განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
330100118002560186
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - ა-----–---–---–---------------------–-ს,ბრალდებულ - დ--–--–--–--ის,ადვოკატ - თ-----------------–---- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ დ--–-----------------–-–--–--ის (დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–-----------------------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

დ--–--–--–--ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დ--–--–--–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

20---–-–----------ს, 21:00 საათიდან - 21:30 საათამდე დროის პერიოდში, თ---–--–----------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--–--–--–--ემ მისი მეგობრის - ი-------------–--------–-–---–ის ყოფილ მეუღლეს - ლ--------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ორჯერ ესროლა ქვისმაგვარი საგანი სხეულის სხვადასხვა მიდამოში და ხელი კვრით წააქცია ძირს. თითოეული განხორციელებული ქმედების შედეგად ლ--------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური და ფიზიკური ზიანი.

20---–-–----------ს, 21:00 საათიდან - 21:30 საათამდე დროის პერიოდში, თ---–--–----------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--–--–--–--ემ მისი მეგობრის - ი-------------–--------–-–---–ის ყოფილ მეუღლეს - ლ--------–-–---–ს ხელიდან გამოგლიჯა მისი კუთვნილი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და გადაუგდო ძირს, რის გამოც დაზიანდა ლ--------–-–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

დ--–--–--–--ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

20---–-–----------ს, 21:00 საათიდან - 21:30 საათამდე დროის პერიოდში, თ---–--–----------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--–--–--–--ემ მისი მეგობრის - ი-------------–--------–-–---–ის ყოფილ მეუღლეს - ლ--------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, კრა ხელი და ორჯერ ესროლა ქვისმაგვარი საგანი სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის გამოც ლ--------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური და ფიზიკური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე ი-----–--------–---ის ჩვენებით, 20---–-–----------ს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებულ იქნა ინფორმაცია მასზედ, რომ ლ--------–-–---–ს ჩადენილი ჰქონდა მეუღლის მიმართ ძალადობა, რომელიც იმყოფებოდა თ---–--–------------------- და შესაძლოა მიმალულიყო. მან მეწყვილე, უ------------------------------– გ---------------სთან ერთად, დააკავა ლ--------–-–---–ი თ---–--–---------------------ში. დაკავებულს განუმარტეს უფლებები და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა „ჰუავეის“ ფირმის, შავი მობილური ტელეფონი, რასაც ეტყობოდა დაზიანების კვალი ეკრანზე. აღნიშნული მობილური ტელეფონი დალუქა თავად. ლუქზე შესრულდა ხელმოწერები და დალუქული ნივთიერი მტკიცებულება გადაეცა გამომძიებელს.

ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, დასათვალიერებელ ნივთს წარმოადგენს თ---–--–-----–--------------------–----------–---–--------------ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში არსებულ პერსონალურ კომპიუტერში განთავსებული, 20---–-–----------ის, 21:00 საათიდან - 21:30 საათამდე პერიოდის ჩანაწერი. დათვალიერების დაწყებამდე მონაწილე პირები გაფრთხილებულ იქნენ, რომ დათვალიერების მიმდინარეობა გადაღებული იქნებოდა ტექნიკური საშუალებით, კერძოდ, მობილური ტელეფონით. ვ---------------ის განმარტებით, ვინაიდან ვიდეოკამერების ჩანაწერები ინახება ორ დისკზე, ჩანაწერებში მითითებული დრო რამოდენიმე წუთით სცდება რეალურ დროს. აღნიშნულის შემდგომ, ვ---------------ის მიერ კომპიუტერში მოძიებულ ქნა განჩინებაში მითითებული დრო. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ 20---–-–----------ს, 21:15 საათზე, ვიდეოკამერის ხედვის არეალში შემოდის ორი ქალბატონი, რომელთაგან ერთერთს აცვია თეთრი პიჯაკი, ხოლო მეორეს მუქი პიჯაკი. თეთრპიჯაკიანი ქალბატონი მისვლის შემდგომ, ხელჩანთას აწვდის მუქპიჯაკიან ქალბატონს და თვითონ მოძრაობას აგრძელებს წინ მდგარი ერთერთი ხის უკან, რის შემდგომაც იგი ეფარება ხეს და უჩინარდება. რაც შეეხება მეორე ქალბატონს, იგი დგება მაღაზიის (სამკერვალოს) წინ და ხელით ელაპარაკება ხის მიმართულებით ვიღაცას. მალევე ისიც მოძრაობას იწყებს ხის მიმართულებით და ხის უკან უჩინარდება. პერიოდულად, კამერის ხედვის არეალში ჩნდება ორივე ქალბატონი, რომლებიდანაც ერთერთი ცდილობს მეორეს წამოყვანას. მალევე კადრში ჩნდება მუქპიჯაკიანი ქალბატონი, რომელიც ბრუნდება მაღაზიისკენ და თან საუბრობს ტელეფონზე. 21:18:36 საათზე, მაღაზიიდან გამოდის მუქპიჯაკიანი ქალბატონი, რომელიც მარჯვენა ხელს იქნევს ხის მიმართულებით და გაურკვეველ ნივთს ისვრის, რომელიც ვარდება ხის გვერდით კიბეებზე. აღნიშნულის შემდგომ, იგი ბრუნდება მაღაზიაში. 21:19:37 საათზე, ხის უკნიდან გამოდიან თეთრპიჯაკიანი ქალბატონი და მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოკლესახელოებიანი მაისური. ისინი ერთად შედიან მაღაზიაში, სადაც მანამდე მუქპიჯაკიანი ქალბატონი შევიდა. შესვლიდან, დაახლოებით ერთ წუთში, მაღაზიიდან გამოდის მოკლესახელოებიანი მაისურით მამაკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს თეთრი მოზრდილი ნივთი, რომელსაც მაღაზიიდან გარეთ გამოსვლის შემდგომ აგდებს ძლიერად კიბეზე და ამტვრევს. შემდგომ იგი ხელში იღებს დამტვრეულ ნივთს და მიაქვს ხის უკან. მას უახლოვდება მოთეთრო ფერის მაისურში გამოწყობილი მამაკაცი და იგი გაჰყავს კამერის ხედვის არეალიდან. რაც შეეხება ქალბატონებს, ორივე რჩება მაღაზიის კარის შესასვლელთან.

მეორე ვიდეოჩანაწერში ჩანს საავტომობილო გზის ნაწილი და სავალუტო პუნქტის წინ არსებული ეზოს ნაწილი. ვიდეოჩანაწერის დასაწყისში ჩანს თუ როგორ ცდილობს მოკლესახელოებიანი მამაკაცის დაწყნარებას და გაყვანას მუქმაისურიანი მამაკაცი, რომელსაც მოკლესახელოებიან მაისურში ჩაცმული მამაკაცი მიჰყავს ავტომობილთან და ორივე აპირებს შიგ ჩასხდომას. სწორედ ამ დროს, კამერის ხედვის არეალში ჩნდება მუქპიჯაკიანი ქალბატონი, რომელიც სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება ავტომობილს, მიდის მოკლემკლავიან მაისურში ჩაცმულ მამაკაცთან და უწყებს საუბარს, თან მისი მისამართით იქნევს ხელს. ამ დროს, მათთან მიდიან თეთრპიჯაკიანი ქალბატონი და მუქმაისურიანი მამაკაცი, რომლებიც ცდილობენ მათ დაწყნარებას. მოკლესახელოებიანი მამაკაცი ქალბატონების მისამართით იქნევს ხელს ისე, რომ მათ ფიზიკურად არ ეხება. სწორად ამ დროს, ძირს იხრება მუქპიჯაკიანი ქალბატონი და წამოდგომის შემდგომ მარჯვენა ხელს იქნევს მამაკაცის მიმართულებით. ასევე ძირს იხრება მოკლესახელოებიანი მაისურით მამაკაცი, რომელიც წამოდგომის შემდგომ ქალბატონისაკენ იწევს, მაგრამ მას შუაში უდგება თეთრპიჯაკიანი ქალბატონი და მოკლესახელოებიან მაისურში ჩაცმულ მამაკაცს და მუქპიჯაკიან ქალბატონს ერთმანეთს აშორებს. მალევე, ორივე იწევენ ერთმანეთისაკენ და ერთმანეთს ხელებს ურტყამენ. თეთრპიჯაკიანი ქალბატონი კვლავ დგება მათ შორის. აღნიშნულის შემდგომ, მოკლემკლავიანი მამაკაცი და თეთრპიჯაკიანი ქალბატონი უახლოვდებიან ერთმანეთს, რა დროსაც, მამაკაცი ქალბატონს ხელს კრავს და უკან აგდებს. შემდეგ იგი კვლავ უახლოვდება თეთრპიჯაკიან ქალბატონს, რა დროსაც იგი ქალბატონს სახეში ურტყამს ხელს და ქალბატონი დარტყმის შედეგად უკან ვარდება, მაგრამ არ ეცემა ძირს. მამაკაცი კვლავ უახლოვდება ქალბატონს და რამოდენიმეჯერ ხელს კლავს და ხელის მოკიდებით აჯანჯღარებს. ამის შემდგომ მამაკაცი მიდის ავტომობილის მხარეს, რა დროსაც, მას რამოდენიმეჯერ ხელს ურტყამს მუქპიჯაკიანი ქალბატონი. სწორედ ამ დროს ქალბატონთან მიდის მუქმაისურიანი მამაკაცი და იგი გამოჰყავს მამაკაცისგან მოშორებით, მაგრამ მუქპიჯაკიანი ქალბატონი უკან ბრუნდება, იხრება ძირს და კვლავ აგრძელებს მოკლესახელოებიანი მამაკაცისკენ მოძრაობას, რა დროსაც, იგი მამაკაცთან მიახლოებისას ხელს იქნევს და შემდგომ ხელის კვრით უკან აგდებს მოკლესახელოებიან მამაკაცს, რომელიც ხელებს იქნევს ქალბატონის მისამართით, მაგრამ ფიზიკურად არ ეხება. მამაკაცის ხელების ქნევისას ქალბატონი კვლავ იწევს მამაკაცისკენ, რა დროსაც, მათთან მიდის მუქმაისურიანი მამაკაცი და ქალბატონი მიჰყავს მაღაზიისკენ.

ვიდეოების დათვალიერების დასრულების შემდგომ ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერი გადაწერილ იქნა DVD დისკზე, რომელიც დაილუქა ადგილზე. ლუქზე დაისვა თარიღი და განთავსდა მონაწილე პირთა ხელმოწერები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ დ--–--–--–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: ი-------------–--------–-–---–ის, გ----------------ს, დაზარალებულ ლ--------–-–---–ის, ბრალდებულ დ--–--–--–--ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ--–--–--–--ის ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

შესაბამისად, სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმითა და ვიდეოჩანაწერით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, კერძოდ, მოწმეების: ი-------------–--------–-–---–ის, გ----------------ს, დაზარალებულ ლ--------–-–---–ის, ბრალდებულ დ--–--–--–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 20---–-–----------ს, 21:00 საათიდან - 21:30 საათამდე დროის პერიოდში, თ---–--–----------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ--–--–--–--ემ მისი მეგობრის - ი-------------–--------–-–---–ის ყოფილ მეუღლეს - ლ--------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, კრა ხელი და ორჯერ ესროლა ქვისმაგვარი საგანი სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის გამოც ლ--------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ--–--–--–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და მას სწორედ ამ კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

რაც შეეხება დ--–--–--–--ის მიმართ ბრალად წარდგენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, აღნიშნული დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, თუ ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია.

ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. ანუ, მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ნივთის, ან ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ნივთისა თუ ქონების საბაზრო და სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება მისი სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და ხდება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი მიზნობრივი გამოყენებისთვის, თუმცა შესაძლებელია მისი აღდგენა, დაზიანებული ნაწილის შეცვლით, შეკეთებითა თუ სხვა საშუალებით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს, რა დროსაც პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს სხვის ნივთსა თუ ქონებას, ითვალისწინებს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს შედეგს, ნივთის დაზიანებით მესაკუთრისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების კუთხით, არ სურს ამ შედეგის დადგომა, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს გამოკითხვის ოქმებში მითითებულ ინფორმაციას, რაც მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, იმის თაობაზე, რომ დ--–--–--–--ემ ლ--------–-–---–ს გამოართვა მობილური ტელეფონი და დააგდო ძირს, რა დროსაც მობილურ ტელეფონს დაუზიანდა ეკრანი, ვინაიდან აღნიშნული არათუ გამომდინარეობს, არამედ სრულ წინააღმდეგობაში მოდის, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერთან, რომლის მიხედვითაც, დ--–--–--–--ის მიერ ლ--------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს, ლ--------–-–---–ი წაბორძიკდა და თავად დაუვარდა მობილური ტელეფონი ხელიდან. დ--–--–--–--ე საერთოდ არ შეხებია მის მობილურ ტელეფონს, რა დროსაც ის ვერ აცნობიერებდა, რომ შესაძლოა მისი ქმედებით, ლ--------–-–---–ს დავარდნოდა ხელიდან მობილური ტელეფონი და დაზიანებულიყო ეკრანი, ვინაიდან იმ დროის მონაკვეთში, რაც ხორციელდებოდა მათ შორის კამათი და ძალადობის ფაქტი, ლ--------–-–---–ს მობილური ტელეფონი ეჭირა ხელში, რასთანაც დ--–--–--–--ეს შემხებლობა არ ჰქონია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობის და შინაარსის შევსება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხასიათს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უნდა შემოწმდეს კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49)

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no.30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმფციიდან.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და ასევე იმ მტკიცებულებებით, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ და რაც გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, ვერ იქნა გაბათილებული ეჭვი იმის შესახებ, რომ 20---–-–----------ს, 21:00 საათიდან - 21:30 საათამდე დროის პერიოდში, თ---–--–----------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--–--–--–--ემ, მისი მეგობრის - ი-------------–--------–-–---–ის ყოფილ მეუღლეს - ლ--------–-–---–ს ხელიდან გამოგლიჯა მისი კუთვნილი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და გადაუგდო ძირს.

ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაში, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მოიაზრება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის ამგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ერთობლიობაში იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზე, რაც უტყუარად დაადასტურებდა პირის ბრალეულობას ამა თუ იმ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ--–--–--–--ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც იგი უნდა იქნეს ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ--–--–--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ--–--–--–--ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში უნდა დაენიშნოს არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. მისი ოდენობა კი უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ლ--------–-–---–ის მობილური ტელეფონი, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი ელექტრონულ დისკზე და ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ელექტრონულ დისკზე ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ--–--–--–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

დ--–--–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

დ--–--–--–--ის მიმართ დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ დ--–--–--–--ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ლ--------–-–---–ის მობილური ტელეფონი, რაც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი ელექტრონულ დისკზე და ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ელექტრონულ დისკზე ერთვის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე