულების საფუძველზე 876.72 ლარის გადახდა (ძირი 7979.46 ლარი, სარგებელი 37.4 ლარი, პირგასამტეხლო 41.86 ლარი). მოპასუხეებს ასევე დაეკისრათ საარბიტრაჟო მოსაკრებელი 300 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ განჩინების საფუძველზე 2017 წლის 28 ივლისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის სს ბანკ რესპუბლიკას სასარგებლოდ მოვალეების ზ------ კ----------ის. ნინო წ------–---–ის და ნათია წ------–---–ის მიმართ სააღსრულებო ფურცელი არის კერძო აღმასრულებლის ზაალ ფირცხალაშვილის წარმოებაში. კერძო აღმასრულებლის მიერ გაცემულ 2018 წლის 5 ივლისის ცნობაში მითითებულია, რომ 2017 წლის 8 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს 2017 წლის 17 აგვისტოდან, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან დღემდე თანხის ამოღება არ მომხდარა. კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოვალეებს ნინო წ------–---–ის, ზ------ კ----------ეს და ნათია წ------–---–ს საკუთრებში არ ერიცხებათ უძრავი ქონება, რომელზეც მიქცეული იქნება აღსრულება.
სს თ----------ი არის სს ბანკს რესპუბლიკას უფლებამონაცვლე. სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 8 მაისს განხორციელდა სს "ბანკს რესპუბლიკას" შერწყმა სს "თ----------თან".
ამდენად, მოპასუხე ზ------ კ----------ესა და სს თ----------ს შორის სამართლებრივი ურთიერთობა საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ზ------ კ----------ემ თავდებ ნათია წ------–---–თან ერთად იკისრა ნინო წ------–---–თან დადებული 2 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ფულადი ვალდებულების შესრულება. ბანკის წინაშე ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა, რის გამოც საარბიტრაჟო გადწყვეტილებით მოვალეებს დაეკისრათ თანხის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, 876.72 ლარის გადახდის მოთხოვნა ბანკს აღარ აქვს და აღსრულება ამ მოთხოვნის გადახდევინების შესახებ აღარ მიმდინარეობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 22-41. ტომი 1)
– სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი ( ს.ფ. 52-56. ტომი 1)
– სააღსრულებო ფურცლის ასლი ( ს.ფ. 50-51. ტომი 1)
– აღმასრულების წერილის ასლი (ს.ფ. 57. ტომი 1)
3.2.1. 2016 წლის 25 მაისს ზ------ კ----------ესა და ლ---- კ----------ეს შორის დადებულია უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ზ------ კ----------ემ ლ---- კ----------ეს აჩუქა ქალაქ თბილისში, ს------–---------–-------------------- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2016 წლის 25 მაისს დადებულია ჩუქების ხელშეკრულება ზ------ კ----------ესა და ლ---- კ----------ეს შორის, რომლის საფუძველზე ზ------ კ----------ემ ლ---- კ----------ეს აჩუქა ქალაქ თბილისში, ს------–---------–-------------------- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (კოდი 0---------------). ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ლ---- კ----------ის საკუთრების უფლება. ხელშეკრულებას დასაჩუქრებულის სახელით ხელს აწერს ასევე ზ------ კ----------ე, როგორც ლ---- კ----------ის კანონიერი წარმომადგენელი.
ლ---- კ----------ე არის ზ------ კ----------ის არასრულწლოვანი შვილი, იგი დაბადებულია 2006 წლის 9 ნოემბერს, მისი მშობლები არიან მამა ზ------ კ----------ე, დედა სოფიო წ------–---–ი. საკრედიტო ურთიერთობაში მსესხებელი ნინო წ------–---–ი და თავდები ნათია წ------–---–ი არიან სოფიო წ------–---–ის დები, რაც დასტურდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის წერილით და ეს გარემოება არც მოპასუხეებს გაუხდიათ სადაოდ.
სადაო ჩუქების ხელშეკრულება დადებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ხელშეკრულების გაფორმებას და საკრედიტო ვალდებულების დარღვევას შორის კავშირი არ შეიძლება იყოს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ N000376494 ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის დაბრუნება მსესხებელმა ნინო წ------–---–მა შეწყვიტა 2016 წლის მაისში, მას 2016 წლის აპრილის შემდეგ კრედიტის დასაბრუნებლად თანხა საერთოდ არ გადაუხდია, ხოლო N00051388 ხელშეკრულების საფუძველზე თანხის დაბრუნება შეწყვიტა 2016 წლის მარტიდან.
სადაო ჩუქების ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 25 მაისს. ზ------ კ----------ე ბანკთან სამართლებრივ ურთიერთობაში არის თავდები, ხოლო მსესხებელი და მეორე თავდები არიან ზ------ კ----------ის ნათესავები, მისი მეუღლის დები. ამდენად, ზ------ კ----------ე ნათესავებთან ერთად იყო ბანკთან სადაო სამართალურთიერთობის მონაწილე. მათი ახლო ოჯახური ურთიერთობის გამო ზ------ კ----------ისთვის ცნობილი იყო მისი ნათესავების და ამავე დროს სამართლებრივი ურთიერთობის თანამონაწილეების ფინანსური მდგომარეობის შესახებ და იმის თაობაზე, რომ მსესხებელი ვეღარ ასრულდება კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას.
მოპასუხის განმარტებით, სახეზე არ არის გარიგების მოჩვენებით დადების შესახებ ორივე მხარის განზრახვა, რადგან დასაჩუქრებული არასრულწლოვანია და მას მესამე პირისათვის ზიანის მიყენების განზრახვა ვერ ექნებოდა.
სადაო გარიგებას ორივე მხრივ ხელს აწერს ზ------ კ----------ე, ერთის მხრივ როგორც გამჩუქებელი და მეორეს მხრივ როგორც დასაჩუქრებულის კანონიერი წარმომადგენელი. ამდენად, ხელშეკრულებაში ქონების განკარგვის და ქონების საკუთრებაში მიღების ნება ფაქტობრივად გამოავლინა ერთიდაიგივე პირმა. ამ ნიშნით გარიგება საკუთარ თავთან დადებული გარიგებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის მიხედვით, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ „მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე“ (იხ. პრაქტიკა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის №ას-571-879-09 განჩინება, საქმე Nას-17-2012 2013 წლის 1 ივლისის განჩინება).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესის დაცვით დადებული გარიგების, მხარეთა მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულების მიმართ მისი ნამდვილობის პრეზუმფცია მოქმედებს, რაც სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. ამ ნორმის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის მიზანია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა, რომლის ერთერთი გამოვლინებაა კანონით დადგენილი ფორმით დადებული ხელშეკრულების მიმართ სანდოობა. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით გარიგების შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს, რომელიც ყოველთვის გარიგების მონაწილე არ არის. შესაბამისად, გარიგების შეცილების უფლება აქვს მესამე პირს, რომელმაც უნდა მიუთითოს სადაო გარიგებით მისი რა უფლება შეილახა. მასვე ეკისრება გარიგების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება. მტკიცების ტვირთის სხვაგვარად ნაწილდება, თუ გარიგების მხარეები ახლო ნათესავები არიან და მესამე პირი გარიგების ბათილობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ გარიგების მიზანი იყო მისთვის ზიანის მიყენება. განსახილველ დავაში მოსარჩელე ხელშეკრულების ბათილობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მიზანი იყო საკრედიტო ვალდებულების იძულებით შესრულების პროცესში ქონების რეალიზაციის თავიდან აცილება, ხოლო ხელშეკრულება დადებულია მოვალის ოჯახის წევრებს შორის. ამდენად, ასეთ პირობებში მოპასუხის მხარეს არის მტკიცების ტვირთი და სადაო ხელშეკრულების მხარეებმა უნდა დაამტკიცონ მათი ნამდვილი ნება, დაასაბუთონ რომ ხელშეკრულების მიზანი არ იყო კრედიტორის მოთხოვნის შესრულებისგან თავის არიდება.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოვალეებს საკუთრებად არ ერიცხებათ ქონება, რაზეც შესაძლებელი იქნება იძულებითი აღსრულების მიქცევა. ასევე არ დასტურდება ზ------ კ----------ის და სხვა მოვალეების ფინანსური შემოსავალი, რომლითაც შესაძლებელია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესრულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოებები, ასევე მხარეთა ახლო ნათესაური ურთიერთობა და ვალდებულების დარღვევის შემდეგ ქონების გაჩუქება ერთობლიობაში იმაზე მიუთითებს, რომ ქონების გასხვისების მიზანი იყო იძულებითი აღსრულებისგან თავის არიდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჩუქების ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 47-48 ტომი 1)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 45-46)
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი (179. ტომი 1)
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 49 ტომი 1)
- მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებები (17.01.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 42-44 ტომი 1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სადაო გარიგება ბათილია, რადგან იგი დადებულია მოსაჩვენებლად, მოსარჩელის მიმართ ფინანსური პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე, 56-ე, 114-ე მუხლები
5. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ამ ნორმის საფუძველზე გარიგების შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს - უშუალოდ გარიგების სუბიექტს ან იმ პირს, რომლის უფლებაც გარიგების დადებით შეილახა.
სარჩელის საფუძველია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადაო გარიგებებით მოპასუხემ გაასხვისა უძრავი ქონება იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა ამ ქონების ხარჯზე იძულებითი აღსრულებისათვის, მოპასუხეს კი ბანკისათვის თანხის გადახდა დაკისრებული აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით. ამდენად, გარიგების ბათილობის მიმართ მოსარჩელის ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ზ------ კ----------ის საკუთრებაში დაბრუნებით შეძლებს მოვალის ქონების ხარჯზე მოთხოვნის შესრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
გარიგება მოჩვენებით დადებულად ითვლება, როცა მხარეებს რეალურად განზრახული არა აქვთ მათ შორის გაფორმებული გარიგების შესრულება, მათი მიზანი არ არის ამ გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მიღწევა, გარიგების შინაარსის შესაბამისი უფლება-მოვალეობების წარმოშობა. ამდენად, მოჩვენებითი გარიგება ნიშნავს ორივე მხარის ერთობლივად განხორციელებულ ქმედებას მხოლოდ ფორმალურად დადონ გარიგება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში, ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი - ახდენენ გარეგნულად გამოხატული ნების მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებითი გარიგებისათვის დამახასიათებელია ორი ძირითად ნიშანი. 1) გარიგება დადებულია მოსაჩვენებლად (ფორმალურად); 2) მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა - ესე იგი ორივე მხარე მოქმედებს შეთანხმებით და აცნობიერებს ნების ნაკლს.
სასამართლოს მიაჩნია სადაო გარიგება არის მოჩვენებით დადებული და ამ საფუძვლით ბათილია.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც, მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. (იხ. სუსგ #ას-862-812-2015 11.11.2015).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადებისათვის მნიშვნელოვანია ნების გამოვლება. ნების გამოხატვა დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო გარიგების შემთხვევაში სახეზეა ასეთი გარემოება, რადგან ჩუქების ხელშეკრულება დადებულია მამასა და არასრულწლოვან შვილს. ამასთან, ხელშეკრულების დადების დროს გამსხვისებელს გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება და ამის გამო მოსალოდნელი იყო მისი ქონების რეალიზაცია.
სადაო გარიგება არის ჩუქების ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქების ხელშეკრულება არის განკარგვითი გარიგება და მის მიზანია დასაჩუქრებულის საკუთრებაში ნივთის გადაცემა უსასყიდლოდ. იგი შესაძლებელია ჩაითვალოს მოჩვენებით დადებულად იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მხარეთა მიზანს ქონების გასხვისება და შეძენა არ წარმოადგენდა. მოჩვენებით გარიგებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანია მხარეთა განზრახვა მათ შორის გაფორმებულ გარიგებას არ მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, რის გამოც ხელშეკრულების გაფორმება შესაძლოა მესამე პირისათვის ზიანის მიყენებას ან მესამე პირის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებასაც ისახავდეს მიზნად. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ხელშეკრულების დადების მიზანი იყო ბანკის წინაშე ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდება, ქონების იძულებით რეალიზაციის შესაძლებლობის არიდება.
მოპასუხე გარიგების მოჩვენებით ხასიათს გამორიცხავს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დასაჩუქრებულ არასრულწლოვანს არ შეიძლება ჰქონდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების განზრახვა, მოჩვენებით გარიგებისათვის კი ორივე მხარის ერთობლივი განზრახვა და ურთიერთშეთანხმებაა აუცილებელი.
