გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
130210018002705537
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002705537

2-1199-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2019 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე ბ--–----------შვილი

მოპასუხე მ-----–----–--ძე

მოპასუხე სააქციო საზოგადოება ,,დ-------------------–-----------------------------------------------------------------“

წარმომადგენელი ა-----------------ნი

დავის საგანი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ყადაღისაგან გათავისუფლდეს: 1. 1200 ლარად ღირებული ”სონის” ფირმის პლაზმური ტელევიზორი; 2. 1000 ლარად ღირებული ,,ჰიტაჩის“ ფირმის მაცივარი; 3. 400 ლარად ღირებული პერსონალური კომპიუტერი ,,სამსუნგის“ მონიტორით და აქსესუარებით; 4; 300 ლარად ღირებული პიანინო ,,ლეგნიცა“; 5. 100 ლარად ღირებული ჟურნალების მაგიდა გრანიტის ზედაპირით;

სარჩელის მიხედვით, ბ--–----------შვილის ქმრის მამის, მ-----–----–--ძისათვის სააქციო საზოგადოება ,,დ-------------------–--------------------------“ სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 10921 ლარის გადახდევინების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღმასრულებელმა მ-----–----–--ძის საკუთრებად მიიჩნია. მოსარჩელის განმარტებით კი დაყადაღებული ნივთები მას ეკუთვნის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ-----–----–--ძემ სარჩელი ცნო.

2.2. სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაომ" სარჩელი არ ცნო;

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მ-----–----–--ძეს სააქციო საზოგადოება ,,დ-------------------–--------------------------“ სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 10 921 ლარის გადახდა;

დაკისრებული თანხის გადახდევინების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2018 წლის 27 აგვისტოს, აღწერა და ყადაღა დაადო ხაშურის მუნიციპალიტეტის დ-----------–- მდებარე ქონებას - სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულ ნივთებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 27 აგვისტოს აქტი (ს.ფ. 15-16);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, აღმასრულებლის მიერ აღწერილი და ყადაღადადებული ნივთები მისი საკუთრებაა;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დადგინდა, რომ მასში აღნიშნული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე აღმასრულებელელმა გადახდევინება უნდა განახორციელოს მოვალის კუთვნილი ქონებიდან.

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

6.4. 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ყადაღადადებული ნივთები მისი საკუთრებაა, მაგრამ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მხოლოდ მისი განმარტება კი, რაც არაფრითაა დადასტურებული რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის, - მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პიანინო და ჟურნალების მაგიდა მშობლებმა უყიდეს, კომპიუტერი, მაცივარი და ტელევიზორი განვადებით არის გამოტანილი, თუმცა, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. წარმოდგენილია მხოლოდ საგარანტიო ტალონები (ს.ფ.21-22) და ბანკის თანხმობა საქონლის შესაძენად დაკრედიტებაზე თანხმობაზე (ს.ფ.49-51) რომლებიც არ ადასტურებს, რომ აღწერილი ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა. ზოგადად, ნივთის ყიდვა (თუნდაც ფაქტი დადგინდეს), არ ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში ის მყიდველს ეკუთვნის;

ამდენად, ვერ გაკეთდება დასკვნა, რომ აღწერილი და ყადაღადადებული ნივთები ბ--–----------შვილის საკუთრებაა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (ს.ფ.23). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის თნახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მაგისტრატი მომსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს;

მოცემული დავა, რადგან სარჩელის ფასი არის 3 000 ლარი, - 5 000 ლარს არ აღემატება, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, მოცემულ შემთხვევაში, არის 50 ლარი და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. ბ--–----------შვილის სახელით სახელმწიფო ბაჟის შემტან ლ-–-----------შვილს დაუბრუნდეს 2018 წლის 2 ნოემბერს N18436022 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ნაწილი - 50 (ორმოცდაათი) ლარი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი