განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------- ჭ------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ--–-- ა-----–-- ძე დ---–----ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 7-----ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- მ-------------------–--–-------- #---- ბინა #2-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ყ---–---- ქუჩა #3-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
ადვოკატი - ზ---- მ----
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათიდან - 23:30 საათამდე დროის მონაკვეთში, თ---–--–-- რ---------–-- გამზირი #----- მიმდებარე ტერიტორიაზე შ--–-- დ---–----ემ ყოფილ მეუღლეს თ----- კ-------ს თავისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც თ----- კ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა შ--–-- დ---–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ----- კ-------ს, მოწმე დ-------- გ----–--ის და თავად შ--–-- დ---–----ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერის ოქმს, ავტომანქანის დათვალერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია შ--–-- დ---–----ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
ოჯახში ძალადობა
უდავო მტკიცებულებები:
2.4. დაზარალებულ თ----- კ-------ს 2018 წლის 25 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ ყოფილმა მეუღლემ შ--–-- დ---–----ემ, 2018 წლის 24 ოქტომბერს, ღამით, თ---–--–-- რ---------–-- გამზირი #----- მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში. ძალადობის შედეგად თ----- კ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. შ--–-- დ---–----ემ ძალადობის დროს ასევე დააზიანა დაზარალებულის ავტომანქანის სალონის უკანა ხედვის სარკე და სანათი .
2.5.დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე, 2018 წლის 25 ოქტომბერს, 02:45 საათზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი მოძალადის - შ--–-- დ---–----ის მიმართ, ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. ასევე მსხვერპლის მოთხოვნით, შემაკავებელი ორდერის საფუძველზე შ--–-- დ---–----ეს ჩამოერთვა ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 14 ვაზნა.
2.6. ძალადობის სურათის აღდგენის მიზნით, 2018 წლის 25 ოქტომბერს დაზარალებულთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის პროცესში დაზარალებულმა მიუთითა ადგილზე, სადაც შ--–-- დ---–----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დეტალურად ახსნა ძალადობის ხერხი და ვითარება.
2.7. შ--–-- დ---–----ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და გამოკითხვის ოქმში დაადასტურა, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს, ყოფილ მეუღლეს თ----- კ-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.8. ბრალდებულთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესშიც შ--–-- დ---–----ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დეტალურად ახსნა ძალადობის ფაქტი, მიუთითა ძალადობის ხერხზე და იმ ადგილზე, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ----- კ-------ს.
2.9. საქმის არსებითი განხილვის პროცესშიც, შ--–-- დ---–----ემ, როგორც შესავალ - დასკვნით სიტყვებში, ასევე საბოლოო სიტყვაში დაადასტურა 2018 წლის 24 ოქტომბერს, ყოფილ მეუღლეზე - თ----- კ-------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
2.10.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა შ--–-- დ---–----ემ 2018 წლის 24 ოქტომბერს, ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე - თ----- კ-------ზე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.11. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3- სამართლებრივი შეფასება:
3-1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3-2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა შ--–-- დ---–----ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3-3- სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა შ--–-- დ---–----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. შ--–-- დ---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და სინანული, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3-საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის საფუძველზე საქმის არსებით განხილვის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----- კ-------მ სასამართლოს მისცა ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რაც მას დანაშაულის შედეგად მიადგა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს შ--–-- დ---–----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაუზიანა მანქანა, რის გამოც მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი. სასამართლომ ასევე მოისმინა დაზარალებულის პოზიცია სასჯელთან მიმართებაში, თ----- კ-------ს განმარტებით, შემაკავებელმა ორდერმა და ბრალდებულის მიმართ დაწყებულმა სისხლისამართლებრივმა დევნამ კერძო პრევენციის კუთხით გამოიღო შედეგი, ბრალდებულმა გაანალიზა მომხდარი ფაქტი და გააკეთა შესაბამისი დასკვნები, დაზარალებულის განმარტებით იგი შეურიგდა ბრალდებულს, აგრძელებენ თანაცხოვრებას და არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება განსაკუთრებული მზრუნველობა ორივე მშობლის მხრიდან, სწორედ ამ გარემოებებზე მითითებით, დაზარალებულმა მოითხოვა მისი პოზიციის მხედველობაში მიღება და შ--–-- დ---–----ისთვის სასჯელის ისეთი სახის და ზომის განსაზღვრა, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის ლოიალური დამოკიდებულება სასჯელთან მიმართებაში არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი ფაქტორი სასჯელის განსაზღვრის პროცესში, თუმცა ბრალდებულის შერიგება დაზარალებულთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, არის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი გარემოება. დაზარალებულის პოზიციის შეფასებისას, სასამართლო აკეთებს ანალიზს, თუ რამდენად არის ეს პოზიცია გააზრებული, ამგვარი პოზიციის წინაპირობა ხომ არ არის მოძალადისადმი შიში, შეცოდება ან/და მსხვერპლი ხომ არ არის შეგუებული ძალადობას. საქმის მასალებით და დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებული თ----- კ------- არის პროფესიით იურისტი, საქართველოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, წარმატებული პროფესიულ კარიერაში, მას აქვს გააზრებული ოჯახში ძალადობის დაუშვებლობა, ძალადობის თითოეული ფაქტის დასჯადობის აუცილებლობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ძალადობის გამოვლენის და გამჟღავნების აუცილებლობა და არა ლატენტურობა, დაზარალებულის ამგვარი თვითშეგნება სასამართლოს გონივრულად აფიქრებინებს, რომ მსხვერპლის პოზიცია სასჯელთან მიმართებაში მისი მხრიდან არის გააზრებული, ნაფიქრალი და დამაჯერებელი.
5.4. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. დაზარალებულის პოზიციასთან ერთად, სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის ისეთი შემამსუბუქებელი გარემოებები, როგორიცაა: ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარება და სინანული, გამოძიებასთან თანამშრომლობა, სასჯელის განსაზღვრის დროს ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებები გახადა უდავო, რითაც დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი, აქვე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით და ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გამო, სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მიღწევადია სასჯელის მიზნები, მით უფრო იმ პირობებში, თუკი გამოყენებული იქნება დამატებითი სასჯელი და დამნაშავეს სასჯელთან ერთად დაეკისრება სხვა ვალდებულებებიც.
5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, შ--–-- დ---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა ჩაეთვალოს პირობით. ამასთან, ვინაიდან შ--–-- დ---–----ეს შენახვის უფლებით გააჩნია ცეცხლსასროლი იარაღი, კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იარაღი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. აგრეთვე ძალადობის განმეორების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან შ. დ---–----ე ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა პრობაციის ბიურომ.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ავტომანქანის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები - ორ ლაზერულ დისკზე, ხმოვანი ჩანაწერი - ერთ ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით. ავტომანქანის ბუდე, სარკე და სანათი მოწყობილობა - დაუბრუნდეს დაზარალებულს.
6.2. T--------------------- ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 14 ვაზნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე განაჩენით დაწესებული შეზღუდვის გამო გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ--–-- დ---–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. შ--–-- დ---–----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
3-გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შ--–-- დ---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4.მსჯავრდებულ შ--–-- დ---–----ეს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 25 ოქტომბრიდან - 2018 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
ავტომანქანის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები - ორ ლაზერულ დისკზე, ხმოვანი ჩანაწერი - ერთ ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანის ბუდე, სარკე და სანათი მოწყობილობა - დაუბრუნდეს დაზარალებულს.
T--------------------- ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 14 ვაზნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე დაწესებული შეზღუდვის გამო - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა