გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 3-----------------
N 2/7610-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.11.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - ხ---- ბ-----–-–---–ი
წარმომადგენელი - მ---- პ-------–---–ი
მოპასუხე - სს ,,ი---------------–------ი“
წარმომადგენლები - თ----- მ-----–---–ი
დავის საგანი: ბრაძანების ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა;
იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ი---------------–------ის“ 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ხ---- ბ-----–-–---–ის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ;
1.2. მოსარჩელე ხ---- ბ-----–-–---–ი აღდგენილ იქნას შპს,, ი---------------–------ის’’ მაცივრის შემკეთებელის სპეციალისტის თანამდებობაზე;
1.3. მოპასუხე შპს ,,ი---------------–------“ მოსარჩელის ხ---- ბ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 1300 ლარის გადახდა 2016 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელე წარმოადგენს მაცივრის, კონდიციონერის შემკეთებელ სპეციალისტს. 2016 წლის 13 მაისს მოსარჩელემ გაიარა გასაუბრება მოპასუხე კომპანიაში, რის შედეგადაც იგი მიიღეს სამსახურში მაცივრების შემკეთებლად. 2016 წლის 14 მაისს მოსარჩელემ დაიწყო მუშაობა მოპასუხე კომპანიაში. მოსარჩელის ხელზე ასაღები ერთი თვის ხელფასი შეადგენდა 1300 ლარს. მხარეთა შორის წერილობით არ გაფორმებულა შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელემ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დაიდო გრძელვადიანი, სტაბილური ხელშეკრულება. მან ორჯერ მიიღო ხელფასი 1300 ლარი, მაისის თვის - ივნისის თვეში, ხოლო ივნისის თვის - ივლისის თვეში. 2016 წლის 30 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ იგი 2016 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი გათვისუფლება სამსაუხირიდან მოხდა უკანონოდ.
მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთ შორის გაფორმდა ზეპირი შეთანხმება მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უნდა შეეკეთებინა მოპასუხის კუთვნილი მაცივრები, რისთვიდსც მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა შეთანხმებული მომსახურების ანაზღაურება. მხარეთა შორის არ არსებობდა შრომითი ურთიერთობა. მომსახურების ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შერულების შედეგად. ის, რომ მოსარჩელესთან დადებული იყო მომსახურების და არა შრომითი ხელშეკრულება დასტურდება იმითაც, რომ მოსარჩელისათვის დარიცხული თანხები სს „ი---------------–------ის“ მიერ შემოსავლების სამსახურში დეკლარირებულია, როგორც მომსახურების ანაზრაურება და არა როგორც ხელფასი.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეს მოპასუხემ 2016 წლის 07ივნისის საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 750 ლარი, დანიშნულებით - მომსახურების ხელშეკრულება. ხოლო 2016 წლის 14 ივლისს 1300 ლარი იგივე დანიშნულებით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- საბანკო ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მოსარჩელე მოპასუხესთან არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში. მხარეთა შორის დადებული იყო ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში, თუ მათ შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება.
მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი შრომითი ურთიერთობის საფუძველზე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში. მოპასუხე ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მოსარჩელეთან დადებული ჰქონდა ზეპირი მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შეასრულა გარკვეული სამუშაო, კერძოდ, შეაკეთა მაცივრები, რისთვისაც მოპასუხემ გადაუხადა მოსარჩელეს შეთანხმებული საზღაური.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში, სადაც მოსარჩელეს ორ შემთხვევაში - ივნისის და ივლისის თვეში, პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა დანიშნულებაში მითითებულია - „მომსახურების ხელშეკრულება“. ამავე ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელეს იმ პერიოდში, როდესაც იგი აცხადებს, რომ მოპასუხესთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში, სხვა პირებისაგან მიღებული აქვს ტექნიკის შეკეთების მომსახურების საფასური.
ასევე, საქმეში არსებული შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის N2---------- წერილით დგინდება, რომ სს „ი---------------–------ის“ მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილია „საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია“, რომლის შესაბამისად ხ---- ბ-----–-–---–ს 2016 წლის ივნისისა და ივლისის თვეში დაერიცხა შემოსავალი. შემოსავლის ტიპი „მომსახურება“.
ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ნარდობის ხელშკრულება ელექტრო ტექნიკის შეკეთების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხესთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სამართალურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, გამოიკვეთა მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სამართალურთიერთობა, რამდენადაც დადგინდა, რომ მოსარჩელემ იკისრა მოპასუხის ელექტრო ტექნიკის შეკეთების სამუშაოების შესრულება, ხოლო დამკვეთმა ამისთვის მოსარჩელეს გადაუხადა შეთანხმებული საზღაური და საზღაურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტშიც მიუთითა, რომ გადახდილი თანხა წარმოადგენდა გაწეული მომსახურების საფასურს.
ამდენად დადგენილია, რომ მხარეებმა ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულეს. მოსარჩელემ შეასრულა შეთანხმებული სამუშაო, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა შეთანხმებული საზღაური, შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით.
ამდენად, სასამართლო მიუთითებს, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის და არა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა, არ არსებობს მოსარჩელის მიერ მითითებული სასარჩელო მოთხოვნების: ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის -მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს ხ---- ბ-----–-–---–ის სარჩელი სს ,,ი---------------–------ის“ მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია