გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31992-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - თ--------------ა
წარმომადგენელი - თ-------–---–ი, ი---------ე
მოპასუხე - გ-------------–-ა
წარმომადგენელი - ს-----–----–-------ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე გ-------------–-ასათვის არასრულწლოვანი შვილის, მ------------–-ას (დაბადებული 2----–-–-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 01 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
მოსარჩელე თ--------------ა და მოპასუხე გ-------------–-ა 2005 წლიდან 2017 წლის 18 ივლისამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის 18 ივლისს თ--------------ამ და გ-------------–-ამ მოახდინეს განქორწინების რეგისტრაცია თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------- შეეძინათ შვილი, მ------------–-ა. მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე არასრულწლოვან შვილს მატერიალურად არ ეხმარება. მოპასუხე დასაქმებულია. იგი ოჯახის წევრებთან ერთად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, მოპასუხეს და მის ოჯახს ჰყავს ტვირთისა და ა/მანქანების გადასაზიდი მანქანები, ევაკუატორები, რითაც აწარმოებენ ქვეყნის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ტვირთის გადაზიდვას, ასრულებენ საერთაშორისო გადაზიდვებსაც. მოპასუხის საშუალო შემოსავალი მერყეობს თვეში 2000 ლარიდან 3000 ლარამდე. მიუხედავად მოპასუხე მხარის სტაბილური მატერიალური მდგომარეობისა, იგი, განქორწინების შემდგომ, არ იღებს არასრულწლოვანის აღზრდაში მონაწილეობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ-------------–-ა თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეთანხმება მოთხოვნას, არასრულწლოვანი შვილის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ--------------ა და გ-------------–-ა 2005 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------- შეეძინათ შვილი მ------------–-ა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. თ--------------ა და გ-------------–-ა განქორწინდნენ 2017 წლის 18 ივლისს. არასრულწლოვანი მ------------–-ა ცხოვრობს დედასთან, თ--------------ასთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16).
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.3. მოპასუხე გ-------------–-ას ჰყავს ძმა, 1----–-–------------–- დაბადებული ვ--–----------–-ა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 37);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე თ--------------ა არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, თ--------------ას 2017 წლის 01 იანვრიდან შემოსავლები არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 07 ნოემბერს გაცემული ცნობა N------------ (ს.ფ. 24).
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, მოპასუხე გ-------------–-ას 2017 წლის 01 იანვრიდან შემოსავლები არ უფიქსირდება. სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, მოპასუხის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად სტაბილური მატერიალური შემოსავლის მიღების თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 07 ნოემბერს გაცემული ცნობა N------------ (ს.ფ. 24).
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).
3.2.3. მოპასუხე გ-------------–-ას კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის პოზიციას დაადასტურებდა მისი ძმის რჩენის ვალდებულების შესახებ. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე გ-------------–-ას ძმა, ვ--–----------–-ა არის შრომისუუნარო, საჭიროებს დახმარებას და მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლებისაგან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 37);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე თ--------------ამ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–----------- დაბადებული მ------------–-ა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ თ--------------ა და გ-------------–-ა 2005 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------- შეეძინათ შვილი მ------------–-ა. მხარეები განქორწინდნენ 2017 წლის 18 ივლისს. არასრულწლოვანი მ------------–-ა ცხოვრობს დედასთან, თ--------------ასთან ერთად. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი მ------------–-ა იზრდება დედასთან, თ--------------ასთან და ეს უკანასკნელი ზრუნავს მის რჩენა-აღზრდაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე მხარის მიერ არასრულწლოვანი შვილისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი არ დასტურდება. თ--------------ა არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, თ--------------ას 2017 წლის 01 იანვრიდან შემოსავლები არ უფიქსირდება.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე გ-------------–-ას 2017 წლის 01 იანვრიდან შემოსავლები არ უფიქსირდება. სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, მოპასუხის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად სტაბილური მატერიალური შემოსავლის მიღების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხეს და მის ოჯახს აქვს კერძო ბიზნესი, კერძოდ, ჰყავთ ტვირთისა და ა/მანქანების გადასაზიდი მანქანები, ევაკუატორები, რითაც აწარმოებენ ქვეყნის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ტვირთის გადაზიდვებს. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრაციისა და კერძო საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას, მოწინააღმდეგე მხარის გ-------------–-ას სამეწარმეო სფეროში დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღების თაობაზე. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ საოჯახო ბიზნესის ა/მანქანებიდან ორი ევაკუატორი სწორედ მოსარჩელე თ--------------ას სახელზე იყო რეგისტრირებული და მეუღლეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდგომ, მოსარჩელემ ა/მანქანა გადააფორმა მოპასუხის დედის სახელზე. ამდენად, მოცემულ საქმეზე, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის დასაქმებისა და სტაბილური მაღალი ოდენობით შემოსავლის მიღების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლის თანახმად, დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავის მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე გ-------------–-ას ჰყავს ძმა, 1----–-–------------–- დაბადებული ვ--–----------–-ა, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის პოზიციას დაადასტურებდა, მისი ძმის რჩენის ვალდებულების შესახებ. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე გ-------------–-ას ძმა, ვ--–----------–-ა არის შრომისუუნარო, საჭიროებს დახმარებას და მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლებისაგან. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, ვინაიდან მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1223-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების არსებობას დაადასტურებდა. მოპასუხე მხარეს სხვა პირის კანონით დადგენილი რჩენის ვალდებულება არ გააჩნია.
არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალი წერტილი არის ბავშვთა საუკეთესო ინტერესები. თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან (არარეგულარული სამუშაოდან) შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 170 (ას სამოცდაათი) ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ--------------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხე გ-------------–-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გ-------------–-ას (პირადი N-----------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–----------- დაბადებული მ------------–-ას (პირადი N-----------) სასარგებლოდ, თვეში 170 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 01 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. მოპასუხე გ-------------–-ას (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა