გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე #2/29193-18
22 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე
მოსარჩელე შპს ,,ტო-----"
წარმომადგენელი და----------------ი
მოპასუხე წარმომადგენელი შპს ,,აგ---------" ჯუ---------------ე
დავის საგანი ნასყიდობის საგნის ღირებულების დავალიანების გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე შპს ,,აგ--------ისთვის" მოსარჩელე შპს ,,ტო-----ს" სასარგებლოდ ნასყიდობის საგნის ღირებულების დავალიანების 834 998 ლარის გადახდის დაკისრება; სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს შპს ,,ტო-----“ არის სოფლის მეურნეობაში გამოყენებადი სხვადასხვა პროდუქციის იმპორტიორი, რომლის რეალიზაციასაც ეწევა საქართველოს მასშტაბით. 2016 წლიდან 2018 წლის აპრილამდე შპს ,,აგ---------მ“ შპს ,,ტო-----სგან“ შეიძინა 1 271 178,21 ლარის ღირებულების საქონელი. მოპასუხემ გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი 436 180 ლარი და გადასახდელი დარჩა 834 998,21 ლარი. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხის მიერ არ იქნა ანაზღაურებული მიწოდებული საქონლის ღირებულება. 2018 წლის 05 მაისს, შპს ,,ტო-----ს“ დირექტორმა წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა დავალიანების დაფარვა. 2018 წლის 24 მაისს, შპს ,,აგ--------ის“ დირექტორმა მოსარჩელეს წერილობით აცნობა, რომ დავალიანების ნაწილს მოპასუხე დაფარავდა ივლისის ბოლომდე, ხოლო დარჩენილ ნაწილს - 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არ დაფარა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხე შპს ,,აგ--------ისთვის“ ნასყიდობის საგნის ღირებულების დავალიანების 834 998 ლარის გადახდის დაკისრება. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს. ფ. 3-6, იხ. 2019 წლის 22 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შპს ,,ტო-----" სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 820 998 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხემ სარჩელის აღძვრის შემდეგ - 2018 წლის დეკემბერში, გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი 14 000 ლარის ოდენობით. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 71-72, იხ. 2019 წლის 22 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლიდან 2018 წლის აპრილამდე შპს ,,აგ---------მ“ შპს ,,ტო-----სგან“ შეიძინა 1 271 178,21 ლარის ღირებულების საქონელი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - 2016 წლის 04 თებერვლის #ელ-02-------- სასაქონლო ზედნადები (ტომი 1, ს.ფ. 17) - 2016 წლის 04 თებერვლის #ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები (ტომი 1, ს.ფ. 18) - 2018 წლის 05 აპრილის #ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები (ტომი 1, ს.ფ. 19) 3.1.2. შპს ,,აგ---------მ" 2017 წლის 27 მარტს გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი - 165 000 ლარი, 2017 წლის 28 მარტს - 108 500 ლარი, 2017 წლის 09 ნოემბერს - 89 933 ლარი, 2017 წლის 15 ნოემბერს - 30 ლარი, 2017 წლის 05 დეკემბერს - 3 250 ლარი, 2018 წლის 12 თებერვალს - 49 002 ლარი, 2018 წლის 19 თებერვალს - 405 ლარი, 2018 წლის 19 მარტს - 20 060 ლარი. სულ 2017 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით გადახდილი იქნა ნასყიდობის საგნის ღირებულება 436 180 ლარის ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - 2017 წლის 09 ნოემბრის #1--------- საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 20) - 2017 წლის 09 ნოემბრის #1--------- საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 21) - 2017 წლის 09 ნოემბრის #1--------- საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 22) - 2017 წლის 15 ნოემბრის #1--------- საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 23) - 2017 წლის 05 დეკემბრის #1--------- საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 24) - 2018 წლის 12 თებერვლის #1--------- საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 25) - 2018 წლის 19 თებერვლის #1--------- საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 26) - 2018 წლის 19 მარტის #1--------- საგადახდო დავალება (ტომი 1, ს.ფ. 27) 3.1.3. 2018 წლის 05 მაისს, შპს ,,ტო-----ს" დირექტორმა წერილი გაუგზავნა შპს ,,აგ---------ს" და მოითხოვა ნასყიდობის საგნის ღირებულების დავალიანების 834 998,21 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული წერილის პასუხად, 2018 წლის 24 მაისს, შპს ,,აგ--------ის" დირექტორმა წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს, რომლითაც აღიარა მის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტი და იკისრა ვალდებულება 834 998,21 ლარის 35% - 292 250 ლარი დაეფარა 2018 წლის ივლისის ბოლომდე, ხოლო დარჩენილი დავალიანება - 542 748 ლარი დაეფარა 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - შპს ,,ტო-----ს" 2018 წლის 05 მაისის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 29) - შპს ,,აგ--------ის" 2018 წლის 24 მაისის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 30)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,აგ--------ის" დავალიანება შპს ,,ტო-----ს" მიმართ შეადგენს 834 998 ლარს.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის ნასყიდობის საგნის ღირებულების დავალიანების 834 998 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, შპს ,,ტო-----მ" შპს ,,აგ---------ს" მიაწოდა 1 271 178,21 ლარის ღირებულების საქონელი. მოპასუხემ გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი 436 180 ლარი და გადასახდელი დარჩა 834 998 ლარი.
მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და განმარტავს რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა დამატებით გადაიხადა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი 14 000 ლარი, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 820 998 ლარს.
ამდენად, მხარეთა შორის სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 1 271 178,21 ლარის ღირებულების საქონელი, სარჩელის აღძვრამდე მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი 436 180 ლარი და სარჩელის აღძვრის დროისთვის მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 834 998 ლარს.
მხარეთა შორის სადაოა მოპასუხის მიერ, სარჩელის აღძვრის შემდეგ, 14 000 ლარის ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
დასახელებული ნორმით განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობა, რა დროსაც მხარეები თავადვე, დამოუკიდებლად წყვეტენ მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება რომელი მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სადაო გარემოების მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს, ვინაიდან ამ გარემოებას ემყარება მისი შესაგებელი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორინტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს. დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს, თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 431-ე მუხლებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება. თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.
ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა, სადავოობისას ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად როგორიცაა თანხის მიმღების ხელწერილი, თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარმოდგენია ისეთი სახის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილის 14 000 ლარის გადახდაზე. რაც შეეხება მოპასუხის ახსნა-განმარტებას, როგორც ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის ახსნა-განმარტებას მოსარჩელე არ ეთანხმება, მხარის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხე მხარემ კონკრეტულად ვერ მიუთითა თანხის გადახდის დღე, ვერ დაასახელა 14 000 ლარის მიმღები სუბიექტი და სხვა გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხემ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ მის მიერ ანაზღაურებული იქნა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი 14 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართა შეადგენს 834 998 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ტო-----ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შპს ,,აგ--------ის" წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნასყიდობის საგნის ღირებულების დავალიანების 820 998 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულების დავალიანების 820 998 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. რაც შეეხება ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილ ნაწილს - 14 000 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს შემდეგი საფუძვლით: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. შპს ,,ტო-----მ" შპს ,,აგ---------ს" მიაწოდა 1 271 178,21 ლარის ღირებულების საქონელი. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოპასუხემ სარჩელი ცნო 820 998 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ დავალიანების დარჩენილი ნაწილი 14 000 ლარი, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა 2018 წლის დეკემბერში გადაუხადა მოსარჩელეს. აღსანიშნავია, რომ მითითებული გარემოების დამტკიცება მოპასუხემ ვერ შეძლო. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,აგ--------ის" დავალიანება შპს ,,ტო-----ს" მიმართ შეადგენს 834 998 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, შპს ,,ტო-----ს" სარჩელი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,აგ---------ს" შპს ,,ტო-----ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დამატებით 14 000 ლარის, სულ 834 998 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო 820 998 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (834 998 ლარის) 98%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 5 000 ლარის 98% - 4 900 ლარი.
ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შემდეგ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 14 000 ლარს (834 998-820 998), ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 ლარს (5 000-4 900).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო) სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შპს ,,აგ---------ს" შპს ,,ტო-----ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,ტო-----ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს:
მოპასუხე შპს ,,აგ---------ს" მოსარჩელე შპს ,,ტო-----ს" სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობის საგნის ღირებულების დავალიანების 834 998 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე შპს ,,აგ---------ს" მოსარჩელე შპს ,,ტო-----ს" სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. შპს ,,ტო-----ს" დაუბრუნდეს 4 900 ლარი სარჩელზე 2018 წლის 08 ოქტომბერს, სს ,,თიბისი ბანკში" (საგადასახადო დავალება #0), სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 5 000 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოსო ღურწკაია