გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10905-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.01.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი: კახა კომლაძე
მოსარჩელე თე-----------------
წარმომადგენელი სა-–--------------, ჟა------------
მოპასუხე ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--“
წარმომადგენელი ვა-----------------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–---ათვის" მოსარჩელე თე-----------------ს სასარგებლოდ 675 ლარის გადახდის დაკისრება.
2016 წლის 11 თებერვალს თე-----------------სა და ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გაეწია სამართლებრივი დახმარება. ხელშეკრულების მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარება მოსარჩელისათვის ევროპაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ხელშეკრულება წარმოადგენდა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას, თუმცა მასში არ იყო დაკონკრეტებული თუ რა სახის საადვოკატო მომსახურეობა უნდა გაეწია მოპასუხეს. ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--ს“ ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელემ გადაუხადა 200 ლარი. 2016 წლის 25 აგვისტოს კვლავ გაფორმდა იმავე შინაარსის ხელშეკრულება იმავე მხარეებს შორის და ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1275 ლარით.
ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--ს“ თე-----------------სათვის არანაირი სამართლებრივი დახმარება არ გაუწევია. მოლაპარაკების გზით მოსარჩელემ მოახერხა თანხის ნაწილის - 800 ლარის დაბრუნება, რაც გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო გადასახდელი დარჩა 675 ლარი.
ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--მ“ განცხადებით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს თე-----------------სათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაზედაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა პასუხი, რომ აღნიშნულ საკითხზე მას არ გააჩნია კომპეტენცია. მან ასევე მიმართა განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც აცნობა კოალიციას, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სცდება მისი კომპეტენციის საზღვრებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--მ“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ 2016 წლის 11 თებერვლისა და 25 აგვისტოს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელეს გაეწია შესაბამისი მომსახურეობა. თე-----------------ს გაეწია არამარტო სამართლებრივი დახმარება, არამედ, იურიდიული მომსახურეობები. რაც შეეხება 800 ლარის დაბრუნებას - ეს იყო ორგანიზაციის კეთილი ნება. მოსარჩელე თავადვე აღნიშნავს, რომ ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--მ“ გაუწია იურიდიული მომსახურეობა ნაწილობრივ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 11 თებერვალს თე-----------------სა და ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--ს“ შორის დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური - 200 ლარის ოდენობით თე-----------------მ 2016 წლის 11 თებერვალს გადაიხადა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- 11.02.2016 ხელშეკრულება
- 11.02.2016 სალაროს შემოსავლის ორდერი
3.1.2. 2016 წლის 25 აგვისტოს თე-----------------სა და ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--ს“ შორის დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური - 1275 ლარის ოდენობით, თე-----------------მ 2016 წლის 25 აგვისტოს გადაიხადა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- 25.08.2016 ხელშეკრულება
- 25.08.2016 სალაროს შემოსავლის ორდერი
3.1.3. მოპასუხე ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--მ“ თე-----------------ს დაუბრუნა მის მიერ გადახდილი თანხიდან 800 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ამონაწერი ანგარიშიდან.
3.1.4. 2016 წლის 13 სექტემბერს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, შეწყდა „ა-----------------------------–-----------–-–--სა“ და თე-----------------ს შორის ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- თე-----------------ს 13.09.2016 წერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ თე-----------------ს სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 709-ე, 710-ე, 720-ე, 427-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალებით ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სასამართლომ განმარტა, რომ დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა. დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის და რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას.
სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.
ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელებული შესრულება და მისი შედეგები ძალაში რჩება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე თე------------------ და მოპასუხე ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--“ იმყოფებოდნენ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის საფუძველზე მოპასუხეს ევალებოდა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარების გაწევა, ხოლო გაწეული მომსახურებისათვის თე-----------------ს ვალდებულებას წარმოადგენდა მარწმუნებელზე სამართლებრივი დახმარებისათვის გადაეხადა მომსახურების საფასურის სახით ჯამში, 1475 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ შესასრულებელი მოქმედებების ოდენობა და ფარგლები არ არის აქტუალური თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სპეციალურ დათქმას ამის შესახებ. თუ გარიგების შინაარსი მოიცავს მხოლოდ იურიდიული მომსახურების შესახებ დათქმას და არა კონკრეტულ შესასრულებელ მოქმედებას, მაშინ წარმომადგენლის მიერ პროცედურული მოქმედებების დაწყება გულისხმობს ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებებიდან დასტურდება, რომ რწმუნებულმა დაიწყო თე-----------------ს ევროპაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, მოთხოვნის საფუძველი წარუმატებელ მომსახურებაში არ მდგომარეობს, არამედ მოთხოვნის საფუძველს დავალების ფარგლებში შესასრულებელი მოქმედების განუხორციელებლობა, უფრო ზუსტად კი, უმოქმედობა წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. (შესრულება).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მარწმუნებელმა თე-----------------მ რწმუნებულს - ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–--ს“ გადაუხადა გასამრჯელო 1475 ლარი, რომლიდანაც დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, რწმუნებულმა დაუბრუნა 800 ლარი. დადგენილია, რომ დავალების ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მოპასუხე ასრულებდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ რწმუნებულის - ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–---“ მიერ დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გასამრჯელო 675 ლარის ოდენობით, შესრულებული სამუშაოს ეკვივალენტია.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მარწმუნებელმა და რწმუნებულმა შეასრულეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე ნაკისრი ურთიერთვალდებულებები, რის გამოც თე----------------- არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მარწმუნებლისაგან დავალების ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი 675 ლარის დაბრუნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე თე-----------------ს სარჩელი ააიპ „ა-----------------------------–-----------–-–---“ მიმართ, იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს.
მოსამართლე მაკა ჭედია