სადაო ჩუქების ხელშეკრულებას ორივე მხრიდან ხელს აწერს ზ------ კ----------ე, ხოლო დასაჩუქრებულს მისი ასაკის გამო ქონების დამოუკიდებლად, მშობლის გარეშე სარგებლობა და განგარგვა, უძრავი ქონების შეძენა არ შეუძლია. ამ გარემოებების გამო ხელშეკრულება საკუთარ თავთან დადებულ გარიგებასაც წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის მიხედვით, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.
საკუთარ თავთან დადებული გარიგება მერყევად ბათილია. მერყევად ბათილი გარიგების შემთხვევაში გარიგების ნამდვილობა თანხმობაზე ან მოწონებაზეა დამოკიდებული. წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულება არა მისი დადებისთანავეა უპირობოდ ბათილი, არამედ მის მოწონებამდე – მერყევად ბათილი. 114-ე მუხლის მიხედვით, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავის სახელით ან როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა დადოს გარიგება. ამავე ნორმით დადგენილია ასეთი გარიგების ნამდვილობის ორი საფუძველი – თუ წარმოდგენილი პირი წარმომადგენელს ანიჭებს ასეთ უფლებას ან როცა გარიგება არსებული ვალდებულების შესრულებას ემსახურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლი არ მიიჩნევს ნამდვილად საკუთარ თავთან დადებულ ხელშეკრულებას გარდა ამავე ნორმით გათვალიწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. ხოლო, საგამონაკლისო შემთხვევა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპებს (მაგალითად, 115-ე და 54-ე მუხლებს და სხვ.). (სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის კომენტარი http://www.gccc.ge)
სადაო შემთხვევაში 114-ე მუხლით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევა სახეზე არ არის. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულების დადების მიზანი იყო ზ------ კ----------ეს საკუთრებაში აღარ ჰქონოდა ქონება, რათა თავიდან აეცილებინა ამ ქონების რეალიზაცია ბანკის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულების იძულებით აღსასრულებლად. ზ------ კ----------ე არის თავდები, ხოლო მსესხებელი და მეორე თავდები არიან მისი ახლო ნათესავები, ჩუქების ხელშეკრულება დადებულია მას შემდეგ, რაც მსესხებელმა შეწყვიტა კრედიტის დაბრუნება.
სადაო გარიგების მიზნის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი ასევე იმის დადგენა, დაკისრებული ვალდებულების შესრულების სხვა რა საშუალება არსებობს, რა ქონება აქვთ მოვალეებს, რომლის ხარჯზეც შეიძლება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება და გამორიცხავს ქონების გასხვისების არაკეთილსინდისიერ მიზანს. მოვალეებს საკუთრებაში არა აქვთ სხვა ქონება ან შემოსავალი, რომლის საშუალებით შეიძლება ვალდებულების იძულებით შესრულება, რაც ცნობილია მოპასუხე ზ------ კ----------ისთვის. განსახილველ საქმეში მოპასუხის მხარესაა იმის მტკიცების ტვირთი, რომ გააქარწყლოს ის პრეზუმფცია, რომ ოჯახის წევრებს შორის გარიგება შეიძლება მიზნად ისახავდეს მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებას. ეს საპროცესო ვალდებულება მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს, ვერ დაასაბუთეს ნების ნამდვილობა. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ჩუქების ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე და 114-ე მუხლების საფუძველზე ბათილია და ქონებაზე საკუთრების უფლება უნდა დაუბრუნდეს ზ------ კ----------ეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 364-ე მუხლი ადგენს ვალდებულებითი სამართლის მთავარ პრინციპს - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების, კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპს. ჯეროვნად შესრულება არის ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ზუსტი დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. ამდენად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი მოვალეს პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ აღებული რისკის ფარგლებში, შესასრულებელი ვალდებულების არსის გათვალისწინებით. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
მოსარჩელე ქონებრივი დანაკარგის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ მოჩვენებითი გარიგებით ქონების გასხვისების გამო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ვერ სრულდება და ბანკი აღსრულებით მიღებული თანხის კვლავ გასესხებით ვერ იღებს შემოსავალს სესხის სარგებლის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციური პრინციპია დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა არის მატერიალური სამართლის ნორმის საფუძველზე წარმოშობილი პირის უფლება კონკრეტული მოვალისაგან მოითხოვოს შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-268-255-2016 განმარტებულია, რომ მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა წარმოადგენს პირის სამართლის ნორმით/ნორმებით უზრუნველყოფილ უფლებას კონკრეტული მოვალისაგან მოითხოვოს შესრულება (ასევე მოქმედებისაგან თავის შეკავებაც სსკ-ის 316.1 მუხლი). ამ უფლების ძალით კრედიტორს (მოსარჩელეს) კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მხოლოდ ერთხელ შეუძლია აღძრას სარჩელი. მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს, ანუ მოთხოვნის ფარგლებს (სსსკ-ის 3.1. მუხლი), შესაბამისად, სასამართლოც ამ ფარგლებითაა შებოჭილი (სსსკ-ის 248-ე მუხლი). მოსარჩელეს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამთავრებულ პროცესშივე შეეძლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%) დაკისრება მოეთხოვა, რაც არ გაუკეთებია. აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 266-ე მუხლის შინაარსზე, რომელიც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს უფლებას უკარგავს, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავდაპირველად აღძრული სარჩელით მოითხოვა, რომ მოპასუხეს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% დაჰკისრებოდა 2011 წლის 22 თებერვლიდან 2012 წლის 10 აპრილამდე. სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამჟამად განსახილველი სარჩელით მოსარჩელე იმავე მოთხოვნას აყენებს, იმავე საფუძვლით. წინა სარჩელისგან განსხვავება მხოლოდ ასანაზღაურებელი თანხის დროის მონაკვეთშია, რაც დაუშვებელია.
კრედიტორს შეუძლია დარღვეული უფლების დასაცავად მომართოს სასამართლოს ან არბიტრაჟს სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის დაცვით. მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს, ანუ მოთხოვნის ფარგლებს და გადაწყვეტილებაც სასამართლოს ან არბიტრაჟს გამოაქვს მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მოსარჩელემ სადაო სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტის მიზნით მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც სრულად დაკმაყოფილდა. მას არ გამოუყენებია ის უფლება, რომ მოეთხოვა მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ვალდებულების არსის გათვალისწინებით და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებით გამოწვეული ზიანი – მიუღებელი შემოსავალი, სარგებლის მიუღებლობა არ წარმოადგენს სადაო ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეულ იმ დანაკარგს, რაზეც პასუხისმგებლობა მოპასუხეს ეკისრება. საარბიტრაჟო სარჩელითვე შეეძლო მოსარჩელეს მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, რაც არ მოუთხოვია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ეს ნორმა არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზეც ვრცელდება. ამ ნორმის მიზანია სადაო სამართალურთიერთობაში მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრულობის დაცვა, რაც მიღწეულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამ ნორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეს მხოლოდ ერთხელ შეუძლია აღძრას სარჩელი მხარეებს შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტის მიზნით. მოსარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივად საკრედიტო ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაა, რადგან დავა შეეხება საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადაუხდელობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რაიმე მიზეზით გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება მიუღებელი შემოსავლის წარმოშობის ახალი ფაქტობრივი საფუძველი არ არის და გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ზიანის წარმოშობის დამოუკიდებელი საფუძველი არ არის. კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რაც შეიძლება იყოს როგორც ფაქტობრივი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალ, თუმცა ასეთ ზიანის საფუძველს თავისთავად აღსასრულებელი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არ ქმნის, რადგან თავად აღსასრულებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით არ შეასრულა საკრედიტო ვალდებულება კრედიტორის წინაშე. გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომ სადაო ურთიერთობის გადაწყვეტის მიზნით მოსარჩელეს მხოლოდ ერთხელ შეუძლია აღძრას სარჩელი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ჯამურად 170 ლარი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს თ----------ის სარჩელი;
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ზ------ კ----------ესა და ლ---- კ----------ეს შორის 2016 წლის 25 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება თბილისში, ს------–---------–-------------------- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (კოდი 0---------------) გასხვისების შესახებ და ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარებული იქნას ზ------ კ----------ე.
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ზ------ და ლ---- კ----------ეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ;
2. ზ------ კ----------ეს და ლ---- კ----------ეს დაეკისროთ სს თ----------ისათვის სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 170 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი