გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002478359
N2-2338/17
გადაწყვეტილება
საქართველოსსახელით
11 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - ნი-ო ჯო---------ე
წარმომადგენელი - ნო---რ დი------ე
მოპასუხე - შპს „ჯე-------ა სე--------ი“
წარმომადგენელი-ჯი-–-რ არ-----–--ე
დავის საგანი სარჩელით- ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი, შპს „ჯო------ნ სე--------ის“, 2017 წლის 24 აპრილის N279 ბრძანება, ნი-ო ჯო---------ის განთავისუფლების შესახებ;
1.2. დაეკისროს მოპასუხეს განაცდურის ანაზღაურდება, გათავისუფლებიდან 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, სხდომის ოქმი 03.12.2018წ.).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 1-დან 24 აპრილამდე, იმუშავა მოპასუხე ორგანიზაციაში ბუღალტრის თანამდებობაზე. 2017 წლის 18 აპრილს, მოითხოვა განთავისუფლება. ერთი კვირის განმავლობაში გააგრძელა მოვალეობის შესრულება და პარალელურად, საქმის ვითარება გააცნო შემცვლელს. მისი ვარაუდით, განთავისუფლების ბრძანება 24 აპრილიდან უნდა დაწერილიყო. ბრძანების ჩაბარება და საბოლოო ანგარიშის გასწორება მოითხოვა 2017 წლის 27 მაისის და 15 ივნისის განცხადებებით, რაზედაც მოპასუხემ უპასუხა 13 ივნისის მუქარის წერილით. 2017 წლის 12 და 13 ივნისს ჩაერიცხა სახელფასო დავალიანება, ხოლო განთავისუფლების ბრძანება ჩაბარდა, 2018 წლის 5 მაისს, სასამართლო სხდომაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განთავისუფლების ბრძანება არის გაყალბებული, ვინაიდან მასში შეცვლილია განთავისუფლების საფუძველი. მისი მოსაზრებით, მოსარჩელე შპს „ჯო------ნ სე--------ის“ ბუღალტრის თანამდებობიდან, სადავო ბრძანებით, განთავისუფლებული იქნა შრომითი ხელშეკრულების 6.3 მუხლის დარღვევის გამო (დამსაქმებლის 1 თვით ადრე გაუფრთხილებლად, სამუშაოს თვითნებურად მიტოვება). ბრძანებაში მითითებულია, რომ იგი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, ანუ 24 აპრილიდან. ასეთი ჩანაწერი მართებულია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს გათავისუფლებული პირის წერილობითი განცხადება და თუ ამ მოთხოვნას ეთანხმება დამსაქმებელი. სხვა შემთხვევაში ეს ჩანაწერი არ იქნებოდა ბრძანებაში, რადგან სამუშაო თვითნებურად მიტოვებულად არ ითვლება.
მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელემ თვითნებურად, შეტყობინების გარეშე დატოვა შპს „ჯო------ სე--------ი“, 2017 წლის 23 აპრილიდან. მოსარჩელესთან საუბრისას მოსარჩელემ დაადასტურა, რომ ის უკვე სხვა სამსახურში მუშაობდა და მიატოვა სამსახური ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე. მოსარჩელემ იმუშავა 2017 წლის 23 აპრილის ჩათვლით, შესაბამისად 23 დღის ნამუშევარი 382 ლარი ჩაერიცხა ხელფასის სახით.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ საკითხი განხილული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ და მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილი იქნა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ნი-ო ჯო---------ემ თვითნებურად დატოვა სამსახური ის დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 1 აპრილს, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 1 წლის ვადით, ნი-ო ჯო---------ე დაი-იშნა შპს „ჯო------ნ სე--------იში“, ბუღალტრის თანამდებობაზე. ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის საფუძველზე, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 500 ლარის (საშემოსავლოს გარეშე) ოდენობით. ამავე მუხლის საფუძველზე, დასაქმებულს ხელფასი ერიცხებოდა თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორებით.
შრომითი ხელშეკრულების 6.3 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების უმიზეზოდ, ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, კერძოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ერთი თვით ადრე გაფრთხილების გარეშე სამსახურის მიტოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 44-8)
- მხარის ახსნა-განმარტება 12.04.18წ. (ს.ფ )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე სადავოდ ხდის გასაჩივრებული ბრძანებაში განთავისუფლების საფუძველს. მისი წარმომადგენლის განმარტებით, დამსაქმებელმა არასწორად მიუთითა განთავისუფლების საფუძვლად შრომითი ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3 პუნქტი, ვინაიდან, მართალია, მან მიმართა დამსაქმებელს განთავისუფლების მოთხოვნით, თუმცა მოპასუხეს შეეძლო უარი ეთქვა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც ნი-ო ჯო---------ე გააგრძელებდა მუშაობას და განთავისუფლების მითითებული საფუძველიც აღარ იარსებებდა. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნი-ო ჯო---------ის ბრძანებაში მითითებული განთავისუფლების მიზეზი, არ ჯდება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არც ერთ სამართლებრივ საფუძველში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობდნენ, დადგენილი იქნა, წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნი-ო ჯო---------ის მიერ სარჩელზე თანდართული წერილობით განცხადებებში, მხარე აცნობებს დამსაქმებელს, რომ სამსახურიდან განთავისუფლება მოითხოვა 2018 წლის 18 აპრილს, 2018 წლის 24 აპრილიდან. საქმეში წარმოდგენილი ბრძანებით, ამავე თარიღიდან მოხდა მისი განთავისუფლება არა პირადი განცხადების, არამედ შრომის ხელშეკრულების 6.3 მუხლის დარღვევის გამო. მოსარჩელემ თავად გამოხატა სამსახურიდან განთავისუფლების ნება, განთავისუფლებამდე 6 დღით ადრე, რაც არ შეესაბამება შრომითი ხელშეკრულების 6.3 მუხლში მითითებულ დათქმას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე 1 თვით ადრე დამსაქმებლის წინასწარი გაფრთხილების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) ნი-ო ჯო---------ეს დაეკისრა, პირგასამტეხლოს სახით 100 ლარი, თანახმად შრომის ხელშეკრულების 6.3. მუხლისა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) შპს „ჯო------ნ სე--------ის“ მოთხოვნა, სამუშაოს თვითნებურად მიტოვების გამო, დასაქმებულზე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. სასამართლომ გაიზიარა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამსაქმებელი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე უფლებამოსილი იყო დაეწესებინა გარკვეული შეზღუდვები დასაქმებულისათვის, შრომითი ურთიერთობიდან გასვლის ვადასთან დაკავშირებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე ითხოვს იმ ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა შემოწმებას, რომელზედაც უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში დადგენილი იქნა ნი-ო ჯო---------ის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოებები, რაზედაც დაეყრდნო სასამართლო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო ვალდებულია თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებლით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კონსტიტუცია
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
-შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი (მ. ახალაძე, მტკიცების ტვირთი, 2018 წ. გვ. 9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული.
სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. სსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. შესაბამისად, მხარე თავისუფლდება ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთისგან, რაც პრეიუდიციულად არის მიჩნეული.
6.2. მოცემულ საქმეში, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2018 წლის 4 ივნისის, გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნი-ო ჯო---------ე განთავისუფლდა დამსაქმებლის 2017 წლის 24 აპრილის N279 ბრძანებით. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 აპრილს მან სიტყვიერად მიმართა დირექტორს და მოითხოვა განთავისუფლება სამსახურიდან 2017 წლის 24 აპრილიდან. ასევე დადგენილია, რომ შრომის ხელშეკრულება ითვალისწინებდა დასაქმებულის ვალდებულებას შრომის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ 1 თვით ადრე შეტყობინების შესახებ.
შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მესამე ნაწილით, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას, დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის დ) ქვეპუნქტი ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ, საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე.
მოცემულ საქმეში დადგენილია და მხარე არ უარყოფს, რომ მოსარჩელემ სიტყვიერად აცნობა დამსაქმებელს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოითხოვა სამუშაოდან განთავისუფლება 6 დღის შემდეგ. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დაირღვა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დ) ქვეპუნქტი, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას დამსაქმებლის წინასწარ 30 დღით ადრე, წერილობით შეტყობინების შესახებ. ასევე, დაირღვა მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 6.3 მუხლი, 1 თვით ადრე შეტყობინების შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება არსებითად სწორია. მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძველია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის დ) ქვეპუნქტი, მხარის ნება შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხოლო სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს შრომის ხელშეკრულების 6.3 მუხლიდან, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის სანქცირებას, წინასწარი შეტყობინების 1 თვიანი ვადის დაუცველობის გამო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დამსაქმებელი ვალდებული იყო უარი ეთქვა განთავისუფლებაზე, რაც აიძულებდა მოსარჩელეს ემუშავა კიდევ 1 თვე. ამავე საფუძვლით, მოსარჩელემ დააზუსტა მე-2 სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 1 თვის განაცდური.
სასამართლო განმარტავს, რომ თავისი შინაარსით შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს გარიგებას, რომლითაც რეგულირდება შრომითსამართლებრივი ურთიერთობები ერთის მხრივ დამსაქმებელსა და მეორეს მხრივ დასაქმებულს შორის. ამდენად, შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას. ხელშეკრულებიდან გასვლა არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ნი-ო ჯო---------ის ნება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ იყო ნამდვილი, მას სურდა ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა, აღნიშნული განახორციელა ობიექტური მიზეზის მითითებისა და დამსაქმებლის წინასწარ, 1 თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გარეშე. მოსარჩელის ნამდვილი ნება მიუვიდა დამსაქმებელს, შესაბამისად, მოპასუხეს ჰქონდა კანონიერი უფლება, გამოეცა ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შრომითი ხელშეკრულების 6.3 პუნქტზე მითითებით. ის გარემოება, რომ დასაქმებულის გასვლა ხელშეკრულებიდან მოპასუხის მიერ შეცილებული არ ყოფილა, ბრძანების კანონიერებას ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ სასამართლომ უკვე იმსჯელა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრძანება ნი-ო ჯო---------ი განთავისუფლების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ამდენად, სარჩელი განაცდურის სახით 1 თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე გაწეული ხარჯების დაკისრების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.ნი-ო ჯო---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე